საზოგადოება

როგორ მონათლა ქეთევან ჯინჭარაძე მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ და რა გზით ცდილობდა ის ემიგრაციიდან საქართველოს გულშემატკივრობას

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00 09.07

ქეტევან ჯინჭარაძე
დაკოპირებულია

ქეთევან (ქეთო) ჯინჭარაძე ქართველი იუნკრის და შემდგომში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მაიორის, ალექსანდრე დავითის ძე ჯინჭარაძისა და ნინო ვასილის ასულ მაჩაბლის ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ. ქეთევანის ბიძა, პოლიტიკოსი და ქიმიკოსი გიორგი მაჩაბელი კი ცნობილი პარფიუმერული ფირმის – Prince Matchabelli-ს დამაარსებელი იყო.

სამხედრო ოფიცერი ალექსანდრე ჯინჭარაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ის იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის დაიმსახურა წმიდა გიორგის ჯვარი.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაირიცხა ქართულ სამხედრო სკოლაში. 1921 წლის თებერვალ-მარტში იუნკერთა სკოლის კურსანტებთან ერთად ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას კოჯორსა და ტაბახმელასთან.

გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში გაჰყვა მთავრობას. 1921 წლის სექტემბერში სხვა ოთხ იუნკერთან ერთად (ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ თოხაძე, გიორგი ოდიშელიძე, ალექსანდრე კინწურაშვილი), განათლების შემდგომი სრულყოფის მიზნით, გაგზავნეს საფრანგეთში, სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში.

1922 წელს გადავიდა ნაპოლეონის მიერ დაარსებულ ფონტენბლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლაში, რომელიც კავალერიის ოფიცრის წოდებით დაამთავრა. ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პირველ პოლკში, უმცროსი ლეიტენანტის ჩინით.

1935 წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და დაჯილდოვდა საბრძოლო ჯვრით. ასევე, ფლობდა მრავალ ჯილდოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

1940 წლიდან ოფიცერი ჯინჭარაძე ერთმანეთს უთავსებდა ორ საქმიანობას: მებრძოლისა და მშენებლის – აშენებდა გზებს, ხიდებს, საავადმყოფოებს.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, კაპიტნის ჩინით, იბრძოდა დივიზიის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში. 1940 წლის ივნისში უაზში, ნორუაისთან ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

1945 წელს, ავადმყოფობის გამო ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ისევ დაბრუნდა უცხოელთა ლეგიონში და 6 წლით გაემგზავრა მაროკოში, სადაც მეთაურობდა ესკადრონს.

ქეთევან ჯინჭარაძე 1926 წელს დაიბადა. 1930 წელს მოინათლა პარიზში, წმიდა ნინოს ტაძარში. მონათლა ეკლესიის მაშინდელმა წინამძღვარმა წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ. ნათლია კი ბიძამისი, გიორგი მაჩაბელი იყო.

ქეთევანი იზრდებოდა პარიზთან ახლოს, კლამარში, სადაც მაჩაბლის ფირმის ფრანგული ფილიალი მდებარეობდა. მან იქ გაიცნო თავისი საქმრო – გი ემერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრძოდა გერმანელ ოკუპანტებს. გი ემერი ფაშისტებმა შეიპყრეს, აწამეს და ციხეში გამოკეტეს. გათავისუფლების შემდეგ ის დაუკავშირდა პარტიზანებს, ჩუმად დაბრუნდა პარიზში და ჩაება იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ქეთევან ჯინჭარაძე გი ემერის ჯგუფს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემასა და სამალავებში მოთავსებაში ეხმარებოდა. მოღალატის მიერ გაცემული ჯგუფი „გესტაპომ“ ხელთ იგდო და გაანადგურა. დახვრიტეს ქეთევანის საქმრო, 21 წლის გი ემერიც.

ამ ტრაგედიას დაემატა ცნობა, რომ ქეთევანის მამა, ალექსანდრეც ტყვეთა ბანაკში მოხვდა. გოგონას სასოწარკვეთილებით შეწუხებულმა გენერალმა კოენიგმა (შემდეგ – სამხედრო მინისტრი დე გოლის მთავრობაში) ქეთევანი ალჟირში წაიყვანა, სადაც მამამისი გათავისუფლების მერე იმყოფებოდა. ავადმყოფი მამის მოვლამ ქეთევანს ცოტათი მაინც შეუმსუბუქა მწუხარება.

ქეთევან ჯინჭარაძეს, როგორც ომის ვეტერანს, საფრანგეთის სახელმწიფომ პენსია დაუნიშნა.

ქეთევანი 2023 წლის 21 სექტემბერს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გულშემატკივრობდა საქართველოს სათვისტომოს საფრანგეთში და კავშირი ჰქონდა საქართველოსთან.

გამოყენებული მასალების წყარო:kvirispalitra.ge/; დაუშვილი რუსუდან. მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ემიგრანტი ქალები // ქართული ემიგრაცია; ნიკოლაძე, ფრანსუაზ. წინააღმდეგობის “პატარა ხელები” // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი