როგორ ეხმარებოდა ალექსანდრე ჯინჭარაძე ემიგრაციიდან სამშობლოს და რომელი ქვეყნის პრინცთან მეგობრობდა ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 59 წუთის წინ
ალექსანდრე (საშა) დავითის ძე ჯინჭარაძე, ქართველი იუნკერი და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მაიორი, 1897 წლის 16 იანვარს ხონში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.
მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მხედრული მამაცობისთვის დაიმსახურა წმიდა გიორგის ჯვარი. რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაირიცხა 1919 წელს დაარსებულ ქართულ-სამხედრო სკოლაში კაპიტან ხოშტარიას მესამე მწყობრში.
1921 წლის თებერვალ-მარტში იუნკერთა სკოლის სხვა კურსანტებთან ერთად ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას, მონაწილეობდა ბრძოლებში კოჯორსა და ტაბახმელასთან.
გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში გაჰყვა მთავრობას. 1921 წლის სექტემბერში სამხედრო საქმის შესასწავლად, სხვა იუნკრებთან ერთად, საფრანგეთში სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში მიავლინეს.
1922 წელს ნაპოლეონის მიერ დაარსებულ ფონტენბლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლაში გადავიდა, რომელიც 1926 წელს კავალერიის ოფიცრის წოდებით დაამთავრა და უმცროსი ლეიტენანტის ჩინით უცხოური ლეგიონის პირველ პოლკში ჩაირიცხა.
1927-1929 წლებში ალექსანდრე ჯინჭარაძე ესკადრონის უფროსად მსახურობდა დეკორტას ათასეულში, უცხოური ლეგიონის მეოთხე ცხენოსან პოლკში, მარაკეშში. მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში მაროკოსა და ალჟირში. 1935 წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და დაჯილდოვდა საბრძოლო ჯვრით. ასევე ფლობდა მრავალ ჯილდოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის.
1940 წლიდან ოფიცერი ჯინჭარაძე ერთმანეთს უთავსებდა ორ საქმიანობას: მებრძოლისა და მშენებლის – აშენებდა გზებს, ხიდებს, საავადმყოფოებს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, კაპიტნის ჩინით, იბრძოდა დივიზიის სადაზვერვო ასეულის შემადგენლობაში, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.
1940 წლის ივნისში უაზში, ნორუაისთან ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. 1945 წელს, ავადმყოფობის გამო ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ისევ დაბრუნდა უცხოელთა ლეგიონში და 6 წლით გაემგზავრა მაროკოშო, სადაც მეთაურობდა ესკადრონს.
1948 წელს ალექსანდრე ჯინჭარაძემ მიიღო მაიორის ჩინი. იმავე წელს, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს შუა აღმოსავლეთში. მსახურობდა კაიროში, ბეირუთსა და იერუსალიმში. 1952-1954 წლებში ჩრდილო აფრიკული ათასეულის მეთაურად ავსტრიაში, გენერალ ბეტუარის განკარგულებაში მიავლინეს.
1954 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ის მუშაობდა ნიუ-იორკში ფრანგ მილიარდერ ლუი დრეიფუსის ასოციაციაში. აქტიურად ჩაერთო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაშიც. იყო სათვისტომოს მდივანი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე, უცხოური ლეგიონის ამხანაგობისა და კამერუნის ლეგიონერთა კომიტეტის ხელმძღვანელი. ალექსანდრე ჯინჭარაძე ლეგიონის 100 წლის იუბილეზე მეხიკოში გაიგზავნა დელეგატად.
ალექსანდრე მეგობრობდა დანიის პრინც ააჟთან და სხვა ცნობილ პირებთან. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ორგანიზაციებსა და პრესას. განსაკუთრებით დიდ დახმარებას უწევდა პარიზში ვიქტორ ნოზაძეს და მისი რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „კავკასიონს“. ზრუნავდა ჟურნალის გავრცელებაზეც. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან, ამერიკაში გადასვლის შემდეგ კი – გაზეთ „ქართულ აზრთან“.
ალექსანდრე ჯინჭარაძე გარდაიცვალა 1970 წლის ნიუ-იორკში. მისი მეუღლე იყო ცნობილი ფირმა Prince Matchabelli-ს დამაარსებლის გიორგი მაჩაბლის და ნინო. ქალიშვილი – ქეთევან ჯინჭარაძე – ომის წლებში ფრანგული წინააღმდეგობის წევრი იყო.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი; ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფ.ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე; nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





