საზოგადოება

როგორ ნატრობდა გრიგოლ რობაქიძე სწრაფ სიკვდილს და რატომ ერგოთ ერთნაირი ბედი მას და შტეფან ცვაიგს

№28

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 20.07

გრიგოლ რობაქიძე
დაკოპირებულია

გრიგოლ რობაქიძე – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ძლიერი, მაგრამ წინააღმდეგობებით სავსე ქართველი მწერალი. 1931 წელს, ალბათ, პირველი ქართველი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გაიქცა და ლტოლვილის სატატუსით, თავი გერმანიას შეაფარა, შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა. იგი ბოლშევიკების მძაფრი მოწინააღმდეგე იყო და საბჭოთა რეჟიმს ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხედ მიიჩნევდა. სწორედ, თავისი ამ ანტიბოლშევიკური პოზიციის გამო გარკვეული სიმპათიით უყურებდა ძლიერ ანტიკომუნისტურ ლიდერებს, ჰიტლერსა და ბენიტო მუსოლინის. მათზე წიგნებიც კი დაწერა. ჰიტლერს პირადად შეხვდა და ერთი პერიოდი მის მიმართ აღფრთოვანებასაც ვერ მალავადა, რაც მოგვიანებით მისი რეპუტაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი გახდა. ბევრი ევროპელი ინტელექტუალი მას კრიტიკულად უყურებდა ფაშიზმისა და ნაციზმის ლიდერებისადმი ამ სიმპათიის გამო. მისი ცხოვრების ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე იყო: იზოლაცია, ფინანსური სირთულეები და სამშობლოში დაბრუნების შეუძლებლობა.

გრიგოლ რობაქიძე – „ჩემი ცხოვრება“

„ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა, თითქოს რაღაცას ვიხსენებდი. მაშინ რომ ვინმე შემოჭრილიყო ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ამნეზიას იპოვიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან მოწიფულ ასაკში ისინი, როგორც ხელშესახები სურათები, გამომეცხადნენ. ხუთი წლისას, ჩახუთულ შუადღეს მუხის ძირას, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი, რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა, ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად. ნათესავებიდან ყველაზე მეტად ბებია, მამის დედა, მიზიდავდა. არც კითხვა შეეძლო და არც წერა, მაგრამ სიბრძნის პატრონი იყო, დედამიწის სიბრძნის. მისი დაკვირვებანი ახლა საოცრად ღრმა მეჩვენება. 85 წელს მიაღწია. გაბრაზებული არასდროს უნახავს ვისმეს. არავის ახსოვდა მისი თანდასწრებით ვინმეს ეჩხუბოს. სიკეთესა და სიმშვიდეს ასხივებდა. ექვსი წლისა ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს – ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად, ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი, მაგრამ საოცრება – შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით – უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამაცოცხლა. მას შემდეგ მიწის გოროხი ჩემთვის სიჯანსაღის ნიშანია. განსაკუთრებული მონდომების გარეშე ვსწავლობდი. სიზმრებისა და წინათგრძნობების სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც. ამის ბრალი თუ იყო ყველასთვის თვალშისაცემი მუდმივი ყურადღებადაფანტულობა. სწავლაში მხოლოდ ჩემი არაჩვეულებრივი მახსოვრობა მშველოდა. ვისმესთვის მოსმენაც კი არ შემეძლო. სტუდენტური წლები ლაიფციგში გავატარე. ვსწავლობდი ფილოსოფიასა და ლიტერატურას. გოეთე ჩემთვის გამოცხადება იყო. გერმანიამდეც ვიცნობდი, მის „ერლიკიონიგს“, რომელზეც საქართველოში მუდამ ვოცნებობდი. მესახებოდა უმშვენიერეს ბელადად – ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. ბავშვობაში, მამასთან ერთად, ხშირად დავაჭენებდი ცხენს. ჭენების დროს მამის ქამარს ჩაჭიდებული იმ ჟრჟოლას ვგრძნობდი, რომელიც გოეთემ ასე ოსტატურად გადმოსცა ლექსით.

1916 წელს, როგორც სამხედრო მოხელე, სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება, რომ საუკუნეთა სვლაში დაკარგული სამშობლო ვიპოვე. ისტორიკოსები ვარაუდობენ ქართველთა უძველესი, პირველსამშობლო ქალდეა იყოო. მიწის შეგრძნება ჩემში ყოველთვის განსაკუთრებით იყო გამოხატული – ის ირანის ზეგანზე რაღაც კოსმიურად იქცა.“

გრიგოლ რობაქიძისა და შტეფან ცვაიგის საოცარ ამბავს გვიზიარებს რუსუდან შარაძე:

„...გრიგოლ რობაქიძე აღაფრთოვანებს გერმანელებსაც და ამ ენის უბადლო მცოდნეთ… მათ შორის, გამოჩენილ ავსტრიელ მწერალს – შტეფან ცვაიგს. 1928 წელს გრიგოლ რობაქიძე ,,გველის პერანგის“ გერმანულ ენაზე გამოსაცემად გერმანიაში მიემგზავრება. პირადად არ იცნობს ცვაიგს, რომელმაც მისი წიგნის წინასიტყვაობა უნდა დაწეროს, მაგრამ ხშირი მიმოწერა აქვს მასთან. გერმანიაში რვა თვეს დარჩა და რომანის დასტამბვის შემდეგ, ისე დაბრუნდა სამშობლოში, რომ მწერლები არ შეხვედრიან ერთმანეთს… მალე, 1928 წლის სექტემბერში, მოსკოვში, ლევ ტოლსტოის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო დღეები უნდა გამართულიყო. გრიგოლ რობაქიძესაც სურდა დასწრება. უნდოდა ნახვა იქ მოწვეული რომენ როლანისა და სტეფან ცვაიგის. განსაკუთრებით, უკანასკნელის, მაგრამ დაესწრებოდნენ კი ისინი ზეიმს? აგვისტოს ბოლოს გაგზავნილ წერილში რობაქიძეს ამ კითხვით მიუმართავს ზალცბურგში მყოფი ცვაიგისთვის. 6 სექტემბერს მოსულა პასუხიც: ,,დაესწრება!“.

10 სექტემბერი… მოსკოვი… ბალტიის სადგურზე ორი მწერალი ერთმანეთს ხვდება. აი, რას წერს გრიგოლ რობაქიძე ამ შეხვედრის შესახებ მოგონებაში – ,,ტოლსტოის დღეები“: ,,…მატარებლით მოვიდა სტეფან ცვაიგ… ფოტოგრაფები არ ზოგავენ აპარატებს. რეპორტიორები თავს ესხმიან. შევხვდი. ძალიან გაუხარდა. ერთი მეორე არ გვენახა არასოდეს, თუმც, თითქმის ორი წელია, მუდმივი მიმოწერა გვაქვს გამართული. მომახარა:

– თქვენი რომანი (,,გველის პერანგი“) ამ დღეებში გამოვა. წინასიტყვაობა წამოსვლის წინ დავწერე. ვჩქარობდი: მოწვევის ბარათი გვიან მივიღე…

ბევრი ვიბაასეთ. ვეკითხები:

– რად არ მოვიდა რომენ როლან?

– ავად არის, თორემ უთუოდ დაესწრებოდა ზეიმს…“

დიდ თეატრში, საიუბილეო საღამოზე, პრეზიდიუმში გრიგოლ რობაქიძე და შტეფან ცვაიგი ერთად მსხდარან. ქართველი მწერალი თავად უთარგმნიდა მას გამომსვლელთა სიტყვებს… შემდეგ მოსკოვის ქუჩებშიც ერთად უსეირნიათ. ცვაიგს მოსწონებია წითელ მოედანზე ,,ვასილ ბლაჟენნის“ ეკლესია. რობაქიძეს უთქვამს:

,,– წამოდით საქართველოში და კათედრალებს ისეთს გაჩვენებთ, რომ… ხომ დამპირდით გერმანიაში?

– ჩემი მოსვლა რუსეთში არ არის უკანასკნელი, უთუოდ მოვალ კიდევ… მაშინ, აქედან საქართველოსაც ვეწვევი… უთუოდ!.. ოჰ, ლეგენდარული ,,სამხედრო გზა“ საქართველოსი! – ცვაიგი რომანტიკაში გადავიდა…“, – იგონებს გრიგოლ რობაქიძე.

შემდგომი დღეებიც თითქმის ერთად გაატარეს. სადილობდნენ მოსკოვის ,,გრანდ ოტელში“, ტიციან ტაბიძესთან და ბორის პილნიაკთან ერთად… იასნაია პოლიანაშიც ერთად გაემგზავრნენ მატარებლით. გზად, ტულის სადგურის სასადილოში, ,,ფოტოგრაფებმა ჭამაც არ გვაცალესო“. იასნაია პოლიანადან წერილი გაუგზავნიათ რომენ როლანისთვის. ცვაიგს ღია ბარათი დაუწერია და გრიგოლისთვისაც უთხოვნია ხელისმოწერა… წერდნენ: ,,თქვენი არყოფნა დიდად აკლია აქაურობასო“.

იმავე წელს რობაქიძემ თბილისის კონსერვატორიის დარბაზში, ქართველი ინტელიგენციის წინაშე ,,წარმოთქვა“ ლექცია სათაურით – ,,რვა თვე გერმანიაში”. სიტყვის დროს დამსწრე საზოგადოებისათვის უცნობებია, რომ გერმანულად თარგმნა ,,გველის პერანგი“, რომელსაც ახლო მომავალში, იენაში გამოსცემდნენ სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. ,,…მოხსენების შეწყვეტის დროს, მახსოვს იოსებ გრიშაშვილი ძლიერ ჭირვეულობდა, რატომ არ თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის რომანები და თარგმნა თავისი ,,გველის პერანგიო?”. მაგრამ ეს საყვედური სახალხოდ არ გამოუთქვამს, მხოლოდ, თავის ახლო მეგობრებთან ამბობდა… მეორე დღეს კი თბილისის ყველა გაზეთი წერდა: ,,მე და ცვაიგ, მე და ცვაიგ…“, გრიგოლ რობაქიძემ ნახევარი მოხსენება ამას მოანდომაო!“, – იგონებს გრიგოლის ნათესავი ალექსანდრე ფანჩულიძე.

მართლაც, 1928 წელს იენაში გამოდის ,,გველის პერანგი“, რომლის წინასიტყვაობაში ნათქვამია: ,,პოეზიაში ნამდვილი ეგზოტიკის მოცემა შეუძლია მხოლოდ ღვიძლ შვილს თავის ხალხისას, მასში სულით ფესვებგამდგარს… ქართველთა უძველესი ერი, რომელსაც თავისი ლაშქრობების დროს ალექსანდრე მაკედონელიც შეხვედრია, ცხოვრობს ჩვენი დედამიწის უმშვენიერეს კუთხეში, განთქმულში თავის სიმღერებითა და ლეგენდებით… თუ რა მდიდარია საქართველო მითიური ძალებით, თავის ჰეროიკული გონით და ამავე დროს, თანამედროვეობისკენ სწრაფვით, ეს პირველად ახალგაზრდა მწერლის ამ წიგნიდან გავიგე, რითაც მან თავის სამშობლოს და ამით ჩვენც, დიდი სამსახური გაგვიწია, ვინაიდან, ჩვენ თვალწინ, მწერლის გამომსახველობითი უნარის წყალობით, იშლება ჩვენი ცნობისმოყვარეობისთვის სრულიად ახალი და უჩვეულოდ მიმზიდველი სულიერი წრის ზონა… როგორი ცეცხლოვანება მოედინება ამ აღწერიდან: ზოგიერთი გვერდების ამოჭრა გსურს და სტროფებად დაყოფა, როგორც ლექსებისა. არის კიდეც ისინი ლექსები… ზოგიერთი თავი გსურს, წაიკითხოს ზღაპრების მთხრობელმა… ყოველ ფურცელს გააჩნია ცეცხლოვანი, ბალადური მომენტები, სრულიად უცხო სახის სიმშვენიერისა… და მიუხედავად იმისა, რომ გრძნობას მკაფიოდ არ შეუძლია გაარჩიოს, სინამდვილეში ვის უნდა უმადლოდეს ამ დამაბრუებელ სურნელებას – მწერალ რობაქიძეს თუ თვით საქართველოს – მაინც სიამოვნებით ხდები ტყვე ამ ახლისა. მე გამიფართოვა ამ ნაწარმოებმა ჩვენი მსოფლხედვა, ეგზოტურობის ჰორიზონტი გამაბედნიერებელი ხერხით გამიშუქა და ჯერ კიდევ უცხო სახით, ეპიკური პოეზია შესაგრძნობი გახდა ჩემთვის მას შემდეგ, რაც მე წავიკითხე ეს წიგნი”… – წერს შტეფან ცვაიგი.

მწერლები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. სამ წელიწადში გრიგოლ რობაქიძე გაექცა კომუნისტურ რეჟიმს და გერმანიაში დასახლდა. საბჭოთა საქართველოში აკრძალეს მისი სახელის ხსენებაც კი. იგივე ბედი ერგო სტეფან ცვაიგს ავსტრიაში. ,,დიდი ევროპელი“, როგორც მას ებრაული წარმომავლობის გამო უწოდებდნენ, გაექცა ფაშისტებს, რომლებიც სახალხოდ წვავდნენ მის წიგნებს. ცვაიგმა ჯერ ინგლისში, შემდეგ ბრაზილიაში დაიდო ბინა, სადაც 1942 წელს ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე. სიცოცხლე არ მოუსწრაფია გრიგოლ რობაქიძეს, თორემ რომ უსურვია, თან, არაერთხელ, ამას თავად ამბობს აკაკი პაპავასადმი გაგზავნილ წერილებში: ,,…გამოგიტყდებით, რამოდენიმეჯერ მალი სიკვდილი ვისურვე ჩემთვის, შევცოდე წინაშე უფლისა…“, – წერდა უმძიმეს სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი მწერალი 1950 წელს. ეს ის დროა, როცა იგი ,,ჰიტლერიანელობის“ ბრალდებით ლტოლვილია გერმანიიდანაც და ცხოვრობს ჟენევაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ქვეყანა თავს იკავებდა მისი მიღებისგან. საბოლოოდ, ხარიტონ შავიშვილის დიდი მონდომებით, „ინტელექტუალური ლტოლვილის“ სტატუსით შეიფარა შვეიცარიამ. ,,ჰიტლერიანელობის“ ბრალდება საბედისწერო აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძისთვის არა მარტო პიროვნულად, არამედ, როგორც მწერლისთვისაც. მართალია, ნოსტალგია გერმანიაშიც არ ასვენებდა, მაგრამ იქ, პოპულარობის ზენიტში მყოფს, აღიარებდა ევროპის მაღალი ინტელექტუალური საზოგადოება, ცნობილი გამომცემლობები ზედიზედ ბეჭდავდნენ მის ნაწარმოებებს, ლიტერატურათმცოდნეები, მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები რეცენზიებსა და სტატიებს უძღვნიდნენ მას. შვედმა ლიტერატურათმცოდნეებმა ,,ჩაკლული სული“ მსოფლიოს სამ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ,,ბროკჰაუზის“ ცნობილ ენციკლოპედიაში მისი სახელის შეტანაზე. ახლა უკვე გამომცემლები აღარ ინტერესდებოდნენ მისით. პოპულარობას ჩვეული მწერლისთვის ეს, გარდა მორალურისა, ფინანსური დარტყმაც იყო – ის ხომ მხოლოდ მწირი სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს, თუმცა, თვითონ სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი – წიგნები მუსოლინსა და ჰიტლერზე – მხოლოდ მსოფლიო პიროვნებების მეტაფიზიკური დახასიათება იყო და არა მათდამი თანაგრძნობა. მაგრამ, ვისაც როგორ სურდა, ისე სჯეროდა…

17 წლის განმავლობაში თითქმის შეუმჩნევლად იცხოვრა ჟენევაში და იქვე, მარტოობაში გარდაიცვალა 1962 წელს.

თუმცა, მწერლის სიკვდილის შემდეგ, მისი პირადი არქივის დასაპატრონებლად დატრიალებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ყველას შესანიშნავად სცოდნია რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა. გრიგოლ რობაქიძემ მოგვცა სტეფან ცვაიგის პიროვნული დახასიათება:

რობაქიძის დახასიათება ეკუთვნის ბერძენ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატს – ნიკოლოზ კაზანცაკიზს: ,,გრიგოლ რობაქიძე წარმოდგენილი მყავს ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი: იგი, დაახლოებით, ორმოცი წლისაა, ყოველთვის ლამაზად ჩაცმული. ყურადღებას იპყრობს თავისი ფიცხელი მოძრაობით და მის თვალთა ცივი მზერით, მხოლოდ, ფართო, თავდაჭერილი სიცილი, რომლის დროს მისი მშვენიერი კბილები მოსჩანან, გვიმხელს მის ვნებიანობას. გრძნობ, ხარ იმ ადამიანის წინაშე, რომელიც თავის წმინდა გამტაცებელ ტემპერამენტს აშკარა მტკიცე ნებით იპყრობს… უძრავად, ვით სვეტი, დგას იგი შუაში. მას აქვს ნაღვლიანი თვალები და დამუწული ბაგენი… მე მიყვარდა ეს მარტოხელა კაცი და მესმოდა მისი სიჩუმე…”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი