როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
იკოშვილი
იკოშვილი ქართული გვარია, რომლის ძირითადი ისტორიული კერა შიდა ქართლია. გვარის ფუძედ მიჩნეულია მამაკაცის საკუთარი სახელი იკო, რომელსაც დაერთო აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი პატრონიმული სუფიქსი -შვილი. ამასთან, გვარის წარმოშობის განხილვისას საყურადღებოა მისი შესაძლო კავშირი ტოპონიმებთან იკორთა და იკოთი.
იკოშვილები ისტორიულად, ძირითადად, ქარელისა და გორის მხარეში სახლობდნენ. მათი გავრცელების ადგილებია ქარელი, აგარა, კეხიჯვარი, სამწევრისი და გორის მუნიციპალიტეტის ცალკეული სოფლები.
გვარი წერილობით წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან დასტურდება. ერთ-ერთ ძველ საბუთში იკოშვილებთან დაკავშირებული ქონებრივი ეპიზოდია დაცული, სადაც საუბარია ხუთ ხარსა და ძროხაზე. იკოშვილები კვლავ ჩანან მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის საარქივო მასალებში. განსაკუთრებით საინტერესოა 1889-1890 წლების დოკუმენტები, რომლებიც ხტანოში წარმოშობილ საგადასახადო დავას ეხება. გვარის წარმომადგენლები გვხვდებიან პირველი მსოფლიო ომის სამხედრო დოკუმენტებშიც.
დღეს საქართველოში, დაახლოებით, 130 იკოშვილი ცხოვრობს. გვარის ძირითადი ნაწილი დღესაც შიდა ქართლში, განსაკუთრებით ქარელისა და გორის მხარეში სახლობს.
კაკოიშვილი
კაკოიშვილი ძველი ქართული, იმერული გვარია, რომლის ძირითადი ისტორიული კერებია რუფოთი და საზანო. გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკო, ხოლო გვარსახელი თავდაპირველად „კაკოს შვილს“, „კაკოს შთამომავალს“ აღნიშნავდა.
კაკოიშვილთა საგვარეულოში დაცულია გადმოცემა მათი სვანური, გელოვანთა საგვარეულოდან წარმომავლობის შესახებ. გადმოცემით, კაკო გელოვანი და მისი ვაჟი სისხლის აღების საფრთხის გამო სვანეთიდან იმერეთში, სოფელ რუფოთში გადასახლებულან. კაკოს გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟს ადგილობრივები „კაკოს შვილად“ მოიხსენიებდნენ, რასაც, სავარაუდოდ, კაკოიშვილის გვარსახელი დაუმკვიდრებია. ეს საინტერესო საგვარეულო გადმოცემაა, თუმცა მის დასადასტურებლად დამატებითი ისტორიული საბუთებია საჭირო.
კაკოიშვილთა აზნაურული შტოს არსებობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცხრამეტე საუკუნის ოფიციალური რეესტრი: 1890 წელს კაკოიშვილები ქუთაისის გუბერნიაში ორი მიმდევრობითი ჩანაწერით – ¹372 და ¹373 – არიან შეტანილი. ეს დოკუმენტი გვარის აზნაურული ისტორიის მნიშვნელოვანი წერილობითი მოწმობაა. პირველი მსოფლიო ომის საბუთებში გვხვდებიან ივან არტემის ძე კაკოიშვილი – რუფოთიდან, კასიან გრიგოლის ძე კაკოიშვილი და ამბროსი ივანეს ძე კაკოიშვილი, რომლებიც რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდნენ.
გვარის ცნობილი წარმომადგენელია გიორგი ანდრიას ძე კაკოიშვილი (დაბადებული 1933 წელს) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
საქართველოში 1 256 კაკოიშვილი ცხოვრობს.
ლომაია
ლომაია – ძველი ქართული, მეგრული გვარია. გვარსახელი წარმოშობილია საკუთარი სახელის ან მეტსახელის – ლომასგან. ლომაიების ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კერა ხიბულა ყოფილა.
გვარი წერილობით წყაროებში უკვე 1621 წელს გვხვდება აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდ დავთარში. ხიბულაში ერთდროულად მრავალი ლომაიაა მოხსენიებული – ბაბადიშა, გამიგონია, განაგონია, თამაზა, თოლიორკო, თოსკუამია, ივანე, კუატა, მახუჭაბა, სომხერდა და სხვები. მათ საკათალიკოსოსადმი სხვადასხვა ბეგარა და სამეურნეო ვალდებულება ეკისრებოდათ.
1628 წლის ლევან დადიანის შეწირულობის სიგელში იხსენიება ჭალადიდელი მეთევზე მახარობელი ლომაია, რომელიც დადიანმა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა.
ლომაიების სხვადასხვა შტოს სოციალური მდგომარეობა ერთნაირი არ ყოფილა: ზემო სამეგრელოში მათი ნაწილი აფაქიძეთა ყმა-გლეხები იყვნენ, ხოლო ზუმში მცხოვრები ლომაიები აზნაურებად იხსენიებიან.
გვარის წარმომადგენლები საეკლესიო სამსახურშიც გვხვდებიან. მარკოზ ლომაია 1879 წელს ზედა თეკლათის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო, ათანასე ლომაია – მედავითნე, ხოლო ნიკანორ ლომაია 1911 წელს ნოსირის წმიდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა.
პირველი მსოფლიო ომის სამხედრო საბუთებში არაერთი ლომაიაა აღრიცხული. მათ შორის იყვნენ ერმოლაი რომანის ძე ლომაია, რომელიც 1915 წელს დაიღუპა, ნოსირელი არტემ ლომაია, ასევე იოსებ და იულიან ლომაიები, რომლებიც 201-ე ქვეით ფოთის პოლკში მსახურობდნენ და ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
სტატისტიკური მონაცემებით („გვარ-სახელები საქართველოში“), ლომაიების საგვარეულო 1 339 სულს ითვლის.
მარღანია
მარღანია დასავლეთ საქართველოს ძველი ისტორიული გვარია, რომლის ძირითადი არეალი სამეგრელო, სამურზაყანო და აფხაზეთი იყო. გვარის წარმოშობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს; მას სვანურ სამყაროსა და მარგიან-მარუშიანთა ძველ საგვარეულოსაც უკავშირებენ, თუმცა ეს კავშირი საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
მარღანიები ისტორიულად სახლობდნენ ზუგდიდში, ტყვირში, ხობში, სუჯუნაში, ლიხნში, ოჩამჩირის მხარესა და სამურზაყანოში. გვარის ძველ განსახლებაზე მიუთითებს ტოპონიმი სამარღანიოც. აფხაზეთის ისტორიულ გარემოში მარღანიასთან დაკავშირებული ფორმაა მაანი. ცნობილი იყო კაც ბეჟანის ძე მარღანია (მაან) – აფხაზეთის გავლენიანი ფეოდალი და გენერალ-მაიორი. მეცხრამეტე საუკუნის საბუთებში მარღანიათა წარმომადგენლები კეთილშობილებად, დიდგვაროვნებად და მიწათმფლობელებადაც იხსენიებიან.
გვარის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ გენერალ-მაიორი მალაქია მარღანია, სასულიერო მოღვაწე დიმიტრი მარღანია და თბილისის „დინამოს“ ცნობილი მეკარე ვლადიმერ მარღანია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 730 მარღანიაა. გვარის წარმომადგენლები, ძირითადად, ზუგდიდის მხარეში ცხოვრობენ, მესტიაში – 66 მარღანია სახლობს. ცალკეული ოჯახები ცხოვრობდნენ ტყვირში, ხობში და სხვა დასახლებებში.
მეკარიშვილი
მეკარიშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვიდან – „მეკარე“ – არის წარმოქმნილი. ძველად მეკარე ციხესიმაგრის, ქალაქის, სასახლისა თუ ეკლესიის კარიბჭის მცველს ეწოდებოდა. გვარის ძველი ფორმაა მეკარისშვილი, ანუ მეკარის შვილი, შთამომავალი.
გვარი წერილობით წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანს. 1588 წელს ხატისა მეკარისშვილი მამულის ნასყიდობის წიგნის მოწმედ იხსენიება. განსაკუთრებით საინტერესოა დათუნა მეკარისშვილი, რომელიც 1690-1691 წლებში ქუთაისის მამასახლისი იყო. ის გადმოხვეწილ ალექსანდრე მეფეს ახლდა და ერეკლე მეფის შუამდგომლობით ქუთაისის მამასახლისობა მიიღო.
მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე თანამედროვე ფორმა – მეკარიშვილი გვხვდება. 1910 წლის რუსეთის იმპერიის სენატის საბუთში მოხსენიებულია კონა მეკარიშვილი, რომელსაც თბილისის გუბერნიაში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა ჰქონდა. დღეს მეკარიშვილები, ძირითადად, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში არიან გავრცელებული.
მოწოდებული მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 400 მეკარიშვილი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



