საზოგადოება

როგორ გააცნო შალვა ვარდიძემ ქართული მწერლობა ევროპას და რით იყო განსაკუთრებული მისი ცხოვრება

№43

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:00

შალვა ვარდიძე
დაკოპირებულია

კათოლიკე მღვდელი და საზოგადო მოღვაწე შალვა ვარდიძე დაიბადა ადიგენის სოფელ არალში. 1885 წელს ის განათლების მისაღებად სტამბოლში ჩავიდა, პარალელურად კი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა სტამბოლის ფერიქოის უბანში.

1911 წელს შალვა ვარდიძემ სტამბოლში დააარსა ქართული კლუბი, რომლის წესდებაც ოსმალეთის მთავრობამ უცვლელად დაამტკიცა. 1914 წლისთვის დაიგეგმა ქართული სკოლის გახსნაც, მაგრამ ქართული კლუბის გეგმების განხორციელებას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი.

ძალიან დიდია სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის წვლილი საქართველოს 1914-1917 და 1920-1930 წლების ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სწორედ სავანის ტერიტორიაზე, მონასტრის სასტუმრო სახლში მოქმედებდა 1914 წელს ჟენევაში დაარსებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“. „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მიზანი იყო გერმანიის პროტექტორატით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სავანის წინამძღვარი შალვა ვარდიძე.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლისათვის შალვა ვარდიძე დაჯილდოებული იყო თამარ მეფის სახელობის ლეგიონის ორდენით.

1921 წელს სტამბოლის ქართველთა სავანის სტამბაში დაიბეჭდა ქართული ემიგრანტული პოლიტიკური ჟურნალის, „თავისუფალი საქართველოს“, პირველი ნომრები.

შალვა ვარდიძე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ეწეოდა ქართული კულტურის პოპლულარიზაციას საზღვარგარეთ. ფლობდა ცხრა ენას და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში ცხრავე ენაზე აქვეყნებდა სტატიებს და უცხოელებს აცნობდა ქართული კულტურის ისტორიას.

შალვა ვარდიძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ თავები. მას საინტერესო კომენტარები აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული ტექსტის შესახებ.

მნიშვნელოვანია ვარდიძის ლიტერატურული მიმოხილვები, განსაკუთრებით ვახტანგ ორბელიანის შემოქმედების მიმოხილვა, რომელიც თარგმნილი აქვს ფრანგულ ენაზე. იგი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც, 1921 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა იტალიელი მწერლისა და დიპლომატის, ევგენი დალეჯიო დალესიოს ნაშრომი „ქართველები კონსტანტინეპოლში“.

შალვა ვარდიძე, ასევე, გახლავთ საინტერესო პოეტი. მისი ლექსები, ძირითადად, პატრიოტული ხასიათისაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შალვა ვარდიძის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებები – არაბულ ენაზე დაწერილი და ბეირუთში გამოქვეყნებული საქართველოს მოკლე ისტორია. ასევე არაბულ ენაზე დაწერილი დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი „დიდი საქართველოს პატრონი“, რომელითაც ავტორმა არაბულ სამყაროს საქართველოს ოქროს ხანა გააცნო.

რეპრესირებული შალვა ვარდიძე 1945 წლიდან ბეირუთთან ახლოს მდებარე ლიბანის მთის ქრისტიანული კერების ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა. გახლდათ ბეირუთის უნივერსიტეტის ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი.

შალვა ვარდიძე გარდაიცავალა ლიბანში. მისი არქივი დიდი რისკის ფასად თურქეთში ჩამოიტანა და ქართველ კათოლიკეთა მონასტერს გადასცა ბიზნესმენმა და საზოგადო მოღვაწემ სიმონ ზაზაძემ.

გამოყენებული მასალების წყარო: ფუტკარაძე შუშანა. სტამბოლის ქართული სავანე; ნაჭყებია მერაბ. სტამბოლის ქართული სავანის ისტორიიდან; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი