რატომ ვერ გადაიღო ვერც ერთ დროში „ჰოლივუდმა“ „ქეთო და კოტეს“ მსგავსი ფილმი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
გაინტერესებთ, როგორ იღებდნენ ქართველი კინემატოგრაფისტები მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებს ერთი უსახო კინოაპარატით? როგორ იქმნებოდა ქართული კინოკლასიკა, დაწყებული მუნჯური ფილმებით? რა ხდებოდა გადასაღებ მოედნებსა თუ პავილიონებში? როგორ მუშაობდნენ კომპოზიტორები, სცენარისტები, დამდგმელი მხატვრები, კოსტიუმების მხატვრები, გრიმიორები, მსახიობები, ოპერატორები? როგორ ირჩევდნენ მსახიობებს ამა თუ იმ როლზე და ზოგჯერ ცვლიდნენ კიდეც მათ?.. ამიერიდან, მე გადაგიშლით მე-20 საუკუნის საზოგადოებისთვის დღემდე საყვარელი ფილმების ეპიზოდებს და გამოგზაურებთ ქართული კინოს წარსულში. ახლა კი – შესანიშნავ მუსიკალურ კინოკომედიაზე „ქეთო და კოტეზე“ ვისაუბრებთ, რომელმაც ამერიკაც აალაპარაკა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1946 წელს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ომით დათრგუნული მოსახლეობის გამხიარულების მიზნით სახალისო, კოსტიუმირებული ფილმების გადაღება გადაწყვიტა. კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“, სტალინის შეთავაზებით, ავქსენტი ცაგარელის პოპულარული კომედია „ხანუმა“ ეკრანზე გადაიტანა, რომელსაც „ქეთო და კოტე“ ეწოდა. ამ პერიოდში რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეკრანიზაციაზე ფიქრობდა და სცენარი, დეკორაციები, კოსტიუმები თითქმის მზად ჰქონდა. ერთ დღესაც კინოსტუდიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მაჭავარიანმა, კაბინეტში იხმო, უნდა გაგახაროო. „ბარათაშვილი?“ – ტაბლიაშვილმა ამბის გამოცნობა სცადა. „არა!“ – მაჭავარიანმა პასუხად უჯრა გამოაღო, სადაც მინისტრთა საბჭოს განკარგულება ედო. მასში ჩამოთვლილი იყო, რომელ რესპუბლიკას რა ფილმი უნდა გადაეღო. ნუსხაში ეწერა: „ქეთო და კოტე“...
კომპოზიტორმა ვიქტორ დოლიძემ ლიბრეტო დაწერა და მალე ოპერაც შეიქმნა – „ქეთო და კოტე“. ის ოპერისა და ბალეტის სცენაზე 1919 წელს დაიდგა და საოცრად პოპულარული გახდა. „ქართული ფილმის“ შემოქმედებითი ჯგუფი სწორედ ამ ოპერის უდიდესმა პოპულარობამ მიიზიდა და... სცენარისტმა ფალიაშვილმა, რეჟისორებმა – ვახტანგ ტაბლიაშვილმა, გედევანიშვილმა და ოპერატორმა დიღმელოვმა „ქეთო და კოტე“ ფილმად აქციეს. კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ დილიძის მუსიკას რამდენიმე საკუთარი ეპიზოდი დაამატა. დაინიშნა გადაღებებიც. სასინჯ გადაღებებზე ოპერის თითქმის ყველა მომღერალი გამოიძახეს. თავდაპირველად კოტეს როლისთვის, რომელზეც მაყურებელს ბათუ კრავეიშვილის გარდა, ახლაც ვერავინ წარმოუდგენია, დრამის მსახიობი ვინმე კობალაძე მიიწვიეს. თავადი ლევანის როლზე კი – ბათუ კრავეიშვილი, თუმცა ხანშიშესული თავადის გრიმმა და კოსტიუმმა რეჟისორები არ დააკმაყოფილა და ამ როლისთვის მსახიობის ძებნა გააგრძელეს. არც კობალაძე აღმოჩნდა იდეალური ვარიანტი კოტეს როლისთვის და კობალაძე ბათუ კრავეიშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა ახლა ამისათვის საჭირო გახდა ტენორის პარტიის ბარიტონის პარტიით შეცვლა. ბათუ კრავეიშვილისთვის ეს რიგით მეორე ფილმი იყო. მანამდე ის, 1935 წელს, მოსკოვში სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დავით რონდელმა ფილმ „დაკარგულ სამოთხეში“, ლაზარიას როლში გადაიღო. ქეთოს როლზე კი რეჟისორებმა უპირობოდ საქართველოს მშვენება, მედეა ჯაფარიძე აიყვანა. თავადი ლევანის როლზე საოპერო სცენის დიდოსტატი, პეტრე ამირანაშვილი მიიწვიეს. მათი შემყურე შავგულიძე ამბობდა თურმე – სად გამოგძებნათ ტაბლიაშვილმა ორი ბარიტონი, ბიძისა და დისშვილის როლისთვისო. ესე იგი, აქ თითქმის ყველა მსახიობი ვარსკვლავიო.
აი, რას წერდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი გაზეთი ფილმზე: „ეს ფილმი-მიუზიკლი სასიამოვნო მელოდრამა, მთლიანი ცხოვრებაა საქართველოზე. იშვიათად, რომ „ჰოლივუდს“ გაეკეთებინოს მგავსი რამ.“
„ქეთო და კოტეს“ ძირითადი ეპიზოდები ძველი კინოსტუდიის პავილიონებში გადაიღეს, ხოლო, ქეთოს ბაღში სიმღერისა და მაკარის სასახლეში საქორწილო ლხინის სცენები კი, მაშინდელი პიონერთა სასახლის ეზოსა და დარბაზებშია გადაღებული. ფილმის შესახებ რეჟისორის ვაჟი, ირაკლი ტაბლიაშვილი და გოგი გელოვანი საინტერესო ამბებს იხსენებდნენ. ბატონი გოგი გელოვანი იმ დროს სრულიად ახალგაზრდა, ერთ-ერთი არისტოკრატი ჭაბუკის, კოტეს მეგობრის როლშია, სადაც ის გვერდს უმშვენებს თავის თანატოლებთან – ზურაბ ლეჟავასთან, იაკობ ტრიპოლსკისთან და სხვებთან – ერთად უმშვენიერეს ქალბატონებს, ვერიკო ანჯაფარიძეს, ცეცილია წუწუნავას, სესილია თაყაიშვილს, ნატო ვაჩნაძეს, თამარ ციციშვილს...
გოგი გელოვანი:
„იმ დროს სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, რომლის ხელმძღვანელიც ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო. ბატონმა ვახტანგმა ეპიზოდურ როლზე ამიყვანა თავადი ლევანის მეგობრებში. მოვიდა სიმღერების ჩაწერის დრო. მოიყვანეს ორკესტრი და ხდებოდა ყარაჩოღელების სიმღერის ჩაწერა. არ მოეწონა ტაბლიაშვილს ოპერის მომღერლების ნამღერი – „გინდ მეძინოს...“ „მე რომ ვლოთობ...“ რაშიც არჩილ კერესელიძეც დაეთანხმა. მე და ზურაბ ლეჟავას გაგვიკეთეს წვერ-ულვაში, ცოტა კეხიანი, იმ დროისთვის დამახასიათებელი ქართველი ვაჟკაცის ცხვირი და ამ ეპიზოდში ჩაგვსვეს... რთული სურათი იყო იმ მხრივ, რომ ფილმს ბევრი მონაწილე ჰყავდა, თუმცა ტაბლიაშვილს ყველანაირად ხელს უწყობდნენ.
ერთი ეპიზოდი მახსენდება განსაკუთრებულად. თუ გახსოვთ, ვითომ „ქარვასლა“ რომ იწვის, ჟორჟოლიანი და კვანტალიანი, ასე ვთქვათ, ჭორიკანა თავადები გარბიან და ახალგაზრდებმა ფრაკზე დამბაჩა უნდა ვესროლოთ. ჟორჟოლიანს ფრაკის ქვემოდან შუშხუნა ჰქონდა გაკეთებული და ბოლი სინამდვილეში მას ასდიოდა. რეკვიზიტორს ვთხოვეთ, რამე ისეთით დატენე დამბაჩა, რომ ჟორჟოლიანს მართლა მოხვდესო. ეს რეჟისორმაც იცოდა და ყველამ, გარდა ჟორჟოლიანისა. რომ გამოიქცნენ და დაიწყეს ყვირილი – ხანძარია, ხანძარია! ვესროლეთ. ახტა, დახტა კაცი, ვერ მიხვდა რა იყო, ეგონა, მართლა დაიჭრა...
აი, ყარაჩოღელების „ატამანი“ კი, სერგო ზაქარიაძე იყო. ტივზე ვართ და რომ უნდა გადავიღოთ სცენა, გამოქანდა ყოჩი და დაარტყა სერგოს, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი კაცი იყო და თავი შეიკავა. ყოჩი ისევ გამოექანა და დაარტყა. სერგო ადგა და შებოჭა. კიდევ გამოქანდა. მოკლედ, არ ეგუება სერგოს. შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ამ ცხვრის პატრონისათვის ჩაეცმია ყარაჩოღელის ტანსაცმელი. სერგოც გააყოლეს. მივიდა და ვერ იცნო პატრონი ცხვარმა, იმასაც ეცა და გააგორა, კაცი კინაღამ მოკლა. იმან კი გამწარებულმა იყვირა: „არ მინდა თქვენი ფული, არც გადაღება, არაფერი არ მინდა!“
რეჟისორს ბათუს აყვანა არ უნდოდა კოტეს როლზე, ის სხვა როლზე მოიაზრებოდა. ქეთოს როლზე კი ურჩიეს, ვინმე მომღერალი ქალი აეყვანა, მაგრამ ტაბლიაშვილი იცნობდა მედეა ჯაფარიძეს, მის ბუნებას და არ დათანხმდა. კინოსტუდიაში რამდენიმე კაცი შავგულიძის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ფილმი რომ დასრულდა, მიხვდნენ, რომ ყველა ზუსტად იჯდა თავის როლში. მაგალითად, სულ მგონია, ქაბატო მერი დავითაშვილს რომ არ ეთამაშა, სურათი იმდენად კომიკური არ გამოვიდოდა.
მედეაზე გიჟდებოდნენ ოპერის ახალგაზრდა მსახიობები, მაგრამ მას ვინ გაუბედავდა რამეს. ყველას კოხტად და ლამაზად იცილებდა. იმ პერიოდში მისი ქმარი, გრიშა კოსტავა ახალი დაჭერილი იყო. ცოტა გაჭირდა ნავში ქეთოსა და კოტეს კოცნის ეპიზოდი – ეს მედეას უქმნიდა უხერხულობას, ამიტომ მრავალი ეპიზოდი გადაიღეს.“
ირაკლი ტაბლიაშვილი:
„როდესაც მამამ ფილმზე მუშაობა დაიწყო, 6 წლის ვიყავი. ფილმში მეც ვთამაშობ, ეპიზოდურ როლში. ხანდახან რეპეტიციები ჩვენს სახლშიც მიდიოდა. დიდი ოთახები გვქონდა და ეს ვარსკვლავები იქ იკრიბებოდნენ. არცერთ მსახიობს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რატომ ვარ მეორეხარისხოვან როლზე დაკავებულიო. მაგალითად, ნატო ვაჩნაძე, ეს დიდებული მსახიობი, ნამდვილი ვარსკვლავი, ფინალში მასობრივ სცენაში ცეკვავს, ისევე, როგორც ნინო რამიშვილი. ერთი წუთით გაიელვებენ ეკრანზე და მორჩა.
მამაჩემს არასოდეს ჰქონია ამბიცია. არასოდეს არ ქექავდა თავის წარმატებას – მოდით, ნახეთ რა დონის ფილმი გადაკეთე და რატომ არ მაძლევთ ჯილდოსო. სხვათა შორის, იმ პერიოდისთვის ეს იყო პირველი მიუზიკლი და პირველი რეპიც სწორედ ამ ფილმშია, როდესაც მაჭანკალი მზითევის ჩამონათვალს კითხულობს. იცით, რომ ზოგიერთ რეჟისორს არ უნდოდა, რომ ეს ფილმი მამას გაეკეთებინა. კინოში ეს მისი პირველი ნამუშევარი იყო. მამა თეატრის რეჟისორი იყო. თან, ამბობდნენ, თავადების დროსტარება ბურჟუაზიული გადმონაშთიაო. ფილმის ყოველ დეტალზე ასეთ აზრს გადმოსცემდნენ. უნდოდათ, კაცი იძულებული გაეხადათ, საერთოდ ხელი აეღო ამ ფილმზე. იმხანად ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი გახლდათ, რომელიც გაგრაში ისვენებდა. მამაჩემმა მოახერხა მასთან შეხვედრა. მოახსენა, ვინც იყო და რის გაკეთებას აპირებდა. ჩარკვიანმა პირდაპირ კაბინეტში მოაყოლა სცენარი. ძალიან მოეწონა და უთხრა: წადი და მშვიდად შეუდექი მუშაობას. გპირდები, ხელს ვერავინ შეგიშლისო. მამა ასეც მოიქცა, შიგადაშიგ იყო კბენები, მაგრამ ეს ბარიერი დასძლია და მივიღეთ მშვენიერი ფილმი. ამდენი წელი გავიდა და ბოლოს მამა მეკითხებოდა: ხომ მართლა მაგარი ფილმი გამოვიდაო. მე რას მეკითხები, უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და მაყურებელი დღემდე გიჟდება ამ ფილმზე-მეთქი. როგორც ჩანს, ასაკში მაინც იქონია გავლენა ამ ფილმის გარშემო შექმნილმა აზრმა. ისეთი სიზუსტით იხსენებდა ყველაფერს, გაგიკვირდებოდათ. მერე ჩვენ, ერთად, „თამარ მეფის“ სცენარზე ვმუშაობდით, მაგრამ იმ პერიოდში მამა გარდაიცვალა. სცენარი მართლაც კარგი გამოვიდა და თუ ოდესმე გადავიღებ, მარტო მე გადავიღებ, ვინაიდან ეს მის განუხორციელებელ ოცნებად დარჩა...
მამაჩემს ასეთი რამ აქვს მოყოლილი: გახსოვთ, ფილმში სხვენზე რომ არიან ასულები სიკო და ნიკო და ქაბატო რომ ყვრის, ზემოდან კი, კაკლები ეყრება. მსახიობები ნახევრად მშივრები იყვნენ. კაკლები რომ დაცვივდა, ხომ შეეძლოთ, აეღოთ და რამდენიმე გაეტეხათ და ეჭამათ, მაგრამ ერთიც არ გაუტეხავთ. ყველამ შეაგროვა და ისევ ტომარაში ჩაყარა...
მამა ბევრს ფიქრობდა, როგორ გაეკეთებინა ფინალი, უფრო ლამაზი რომ გამოსულიყო. საღამოს სახლში იჯდა და მუყაოსგან მაკეტს აკეთებდა – მსახიობების ფიგურებს. წარმოიდგინეთ, რამდენი ეპიზოდი და დეტალია ფილმში და როგორ აკეთებდა, აწყობდა ამ დეტალებს ესკიზებით.
ამ ფილმის შემდეგ მამამ კიდევ ერთი ფილმი – „დიდოსტატის მარჯვენა“ გადაიღო. მოსწონდა ისტორიულ ჟანრზე მუშაობა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



