რა შესთავაზა ჯორჯ ბალანჩინმა ზურაბ კიკალეიშვილს და როგორ დასტიროდა ის დედას სპექტაკლის დროს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 32 წუთის წინ
ბევრ ქართველს ზურაბ კიკალეიშვილი სცენაზე არ ახსოვს, თუმცა, ალბათ, არასდროს დაავიწყდება მისი როლი გიორგი შენგელაიას მიუზიკლში – „ვერის უბნის მელოდიები“, რომელიც ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. კიკალეიშვილს აქ არსებითად არც არაფერი აქვს სათამაშო – მისი პერსონაჟი „ცნობის ფურცელს“ ყიდის, მაგრამ ეს მოუსვენარი, უკვე ასაკში შესული მამაკაცი მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს მოძრაობებით, რომელიც, ერთი მხრივ, არ სცილდება ყოფითობის საზღვრებს, ძალიან ბუნებრივია, მეორე მხრივ, განუწყვეტლივ იგრძნობა მსახიობის დამოკიდებულება თავისი პლასტიკისადმი, მსუბუქი ირონია, წონასწორობა პირობითსა და რეალურს შორის, რაც კინომიუზიკლის სპეციფიკას გამოხატავს. თამაზ ვაშაკიძის აზრით, კინორეჟისორებმა ძალიან გვიან აღმოაჩინეს კიკალეიშვილში, ეს უნიჭიერესი ბალეტის მსახიობი, რომელსაც არამარტო მიუზიკლებში შეეძლო წარმატებით ეთამაშა, არამედ დრამატულ ფილმებშიც. დღეს მე ზურა კიკალეიშვილისა და ვახტან ჭაბუკიანის ტანდემზე გიამბობთ, მათ შემოქმედებაზე, რომელიც თავისთავად, ერთმანეთზეა გადაბმული.
მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ზურაბ კიკალეიშვილი თბილისში დაბრუნდა და 1942 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ეს ის დროა, როცა ქართული ბალეტი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანი ჩაუდგა სათავეში, აღმავლობის გზაზეა, როცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზედიზედ იდგმება ქართველი კომპოზიტორების საბალეტო სპექტაკლები – ბალანჩივაძის „მთების გული“, თორაძის „გორდა“, გრიგოლ კილაძის „სინათლე“. სწორედ ამ ბალეტში დავრიშის როლის შესრულებისთვის გახდა ზურაბ კიკალეიშვილი „სტალინური პრემიის“ ლაურეატი, მაგრამ ნამდვილი აღიარება მას მაინც იაგომ მოუტანა ჭაბუკიანისა და მაჭავარიანის ბალეტში – „ოტელო“. თავდაპირველად იაგო ჩაფიქრებული იყო, როგორც „სახასიათო როლი“, რომელიც მოცეკვავისგან, ფაქტობრივად, მხოლოდ არტისტული ნიჭის დემონსტრირებას მოითხოვდა. მაგრამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ნათელი გახდა, რომ კიკალეიშვილს შეეძლო პლასტიკით გამოეხატა ხასიათი და ასე გაეხადა იაგო წარმოდგენის ცენტრალური გმირი… ისე მოხდა, რომ კიკალეიშვილმა მთლიანად შეაცვლევინა ჭაბუკიანს „ოტელოს“ კონცეფცია – ორი მამაკაცის საბალეტო დუელი სცენაზე გადაიქცა მაჭავარიანის ბალეტის მხატვრულ სახედ. რაც, თავის მხრივ, რევოლუციად აღიქვეს ბალეტის სამყაროში. ჭაბუკიანმა არა მარტო გააძლიერა მამაკაცის პარტიის მნიშვნელობა, არამედ, კიკალეიშვილის დახმარებით, მან, შეიძლება ითქვას, „გააორმაგა“ მამაკაცის როლი. ყველაფერი ეს კი რუსული კლასიკური ბალეტის გამოწვევაც კი იყო. ამ მოსაზრებას იზიარებს ქართველი მოცეკვავე თამაზ ვაშაკიძეც, რომელიც ზურაბ კიკალეიშვილის შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობს.
თამაზ ვაშაკიძე: „ჭაბუკიანმა ზურაბ კიკალეიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი პარტია შესთავაზა და არა მეორეხარისხოვანი. ზურაბმა ფანტასტიკურად შექმნა ის სახე, რომლითაც თავად მას გაუწია კონკურენცია“. იმხანად ვახტანგ ჭაბუკიანთან კონკურენცია ბალეტის სამყაროში წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ჭაბუკიანმა, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც განახორციელა რეფორმა თანამედროვე ქორეოგრაფიაში – ვაჟ მოცეკვავეს თვინიერ ხელის მომკიდებლად უკვე აღარ აღიქვამდნენ… მაგრამ მავანი და მავანი რევოლუციას საბჭოთა ბალეტში მხოლოდ ჭაბუკიანს მიაწერდა – საბჭოთა კავშირში კი მიაჩნდათ, რომ ჭაბუკიანის რეფორმა დროებითი იყო და როგორც კი ბალეტის მაესტრო ცეკვას თავს დაანებებდა, კლასიკური ბალეტი ისევ ქალის პარტიის მნიშვნელობას აღიარებდა. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა. მოსკოვში ჭაბუკიანს უამრავმა მოცეკვავე მამაკაცმა, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, „ბალერონმა“ მიბაძა. საქართველოში ასეთი მხოლოდ ზურაბ კიკალეიშვილი იყო. მისი ტანის კლასიკური პროპორციები, ცეკვითი სმენიანობა, რიტმის მგრძნობიარობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართულ სცენაზე საბოლოოდ დამკვიდრებულიყო ვახტანგ ჭაბუკიანის მთავარი შემოქმედებითი პრინციპი – მსახიობი მაშინაც კი ცეკვავს, როდესაც უმოძრაოდ დგას სცენაზე… მაგრამ ამის მიღწევა რომ შესაძლებელი გახდეს, მოცეკვავე ძალიან არტისტული და ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს – ის უნდა გათავისუფლდეს „მარიონეტის კომპლექსისგან“, რომელსაც რუსული, განსაკუთრებით რუსულ-საბჭოთა კლასიკური ბალეტი უქმნიდა მსახიობებს წლების განმავლობაში. მოცეკვავეს მოეთხოვება, რაც შეიძლება, ღრმად ჩასწვდეს როლს და შექმნას მხატვრული სახე, მაშინაც კი, როცა მისი შესაძლებლობები მინიმალურია. „ფენომენალური აქტიორია, მისი პლასტიკა, მიმიკა… ფანტასტიკური დრამატული მსახიობი იქნებოდა. ბალეტში იკარგება სახის მიმიკა, მაგრამ ეს სახე „ჯდებოდა“ მის პლასტიკაში“. მაგრამ ზურაბ კიკალეიშვილი არა მარტო კარგი აქტიორი, არამედ შესანიშნავი ქორეოგრაფიც იყო. მან თავად დადგა რამდენიმე ბალეტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე: 1948 წელს – გლიერის „წითელი ყაყაჩო“, 1964 წელს – ბიძინა კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“. 80-იან წლებში, როცა თეატრს ძალიან გაუჭირდა, აღადგინა კლასიკური ბალეტები. 1990 წელს ზურაბ კიკალეიშვილმა იაპონიაში დაიწყო მუშაობა „ტოკიო ბალეტის“ ანსამბლის პედაგოგად. ტოკიოში ბალანჩინის მოწაფემ, „ტოკიო ბალეტის“ ხელმძღვანელმა, ჯონ ტარასმა მას ბალანჩინის საპატიო ორდენი გადასცა „მსოფლიო ქორეოგრაფიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის“. ბალანჩინთან კიკალეიშვილს ბევრი რამ აკავშირებს. ის სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა ფოტოს ჯორჯ ბალანჩინის წარწერით: „ძვირფას ზურაბს სამახსოვროდ“. ბალანჩინს მაშინ უთქვამს, რომ პირველად, დიდი ხნის შემდეგ, თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით მოაწერა ხელი – „გიორგი ბალანჩივაძე“, თან დაუმატებია, ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარო.
1962 წელს ჯორჯ ბალანჩინი თბილისში ჩამოვიდა. ზურაბ კიკალეიშვილი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა მაესტროს, ესწრებოდა მის გაკვეთილებს. ბალანჩინმა კიკალეიშვილი სცენაზე ნახა და თავის ანსამბლში მოიწვია. ზურაბი ამბობს, რომ ეს იყო საკმაოდ გულუბრყვილო წინადადება – იმხანად შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლებას არათუ კიკალეიშვილს, ბალანჩინის ძმისშვილს, ოპერის თეატრის საბალეტო დასის სოლისტს, ცისკარა ბალანჩივაძესაც კი არ აძლევდნენ. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კიკალეიშვილი მაინც შეხვდა ამერიკაში ბალანჩინს – საბჭოთა ბალეტის ოსტატთა გასტროლებზე ნიუ-იორკში.
1972 წელს, როცა ბალანჩინი უკანასკნელად ჩამოვიდა სამშობლოში, ზურაბ კიკალეიშვილმა მას წმიდა გიორგის ვერცხლის ხატი გადასცა. ამბობენ, რომ ბალანჩინი ანდერძით სწორედ ამ ხატით დაკრძალეს – შეასრულეს დიდი ქორეოგრაფის ანდერძი: წმიდა გიორგის ხატი გულზე დაადეს.
სამწუხაროდ, ბოლო დროს ბალანჩინის მიერ აღიარებული მოცეკვავე, რომელმაც ქართული ბალეტისთვის თითქმის იმდენივე გააკეთა, რაც ვახტანგ ჭაბუკიანმა, ბალეტის სამყაროშიც კი დაივიწყეს. თამაზ ვაშაკიძე ამას დიდი გულისტკივილით აღნიშნავს: „ამ ეტაპზე ეს ხალხი არის ჩრდილში. თქვენ ძალიან ხშირად ნახავდით ზურაბ კიკალეიშვილს, მჯდარს აბსოლუტურად საქმის გარეშე… ხომ შეიძლება, რეპეტიციაზე შეიყვანო, ბევრი რამე ისწავლო, მაგრამ ეტყობა არ გვჭირდება ეს ხალხი” (წყარო: „რადიო თავისუფლება“). ქართულ ბალეტს, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ზურაბ კიკალეიშვილისთვის არ სცალია… მაგრამ, შესაძლოა, ბალეტი სწორედ იმიტომაც აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, რომ თავისი ძველი ვარსკვლავები დაივიწყა და მხოლოდ რუსეთში აკიაფებული ვარსკვლავებით ამაყობს. დღეს საქართველოში იზრდება თაობა, რომელსაც ზურაბ კიკალეიშვილი მხოლოდ „ცნობის ფურცლის“ გამყიდველი ჰგონია „ვერის უბნის მელოდიებში“. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: ზურაბ კიკალეიშვილის დედა – თამარ ჩიქოვანი, თავადის ქალი, ულამაზესი ქალბატონი – ჭლექით დაავადდა და საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა. ზურაბი იმ პერიოდში სტოკჰოლმში ჟიზელს ცეკვავდა, ალბერტის პარტია ჰქონდა, მეორე აქტის დროს, სცენაზე რომ გამოვიდა, ხელში ყვავილები ეჭირა, ჟიზელის საფლავზე უნდა დაეწყო, დეპეშა გადასცეს... ყველამ მიუსამძიმრა. სპექტაკლი ჩაამთავრა. ჟიზელის საფლავზე ტიროდა, რეალურად კი, დედას დასტიროდა. დაინგრა დარბაზი ტაშით...
მისი ვაჟი, გიორგი კიკალეიშვილი იხსენებს: „მამა კინოშიც აღმოჩნდა და მისი პირველი ფილმი გიორგი შენგელაიას მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ იყო. გარდა იმისა, რომ ეს როლი ჰქონდა, ფილმის ქორეოგრაფიც გახლდათ, მას იური ზარეცკიც ეხმარებოდა... გიორგი შენგელაია მომიყვა, როგორ აუხსნა მან მამას, ვინ იყო მისი პერსონაჟი და რა უნდა გაეკეთებინა ფილმში... ის ებრაელი ფოსტალიონის, იაშას პროტოტიპი გახლდათ, რომელიც „პურის მოედანზე“ ცხოვრობდა. ბატონი გიორგი მიყვებოდა: ზურაბმა მისმინა, მისმინა და მერე ერთი წუთითო, არავის არაფერი ჰკითხა, არც მე, არც მეგარდერობეს, შევიდა საგარდერობოში და იქიდან უკვე ფილმის პერსონაჟი გამოვიდა, უკვე ის იაშა იყო, რომელიც უნდა გადამეღოო... მამას პერსონაჟი შემდეგ რამაზ ჩხიკვაძემ გაახმოვანა... ეს ფილმი ერთ-ერთი შედევრია ქართულ კინემატოგრაფიაში. მოგეხსენებათ, მაგ ფილმში კახი კავსაძეც თამაშობს. მქონდა ბედნიერება, ბატონი კახი გადამეღო ფილმში „რობიზონი და 9 პარასკევა“. მაშინ აქტიურად ვურთიერთობდით და მამაზეც ვსაუბრობდით. „ვერის უბნის მელოდიებში“, როგორც იცით, ბატონი კახი ცეკვის მასწავლებელია. ჰოდა, მეუბნებოდა: მამაშენს ვთხოვდი, ბალერონივით სიარული ესწავლებინა და ბრაზდებოდა, – ბალერონი სლენგია, ბალეტში მამაკაცი, უბრალოდ, მოცეკვავედ იწოდება და ქალი – ბალერინადო. მამა ნოვატორი იყო, სიახლეები უყვარდა, ნინო სუხიშვილი მეუბნებოდა: პირველი ბატონი ზურაბი იყო, რომ მითხრა, კლასიკური ქართული ცეკვები კი გაქვთ, მაგრამ ექსპერიმენტებიც შემოიტანეთო. გამიხარდა ამის მოსმენა.
მამა დიდ ილიკო სუხიშვილთან და ნინო რამიშვილთან მეგობრობდა. განსაკუთრებით ქალბატონ ნინოსთან. ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ. იხსენებდა ხოლმე: მე და ვახტანგ ჭაბუკიანი იაგოსა და ოტელოზე რომ ვმუშაობდით, შავი პური და შაქრიანი წყალი გვქონდა, საჭმელი არ იყო. სპექტაკლი სამი საათი მიდიოდა. თითო წარმოდგენის შემდეგ სამკილო-ნახევარს ვიკლებდიო... მაგრამ შეძლო წამყვანი მოცეკვავე გამხდარიყო. მამას არ უნდოდა, შვილი თავისზე დაბალ საფეხურზე ენახა... ასეთ საკითხებში მკაცრი იყო, უკეთილესი და ჩვენზე გადაყოლილი მამა გახლდათ... ბოლოს შვილიშვილები კალთაში რომ ესხდნენ და ყველანი ერთად „დისნეის“ მულტფილმს „ბემბის“ უყურებდნენ, ზურაბი ბოლო კადრზე ტიროდა და ბავშვები აწყნარებდნენ – ბაბუ, ეს ხომ მულტფილმიაო...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





