როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 16:54
იობაია
იობაია ძირძველი მეგრული გვარია, რომელიც ისტორიულად სამეგრელოს უკავშირდება. მისი ძირითადი სამკვიდრო აბაშის მუნიციპალიტეტია, თუმცა გვარის წარმომადგენლები დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ცხოვრობენ.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი „იობ“, რომელიც ბიბლიური მართლის - იობის სახელიდან მომდინარეობს. მკვლევართა აზრით, გვარი ქრისტიანობის გავრცელებისა და ბიბლიური სახელების დამკვიდრების შემდეგ ჩამოყალიბდა. იმავე ფუძიდან არის წარმოქმნილი გვარები იობაძე, იობაშვილი, იობიძე და იობიშვილი, ხოლო აკადემიკოს აკაკი შანიძის მიხედვით, ჯობავა იობავას ფონეტიკური ვარიანტია.
არსებობს ხალხური განმარტებაც. მეგრულში „იობი“ აბრეშუმის ჭიას აღნიშნავს, რომელიც ხალხურ რწმენაში მშვიდობის, ბარაქისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. სწორედ ამ წარმოდგენას უკავშირდება ძველი სადღეგრძელო: „იობი შემოგიფრინდეთ ოჯახში“. მიუხედავად ამისა, ენათმეცნიერები უფრო დამაჯერებლად მიიჩნევენ გვარის წარმოშობას ბიბლიური სახელიდან. აბაშის მუნიციპალიტეტში გვხვდება ტოპონიმიც საიობაო, რომელიც იმავე ფუძის ძველ გავრცელებაზე მიუთითებს.
დღეს საქართველოში იობაიას გვარი სულ 75 ადამიანს აქვს. მათგან აბაშაში ცხოვრობს 34, თბილისში – 11, სენაკში – 7, ხოლო დანარჩენი იობაიები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არიან განსახლებულნი.
ინდუაშვილი
ინდუაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად შიდა ქართლში ჩამოყალიბდა. გვარის ძირითადი სამკვიდრო გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მხარეებია. გვარის ფუძედ მიჩნეულია საკუთარი სახელი ინდუა, ხოლო დაბოლოება -შვილი მის შთამომავლობას აღნიშნავს.
ინდუაშვილები საისტორიო წყაროებში მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანან. 1460 წლის საბუთში იხსენიება გამნია ინდუაშვილი, მეთექვსმეტე საუკუნის საამილახვროს დავთარში – ზუბატა ინდუაშვილი, ხოლო მეჩვიდმეტე საუკუნის მრავალ სამართლებრივ აქტში გვხვდებიან ბერა, ბერიკა, სულხანა, პაპუა, სამუტა, გაბრიელა და სხვა ინდუაშვილები. ისინი მონაწილეობდნენ მიწისა და ვენახის ნასყიდობის, წყალობის, შეწირულობისა და სხვა იურიდიულ გარიგებებში, რაც გვარის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს ქართლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ინდუაშვილთა გვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიის ისტორიაშიც. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ამ გვარიდან მრავალი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. მათ შორის იყვნენ მღვდლები იორდანე, გიორგი და ივანე ინდუაშვილები, დეკანოზი სიმონ ინდუაშვილი, დიაკვანი სამსონ ინდუაშვილი და მედავითნე სოლომონ ინდუაშვილი. ამ ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელია ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია კლავდია ინდუაშვილი, რომელიც 2024 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. დღეს საქართველოში 534 ინდუაშვილი ცხოვრობს.
კანკია
კანკია ძირძველი მეგრული გვარია, რომელიც ისტორიულად სამეგრელოშია გავრცელებული. მკვლევართა აზრით, გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კანკა (ან კამკა), რომელიც ხურიტული წარმოშობის სახელად არის მიჩნეული. ამავე ფუძეს უკავშირდება მეგრული და ჭანური ფორმები კანკ-, კანკუა, ხოლო დასავლეთ საქართველოში შემორჩენილია ტოპონიმებიც: კაკაში (მუხური), კანკიაშღალე (ჭოლა) და სხვა, რაც გვარის სიძველესა და ფართო გავრცელებაზე მიუთითებს.
მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, სადაც შერვაშიძეთა რეზიდენცია მდებარეობდა, ქართულ-მეგრულ-ლაზურ წარმოშობის გვარებს შორის კანკიებიც იხსენიებიან. გვარი ასევე დადასტურებულია 1844 წლის აღწერაში სოფელ აფიცხუაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ისტორიულ კავშირს აფხაზეთთან და მთელ დასავლეთ საქართველოსთან.
კანკიები ისტორიულად განსაკუთრებით კომპაქტურად იყვნენ დასახლებულნი ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, წალენჯიხის, აბედათის, დიდი ჭყონის, ხეთისა და ნოჯიხევის ტერიტორიებზე. ამ გვარის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სენაკისა და მისი შემოგარენის ძველი მოსახლეობაა. კანკიათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გამოჩენილ ქართველ ენათმეცნიერს, რუსისტსა და ლექსიკოგრაფს მიხეილ ბართლომეს ძე კანკიას (1900-1977), რომელიც იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
დღეს საქართველოში კანკიას გვარი 1 112 ადამიანს აქვს. მათგან ზუგდიდში ცხოვრობს 334, მარტვილში – 206, თბილისში – 134, ხოლო დანარჩენი კანკიები, ძირითადად, სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არიან განსახლებულნი.
კანიაშვილი
კანიაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად შიდა ქართლშია გავრცელებული. წერილობითი წყაროების მიხედვით, გვარის ძირითადი სამკვიდრო გორის მხარეა. დღესაც კანიაშვილები, ძირითადად, გორში, ახალსოფელში, თედოწმინდაში, ტინისხიდსა და ხიდისთავში ცხოვრობენ.
კანიაშვილები ქართულ ისტორიულ საბუთებში უკვე მეთექვსმეტე საუკუნიდან იხსენიებიან. 1569 წლის მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმეებად გვხვდებიან იმარინდო და ცხადიაი კანიაშვილები, ხოლო მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში მოხსენიებულია ყარახანა კანიაშვილი, რომელიც მიწის ნასყიდობის აქტის მოწმე იყო. 1688-1703 წლების დოკუმენტებში თაგუეთში მცხოვრები დათუნა და შერმაზან კანიაშვილები იხსენიებიან. საბუთების მიხედვით, ისინი თავიანთი მამულებით ედიშერ ციციშვილს ერგნენ პაპუნასთან ქონების გაყოფის დროს. ეს ცნობები ადასტურებს, რომ კანიაშვილები შიდა ქართლის სოციალურ და სამეურნეო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
გვარი არაერთხელ არის მოხსენიებული „ქართულ სამართლის ძეგლებში“, რაც მის ისტორიულ სიძველესა და შიდა ქართლში მრავალსაუკუნოვან განსახლებას ადასტურებს. საქართველოში კანიაშვილის გვარი 76 ადამიანს აქვს. გვარის წარმომადგენლები, ძირითადად, გორში, ახალსოფელში, თედოწმინდაში, ტინისხიდსა და ხიდისთავში არიან განსახლებულნი, რაც შიდა ქართლს კანიაშვილების მთავარ ისტორიულ კერად წარმოაჩენს.
ლაშქარავა
ლაშქარავა ძველი ქართული გვარია, რომლის ძირითადი სამკვიდრო სამეგრელოა. გვარის ყველაზე დიდი და ისტორიული კერა არის სენაკის მუნიციპალიტეტის ,თეკლათის თემის სოფელი ტყირი, სადაც ლაშქარავების უბანს დღესაც სალაშქარა ეწოდება.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაშქარა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიულ საბუთებშია დადასტურებული. ამავე ფუძიდან წარმოიშვა სხვა ქართული გვარებიც: ლაშქარეიშვილი, ლაშქარაშვილი, ლაშქარაძე და ლაშქარაული.
სახელი ლაშქარა ქართულ სახელთა სისტემას ეკუთვნის, თუმცა მისი ძირი დაკავშირებულია სპარსული წარმოშობის სიტყვასთან „ლაშქარ“, რაც „მხედარს“, „მეომარს“ ან „მოლაშქრეს“ ნიშნავს. საინტერესოა, რომ ლაშქარა ქართული ბოტანიკური სახელიცაა და მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის სახელწოდებადაც გვხვდება.
საქართველოში 392 ლაშქარავა ცხოვრობს, მათგან სენაკში – 276, თბილისში – 51, ფოთში – 31.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




