საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 15:00

გვარები
დაკოპირებულია

ივარდავა

ივარდავას გვარი ქართული წარმომავლობისაა და სათავეს იღებს მეტსახელიდან „ივარდა“. მისი სტრუქტურა ტიპურად ქართულია: პრეფიქსი „ი-“, ფუძე „-ვარდ-“ და სუფიქსი „-ავა“, რაც გვარს ძველ ონომასტიკურ ფორმას ანიჭებს. ისტორიული გადმოცემის თანახმად, რომელიც „ქართლის ცხოვრებაშიც“ არის დაცული, ივარდავების წინაპრები ქსნის საერისთავოს უკავშირდებიან და მიიჩნევიან ინასარის ძმისწულებად – ლომკაცისა და ასლანის შთამომავლებად. მეჩვიდმეტე საუკუნეში გვარის ისტორიაში გადამწყვეტი მოვლენა მოხდა: ბაგრატიონთა საგვარეულოსთან კონფლიქტის გამო ივარდავები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქსნის ხეობა და დასავლეთ საქართველოში, ოდიშის სამთავროში გადასახლებულიყვნენ. ლევან მეორე დადიანმა მათ ზუგდიდის მიდამოებში – კორცხელში, ზედაეწერსა და რიყეში – მამულები უბოძა, რითაც ჩამოყალიბდა გვარის მეგრული განშტოება.

დღეს ივარდავას გვარი მცირერიცხოვანია და დაახლოებით, 113 ადამიანს ითვლის, რაც მას იშვიათ ქართულ გვართა რიგში აყენებს.

იარალიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ქართლის თავადები, ბარათაშვილთა ერთ–ერთი შტო. იარალიშვილებიც 1721 წლის აღწერაში მოიხსენიებიან, როგორც ცალკე სათავადოს მფლობელები. ბარათაშვილი ირაკლი იხსენიება 1523 წელს, ორბელიანთან – 1529 წელს.

იარალაშვილი გიორგი – მდივანი, 1721 წლის აღწერით – მებატონე, იოსები – მეჯინიბეთუხუცესი, თეიმურაზი – 1721 წლის აღწერით – მებატონე. ესენი არიან გვარით სომხითის ერისთავის გვარისანი, ხოლო ამათგანსა ეწოდა რომელსამე იარალი და მერე მისთა შთამომავლობათა გაუგვარდათ იარალის შვილობა მეფობისა გიორგისასა, ქრისტეს აქეთ 1609 და მუნიდგან იწოდებიან იარალის შვილებად. დღეს საქართველოში 33 იარალიშვილი ცხოვრობს.

კაკაჩია

კაკაჩიას გვარი ძველი ქართული წარმომავლობისაა და, როგორც ჩანს, თავდაპირველად მეტსახელად ჩამოყალიბდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „კაკაჩია“ ნიშნავს ნათელ, მთვარიან ღამეს – კაშკაშად განათებულ სივრცეს. ამავე დროს, სიტყვას მეორე მნიშვნელობაც აქვს და აღნიშნავს მტაცებელ ფრინველს, შავარდნისნაირთა გვარიდან, რაც გვარს სიმბოლურად უკავშირებს სისწრაფესა და ძალას. ისტორიულ წყაროებში კაკაჩიები გვხვდებიან სამართლებრივ დავაშიც, რაც გვაძლევს წარმოდგენას მათი სოციალური მდგომარეობისა და ყოფითი რეალობის შესახებ. ერთ-ერთ დოკუმენტში აღწერილია დავა კაკაჩიასა და შენგელიას შორის: კაკაჩიას ვაჟს, გაუზის, მართებდა შენგელიას მამის ვალი. საქმე გაარჩიეს ცნობილმა მოსამართლეებმა – კაცია ჩიქოვანმა, საუხტარ შერვაშიძემ და მურზაყან ანჩაბაძემ. ვალის გადახდის შეუძლებლობის გამო, გაუზიმ თავდაპირველად ორი სასახლე დადო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ კაკაჩიამ ხატის კოშკი არჩივი შესწირა, რომელიც გადაწყვეტილებით შენგელიას გადაეცა. ეს ფაქტი ნათლად ასახავს იმდროინდელ სამართლებრივ წესებსა და ქონებრივ ურთიერთობებს. გვარის ძირითადი კერები დასავლეთ საქართველოშია. ისტორიულად კაკაჩიები სახლობენ მარტვილის რაიონის სოფელ კაკუჩასა და წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში (1834–1855) ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში ფიქსირდება 156 სული, რომლებიც ქართველებად წარმომავლობით, თუმცა აფხაზურად იყვნენ ჩაწერილნი. ასევე ცნობილია ილიკო ხვიჩას ძე, აგბედის მკვიდრი, რომელიც დოკუმენტებში „ეროვნებად დაბრუნებულად“ არის მოხსენიებული.

დღეს კაკაჩიას გვარის 889 ადამიანია.

ლაბარტყავა

ლაბარტყავას გვარი დასავლეთქართული, კერძოდ, მეგრული წარმოშობისაა და მისი ეტიმოლოგია უკავშირდება სიტყვას „ლა-მარტყი“, რაც ფრინველის შვილს – მართვეს აღნიშნავს. ადგილობრივ მეტყველებაში გვხვდება ფორმა „ლაბარტყუა“, რაც ნათლად აჩვენებს გვარის ფონეტიკურ განვითარებასა და დიალექტურ თავისებურებებს. საგვარეულო შიდა სტრუქტურით გამოირჩევა: ის იყოფა შტოებად (დინოებად) და განაყოფებად, რაც ძველი თემური ორგანიზაციის ნიშნებს ინარჩუნებს. საინტერესოა, რომ ლაბარტყავასა და თურიას გვარები ერთ საერთო ფუძეს უკავშირდება. სხვადასხვა შტოს შორის იხსენიება ნამუთინე დინო (თემში – მორირე) და ნამდა (სამხონიოში). დინოების სიმრავლის გამო, ზოგჯერ ამ ჯგუფებს „თურსაც“ უწოდებდნენ, თუმცა ეს ცალკე გვარს არ წარმოადგენს, არამედ ერთიანი საგვარეულოს შიდა დანაწევრებას. ისტორიულად ლაბარტყავები ეკლესიის ყმებად არიან მოხსენიებულნი, რაც მიუთითებს მათ განსაკუთრებულ სოციალურ სტატუსზე ფეოდალურ საქართველოში. აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში ისინი დღესაც ცალკე უბნად ცხოვრობენ და დაახლოებით 50 კომლს შეადგენენ. საგვარეულოს ჰქონდა საკუთარი სასაფლაო ეკლესიის აღმოსავლეთით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ თემურ ერთიანობასა და იდენტობას. აღსანიშნავია ასევე „კილის“ არსებობა – ტრადიციული ნიშანი ან ტაბუ, რომელიც გვარის შიდა წესრიგსა და თვითიდენტიფიკაციასთან იყო დაკავშირებული. მეტსახელად მათ „პირუტყვებსაც“ უწოდებდნენ, რაც, სავარაუდოდ, ყოფითი ან პროფესიული ნიშნით წარმოშობილი სახელი უნდა ყოფილიყო. დოკუმენტურად ფიქსირდება აკაკი ლეონტის ძე ლაბარტყავა, რომელიც აბაშის მუზეუმის მასალებშია დაცული და წარმოადგენს გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

თანამედროვე მონაცემებით, ლაბარტყავების გვარი საშუალო გავრცელებისაა: მათი ძირითადი კონცენტრაცია მოდის აბაშაზე (287), თბილისში (202) და ფოთზე (73). საერთო ჯამში, ლაბარტყავები დაახლოებით 734 ადამიანს აერთიანებენ.

მხეიძე

მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. ისტორიული გადმოცემით, მერვე საუკუნის პირველ ნახევარში არგვეთის მთავრებად მხეიძეთა გვარის წარმომადგენლები ისხდნენ. არაბთა მხედართმთავრის მურვან–ყრუს საქართველოში ლაშქრობის დროს (736-738 წლები) დამპყრობლებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ არგვეთის „მთავარნი“ დავით და კონსტანტინე მხეიძეები. უფრო მკაფიოდ ჩანან მხეიძეთა გვარის წარმომადგენლები მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს, მათ ეკავათ მოლარეთუხუცესის თანამდებობა.

მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს მხეიძეთა საგვარეულოს წაერთვა მოლარეთუხუცესის თანამდებობა და ეს ძველი გვარი ყოველმხრივ დაქვეითებულია.

გიორგი მეფის მემკვიდრემ, ალექსანდრე მეხუთემ 1733 წელს ამ საგვარეულოს წარმომადგენელს, ხოსიას მეღვინეთუხუცესობა უბოძა, ხოლო 1786 წელს მიიღეს ოკრიბის მოურავობა. იმერელი მხეიძეების აზნაურები იყვნენ: როინიშვილები.

P.S. ამ საგვარეულოს მეორე შტო, როგორც ცნობილია, ცხოვრობდა სამეგრელოს სამთავროში და ჰქონდათ სათავადო, რომლის საზღვრები იწყებოოდა ცივისწყლიდან, სოფელ თეკლათიდან და მთავრდებოდა მდინარე რიონთან. მეგრელი მხეიძეების აზნაურები იყვნენ: ბერაიები, ჯორჯიკიები. დღეს საქართველოში 1 664 მხეიძე ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი