საზოგადოება

რატომ დაიწუნა სასიდედრომ ვახტანგ ნინუა და როგორ ელაპარაკებოდა ის გარდაცვლილ მსახიობებს სიკვდილის წინ

№14

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:40

ვახტანგ ნინუა
დაკოპირებულია

ვახტანგ ნინუა 1916 წლის 19 სექტემბერს ბაქოში დაიბადა. ცოტა ხნის შემდეგ მამამისი, დავით ნინუა, ბაქოდან ბათუმში წამოვიდა და ოჯახთან ერთად, ერთხანს იქ ცხოვრობდა, მერე კი თბილისში გადმოსახლდნენ. ვახტანგმა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა, რომლის დამთავრების შემდეგ 31-ე ქარხანაში ცვლის უფროსად დაიწყო მუშაობა, სადაც ფრონტისთვის თვითმფინავებს უშვებდნენ. დასრულდა ომი და კინოზე და თეატრზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდამ კატეგორიულად განაცხადა – ამ სპეციალობით ვეღარ ვიმუშავებო. სწორედ ამ დროს კინოსტუდიასთან სამსახიობო სკოლა გაიხსნა და ვახტანგმაც ამ სკოლას მიაშურა. გვარში მსახიობი არავინ ჰყოლია, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი მისწრაფება არტისტი გამხდარიყო, რომ ხელი ვერაფერმა შეუშალა.

კინოინდუსტრიაში 1946 წლიდან მუშაობდა, 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. თეატრისა და კინოს გარეშე ვერ ძლებდა. ორშაბათ დღესაც კი, როცა მსახიობები ისვენებდნენ, ყოველთვის მიდიოდა თეატრში და იქაურობით ტკბებოდა. კინოში ჯერ კიდევ ომის პერიოდში გადაიღეს. მისი პირველი ფილმებია „დაგვიანებული სასიძო“, „სამშობლო“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „ბედნიერი შეხვედრა“, „გაზაფხული საკენში“, „მწვერვალთა დამპყრობნი“ და ასე შემდეგ. ვახტანგ ნინუა ორმოცდაათზე მეტ ფილმშია გადაღებული, რომელთაგან მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს მისი გმირები ფილმებიდან: „უდიპლომო სასიძო“ – ნიკოლოზის როლი და „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ – თავადი ავთანდილის როლი. ნებისმიერ როლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ყოველდღიურად მუშაობდა, ძირითადად, სარკესთან ვარჯიშობდა. დილით რეპეტიციაზე მიდიოდა, შინ ორი საათისთვის ბრუნდებოდა, ისადილებდა, ცოტას დაისვენებდა და მერე სულ მუშაობდა. მოგეხსენებათ, როლზე მუშაობა ერთიანი, განუწყვეტელი პროცესია. ამ პროცესის ერთი ნაწილი რეპლიკაა, რომელიც ვიღაცამ უნდა მიაწოდოს მსახიობს. ამ რეპლიკას ყოველთვის ვახტანგ ნინუას უმცროსი ქალიშვილი, მანანა, ამბობდა. „ვიჯექი მამასთან ერთად და უცებ მეტყოდა: მამა, მოდი, გავიაროთ როლიო. ამის გამო მე მისი თითქმის ყველა როლი ზეპირად ვიცოდი. თვითონ არასოდეს უნახავს თავისი ფილმები – არ უყურებდა. „უდიპლომო სასიძო“ რომ გადაიღეს, ამბობდა, რაღაც „ხალტურაა“, მაგრამ რა ვქნა, რაღაც ორ კაპიკს ავიღებ და რას დავეძებო?! მსახიობის ოჯახი არასოდეს არის დალხინებული, მაგრამ მაშინ მართლა ძალიან გვიჭირდა – სახლში ავეჯი და ბევრი რაღაცა არ გვქონდა… სხვათა შორის, ამ ფილმმა, თურმე, ისე აღაფრთოვანა ხრუშჩოვი, რომ სიცილისგან სკამიდან გადმოვარდა და სასწრაფოდ პრემიები, 600-600 მანეთი მისცეს ყველა მსახიობს. მახსოვს, მამამ გახარებულმა მოიტანა ეს 600 მანეთი სახლში. დედამ მაშინვე თქვა: წავალ, ვახტანგ, მოსკოვში და რამეს ვიყიდიო. წავიდა და მართლა რაღა არ იყიდა: საძინებელი გარნიტური, მაგიდები, სკამები… დღეს რომ ვუყურებ, საოცრად მსიამოვნებს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს ამ ფილმთან დაკავშირებით: სკოლაში დიდი ნაწნავებით დავდიოდი, ბავშვები სულ თმაზე მქაჩავდნენ და მაბრაზებდნენ – მამაშენი ღორს კოცნისო. ერთხელაც ტირილით მივედი სახლში და ვუსაყვედურე, ასეთ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი? ნეტა, შენო? – მითხრა – სანამ მე ვაკოცებდი, ეგ ღორი ჯერ სპირტით გაწმინდეს, შემდეგ იოდი წაუსვეს და ისე გაასუფთავეს, რომ გადაღების მერე დავკალით და კარგად ვიქეიფეთ, რადგან ისედაც ვეღარ იცოცხლებდაო“.

„უდიპლომო სასიძოს“ გადაღებებსა და პირადად ვახტანგ ნინუაზე საინტერესო მოგონებები აქვს ფილმის მთავარი როლის, ბიჭიკოს შემსრულებელს, კოტე მგალობლიშვილს: „საოცარი კაცი იყო. სხვებისგან განსხვავებით, მას ყოველდღე არ ჰქონდა გადაღებები, ამიტომაც ერთი-ორი დღით ჩამოდიოდა და რჩებოდა ხოლმე. ერთხელაც ჩამოვიდა, მაგრამ სასტუმროში თავისუფალი ნომერი არ აღმოჩნდა და ჩემთან, ნომერში, მოუწია „სტუმრობა“. როგორც ყოველთვის, იმ საღამოსაც კარგად ვიქეიფეთ და წავედით ნომერში დასაძინებლად. დავწექით, მაგრამ ვინ დაგაძინა?! ბატონ ვახტანგს ისეთი ხვრინვა სცოდნია, ვერ აგიწერთ, – ძილში პავაროტივით ასრულებდა „არიებს“. ხან ვუსტვინე, ხან ხმამაღლა ვუძახე, ბატონო ვახტანგ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რა მექნა? ავდექი და ეზოში ჩავედი. დამჯდარმა გავათენე ის ღამე. მეორე დილით რეჟისორს მარტო ნინუა დახვდა ოთახში. გადარეული დამეძებდა. ამის შემდეგ მთელი წელიწად-ნახევარი გვერდიდან არ მიცილებდა – შენ რომ რამე დაგემართოს, დავიღუპე, მთელი შრომა წყალში ჩამეყრებაო. ცნობისათვის, ფილმის გადაღება მილიონ-ნახევარი მანეთი დაჯდა…“

კინოკარიერის დასაწყისში, ფილმის, „ბედნიერი შეხვედრის“ გადაღება, ვახტანგ ნინუასთვის მართლაც რომ ბედნიერი გამოდგა – მომავალი მეუღლე სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო. ეს იყო ქობულეთში, სადაც ნატო ინაშვილი მეგობრებთან ერთად ისვენებდა, ვახტანგი კი გადაღებებზე იმყოფებოდა. დამწყებ მსახიობს დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მკლავზე სამგლოვიარო ნიშანს ატარებდა. გაცნობიდან ცოტა ხნის შემდეგ დაქორწინდნენ, თუმცა საპატარძლოს დედა თავიდან სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა – მაღალი, გამხდარი, გრძელცხვირა ახალგაზრდა სიძედ არ მოსწონდა, მაგრამ შემდეგ ისე შეუყვარდა, თურმე, მის მზეს ფიცულობდა... ნატო ინაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. უფრო სწორად, უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოუხერხებია, რადგან მესამე კურსიდან გაურიცხავთ, როგორც მოღალატის შვილი. მამამისი 1937 წელს გადაუსახლებიათ და ისე დაუხვრეტიათ, რომ ახლობლებმა მისი საფლავიც კი არ იცოდნენ. ნატო და ვახტანგი წლების განმავლობაში სიყვარულით, ტკბილად ცხოვრობდნენ და ორ არაჩვეულებრივ ქალიშვილს ზრდიდნენ. პირველი შვილი – მარიკა, 1943 წელს დაიბადა. ეს სახელი მისთვის ბებიის პატივსაცემად დაურქმევიათ. ბიჭი უნდოდათ და დარწმუნებულებიც კი ყოფილან, რომ მეორე აუცილებლად ბიჭი შეეძინებოდათ, მაგრამ ისევ ქალიშვილი გაუჩნდათ – მანანა. სახელი დედამ დაარქვა და შემდგომში ქალიშვილს ეუბნებოდა, ეს სახელი იმიტომ დაგარქვი, რომ მამაშენმა „მანანა“, ბიჭი რომ არ გაჩნდაო. წყვილი ერთმანეთს 30-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ვაჟი – ოთარი, ვახტანგ ნინუას მეორე ქორწინებაში, მეგი კვერენჩხილაძისგან შეეძინა.

საოცრად დიდი იუმორის პატრონი იყო და უსაზღვრო სიყვარული შეეძლო. მასთან არასოდეს მოგწყინდებოდათ – დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. როგორც თანამედროვენი იხსენებენ, ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთივე ყოფილა, როგორც ფილმებში – გულუბრყვილო და ძალიან მოსიყვარულე. არანორმალურად უყვარდა ოჯახი, მეგობრები, თეატრი… მის ოჯახში აულაგებელი სუფრა იყო ხოლმე. „ჩვენთან თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ მამას მეგობრები: გოგი გელოვანი, აკაკი კვანტალიანი, კუკური ლაფერაძე, ალექსანდრე ომიაძე, ვასო გოძიაშვილი, ტარიელ საყვარელიძე… კარგად მახსოვს, ბატონი ნოდარ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის მამა, მგლისა და კრავის იგავ-არაკს როგორ მასწავლიდა გაკვეთილისთვის. გოგი გელოვანი ასანთისგან რაღაცებს გვიკეთებდა და გვეთამაშებოდა… შეიძლება, ითქვას, რომ მათ ხელში გავიზარდე… საღამოს, სპექტაკლის შემდეგ, ზარი გაისმოდა, ნატა, დააცხვე მჭადები, ჩვენ მოვდივართო… მაშინ ვორონცოვზე ვცხოვრობდით, სადაც ძალიან კარგი თონის პური ცხვებოდა. გამოივლიდნენ, იყიდდნენ პურს, ძეხვს და მოვიდოდნენ ჩვენთან. შინ ყოველთვის გვქონდა მჟავე და მჭადი. დასხდებოდნენ და ამ ყველაფერზე შეეძლოთ დილამდე ექეიფათ – სასწაულ დროს ატარებდნენ. მახსოვს, ერთ საღამოს ღვინო შემოაკლდათ – მხოლოდ ერთი ბოთლიღა ჰქონდათ. სად იყო მაშინ სუპერმარკეტები – გამოატანინეს დედას სათითე და იმ სათითითვე სვეს ეს ერთი ბოთლი ღვინო. მთელი ღამე ისე იქეიფეს, მე მსგავსი არაფერი მინახავს. მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, გიტარაზე უკრავდნენ… იუმორს ხომ ნუღარ იკითხავთ! ძალიან უყვარდა მეგობრები და თეატრი, იქნებ უფრო მეტადაც, ვიდრე ოჯახი. თავდაუზოგავი პიროვნება იყო. თუკი ვინმესთვის რაიმე დახმარების გაწევა შეეძლო, არავის დაზარდებოდა. არ მახსოვს, სახლში ხელცარიელი მოსულიყო. თეატრიდან გამოსული, აუცილებლად შეივლიდა ხოლმე იქვე, კანფეტების მაღაზიაში. ერთხელ ყვებოდა: შევდივარ მაღაზიაში და ვხედავ, ერთი ქალი გულამოსკვნილი ტირის, დამინახა თუ არა, მომიახლოვდა და დამიჩოქა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდიო… ამ ქალს სულით ავადმყოფი შვილი ჰყავდა, საავადმყოფოში ეწვა და თურმე, წამლებს არ აძლევდნენ. მამას ისე შეეცოდა ეს ქალი, მეორე დღეს საავადმყოფოში წაჰყვა, მთავარ ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ ბავშვი მისი ძმისშვილი იყო. ააწრიალა ყველა, მინისტრის ჩათვლით, და როგორც ვიცი, ბოლოს ეს ბავშვი განიკურნა. ქალი სიხარულით აღარ იყო… ვორონცოვზე, ჩვენს ეზოში თითქმის ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა: სომხები, ებრაელები, რუსები… რა უნდა ეთხოვათ მამასთვის, რომ მას რაიმეზე უარი ეთქვა. ავადმყოფი საწოლში იწვა და მაინც არ ისვენებდა – ტელეფონით აგვარებდა საქმეებს“.

***

ვახტანგ ნინუა მარჯანიშვილის თეატრში ორმოცი წელი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მისი გმირები არცერთ სპექტაკლში, არცერთ ფილმში არ კვდებოდნენ. „ჩემი ეიფელის კოშკი“ – ეს იყო მისი ბოლო სპექტაკლი, სადაც მისი გმირი იღუპებოდა. ამ დროს თავადაც მძიმედ იყო ავად. მაინც თამაშობდა. ათი პრემიერა ითამაშა, მერე ქალიშვილებმა სთხოვეს დირექტორის მოადგილეს, რომ სპექტაკლები გადაედო, რადგან ძალიან იღლებოდა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. შვილებს ძალიან გაუნაწყენდა: თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემი სპექტაკლები მოხსენითო… საავადმყოფოში იწვა და მაინც მიზანსცენაზე ლაპარაკობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, თურმე, რაღაც მომენტში თვალებს სივრცეს გაუშტერებდა ხოლმე და ჟორა შავგულიძესა და შაშო გომელაურს ელაპარაკებოდა: „ჟორა, ბიჭო, ახლა შენ და შაშომ ისე არ ქნათ, რომ მე როლი არ მომცეთ!“ აგონიაში მყოფიც კი, საქმეზე ფიქრობდა. სხვათა შორის, მუშაობისადმი მისი ასეთი დამოკიდებულების გამო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორ-განმკარგებელმა, ნესტორ წულაიამ, ერთხელ ოინიც კი მოუწყო: ერთ მშვენიერ დღეს ნინუების ოჯახში ვიღაცამ დარეკა და მსახიობის მეუღლეს უზბეკური აქცენტით დაელაპარაკა: „ტაჯიკფილმიდან“ ვრეკავ, ბატონი ვახტანგის ფილმში გადაღება მინდა და კიდევ დაგიკავშირდებითო. მივიდა ნინუა სახლში და მეუღლემ, ცხადია, ყველაფერი უამბო. ვახტანგს გაუხარდა, ფულს გავაკეთებ, აბა, ისე „ტაჯიკფილმში“ რა მინდაო. ამავე დროს, თურმე, იმავე წინადადებით დაერეკათ ედიშერ მაღალაშვილთან, ტარიელ საყვარელიძესთან… თან ერთი პირობით – რომ ამის შესახებ არავის გააგებინებდნენ. ყველა თავისთვის ინახავდა ამ საიდუმლოს. თან უკვირდათ, ჩვენ როცა შინ ვართ, რატომ მაშინ არ რეკავს ის კაციო… და თან მოუთმენლად ელოდნენ „ტაჯიკფილმში“ მიპატიჟებას. ერთ დღესაც, თურმე, რეპეტიციიდან გამოსულ ვახტანგ ნინუასა და ედიშერ მაღალაშვილს ნესტორის კაბინეტიდან ლაპარაკის ხმა შემოესმათ – ნესტორს კაბინეტის კარი ოდნავ ღია დარჩენოდა და ამის გამო კარგად ისმოდა, როგორ ელაპარაკებოდა ერთ-ერთი მათგანის ცოლს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი დატრიალდებოდა იქ. საპასუხოდ დიდი ბოქლომი იყიდეს, დრო იხელთეს და, როცა ნესტორი კაბინეტიდან გამოსული დაიგულეს, მის ლაბადას ბოქლომი გაუყარეს, ჩაკეტეს და ნესტორს ამ ბოქლომიანი ლაბადით მოუწია სახლში წასვლა… მსგავსი კურიოზები ხშირად ხდებოდა გადაღებებზეც. ერთხელ, თურმე, ტარიელ საყვარელიძემ, იაშა ტრიპოლსკიმ და გოგი გელოვანმა ვახტანგს ლოგინში დაჭყლეტილი ნიორი ჩაუყარეს. შემდგომ თავად ვახტანგ ნინუა ჰყვებოდა, სახლში ისეთი მთვრალი მივედი, არ მახსოვს, როგორ დავწექიო. დილით ყველანი კოღოს ნაკბენებისგან დასიებულები ამდგარან ნინუას გარდა. სამაგიეროდ, ვახტანგი ნივრის სუნით ყოფილა გაჟღენთილი. სასწრაფოდ მიუღია შხაპი, შემდეგ წასულა, პუდრი უყიდია და ყველასთვის ჩაუყრია საწოლში. სახლში დაბრუნებულს თურმე მეგობრები აღფრთოვანებულები შეხვდნენ: ვიღაც ქალი იყო ჩვენთან, ნახე, რა სურნელიაო… საღამოს ჩაწვნენ საწოლში და დილით პუდრში ამოსვრილები რომ ადგნენ, მაშინ მიხვდნენ ყველაფერს…

***

ბევრი მსახიობ პოპულარობას ეძებდა, სიამოვნებდათ ქუჩაში რომ სცნობდნენ, ვახტანგ ნინუას შემთხვევაში კი, ეს უფრო ტვირთი იყო, მას არ უყვარდა ასეთი ყურადღება. ერთხელ ერთ თაყვანისმცმელს, რომელიც აქებდა, საკმაო ხანს უსმინა, მერე კი უთხრა: თქვენ ის კაცი მოგწონთ; მე ვინც ვითამაშე. მე კი, არ მიცნობთო. ეს პასუხი არ იყო მისგან უხეშობა, ეს იყო ზუსტი განცდა იმისა, რაც მას არ მოსწონდა – არ მოსწონდა, რომ ხალხი მის პერსონაჟს მის პიროვნებასთან აიგივებდა. მისთვის მსახიობობა იყო „სხვა ადამიანის“ დროებითი ცხოვრება, ხოლო, საზოგადოება ცდილობდა ეს, „დროებითი“ რამ, მის სინამდვილედ ექცია...

ხშირად ირჩევდა მარტო ყოფნას, მაშინაც კი, როცა შეეძლო ხმაურიან კომპანიებში ყოფილიყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ანტისოციალური ადამიანი იყო, უბრალოდ, საუბრები არ აკმაყოფილებდა. ერთმა მისმა კოლეგამ თქვა – ვახტანგ ნინუასთან სიჩუმეში ყოფნა უფრო კომფორტული იყო, ვიდრე ლაპარაკში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი