საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:07

გვარები
დაკოპირებულია

ეგია

ეგია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, ჩამოყალიბებული ძირძველი ქართული გვარია. სუფიქსგარეშე ფორმა მას დასავლეთ საქართველოს ადრეული საგვარეულო სახელების რიგში აყენებს. ისტორიულ წყაროებში გვარი მცირე, თუმცა უწყვეტი საგვარეულოს სახით იკვეთება. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების დემოგრაფიული მასალები აჩვენებს, რომ ეგიები ძირითადად, ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, თუმცა გვარის ცალკეული შტოები აზნაურულ ფენაშიც იყო წარმოდგენილი, რაც იმ პერიოდის სოციალური სტრუქტურისთვის ტიპურ მოვლენად მიიჩნევა. რიცხოვნობა სხვადასხვა ეტაპზე მერყეობდა: მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ამ გვარის, დაახლოებით, 9-11 ადამიანი ფიქსირდება; მეოცე საუკუნის შუა ხანებში რაოდენობა 15-16-ს აღწევს, ხოლო საუკუნის ბოლოსკენ კვლავ მცირდება. ეს დინამიკა ასახავს ბუნებრივ ზრდასა და მიგრაციულ პროცესებს.

ებრალიძე

ებრალიძე გურიაში ჩამოყალიბებული აზნაურული გვარია, ისტორიულად დაკავშირებული მაჭუტაძეების აზნაურებთან. გვარი დადასტურებულია მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების საბუთებში, მათ შორის, 1733 წლის ბიჭვინთის გუჯარსა და 1818 წლის სასამართლო განჩინებაში, რომელიც ებრალიძეების ქონებრივ-სამართლებრივ სტატუსს ასახავს. მეცხრამეტე საუკუნეში გვარის წარმომადგენლები აქტიურად ჩანან საეკლესიო ცხოვრებაში (მღვდლები, დიაკონები, მედავითნეები ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების ეკლესიებში). 1857 წლის სენატის საქმე ადასტურებს მათ აზნაურულ მამულს. მეოცე საუკუნის დასაწყისში ებრალიძეები მონაწილეობენ პირველ მსოფლიო ომში და საგანმანათლებლო მოძრაობაში. დღეს, ებრალიძეები ძირითადად, გურიაში, თბილისსა და აჭარაში არიან გავრცელებული და წარმოადგენენ ისტორიულად ჩამოყალიბებულ, აქტიურ და მრავალფეროვან საგვარეულოს.

დღეს საქართველოში ებრალიძეთა რიცხვი დაახლოებით, 1 500 სულს შეადგენს, უმთავრესად გურიაში, თბილისსა და აჭარაში.

ვახტანგიშვილი/ვახტანგაშვილი

ვახტანგიშვილი (ვარიანტად: ვახტანგაშვილი) ქართული პატრონიმიული გვარია, რომლის ფუძე მომდინარეობს ძველი ქართული საკუთარი სახელიდან ვახტანგ (ირანული Vara-taxna — „მგლისტანიანი“), რომელიც ქართულ ისტორიულ ტრადიციაში მჭიდროდ უკავშირდება მეფე ვახტანგ გორგასალის სახელს. გვარი ჩამოყალიბდა სახელის ფართო გავრცელების შედეგად და ისტორიულ საბუთებში გვხვდება ორივე დაბოლოებით: -იშვილი და -აშვილი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად არსებობდა. ვახტანგიშვილები ფიქსირდებიან აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლსა და კახეთში (ვანთა, ველისციხე, თელავი, ბნავისი, გორი, ქარელი, ხაშური, შალაური და სხვა). გვარის პირველი დოკუმენტური ხსენება უკავშირდება 1801 წლის დარეჯან ბატონიშვილის შეწირულობის წიგნს (გელათის საბუთები), სადაც ასახულია ვახტანგიშვილთა მამულებრივი და საეკლესიო ვალდებულებები. სოციალური სტატუსით ისინი, ძირითადად, საბატონო და საეკლესიო გლეხთა ფენას ეკუთვნოდნენ. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გლეხთა რეფორმების შედეგად გვარი გადავიდა თავისუფალი სოფლის მოსახლეობის კატეგორიაში და მეოცე საუკუნის დასაწყისს სამოქალაქო სტატუსით შეხვდა.

ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 900-დან 1 000-მდე ვახტანგიშვილია.

ზავრაშვილი

ზავრაშვილი მეჩვიდმეტე საუკუნის ქართული საბუთებით დადასტურებული გვარია, რომელიც აქტიურად ფიგურირებს ქართლ-კახეთის სამამულე-სამართლებრივ სივრცეში. წყაროებში გვარი უკავშირდება როგორც ვეჯინის გარემოს, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა სამეურნეო ცენტრებს. 1678 წლის საბუთით ზავრაშვილები იხსენიებიან ვეჯინში მცხოვრებთა შორის. ამავე წელს ერეკლე მეფის მიერ გაცემულ წყალობის აქტში ფიქსირდება ზავრაშვილის მამული, რაც მიუთითებს გვარის ჩართულობაზე სამეფო ქონებრივ პოლიტიკაში. მეჩვიდმეტე საუკუნის 80-90-იან წლებში ზავრაშვილები (მათ შორის სახელის ვარიანტით „ზავარაშვილი“) არაერთხელ გვხვდებიან მიწისა და ვენახის ნასყიდობის წიგნების მოწმეებად. საბუთები ასახელებს ალავერდა და ბეჟან ზავრაშვილებს, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამამულე გარიგებაში, როგორც სამართლებრივად სანდო პირები. მრავალრიცხოვან ნასყიდობებში მოწმედ დაფიქსირება მიუთითებს, რომ ზავრაშვილები იყვნენ თავისუფალი, ქონებრივ ურთიერთობებში ჩართული ადგილობრივი საგვარეულო, ინტეგრირებული მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის სოციალურ და იურიდიულ სისტემაში. მათი სტატუსი განისაზღვრება არა წოდებით, არამედ პრაქტიკული მონაწილეობით მიწათმფლობელობისა და სამამულე სამართლის პროცესებში. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გვარი ზავრაშვილი საქართველოში საკმაოდ იშვიათია. ამ ბოლო მონაცემებით, საქართველოში ზავრაშჯვილთა რაოდენობა, დაახლოებით, 200-მდე ადამიანს შეადგენს.

თაზიშვილი

თაზიშვილები ქართლში ჩამოყალიბებული აზნაურული საგვარეულოა, რომლის ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან მკაფიოდ იკითხება საეკლესიო და სამეფო საბუთებში. გვარი მჭიდროდ არის დაკავშირებული კათალიკოსთა იურისდიქციასთან და ეკუთვნის საეკლესიო აზნაურთა ფენას, რაც მათ ფუნქციებსა და დაკავებულ თანამდებობებშიც აისახება. მეჩვიდმეტე საუკუნის განმავლობაში თაზიშვილები აქტიურად მონაწილეობენ ყმა-მამულისა და სახელოს წყალობის წიგნებში, ნასყიდობებში, გაცვლებსა და სამამულე დავებში. მათი წარმომადგენლები არაერთხელ ფიგურირებენ როგორც მოწმეები, შუამდგომლები და დამწერები კათალიკოს იოვანე დიასამიძის, ქრისტეფორე კათალიკოსისა და სხვა უმაღლესი საეკლესიო პირების აქტებში. ამავე პერიოდში თაზიშვილები ჩანან როგორც მოურავები და სამოხელეო უფლებებით აღჭურვილი პირები, მათ შორის თრიალეთში დანიშნული მოხელეებიც.

საგვარეულოს შიგნით მკაფიოდ იკვეთება ფართო ნათესაური ქსელი. განსაკუთრებით აქტიურია ზაალ თაზიშვილის შტო, რომლის წარმომადგენლები ფლობენ მამულებს, ყმებსა და ვენახებს, მონაწილეობენ მიწების გაცვლასა და განაყოფებში და იცავენ თავიანთ უფლებებს სამეფო გადაწყვეტილებებით. 1650 წლის გადაწყვეტილებით, თაზიშვილებს დარჩათ სადავო მთა, რითაც მათი აზნაურული უფლებები სამეფო დონეზე დამტკიცდა.

მეთვრამეტე საუკუნეში თაზიშვილთა პოზიცია კიდევ უფრო მყარდება: 1764 წელს კათალიკოსმა ანტონ პირველმა მათ გომის მოურავობა უბოძა, ხოლო მოგვიანებით თაზიშვილები წეროვნის მოურავებადაც არიან მოხსენიებულნი. ეს ფაქტები გვარს ქართლის საეკლესიო-ადმინისტრაციულ ელიტაში ამკვიდრებს.

ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 250-მდე თაზიშვილია.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი