საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.09

გვარები
დაკოპირებულია

ავალიშვილი

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეთხუთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში დაწინაურდა ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–1545 წლებში საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან – სამცხე საათაბაგოში. მეთექვსმეტე საუკუნის 70-80-იან წლებში ეს მხარე ოსმალებმა დაიპყრეს. მეჩვიდმეტე საუკუნეში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილები გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში გადასული ავალიშვილები ტაშისკარში, სურამში, არადეთში, ბსეთსა და აბისში დამკვიდრდნენ. კახეთში გადასულები – კაკაბეთში, კალაურში, თელავსა და ჩუმლათში. იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ქართლ-კახეთის ავალიშვილებს ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები, იყვნენ ეპისკოპოსები.

ამჟამად საქართველოში 944 ავალიშვილი ცხოვრობს.

ამირეჯიბი

ფეოდალური საგვარეულო ქართლსა და იმერეთში. როგორც ვახუშტი ბრძანებს: „ამით ერთობასა შინა აქვნდათ მამულნი იმერეთსა და ქართლს შინა და შემდგომად განყოფისა. სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი აქეთ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი“.

ამირეჯიბების სათავადო შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში.

ამირეჯიბთა საგვარეულოს შესახებ ძალიან მწირი ცნობები არსებობს. ქართველი ჟამთააღმწერლის სიტყვით ნოინებმა ინებეს რუსუდანის ძის, დავითის, „წარვლინება დიდსა ყაენსა ბათოსასა და მიერ ყარაყურუმსს მანგუ ყაენისასა“. თუმცა ამ ამბავმა დედაცა და შვილიც ძალიან დააღონა, მაგრამ „ვითარ არღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით და თანა წარიტანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი ქართლისა ერისთავისა სურამელის გრიგოლის შვილი ბეგი, ამირეჯიბი-ბეშქენ და თვალნიც ორნი დაუმალნა ძვირად საფასონი“.

ამჟამად საქართველოში 220 ამირეჯიბი ცხოვრობს.

ბალავაძე

ბალავაძე ქართული გვარია და მისი წარმოშობა უკავშირდება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ იმერეთს. ეს გვარი შესაძლებელია, მომდინარეობდეს პიროვნული სახელიდან – ბალავა ან მასთან დაკავშირებული ფუძიდან. გვარის წარმოშობის ადგილია სოფელი ქუტირი. იყვნენ საეკლესიო და საბატონო გლეხები. ისტორიულ წყაროებში ეს გვარი იხსენიება 1570 წელს. „ბალავაძე მახარა – ხონს მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ უწყალობა დავით წულუკიძეს. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში იმერეთიდან გადმოვიდნენ ქართლსა და კახეთში. ამჟამად ბალავაძეები ცხოვრობენ იმერეთში – თერჯოლაში, კონტუაეთში, ქუტირში, ღანირში, ხონში, სამტრედიაში და თბილისში.

ამჟამად ბალავაძეების საერთო რაოდენობა შეადგენს 516 ადამიანს.

გაბუნია

აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე, ფაღავების სახლთუხუცესის სახელო.

1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა ერთგული სამსახურისთვის აზნაურ გაბუნიას უწყალობა ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ძე გაბუნია იყო ქუთაისის გუბერნიის მდივანი აზნაურთა მხრიდან.

თეოფანე გაბუნია იყო ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი.

ამჟამად საქართველოში 6 389 გაბუნია ცხოვრობს.

გურასიძე

გვარი გურასიძე ქართულია და როგორც ბევრი ქართული გვარი, ისიც ტიპური სუფიქსით –ძე-თია დამთავრებულია, რაც მიუთითებს დასავლურ ქართულ წარმოშობაზე, ძირითადად – იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონზე. გურასიძე შეიძლება, მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან, გურამიდან ან მსგავსი ძირის სიტყვიდან, მაგალითად, გურადან, რაც ზოგ შემთხვევაში ძველი პიროვნული სახელია, ხოლო სუფიქსი „ძე“ ნიშნავს ვაჟს ანუ გურას-ძე – გურასიძე. აქედან გამომდინარე, გვარი გურასიძე ეპონიმური გვარსახელია. გვარის წარმოშობის ადგილია იმერეთი. პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ მეჩვიდმეტე საუკუნეშია, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში. მეთვრამეტე საუკუნის 30-იან წლებში გადმოდის კახეთში. 1760 წელს იხსენიება სოფელ ჩაილურში, საბატონო გლეხებად.

ამჟამად ისინი ცხოვრობენ: თბილისში, რუსთავში, საგარეჯოში, კაკაბეთში, ჩაილურში და შეადგენენ 24 ადამიანს.

დათუნაშვილი

დათუნაშვილი ეპონიმური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი დათუნა. წარმოშობის ადგილია ზემო, შიდა და ქვემო ქართლი, კახეთი. იყვნენ აზნაურები, სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები. პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან 1523 წელს. დათუნაშვილი – ენადეთს მცხოვრები, აზნაურიშვილი, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზ ადამის ძმებს – თაყას, გოსტაბას და ფალავანხოსროს. 1622 წელს დათუნაშვილი გაბრიელ – მოწმე ოთარ მამისხარაშვილის მიერ დათუნა კოშაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა. 1679 წელს დათუნაშვილი ზურაბა – მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ ჯანია ყარაშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა. 1692 წელს დათუნაშვილი ნასყიდა – დავით სოლაღაშვილის მკვიდრი ყმის, ბეჟოა დათოაშვილის ნასყიდი ყმა, გააზატებული. 1695 წელს დათუნაშვილი თევდორა – კავთისხევს, თელათუბანს მცხოვრები, ჰყავს ძმა პაატა. გიორგი მეფემ იგი უწყალობა ბეჟან ჩივაძეს და გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისაგან.

ამჟამად დათუნაშვილები ცხოვრობენ, კახეთში და ქვემო ქართლში.

ამ დროისთვის საქართველოში დათუნაშვილის გვარის 1 424 ადამიანი ცხოვრობს.

დოქიძე

დოქიძე - ისტორიულად ქართულ გვარებში ხშირად გვხვდება ისეთი ძირი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის რომელიმე წინაპართან, მათ საქმიანობასთან. გვარის წარმოშობის ადგილია იმერეთი. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში გადმოვიდნენ შიდა ქართლში. მოგვიანებით – გარე კახეთში, სოფელ მარტყოფში. 1884 წელს სოფელ მარტყოფიდან – თბილისში. იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები. ისტორიულ წყაროებში დოქიძის გვარი მოხსენიებულია 1700 წელს, დოქიძე ნინია – ღვარებს მცხოვრები, იგი ნაზარილიხანმა უბოძა გიორგი ალექსიშვილს. 1846 წელს სოფელ მარტყოფში, საკლესიო გლეხად.

ამჟამად დოქიძეები თბილისში ცხოვრობენ და სულ 21 ადამიანია.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა