როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 13:19 21.08

ანთაძე
აზნაურთა გვარი. შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“. გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი, რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია, გვარად – ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში, რითაც თავი დიდად მოჰქონდა, თურმე, გურიელსა. ერთხელ სასახლეში მის შესახებ უცხო სტუმრებთან ჩამოვარდნილა ლაპარაკი და გადაუწყვეტიათ, გამოვცადოთო, აურევიათ ერთმანეთში სამნაირი ღვინო. მოუხმიათ მეღვინეთუხუცესი ანთაძე და უთქვამთ – გამოიცანიო. იმასაც გემო უნახავს თუ არა, შემდეგი პასუხი მოუხსენებია მთავრისთვის: ფერად ფერსათულაო, გემოდ – ოსეთურიაო, ცოტას მოიჩაქვერებსო, საქმე ისაა, რომ ამ სამი ღვინოდან ერთი იყო ფერსათული, მეორე – ოსეთური და მესამე ჩაქვერი“. პლატონ იოსელიანის წიგნში – „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა“ – გადმოცემულია შემდეგი: „თვით გერასიმე იყო გურული, გვარით ანთაძე. ამან და ძმამან მისმან – ოთარ და შვილმან მისმან – გრიგორიმ შემოიტანეს იმერული ეკლესიური გალობა საქართველოს. ესენი მეფემან ირაკლი მოიხმო თფილისად და კათოლიკოსმან ანტონი პირველმან უბოძა მათ მამული სოფელსა აღაიანში და ესრეც დაასახლა იგინი აქა. გერასიმე გარდაიცვალა 1805 წელსა“.
ალადაშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1782 წლის 5 სექტემბრის არზაში, რომელიც გოგია ალადაშვილმა გაუგზავნა ერეკლე მეფეს წერია: „ქ. ღმერთმა ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მისცეს ციციშვილის მანუჩარის აზნაურისშვილს ალადაშვილის გოგიას. ქ. ჩემი მოხსენება არის ესე: დაუნაშავლებრივ ციციშვილის ბაზიერთხუცის შვილის დავითის კაცმან თავში კეტი დამკრა და თავი გამიტეხა. ღმერთი გაგიმარჯვებს, ამის სამართალი მაღირსეთ“.
ბაბადიშიშვილი
ფეოდალური გვარი საქართველოში. თავადი ბაბადიშიშვილები. ბაგრატიონთა შთამომავლობა ერეკლე პირველის ძის იმამ ყულიხანისგან. ბაბადიშიშვილები იხსენიებიან, როგორც ბაგრატიონ-ბაბადიშები. ჰქონდათ რამდენიმე საგვარეულო გერბი. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“. „ამათნი წინაპარნი არიან ბაგრატიონთ შთამომავლების იმამ ყულისაგან და არიან თავადნი მესამესა ხარისხისანი“.
ბურსელი
ფეოდალური გვარი ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი არიან... ჯავახიშვილ, ბურსელ და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთაობით იწერებიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად სცნობად“. ჟამთააღმწერლის ცნობით, დავით დემეტრეს ძე აჯანყდა და ყაზან ყაენს გაეცალა, მთაში შეიხიზნა, მას თან ახლდა ძმა ვახტანგი. დავითი ვახტანგზე ეჭვობდა და შეიპყრო „დაპატიმრებულ ციხეს ჟინვანისას ჰყავდა“. ვახტანგი ციხიდან გაიპარა და იოანე ბურსელსას იმყოფებოდა. ბურსელმა შეარიგა ძმები.
გალდავა
გვარი ოდიშსა და იმერეთში. მეთექვსმეტე საუკუნის ოთხთავის ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულია მათე გალდავა: „ღმერთო, შეიწყალე სულითა და ხორცითა მათე გალდავა დღესა ამას სოფლისა სიამით და დღეგრძელობითა მიმყოფე და მუნ საუკუნოსა მართალთანა ამრიცხე და ნუ მიზამ მტერთა გულთასა ამინ. უფალო და კრიალისო, ისმინე, უფალო“. გალდავების გვარის განსახლების არეალი შემდეგია: მარტვილი, თამაკონი, ტყვირი, სამტრედია, ღანირი, ხონი. საქართველოში სულ 670 გალდავა ცხოვრობს.
გარაყანიძე
აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წლებში საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ-მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე გარაყანიძისაგან“, „...სოფელი ჯიქეფონი თორმეტი გლეხი, მისით მიწა–წყლით და მიმდგომი...“ (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)
ამათნი წინაპარნი ძველადვე არიან ქსნის აზნაურნი, პირველ ცხრა ძმის ხეობის მოსახლენი და მუნებურნი ხევის ბერნი მოხელედ, ხოლო ოდეს მოვიდა ...“.
ცხოვრობდნენ, აგრეთვე, იმერეთსა და გურიაში. სულ საქართველოში ამ საგვარეულოს 210 წარმომადგენელი ცხოვრობს.
დოლენჯიშვილი
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. წარმოშობით არიან მესხეთიდან: „თავადი დოლენჯიშვილი, ძირით, სომხითის თავადნი არიან და მიიღეს გვარად სახლისა გამო დოლენჯისა მეფობისა ვახტანგისასა ქრისტეს აქუთ 1703 წ: და მენითგან იწოდებიან დოლენჯიშვილებად. ამათნი წინაპარნი ცნობილნივე იყვნენ დროსა მეფისა სვიმონისასა წელსა ქრისტეს აქუთ 1624 და მათი გვარი რომელნიმე არიან ახალციხის ნაწილთა შინა“. 1721 წლის აღწერით მებატონე იოთამ დოლენჯაშვილი ცხოვრობდა დმანისში. ყმები ჰყავდა სამღერეთსა და სამღერეთის ახალშენში. ზაალ დოლენჯიშვილი მებატონე ცხოვრობდა დმანისში. ჰქონდა მამულები და ჰყავდა ყმები. დოლენჯიშვილები არიან ჯიგრაშენის მოურავები. აგრეთვე, იყვნენ აზნაურებიც. 1713 წელს არსენ დოლენჯიშვილმა, მანგლისის მთავარეპისკოპოსმა, მანგლისის მცხოვრებნი დოლენჯიშვილთა გვარის ღალის გადასახადისაგან გაათავისუფლა.
დეკანოზიშვილი
აზნაურული გვარი ქართლში. „საციციანოს ხეობის აზნაურის დეკანოზიშვილების წინაპარნი საბერძნეთიდან მოსულან ბაგრატ მეფის დროს, 1028 წელს, მოყოლილი ზითვებში ბერძენთ მეფისა ელენნესი ღვდლად და ყვა მას შვილნიცა და იწოდებოდა მღვდელი იგი დეკანოზად. ამის გამო გაუგვარდათ გვარი ასე. ესენი არიან ზოგნი ქართლის მოსახლენი, ზოგნი – კახეთს და ზოგნი – იმერეთს და იყვნენ ამათნი წინაპარნი დროსა მეფისა ბაგრატისასა წელსა 1028 და არიან ტრაქტატსა შინა მოხსენიებული“.
დანელია
დანელია ერთ-ერთი ძველი და გავრცელებული გვარია საქართველოში. ეპონიმური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს სახელი დანელი. გვარის წარმოშობის ადგილია მარტვილის რაიონის სოფელი სა- დანელიო, უბანი ტეხურასა და ტეხურწყარს შუა (გაღმა ზანათი). ისტორიულ წყაროებში გვარი დანელია მოხსენიებულია 1701 წელს. სამეგრელოს მთავარმა დადიანმა ზანაში მცხოვრები დანელია ოჯახით შესწირა ბიჭვინთის მონასტერს. ასევე, ლეხაინდრავაში მცხოვრები ხუხულია დანელია არის მოყვანილი მოწმედ. 1934-1838 წლებში ტამიშში მცხოვრები დანელიები საეკლესიო გლეხებად ჩანან. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს მარტვილის რაიონიდან დანელიები საცხოვრებლად გადადიან სამეგრელოს სხვა კუთხეებში. 1756 წელს სამეგრელოდან დანელიების ერთი ოჯახი იმერეთში – ზარათში გადადის საცხოვრებლად. საქართველოში დანელიები იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები. ამჟამად დანელიები ცხოვრობენ: სამეგრელოში – ზუგდიდში, მარტვილში, ლეხაინდრავოში, ნაჯავახაოში, ბანძაში, ზანათში, გურიფულში, ვედიდკარში, ანაკლიაში, ჭალადიდში, ახალსოფელში. საქართველოში დანელიების გვარის 5 666 ადამიანი ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან