როგორ შეიძინა ლეილა აბაშიძემ 11 წლის ასაკში ბინა ვერაზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

„ახალგარზრდობაში ვერ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება, მაგრამ სამწუხარიდ, ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი...“ - ლეილა აბაშიძე, ნიჭიერებისა და სილამაზის არაჩვეულებრივი განსახიერება, თბილისისა და მთელი საქართველოს გამორჩეული მსახიობი ქალი, პრაქტიკულად 40 წლისა ჩამოაშორეს ეკრანს. მანამდეც და მერეც სიცოცხლე მოუწამლეს მტკივნეული პაუზებით. თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ მაშინ ცოტა ფილმებს იღებდნენ. ცოტას კი არა, სწორედაც რომ ბევრს იღებდნენ, მაგრამ საკითხავია, ვის იღებდნენ. მოდი, მივყვეთ მის კინოკარიერას. ლეილა აბაშიძემ სულ 22 ფილმში ითამაშა. ამ 22-დან 14 ფილმში მთავარი როლი განასახიერა. „ქაჯანა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ის ჯერ 12 წლისაც არ იყო. „ქაჯანას“ მოჰყვა „ოქროს ბილიკი“, „აკაკის აკვანი“ „ქეთო და კოტე“, „გაზაფხული საკენში“… ნიადაგი შემზადდა ვარსკვლავობისთვის და ის მართლაც ვარსკვლავად იქცა. 1954 წელს ეკრანებზე ორად ორი ფილმი გამოვიდა და ორივეგან ლეილა აბაშიძე იყო მთავარ როლში – „ჭრიჭინა“ და „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. მისი ფოტოები გამოკრული იყო ყველგან – ცეკას კაბინეტებშიც და „საპოჟნიკებთანაც“, „საპარიკმახეროშიც“. იშვიათად რომ ვინმე ყოფილა ლეილასავით პოპულარული. 1956 წელს ეკრანებზე გამოვიდა „აბეზარა“, „ჩვენი ეზო“. მომდევნო, 1957-1958 წლებში ეკრანზე 9 ფილმი გამოვიდა, ცხრავე მის გარეშე, მაგრამ დანაკლისი მალევე ანაზღაურდა – 1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა „მაია წყნეთელი“, „სად არის შენი ბედნიერება მზია“. მზიას ბედნიერებისა რა გითხრათ, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ 31 წლის ლეილას ეკრანული ბედნიერებაც გაჩერდა – 4 წლით. ამ ოთხი წლის განმავლობაში 46 ფილმი გამოვიდა! ყველა მის გარეშე! ამ პაუზის დროს ის აზერბაიჯანმა გადაიღო მთავარ როლში და ლეილა აბაშიძემ ბედი თეატრში სცადა, მაგრამ იქაც უიღბლოდ. რეალურად კი, ის გაწირეს… თეატრში სახელგანთქმულ კინოვარსკვლავს როლი მისცეს წყალწყალა პიესაში, წინასწარ მარცხისთვის განწირულ სპექტაკლში. ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ეს ცრუპათეტიკური სპექტაკლი – „ამირანი“ (დაიდგა 1963 წელს, რუსთაველის თეატრში). ეს ჩავარდნილი სპექტაკლი არც იქნებოდა გამორჩეული სხვა ასეთივე აურაცხელი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან, რომ არა ისევ ლეილას ფაქტორი. როლის ჩავარდნამ საერთოდ აუცრუა გული თეატრზე ლეილა აბაშიძეს, აგორდა ტალღა რომ კინომსახიობმა თეატრში ვერ ივარგა. არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში _ „ერთი თვე სოფლად“. „ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე. 1964 წელს ლეილა კინოში ბრუნდება ფილმით „ხევისბერი გოჩა“. იმ წელს ეკრანებზე გამოსული 11 ფილმიდან ის მხოლოდ ამ ერთ ფილმშია, 1965 წელს გამოსულ 14 ფილმიდან კი – არცერთში. 1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა 10 ფილმი, ლეილა ორ ფილმში იყო, ორივეგან მთავარ როლში – „შეხვედრა მთაში“, „შეხვედრა წარსულთან“. და კვლავ 2-წლიანი პაუზა, როლის მოლოდინში, იგი თავად წერს სცენარს და თამაშობს მთავარ როლს ფილმში „მოლოდინი“ (1969 წელი). 1970 წელს მხოლოდ ვარდისახარს ასახიერებს „დიდოსტატის მარჯვენაში“. იწყება კვლავ ხანგრძლივი პაუზა – ამჯერად 5-წლიანი… ლეილა მხოლოდ 41 წლისაა… 1971-1975 წლებში ეკრანებზე გამოდის 97 ფილმი – ლეილა არც ერთგანაა! კინოში 47 წლის ბრუნდება, 1976, 1977, 1978 წელს თითოჯერ გაიელვებს ეკრანზე და ისევ პაუზა. ისევ პაუზა, სანამ თავად არ გადაიღებს საკუთარ თავს ფილმში „თბილისი-პარიზი-თბილისი“ (1980 წელი). 1982 წელს ეკრანებზე გამოვა „ყველა კომეტა როდი ქრება“ – ლეილა აბაშიძის მონაწილეობით. ისევ ქრება ეკრანებიდან. ვიდრე 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმი არ გამოვა ეკრანებზე – ლეილა მსახიობ ქალს თამაშობს – მანანა იაშვილს. ლეილა აბაშიძე ამ ფილმისთვის პრიზსაც მიიღებს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში“ ლეილა აბაშიძეს, პრაქტიკულად, არც დასჭირვებია თამაში – მან თავისი ტკივილი ითამაშა კინოში. მისი გმირი მანანა იაშვილიც უროლოდ დარჩენილი ვარსკვლავი იყო. „ორომტრიალის“ შემდეგ კვლავ დაიწყება დიდი, უკიდეგანო პაუზა მის შემოქმედებაში, რომელიც მხოლოდ გარდაცვალებამ დაასრულა. კინოში 11 წლის მოვიდა. კინო 56 წლისამ დატოვა. რამდენი წელიც იყო ეკრანზე, ერთი იმდენი უეკრანოდ გალია საკუთარ ჩრდილქვეშ. ის ხალხს უყვარდა და სწორედ ეს სიყვარული აძლებინებდა მას უკიდეგანო პაუზების დროს. მას აღარ იღებდნენ კინოში, მაგრამ ის მაინც ათეული წლები ინარჩუნებდა ზეპოპულარობას. მასზე არათუ ჭორები დადიოდა, ითხზვებოდა და ტალღებად იშლებოდა ლეგენდები, მითები… მაშინ არც ყვითელი პრესა იყო, მით უმეტეს არც სოცქსელები და ის „ზეპირჭორაობის“, თბილისური „ფოლკლორის“ უცვლელი გმირი იყო. ერთ-ერთი ასეთი მითი, ჭორი თუ ლეგენდა იყო ის, რომ ახალგაზრდა მსახიობმა გოჩა აბაშიძემ თავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო მოიკლა, მაგრამ... რომანი მითი არ ყოფილა, მითი იყო ის, რაც ბევრს სჯეროდა – რომ ბრალი მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძეს მიუძღვოდა. დიახ, თბილისი წლების განმავლობაში მას ადანაშაულებდა გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობაში. ამ ბურუსით მოცულ ისტორიას წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ, კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ ახადა ფარდა. ქალბატონი ნუნუ გაბუნია არ უარყოფდა, რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან, სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ იგი გოჩას სიკვდილში ლეილა აბაშიძეს არ ადანაშაულებდა... „...გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აუივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, „თეთრ ქარავანში“ უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანსისთვის მივიდა, რომ ამ ავანსით მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის, ამასთან მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირექტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები – შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავარდა, მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ, ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს, ყველაფერი ლეილას დააბრალეს, ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე“ - თქვა ნუნუ გაბუნიამ. ეს მძიმე ჯვარი ზიდა ლეილა აბაშიძემ ათეულობით წლები.
ლეილა აბაშიძე იყო ბედის ნებიერიც და უკიდირესად უბედურიც. ბედნიერება და უბედურება თითქოს ზოლებად გასდევს მის ცხოვრებას – როგორც ზებრას შავ-თეთრი ზოლები. ეს ასე იყო იმთავითვე, ბავშვობიდანვე... „გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი რეცენზია ჩემზე, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე რაიმეს შევქმნიდი კინოხელოვნებაში. ეს მარტო რეცენზია არ იყო, ეს თითქოს წინასწარმეტყველებაც იყო, რომელიც დაიბეჭდა შორეულ ციმბირში, გაზეთ „სიბირსკაია პრავდაში“… დიახ, ციმბირი… მე ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. მამა კარგად არც კი მახსოვს, მაგრამ უზომოდ მიყვარს. მამას მაღალი თანამდებობა ეჭირა. როცა დააპატიმრეს, მთელი ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით. მისამართი ახლაც მახსოვს – ძველი არბატი, „მედვეჟნი პერეულოკი“… მამა უმიზეზოდ დახვრიტეს 1937 წელს. დედაც გადასახლებაში იყო, და-ძმა ნათესავებთან ვიყავით დატოვებული. მესამე ძმა ციმბირში გაჩნდა. მამის დახვრეტამდე, მეც ვიყავი ციმბირში და იქ გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობდი. ვკითხულობდი ლექსებს, ვცეკვავდი და წუთით მაინც ვავიწყებდი პატიმრებს თავის ხვედრს. სხვათა შორის, უკვე აღიარებულ მსახიობს, მამიდამ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ციმბირიდან გამოგზავნილი, გაყვითლებული გაზეთი „სიბირსკაია პრავდა“ გამომიჩინა. იქ ჩემი და მამაჩემის ფოტო და სტატიაც იყო დაბეჭდილი – „მამა-შვილი“. ამ სტატიაში ეწერა: „როდესაც პატარა ლეილა სცენაზე გამოჩნდება, დარბაზი მქუხარე ტაშით ხვდება მომავალ დიდ მსახიობს“. ეს იყო პირველი რეცენზია-წინასწარმეტყველება ჩემზე…“
უცებ გადაანათებს
ციმბირული წინასწარმეტყველება მალე ახდება და პატარა ლეილას ჩამუქებულ ბავშვობას უცებ გადაანათებს და ააფერადებს კინო. კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. პატარა ლეილა აბაშიძე კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა. იქ კი, ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.
„ქაჯანას“ პრემიერა 1941 წლის 27 მაისს შედგა. პრემიერამ დიდი სიხარული და სიხარულზე კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა 11 წლის ლეილას. მალე პატარა მსახიობი პიონერთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკის“ საგზურითაც დააჯილდოვეს. ლეილა 2 დღის ჩასულიც არ იყო ყირიმში და… დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ატყდა ერთი უბედურება. ყირიმი იბომბებოდა. ზღვაზე მოძრაობა შეწყდა. ბავშვები სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს. აქ, საქართველოში უკვე გამოტირებულები ჰყავდათ ბავშვები, ერთი თვის შემდეგ, როგორღაც, ბაქოს გამოვლით რომ დაბრუნდნენ თბილისში. პატარა ლეილამ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით ბინა იყიდა – 12 კვადრატულმეტრიანი ოთახი, ვერის ბაღთან, ნავთის წერტის თავზე. ასე დაესვა წერტილი ლეილას ოჯახის უსახლკარობას, რაც გამოწვეული იყო ისევ და ისევ მამის დაპატიმრებით, რასაც ქონების კონფისკაცია და ოჯახის ქუჩაში დატოვება მოჰყვა… სწორედ იქ, იმ ღარიბულ, ერთი ბეწო ბინაში აკითხავდა მას ეკრანული დედა – ნატო ვაჩნაძე, ვისგანაც პატარა ლეილამ ვარსკვლავობის ესტაფეტა გადაიბარა. სიმბოლურია, რომ დღეს რუსთაველზე მათი ვარსკვლავები გვერდიგვერდაა. „ნატო ვაჩნაძე მხოლოდ გადაღებისას კი არა, ცხოვრებაშიც გასაოცარ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩემ მიმართ. ომის პერიოდი იყო და ყველას გვიჭირდა. მახსოვს, არაერთხელ დაეხმარა ჩვენს მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს. მთელი ქუჩა გამოეფინებოდა ხოლმე, როდესაც სტუმრად გვეწვეოდა ჩვენს პატარა, ღარიბ ოჯახში. ნატო დედაჩემთან მეგობრობდა, მოჰქონდა საჩუქრები, ტანსაცმელი… ფილმში – „აკაკის აკვანი“ ერთად თამაშის შემდეგ, ქალბატონმა ნატომ, ამ ვარსკვლავმა, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, შემომთავაზა თავის კონცერტში მონაწილეობა. მას გვერდს უმშვენებდნენ თამარ ციციშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ედიშერ მაღალაშვილი. ამ კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ. ზღვასავით მოედინებოდა ხალხი, ხეიბრები საკაცეებით მოჰყავდათ, რომ ცოცხალი ნატო ეხილათ. მსგავსი პოპულარობა მე არც მინახავს და არც მსმენია. ნატო ღმერთქალი იყო და ჩვენ გვერდით დააბიჯებდა. ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო და ცაში ვარსკვლავივით გაქრა. გაქრა იმ პერიოდში, როდესაც „ჭრიჭინას“ ვიღებდით. მას პროფესორის ცოლის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა თოიძემ ითამაშა…“ მოკლედ, „ჭრიჭინა“ კინოვარსკვლავის გარეშე გადაიღეს, მაგრამ სწორედ „ჭრიჭინაში“ აელვარდა ახალი ვარსკვლავი – ლეილა აბაშიძე. ამერიკელებმა მას კინოვარსკვლავის ტიტული სწორედ „ჭრიჭინას“ გამო უბოძეს. 1954 წელს, ამერიკაში საბჭოთა ფილმების კვირეულის ფარგლებში, „ჭრიჭინას“ ნახვის შემდეგ „დეილი უორკში“ კინოკრიტიკოსი წერდა „ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთ“. „...ეს ჩემთვის მეტად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. იყო ვარსკვლავი არ ნიშნავს იბეჭდებოდე დიდი შრიფტით, შენი სახელით აჭრელებული იყოს პრესა ან გამუდმებით ჩანდე ტელეეკრანზე. ვარსკვლავი მაშინ ხარ, როდესაც ადამიანის გულებს დაიპყრობ“.
ქართველი სექსბომბა
მას არც მაყურებლის სიყვარული და თაყვანისცემა აკლდა, როგორც კინოვარსკვლავს, და არც მამაკაცთა თაყვანისცემა – როგორც ქალს. მისი თანაკურსელი დიანა კესნერი იხსენებდა, რომ მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოსფესტივალზე, 1975 წელს, ჩალმამოხვეული ლეილა აბაშიძე „ათას ერთი ღამის“ პრინცესას ჰგავდა და მამაკაცთა ყურადღების ცენტრში იყო, არადა იმ წელს მოსკოვს სტუმრობდნენ სოფი ლორენი, ლიზ ტეილორი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარინა ვლადი… ძლიერ სქესის ღირსებას კი იცავდნენ რიჩარდ ბარტონი, მარჩელო მასტროიანი, დინ რიდი, დანიელ ოლბრეხტი… როგორც დიანა კესნერი იხსენებს, ამ ფესტივალმა ლეილას დიდების გარდა, სიურპრიზიც მოუტანა, სასიამოვნო, მაგრამ მეტისმეტად საჩოთირო… ლეილა აბაშიძეს ხელი ორმა ფინანსურმა მაგნატმა, ორმა მულტიმილიონერმა სთხოვა – ეგვპიტელმა და მექსიკელმა.
ეგვიპტელი ჰპირდებოდა საკუთარ კინოსტუდიის გახსნას, სადაც ლეილა იმოღვაწევებდა როგორც კინორეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, სრული ბატონ-პატრონი იქნებოდა იმ კინოსტუდიის, სანაცვლოდ კი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად. მექსიკელი მსახიობი და რეჟისორი, სიმპათიური (თუმცა კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესი კი, მას თავსა და მილიონებს სთავაზობდა. ლეილა აბაშიძემ რომ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, ეს ფაქტია. ეს იქ, მოსკოვში. ამბობენ, რომ აქ, თბილისშიც არ აკლდა მსგავსი წინადადებები. თბილისში დღესაც ახსოვთ, რომ ის რეზო ჩხეიძეს უყვარდა, უყვარდა და ცოლობასაც სთხოვდა, მაგრამ რატომღაც ლეილამ უარი თქვა. თბილისში დღესაც იხსენებენ სხვა ტრფობის ისტორიებსაც… ამ ყოველივეს ხელს უწყობდა ლეილა აბაშიძის ბორგნეული ხასიათიც, ქალური ხიბლიც და სითამამეც, სექსუალურობაც და ელეგენატურობაც. დიახ, ლეილა აბაშიძე, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქართველი მსახიობი ქალი იყო, რომელიც სექსბომბის ტიტულითაც სარგებლობდა ქალაქში და, რაც პარადოქსია, ეს ხდებოდა „ბიჭურობის“ პარალელურად. ეს პარადოქსი კი მხოლოდ მისი დიდი არტისტული დიაპაზონით აიხსნება – ის იყო ქალაქელი სექსუალური ქალი, მძღოლიც, სოფლელი გოგონაც, ახტაჯანაც, ქალაბიჭაც, გმირი ქალიც… ქართულმა კინომ, ასე თუ ისე, გამოიყენა მისი მრავალგვარობა. მისი ბიჭური ხასიათი ქართულმა კინომ გამოიყენა ფილმში „მაია წყნეთელი“. მაია წყნეთელი მსახიობის უსაყვარლესი როლი იყო… „მე პირველი შვილი ვიყავი, მამაჩემი კი, თურმე, ბიჭის შეძენაზე ოცნებოდა, ამიტომ სანამ ჩემი მომდევნო ძმა გაჩნდებოდა, ბიჭურადაც კი მაცმევდნენ. სადღაც მაქვს შემონახული ფოტო, ფაფახიც კი მახურავს. მამას ნადირობა უყვარდა და მახსოვს, სულ მპირდებოდა, სანადიროდ წაგიყვანო… ალბათ, ამანაც განაპირობა ასე ადვილად რომ შევძელი მაია წყნეთელად გარდასახვა, ქალაბიჭას როლის თამაში. სხვათა შორის, ბავშვობაში მამისაგან ნასწავლი მთიულურის რამდენიმე ილეთი ფილმშიც გამომადგა. ილიკო სუხიშვილს, როდესაც ცეკვაში მამეცადინებდა, გაუკვირდა კიდეც, ილეთები პირველივე რეპეტიციებზე რომ ავითვისე. მე თვითონ მიკვირს ის გარდასახვა, რომელიც ჩემში მოხდა. ზოგიერთ კადრში მართლა პირწავარდნილი ბიჭი ვარ. ეს კი, არც ისე ადვილი იყო. ყოველდღე, დილის ხუთ საათზე ვდგებოდი, ვატარებდი 12-კილოგრამიან ტვირთს – აბჯარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დილიდან საღამომდე ცხენზე ვიჯექი, მაგრამ რადგანაც გმირი ქალის როლს ვთამაშობდი, შინაგანად მეც გავკაჟდი და საოცარი ძალა მომეცა. ცხენით სიარული სპეციალურად ამ როლისთვის ვისწავლე. მე ხომ აბაშიძის ქალი ვარ. ჩემს ოჯახში დღემდე შემონახულია ბებიაჩემის ქალური უნაგირი, ბებია – ბარათაშვილის ქალი, შესანიშნავი მხედარი იყო. თურმე, არაერთ ასპარეზობაში მონაწილეობდა. ცხენზე ამხედრებული ვარ სხვა ფილმებშიც – „შეხვედრა მთაში“, „მოლოდინი“... უზომოდ მახარებს ის, რომ ამ ფილმის შემდეგ ძალიან გავრცელდა სახელი მაია… მაშინ ბევრი მივიწყებული გმირი ქალის პატივსაცემად არქმევდნენ ამ სახელს…“ ლეილა აბაშიძე ქართულ კინოში მარტო ცხენოსანი არ ყოფილა. ის პირველი ქალია, ვინც ქართველ კინომაყურებელს საჭესთან გამოეცხადა – „აბეზარაში“ მძღოლი გოგონას როლი ითამაშა, თუმცა ქალბატონი ლეილა აღიარებდა, რომ უკეთესი ცხენოსანი იყო, ვიდრე მძღოლი – „როცა „აბეზარას“ ვიღებდით, ორი-სამი ქალი თუ იჯდა საჭესთან. მოძრაობა ისეთი იშვიათი იყო, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერავის დავეჯახებოდი. ახლა კი, ძალიან გამიჭირდება“. „აბეზარას“ ყოველი გადაღების წინ, „შოფრულ“ სულს რომ ღრმად ჩასწდომოდა, ჩვევად ჰქონდა, რამდენიმე წვეთ ბენზინს სუნამოსავით იპკურებდა და გადასაღებ მოედანზე ისე გადიოდა… (რ. შატაკიშვილი)
ცხოვრება ბრძოლაა
„...ბევრი მეკითხება, თეატრში რატომ არ ხართო და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი სურვილი მაქვს, ვიყო თეატრში. ნუთუ კინომსახიობთა თეატრში მაინც არ არის ჩვენი ადგილი?.. მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემს საყვარელ პედაგოგ მიხეილ თუმანიშვილთან, მან ხომ თეატრალურ ხელოვნებას მაზიარა… რაც შეეხება ისევ კინოს, როცა გადაღება მთავრდება, საშინელი შეგრნება მეუფლება. ასე მგონია, უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე. დაობლებული დავდივარ. როცა ახალი სამუშაო გამოჩნდება, კვლავ ბედნიერი და ხალისიანი ვხდები... ვცდილობ, მუდამ კარგ აქტიორულ ფორმაში ვიყო და მუდამ ველი სამუშაოს. ძალიან მიყვარს რომენ როლანის გამონათქვამი: ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა კი – სიამოვნება, მაგრამ მე თავად მებრძოლი არ გახლავართ. მხოლოდ ეკრანზე ვიქნევდი ხმალს. იცით რა, ის, რაც ჩემს ადამიანურ ღირსებას შელახავს, მიუღებლად მიმაჩნია. მე ყოველთვის ცხოვრებისეული მოკრძალება და სიამაყე მჯაბნიდა. ალბათ, ეს ჩემი ნაკლია, რომელმაც წლები დამაკარგვინა…“
დიანა კესნერის მტკიცებით, თენგიზ აბულაძემ „სხვისი შვილები“, ლეილას სცენარის ვარიანტის მიხედვით გადაიღო. როგორც კესნერი ამტკიცებდა, ლეილას ეს ისტორია გაზეთში წაუკითხავს, აღელვებულა და აზარტულად უმუშავია, მისი დაწერილი სცენარი კინოსტუდიას შეუძენია და ავანსად 10 ათასი მანეთიც გადაუხდია. ამ სცენარით თენგიზ აბულაძე დაინტერესებულა, ამ დროს რეზო ჩხეიძეს ლეილასთვის მაია წყნეთელის როლი შეუთავაზებია, ლეილასაც ყველაფერი მიუტოვებია და გადაღებებზე წასულა. კესნერის მტკიცებით იგივე ბედი ეწია ლეილას მეორე სცენარსაც. ხანგრძლივი პაუზის დროს, ლეილა აბაშიძეს „ვგიკში“, სასცენარო ფაკულტეტზე, ჩუხრაის სახელოსნოში ჩაუბარებია, მის ხელში კვლავ მოხვედრილა ნარკვევი, სადაც ნაამბობი იყო დეზერტირ ჯარისკაცისა და დედამისის დრამატულ ბედზე – დედა იძულებულია შვილი დამალოს სხვენში. ლეილამ მოქმედება გადმოიტანა სვანეთში და დედის როლი თავისთვის შეთხზა. ჩუხრაი აღფრთოვანებულა ლეილას ნაწერით. ლეილასთვის შეუთავაზებია ერთად ემუშავათ ფილმზე – ერთი პირობით, სიუჟეტი უნდა „გაერუსებინათ“ და დედის როლიც რუს მსახიობს უნდა ეთამაშა. ლეილამ უარი თქვა. ჩუხრაი იწვევს ვიქტორ მერეჟკოს და იქმნება ახალი სცენარი და როლი – ნონა მორდიუკოვასთვის. ნონა მმორდიუკოვა დედის როლით სსრკ პრემიის ლაურეატი გახდა…. ლეილა კი, ცხოვრობდა საკუთარ ჩრდილქვეშ, წერდა ლექსებს, უვლიდა ყვავილებს და ოცნებობდა.
როლი, რომელიც მას ასცდა და ჩაუარა, არადა უნდოდა განესახიერებინა ფუფალა „ნატვრის ხეში“. ხმამაღლა ვერც ამბობდა ამ თავის ნატვრას, „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წლის მერეც კი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან