როგორ მოხვდა ოთარ ჯაყელი საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ და რატომ თქვა მან უარი სამთავრობო შემოთავაზებებზე
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00
ოთარ ჯაყელი 1920 წელს დაიბადა ჭიათურაში, ცნობილი ქართველი მეწარმისა და სააქციო საზოგადოება „ჩემოს“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჯაყელის ოჯახში.
გასაბჭოებისთანავე ჯაყელების ოჯახი სტამბოლში გადასახლდა. თუმცა „ნეპის“ (ბოლშევიკების მიერ 1921 წელს გამოცხადებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ ალექსანდრე ჯაყელს დაბრუნება და საქმის გაგრძელება სთხოვა, რადგან ჭიათურის მარგანეცის უცხოელი მომხმარებლები თავიანთ პარტნიორად მხოლოდ სააქციო საზოგადოებასა და მის პრეზიდენტს სცნობდნენ და უარს ამბობდნენ ბოლშევიკებთან საქმიან ურთიერთობაზე, რასაც მთავრობისათვის მნიშვნელოვანი სავალუტო დანაკარგები მოჰქონდა.
1926 წელს სტალინმა პირადად ურჩია, ნებაყოფლობით გადაეცა სააქციო საზოგადოების საკუთრება საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რაზედაც უარი მიიღო. ალექსანდრე ჯაყელი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ მის გარეშე მარგანეცის გაყიდვას ვერ მოახერხებდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნეს მოლაპარაკების დასაწყებად.
პრეზიდენტ ჰუვერთან შეხვედრისას ალექსანდრე ჯაყელმა ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე. საქართველოდან ჯაყელს შეუთვალეს, რომ ანტისაპჭოთა საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 9 წლის ოთარისა და მისი დედის ნინო ხუჯაძის დარჩენა სამშობლოში სახიფათო გახდა. ამიტომ 1929 წელს ნინო ხუჯაძემ, აჭარელი მეგობრების დახმარებით, ვაჟთან ერთად, მალულად დატოვა საქართველო და სტამბოლის გავლით პარიზში ჩავიდა, საიდანაც ბელგიაში გაემგზავრა.
ბრიუსელში დასახლებულ ჯაყელებთან ხშირად სტუმრობდნენ ქართული ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, უცხოელი ქართველოლოგები. ოთარს ქართულ ენასა და ისტორიას ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა ბრიუსელის არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო დიპლომის დაცვა ვერ მოახერხა. ოთარს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ბელგიის არმიაში სამსახური, ამიტომ საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ მოხალისედ ჩაეწერა და სადესანტო-მოიერიშე „ფანტომში“ მსახურობდა.
ოთარი და მისი ძმა, კუკური, 1940 წელს სედანთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
ომის დასრულების შემდეგ ოთარ ჯაყელი ბელგიაში დაბრუნდა. იყო ბელგიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. პირველ მეუღლესთან, მუსიკოს ელენე წერეთელთან შვილები არ ჰყოლია.
1955 წელს მეორე მეუღლესთან, ცნობილ პიანისტ ეთერ რუხაძესთან ერთად გაემგზავრა კონგოში, სადაც დაიბადა მათი ვაჟი. ოთარი იქ დიდ მშენებლობას ხელმძღვანელობდა. 1960 წელს, ლუმუმბას რევოლუციის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად, ძლივს გამოაღწია კონგოდან და ბელგიაში ჩავიდა. ერთი თვის შემდეგ ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბანკში სოლიდური საბანკო ანგარიშების გარდა, კონგოში დარჩა საბუთები. იდენტიფიკაციისა და ახალი საბუთების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო. შექმნა თავისი არქიტექტურული სახელოსნო, რომელიც ემსახურებოდა ცნობილი პარიზელი არქიტექტორის, დელაჟის ყველაზე პრესტიჟულ სახელოსნოს.
1968 წელს ოთარ ჯაყელი მეორე ცოლთან, პიანისტ ეთერ რუხაძესთან და სამ შვილთან – გივისთან, თამართან და ალექსისთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, მუშაობდა წამყვან არქიტექტორად საპროექტო ინსტიტუტში – „საქქალაქმშენ-სახპროექტში“. მისი მეუღლე თავდაპირველად კონსერვატორიაში მუშაობდა, მერე გაათავისუფლეს და მოსწავლეებს კერძო გაკევთილებს უტარებდა .
დიდი გაჭირვების მიუხედავად, ჯაყელებმა არ მიიღეს სამთავრობო შეთავაზებები და არ დაბრუნდნენ ემიგრაციაში.
ოთარ ჯაყელი 2000 წელს გარდაიცვალა. მისი მეუღლე კი თავისი საქმიანობით 2011 წელს „იმედის გმირი“ გახდა.
გამოყენებული მასალების წყარო: რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





