როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 13 წუთის წინ
იანტბელიძე
იანტბელიძე ძველი ქართული გვარია, რომლის ისტორიული განსახლების ძირითადი არეალი შიდა ქართლია. გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და დღესაც გვხვდებიან გორში, ქარელსა და აგარაში.
იანტბელიძეთა შესახებ მნიშვნელოვანი წერილობითი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოგვეპოვება. 1674 წლის 11 იანვრის ტატიშვილების გაყრის საქმის განჩინებაში იხსენიება ნადირა იანტბელაძე, რომელიც თავისი კუთვნილი მამულით სეხნია ტატიშვილის წილში აღმოჩნდა. საბუთში საუბარია მიწაზე, ვენახზე, სახასო მამულსა და სხვა სამეურნეო ქონებაზე, რაც იანტბელიძეების შიდა ქართლის ფეოდალურ-სამეურნეო გარემოში ყოფნას ადასტურებს.
1692 წლის საბუთში უკვე შოშიტა იანტბელიძე გვხვდება. იგი მოწმედ არის დასახელებული სეხნია ტატიშვილის მიერ შოშიტა მიქელაშვილისათვის მიცემულ ვენახის თარხნობისა და სახასო მიწის წყალობის წიგნში. ორი სხვადასხვა საბუთით იანტბელიძეთა მოხსენიება გვიჩვენებს, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში გვარი შიდა ქართლში უკვე დამკვიდრებული იყო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობდა.
იანტბელიძეთა ისტორიული განსახლება შემდგომშიც ძირითადად გორი–ქარელი–აგარის არეალსა და ყორნისის მხარეს უკავშირდება. გვარის ცნობილი წარმომადგენელია ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ვანო იანტბელიძე.
ამრიგად, იანტბელიძე ისტორიული ქართლური გვარია, რომლის დოკუმენტურად დადასტურებული ისტორია სულ მცირე მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. 1674 და 1692 წლების საბუთები გვარის სიძველისა და შიდა ქართლთან მრავალსაუკუნოვანი კავშირის მნიშვნელოვანი წერილობითი მოწმობებია.
ამჟამად საქართველოში სულ 214 იანტბელიძე ცხოვრობს.
კაჭარავა
კაჭარავა ძველი მეგრული გვარია, რომლის ფუძედ მკვლევრები მეტსახელ „კაჭარს“ მიიჩნევენ. მისი განმარტების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: „კაჭა“ კოჭლს აღნიშნავდა, ხოლო მეგრულ ლექსიკაში „კაჭარი“ უწყლო ადგილის რიყის მსგავს ქვასაც ეწოდება. შესაბამისად, გვარის თავდაპირველი ფორმირება, სავარაუდოდ, პიროვნულ მეტსახელს უკავშირდება.
კაჭარავების საგვარეულოს ისტორიულ ძირად სოფელი ზანათი (აბაშის მხარე) მიიჩნევა. აქედან გვარი, დროთა განმავლობაში, სამეგრელოს სხვა ადგილებში გავრცელდა, მათ შორის ჩხოროწყუსა და გალის მხარეებში. გვარის ძველ გავრცელებაზე ტოპონიმიკაც მეტყველებს – აბაშასა და ნოსირის მიდამოებში დასტურდება სახელწოდება „საკაჭარაო“.
კაჭარავების გვარიდან არაერთი ცნობილი პირი გამოვიდა. იური კაჭარავა (დ. 1913, ბანძა) იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხოლო 1988 წლიდან — აკადემიკოსი. ცნობილია აგრეთვე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე ალექსანდრე კაჭარავა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ ნადია კაჭარავა და სოხუმში დაბადებული ძმები — ანატოლი და ლეონიდ კაჭარავები, რომლებიც სამხედრო-საზღვაო და სატანკო ნაწილებში იბრძოდნენ.
ამრიგად, კაჭარავა სამეგრელოს ისტორიულ სივრცეში ჩამოყალიბებული ქართული გვარია, რომლის ძირად ზანათი სახელდება, ხოლო შემდგომი განსახლება სამეგრელოსა და აფხაზეთის სხვადასხვა ადგილს მოიცავდა.
ლამაზაშვილი
ლამაზაშვილი ძველი ქართული გვარია, რომლის ფუძეა პიროვნული სახელი „ლამაზა“. ამავე სახელიდან უნდა მომდინარეობდეს ისტორიულ საბუთებში დაცული ფორმები – ლამაზასშვილი, ლამაზოშვილი, ლამაზისძე და ლამაზასძე. გვარი დღეს განსაკუთრებით კახეთში, მათ შორის აკურასა და ჭიკაანში გვხვდება.
ლამაზაშვილთა შესახებ მნიშვნელოვანი წერილობითი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულიდან გვაქვს. 1689-1690 წლების საბუთებში იხსენიება პაპუა ლამაზასშვილი, რომელსაც ჰყავდა ძმა თამაზა და შვილი – ლამაზა. პაპუა ქაიხოსრო ბარათაშვილისაგან იღებდა სხვადასხვა მამულს – მიწებს დუესის წყაროსთან, ფარცხისში – წისქვილს, აგრეთვე, მიწებს ფარცხისსა და საღირათხევში. ეს ცნობები ლამაზასშვილებს ბარათაშვილთა ფეოდალურ გარემოსთან აკავშირებს.
1692 წლის საბუთში ფარცხისში მცხოვრები ლამაზასშვილები ყმა-მამულით საამ ბარათაშვილის წილში არიან მოხსენიებული. ამგვარად, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს ფარცხისი გვარის ერთ-ერთ დადასტურებულ ისტორიულ კერად გვევლინება.
შემდგომ პერიოდში ლამაზაშვილები განსაკუთრებით კახეთში – გურჯაანისა და თელავის მხარეებში განსახლდნენ.
ამრიგად, ლამაზაშვილი ძველი ქართული ეპონიმური გვარია, რომლის დოკუმენტური ისტორია სულ მცირე მეჩვიდმეტე საუკუნიდან დასტურდება და ისტორიულად ქართლ-კახეთის სივრცეს უკავშირდება.
დღეს საქართველოში 46 ლამაზაშვილი ცხოვრობს
მამფორია
მამფორია ძირძველი მეგრული წარმოშობის ქართული გვარია. გვარის ძირითადი ისტორიული კერებია ორულუ, ჩხოროწყუ, ახუთი, ინგირი, კახათი, ლესიჭინე და სხვა სოფლები. სამეგრელოში დღემდე შემორჩენილია გვართან დაკავშირებული ტოპონიმებიც – სამამფორიო (ორულუში, ერგეტასა და ჩხოუშში) და „ლემამფორე“, რაც გვარის სიძველესა და ფართო გავრცელებაზე მიუთითებს.
მამფორიები ისტორიულ საბუთებში უკვე მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს იხსენიებიან. ხონის საყდრის დავთარში მოხსენიებულია მამფორია, რომელიც ლიპარტიანმა ხონის ეკლესიას შესწირა. იმავე საბუთში იხსენიება ორქოშია მამფორია, რომელსაც, როგორც საყდრის ყმას, სხვადასხვა სამეურნეო და საეკლესიო ვალდებულება ეკისრებოდა. მეთვრამეტე საუკუნის ხონის დავთარშიც გვხვდებიან დავით და გაბრიელა მამფორიები, რომლებიც ეკლესიის ბეგარის გადამხდელებად არიან დასახელებული.
ენათმეცნიერები მამფორიას უკავშირებენ გურია-იმერეთში გავრცელებულ გვარებს – მეფარიძესა და მეფარიშვილს. ეს კავშირი აიხსნება ქართული და მეგრული ენობრივი შესაბამისობით: ქართული „მე-ფარ“ მეგრულში „მა-ფორ“ ფორმას შეესაბამება, რაც გვარის საერთო წარმოშობაზე მიუთითებს.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მამფორიების საგვარეულოდან არაერთი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკანოზი იუსტინე მამფორია (1850-1929), მღვდლები ზაქარია, ნიკოლოზი, ვასილ, ამბერკი და ანტონ მამფორიები, რომლებიც ვანის რაიონის ქედის, ტობანიერის, ვანისა და სულორის ეკლესიებში მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდნენ.
საქართველოში დღეს 1 779 მამფორია ცხოვრობს, მათგან ზუგდიდში – 511, ჩხოროწყუში – 285, თბილისში – 250.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





