საზოგადოება

როგორ აიღო ნიუ-იორკის საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე პირველი პრიზი მარიამ მეტრეველმა და როგორია მისი „კონკიას ზღაპარი“

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:30

მარიამ მეტრეველი
დაკოპირებულია

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ კონკურსში „წარმატებული კლასიკური დებიუტის“ დაჯილდოებაზე პირველი პრემია ქართველმა მუსიკოსმა, მარიამ მეტრეველმა აიღო. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა პედაგოგმა თამარ ივერმა ამცნო. ეს წარმატება არა მხოლოდ მარიამისა და ქალბატონი თამარის, ალბათ, მთელი საქართველოსთვის ძალიან სასიხარულოა, ამიტომ მარიამის ჩვენი მკითხველისთვის გაცნობა გადავწყვიტეთ.

მარიამ მეტრეველი: ეს არის ნიუ-იორკის საერთაშორისო ვოკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. მე მასში მონაწილეობა ჩემს პიანისტთან ერთად მივიღე და ისე მოხდა, რომ პირველი პრიზის მფლობელები გავხდით. პირველად მივიღე მონაწილეობა კონკურსში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. არ მოველოდი ასეთ რამეს – საერთოდ არ ვნერვიულობდი, უბრალოდ ვცადე. ვფიქრობდი,რომ ჯერ არ ვიყავი მზად, მაგრამ პროფესიონალებმა სხვანაირად შეაფასეს.

– ამის გაგრძელება იქნება ფინალური ნაწილი – გალა კონცერტი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე შედგება...

– კი, გალა კონცერტი და დაჯილდოება „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე შედგება. საკმაოდ პრესტიჟული ადგილია, რომლის შესახებაც, ალბათ, ყველამ იცის. ბევრი მუსიკოსი ისე ასრულებს კარიერას, რომ შეიძლება, ამ სცენაზე ვერ მოხვდეს, ამიტომ ძალიან დიდი მიღწევაა, წელიწად-ნახევარში რომ ამის ბედნიერება მომეცა და განსაკუთრებულად ვემზადებით. ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ იქ იგივე სიმღერით უნდა წარვსდგე, რითაც მოვიგე: ვერდის „ბალმასკარადიდან“ ამელიას არიით – საკმაოდ დრამატული არიაა. ჩემი ოცნებაა დრამატული რეპერტუარი, თუმცა ასეთ მოკლე დროში, რამდენი ხანიც მე პროფესიონალურ მომზადებას დავუთმე, როგორც წესი, დრამატულ რეპერტუარს არ აძლევენ ხოლმე. ძალიან გამიმართლა პედაგოგში, რომ ათიანში გაარტყა და ამ არიით გავიმარჯვე. შესაძლოა, სხვა არიით ეს შედეგი არ დამდგარიყო. ქალბატონმა თამარმა ჩემში საჭირო დრამატიზმი დაინახა.

– საზოგადოებამ თამარ ივერისგან შეიტყო თქვენი ამბავი, ამბობდა, რომ კონკიას ისტორიას ჰგავს თქვენი ცხოვრება. როგორ შეხვდით მას?

– ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მაესტრო მერაბ ებრალიძე, რომელიც ახლა ასევე ჩემი პედაგოგია, ამერიკაში ძალიან ცნობილი პედაგოგი და პიანისტია, ადამიანი, რომელიც საქვეყნო საქმეს აკეთებს, ქალბატონ თამარს სწორედ მან დამაკავშირა. საქმე ისაა, რომ როცა ჩვენ ამერიკაში ჩამოვედით, მომსახურების ჯგუფი გვქონდა და ჩემი მეუღლე სამუშაოდ ბატონი მერაბის დაბადების დღის წვეულებაზე აღმოჩნდა, სადაც სტუმრად იყო მოსული ქალბატონი თამარიც. როცა ჩემმა მეუღლემ მომწერა, რომ სტუმრებს შორის ქალბატონი თამარიც იყო, თავიდან ვერ გავიაზრე ამის მნიშვნელობა, თითქოს არც გამიხარდა, რადგან ყველაფრის თავიდან დაწყება არ მინდოდა. აქ რომ ჩამოვედით, ჩვენი ცხოვრება ძალიან დრამატულად განვითარდა. დიდი ოცნებები გვქონდა განვითარების მხრივ, ამასობაში დავფეხმძიმდი და მთელი გულით ველოდით შვილის დაბადებას, თუმცა ორსულობა ხუთი თვის ვადაზე შეწყდა. რის შემდეგაც ღრმა დეპრესიაში ვიყავი და სიმღერის გაგრძელებაზე აღარ ვფიქრობდი. მერე ისე მოხდა, რომ მერაბმა დაგვაკავშირა თამართან და თამარს გავუგზავნეთ ჩემი ვიდეოები. თამარი მარტივად არ იყვანს ბავშვებს — თუ აიყვანს მოსწავლეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში პერსპექტივას ხედავს. მას რომ შევხვდი და ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი, ემოციურ ფონზე ხმა საკმაოდ დაკარგული მქონდა, ასევე სიგარეტსაც ვეწეოდი. სიგარეტი იმ წუთშივე დავივიწყე. თამარმა ხელი მომკიდა და გადაწყვიტა, რომ უნდა დამხმარებოდა. რომ გაიგო დეპრესიაში ვიყავი, გვერდში დამიდგა. ამბობდა: იქნებ ძალიან ნიჭიერია და არ უნდა დაიკარგოსო. თან, მე დედაც არ მყავს და იქნებ დედის ლოცვით გამოვიდესო, ამბობდა... ამ ქალბატონმა დედობრივი მზრუნველობით მომკიდა ხელი და მისი ძალიან მადლიერი ვარ, მშობელივით მპატრონობს. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ – იცით, როგორი ნულიდან? ფაქტობრივად, ხმაც რომ აღარ მქონდა. ბევრი ახლობლისგან და ნათესავისგან წამოვიდა დაცინვა, ფანატიზმად ჩათვალეს ჩემი კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული და ეს მცდელობები. თუმცა, მე მართლა ფანატურად გამიტაცა სიმღერამ. ადრეც მოწამლული ვიყავი ოპერით, მაგრამ ახლა ორმაგად მოვიწამლე, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, მან გადამარჩინა და მდგომარეობიდან გამომიყვანა. ისევ აღმიდგა ძველებული სიხალისე, ბავშვურმა ოცნებებმა გაიღვიძა: ჩემი ოცნება იყო „კარნეგი ჰოლში“ გამოსვლა, შემდეგ – „მეტროპოლიტენში“ და ასე შემდეგ. ეს ვიღაცისთვის ფანატიზმია, ჩემთვის კი – ოცნება და მისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ამის გამო,ვისაც არ ეზარებოდა, ყველა დამცინოდა,მაგრამ არა უშავს, ეს ცხოვრებისეული გამოცდა იყო, რომელიც, ვფიქრობ, გადავლახე. ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს და შესაბამისი ნიჭი, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საჭირო ხელშეწყობა, რთული პერიოდები გამოვიარე, დედა გარდამეცვალა და ასე შემდეგ. მართლა კონკიასავით ვიყავი, სულ ვმუშაობდი და ახლაც ქართულ რესტორანში ვმუშაობ. სხვათა შორის, ჩემი სამსახური ყველანაირად ხელს მიწყობს. ჩემი უფროსი, ირაკლი შარაძე თავადაც პიანისტია, ასევე მეორე უფროსი, ალექსანდრე მაზანაშვილი მამასავით მიდგას გვერდით.

– დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ფარ-ხმალი დაყრილი გქონდათ, მეუღლემ იაქტიურა, რომ ეს ამბავი გამოსულიყო.

– კი, მან იაქტიურა, რომ თამართან წავეყვანე, მე არ მინდოდა. მეუღლე მეჩხუბა კიდეც, რატომ არ გაგიხარდა ეს ფაქტიო?არ გამიხარდა, რადგან მაშინ 30 წლის ვიყავი და არ მეგონა, თუ კიდევ შეიძლებოდა, რამე გამოსულიყო. მადლობა ღმერთს კარგი დასაწყისისთვის, დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ისე არ უნდა მეფიქრა.

– გარდა ამ კონკურსისა, რამდენად დიდია პროგრესი ამ წელიწად-ნახევარში?

– თამარი ძალიან გახარებულია, უბედნიერესია, რადგან ჩვენმა ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო. ნიუ-იორკში ზამთარში ძალიან ცივა, წელს, მით უმეტეს, დიდთოვლიანი ზამთარი გვქონდა. მე ბრუკლინში ვცხოვრობ, ქალბატონი თამარი – მანჰეტენზე. იქ „ოპერა ამერიკაში“ დავდივარ, სადაც ქალბატონ თამარს თავისი სტუდია აქვს გაკეთებული. თოვლში, ყინვაში, ქარში ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია დიდი შრომა. სამსახურიდან გავრბოდი, ქალბატონმა თამარმაც ძალიან ბევრჯერ გადადო საქმეები ჩემ გამო. სერიოზულად ვიმუშავეთ და ეს შედეგი რომ დავდეთ, ქალბატონი თამარი ამბობს, რომ ჩვენ ეს გვჭირდებოდა. ახლა ორმაგად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ არავინ გვყავს „საქმის ჩასაწყობად“, ეს ყველაფერი მხოლოდ შრომის შედეგია. წინ სხვა გეგმებიც გვაქვს, რომელსაც ნელ-ნელა გავასაჯაროებთ.

– მარიამ, თქვენი ემიგრანტული ისტორია როგორ დაიწყო?

– საქართველოდან 2023 წლის ოქტომბერში წამოვედი. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესებში, მაგრამ ვერ ვნახე ჩემი ადგილი, თითქოს ორივე მხარეს მტრები გაგვიჩნდა, დარჩენა აღარ შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ვიზაზე უარი გვითხრეს, ამიტომ გადავწყვიტეთ მექსიკით წამოვსულიყავით. ძალიან რთული და დიდი გზის გავლა მოგვიწია. რამდენიმე ქვეყანა გავიარეთ მექსიკამდე, შემდეგ კი, ფაქტობრივად, მთელი მექსიკა გამოვიარეთ. ამერიკა-მექსიკის საზღვრამდე მიგვიყვანეს და იქიდან რუკით, წყლით და ხელში ჩანთით, 12 საათის განმავლობაში ვცდილობდით გზის გაკვლევას. ძალიან რთული გამოცდილება იყო, 911-ში ვრეკავდით და შველას ვთხოვდით, გზას ვეღარ ვაგნებდით, დახმარება გვჭირდებოდა. მერე მოვიდა სასაზღვრო პოლიცია და ჩავბარდით. დაახლოებით, 48 საათში გამოვედით, მალე გამოგვიშვეს. მოეწონათ ის ფაქტი, რომ ინგლისურად ვსაუბრობდით, მადლობელი ვარ, ძალიან კარგი ოფიცრები შეგვხვდნენ.

– პირველ პერიოდში რა სირთულეები იყო?

– ჩემი მეუღლის დედა და მისი მეუღლე მანამდეც აქ იყვნენ. ჩემი მეუღლის დედა – მაია გიორგაძე, წლების განმავლობაში აჭარა-გურიის პრესცენტრის ხელმძღვანელი იყო. რომ ჩამოვედთ, თავიდან ძალიან კარგად ვიყავით, ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ. მეუღლემაც ნახა თავის საქმე, მე რამდენიმე თვეში ქართულ რესტორანში დავიწყე მუშაობა, სადაც დღემდე ვმუშაობ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ყველაზე ცუდი, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა და რამაც დაგვანგრია, ეს იყო ჩვენი შვილის დაკარგვა. თითქოს დამთავრდა ჩვენი ცხოვრება – უკვე სახელიც შერჩეული გვქონდა მისთვის, მთელ გეგმებს მასთან დაკავშირებით ვაწყობდით. მომხდარის შემდეგ კი სულიერად გავნადგურდით და ყველაფრის აზრი დავკარგე. ამ დანაკლისს, რა თქმა უნდა, ვერაფერი აგვინაზღაურებს, მაგრამ ახლა ამ ამბავმა, თითქოს, სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა.

– რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის თქვენთვის კლასიკური მუსიკა?

– მახსოვს, 4 წლის ასაკიდან დავინტერესდი კლასიკური მუსიკით. მაშინ ერთ-ერთ არხზე გადიოდა გადაცემები ოპერისა და ბალეტის შესახებ და მხოლოდ ამისთვის ვუყურებდი ტელევიზორს, არ ვიძინებდი. მაშინვე მოვიწამლე კლასიკური მუსიკით. დოდო ბებია მყავდა, ჩემი სულიერი მეგობარი, რომელიც ჩვენი მეზობელი იყო და რუსულსა და ლიტერატურას მასწავლიდა. მან გამაცნო ქართველი მწერლები და პოეტები ძალიან პატარა ასაკიდან. ძალიან განათლებული ადამიანი იყო, კარგად ერკვეოდა კლასიკურ მუსიკაში. მან თქვა: ეს ბავშვი ოპერის მომღერალი გახდებაო და ეს ძალიან ჩამრჩა გონებაში. ძალიან მიყვარდა სიმღერა. სამწუხაროდ, ვერავინ შემამჩნია, რომ ამ კუთხით წავსულიყავი, ძალიან გაჭირვებული პერიოდი იყო და ვერავის გავამტყუნებ. თეატრალური წრით დავინტერესდი, იქაც მითხრეს, ძალიან კარგად მღერითო. თეატრალურში ვაბარებდი და მითხრეს, თქვენი ადგილი კონსერვატორიაშიაო. ჩემში მუსიკა ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მუსიკოსი არავინ მყავდა. ეს ჩემი სულის ნაწილია, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულზე ვსწავლობდი. რეალურად, მუსიკალურმა პროფესიამ თავად ამირჩია და მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება მას უკვე პროფესიონალურად დაუკავშირდა. ადამიანმა ის უნდა გააკეთო, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. როგორც გითხარით, წელიწად-ნახევარია, რაც თამარ ივერის ვოკალურ სტუდიაში ვსწავლობ და ძალიან კარგი პედაგოგები მყავს. ალბათ, ამხელა გამოცდილებას კონსერვატორიაშიც ვერ მივიღებდი და იმედი მაქვს, რომ წინ საინტერესო ამბები მელოდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი