საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№14

ავტორი: „თბილისელები“ 13:54

გვარები
დაკოპირებულია

იაკობიშვილი

იაკობისშვილი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულ საბუთებში მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ფიქსირდება. დოკუმენტებში გვარის წარმომადგენლები მონაწილეობენ მიწათმფლობელობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში, რაც მიუთითებს მათ მონაწილეობაზე ადგილობრივ სამეურნეო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წყაროებში მოხსენიებულია დათუნა იაკობისშვილი, რომელსაც ჰყავდა შვილები მამუკა და გიორგი. 1700 წლის საბუთის მიხედვით, დათუნა იაკობისშვილმა გაყიდა მიწა, რომელიც მან ადრე გედალ ჯავახიშვილისაგან ჰქონდა ნაყიდი. აღნიშნული მიწა მდებარეობდა ხატისას მიდამოში და ესაზღვრებოდა მძულიაშვილისა და გედალის მამულებს. ამავე საბუთებში იხსენიებიან მამუკა იაკობისშვილი და გიორგი იაკობისშვილი, რომლებიც დათუნას შვილებად ფიგურირებენ. აღნიშნული ცნობები აჩვენებს, რომ იაკობისშვილები მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში უკვე მონაწილეობდნენ მიწათმფლობელობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში.

სულ საქართველოში 470 იაკობიშვილი ცხოვრობს.

იაკობიძე

იაკობიძე ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულ საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან ფიქსირდება. გვარის ფორმა წარმოიშვა პირადი სახელისგან იაკობი. ამგვარად, იაკობიძე ნიშნავს „იაკობის შთამომავალს“. წყაროებში იხსენიება ფრიდონ იაკობიძე, რომელიც იყო მამასახლისი – ადგილობრივი ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირი. მას ჰყავდა ძმები – გიორგი და პაპუნა, აგრეთვე, შვილები – სულხანი, ლომი, თევდორე, ნიკოლოზი და სეხნია. დოკუმენტის მიხედვით, მუხრანის ბატონიშვილმა გიორგიმ მას განუახლა მამასახლისის სახელო და გაათარხნა, რაც გარკვეულ პრივილეგიებსა და პატივს აღნიშნავდა. ეს ცნობები აჩვენებს, რომ იაკობიძეები მეჩვიდმეტე საუკუნეში მონაწილეობდნენ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ცხოვრებაში და ეკუთვნოდნენ იმ სოციალურ ფენას, რომელიც სოფლისა და თემის მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

საქართველოში დღეს 1 272 იაკობიძე ცხოვრობს.

კავკასიძე

კავკასიძე ძველი და ცნობილი ქართული საგვარეულოა, რომლის წარმომადგენლები ისტორიულ წყაროებში შუა საუკუნეებიდან იხსენიებიან. ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე და შედიოდნენ მცხეთის საკათალიკოსო სამწყსოში (1516 წელი). წყაროების მიხედვით, კავკასიძეები იყვნენ ერისთავთერისთავები და ფლობდნენ მნიშვნელოვან მამულებს, მათ შორის პარხლის მხარეს. საგვარეულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო ცხოვრებაში. მეთერთმეტე საუკუნის წარწერაში იხსენიება პეტრიკ კავკასიძე, ხოლო მეთექვსმეტე საუკუნეში ცნობილი იყო გიორგი კავკასიძე, რომელსაც ერისთავთერისთავის მაღალი წოდება ჰქონდა და ტაოს საერისთავოს მართავდა. შემდგომ პერიოდში კავკასიძეთა საგვარეულომ მიიღო თავადის წოდება, რის შედეგადაც ისინი ქართველ თავადთა ფენას მიეკუთვნენ. ისტორიულ საბუთებში გვხვდებიან აგრეთვე, ესტატე, ელია, ბეჟან, დავით და პეტრე კავკასიძეები, რომლებიც სხვადასხვა დროს მიწათმფლობელობასა და საეკლესიო საქმიანობაში მონაწილეობდნენ. ამრიგად, კავკასიძეები ქართული არისტოკრატიის ერთ-ერთი ძველი საგვარეულოა, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და საეკლესიო ცხოვრებაში.

დღეს საქართველოში სულ 64 კავკასიძე ცხოვრობს.

კანდელაკი

კანდელაკები საქართველოში გავრცელებული აზნაურული გვარია, რომლის წარმომადგენლები თითქმის ყველა კუთხეში გვხვდებიან. გვარის სახელწოდება დაკავშირებულია ეკლესიის მსახურთა თანამდებობასთან – კანდელაკთან (მესანთლე, მნათე), რაც მიუთითებს გვარის ძველ კავშირზე საეკლესიო სამსახურთან. ისტორიაში ცნობილია იოსებ კანდელაკი, რომელიც აღიზარდა გელათის მონასტერში და შემდეგ ცხოვრობდა ათონზე. მეჩვიდმეტე საუკუნეში მან ბერძნულიდან თარგმნა ბასილის ასკეტიონი. გადმოცემის მიხედვით, კანდელაკთა ერთ-ერთი შტო წარმოშობით კუნძულ კრეტიდან იყო და თავდაპირველად მღვდელმსახურებად მოღვაწეობდა, შემდეგ კი შუა საუკუნეებში საქართველოში დასახლდა. საგვარეულო ცენტრად სახელდება სოფელი ბზვანი. დღეს საქართველოში კანდელაკთა გვარი ფართოდ არის გავრცელებული და მათი რაოდენობა, დაახლოებით, 3 100 ადამიანს აღწევს.

ლიონიძე

კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლიონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით, „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ქართველ მეფეს სპარსელებთან ომი ჰქონია და გაუმარჯვია, ამიტომ სომხეთის სამეფოს უკანასკნელი შთამომავლის ლეონ მეექვსის სახსოვრად. ეს გვარი ლიონიძეებისთვის დაურქმევია. ეს ამბავი მეთოთხმეტე საუკუნეში მომხდარა. ამ საგვარეულოს გამოჩენილი პიროვნება იყო სოლომონი. ის იყო თელავის კარის დეკანოზის შვილი, ესე იგი, „დაბალი“ ფენიდან იყო გამოსული, მაგრამ მას სწრაფი დაწინაურება მოუტანა ფართო განათლებამ, დიდმა ნიჭმა და მხედრულმა ვაჟკაცობამ. მას დიდი გმირობა გამოუჩენია ერევნის ბრძოლაში, სადაც დაჭრილა კიდეც, რისთვისაც ერეკლეს მისთვის თავადობა უბოძებია, საბრძოლო მამაცობისათვის სოლომონმა ერეკლე მეორისაგან მიიღო საგვარეულო გერბიც (იხილეთ საქართველოს თავადაზნაურთა გერბები). სოლომონი ერეკლე მეორის კარზე იყო მდივანბეგი, მსაჯული, მდივანი, მეფის გავლენიანი მრჩეველი და დიპლომატი.

დღეს საქართველოში 62 ლიონიძე ცხოვრობს.

მაჩაბელი

ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მსხვილი სათავადოს – სამაჩაბლოს მფლობელები. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება მაჩაბლების ანჩაბაძეთაგან წარმომავლობის შესახებ არ უნდა იყოს მართალი. სხვა თვალსაზრისით, მაჩაბელთა წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ აზნაური თავხელიძეები. გვარი მაჩაბელია სახელი მაჩაბელისგან, რომელიც მომდინარეობს აჩაბეთიდან (სოფელი ლიახვის ხეობაში). მაჩაბლების დაწინაურება მეთხუთმეტე საუკუნიდან დაიწყო. შემდეგში მაჩაბლის გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად, ბორტიშვილებად. პირველი მათგანი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი დიდებული თავადი იყო, ხოლო სხვები მეორე და მესამე ხარისხის თავადებად მიიჩნეოდნენ. მაჩაბლების ერთი შტო ახალციხეში გადასახლდა, მაჩაბლები ქართლის სამეფოს თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. მათ ეკავათ მოლარეთუხუცესის, უზბაშის, მინბაშისა და სხვა თანამდებობები.

დღეს საქართველოში 361 მაჩაბელი ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი