საზოგადოება

როგორ გახდა ბევრი გაჭირვებული ადამიანის ოჯახის წევრი დანტესი და რის გამო უწევს მას ყველგან დაგვიანება

№17

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 05.05

დანტესი
დაკოპირებულია

ქუთაისელი ფოტოგრაფი დანტესი, იგივე დავით ოქროპილაშვილი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების გამო გახდა. ფაქტია, მან არაერთ ადამიანს ჩაუნერგა მომავლის იმედი, გვერდით დაუდგა და აგრძნობინა, რომ ამ სასტიკ სამყაროში ისინი მარტო არ არიან. სოციალურ ქსელში დადებულ დანტესის ვიდეოებს ათასობით ნახვა და ასევე, უამრავი კომენტარი აქვს. მას სიკეთის დესპანს უწოდებენ და როგორც თავად ამბობს, ეცდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუხალისოს ცხოვრება, შემატოს ხალისი და გვერდით დაუდგეს.

დანტესი: ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა ბავშვს 90-იან წლებში. ჩემი ოცნება იყო, ბევრი მემოგზაურა, ბევრი ქვეყანა მენახა. მეტ-ნაკლებად, ამ ოცნებას ვისრულებ. მოგზაურად არ აღვიქვამ ჩემს თავს – ჯერ მხოლოდ, დაახლოებით, 12 ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ იმედია, ამ სიას კიდევ მიემატება. ჩემი საოცნებო ადგილია აფრიკის ქვეყნები. უმეტესად ევროპის ქვეყნებში ვიმოგზაურე და ძალიან მომეწონა, მაგრამ უფრო მისტიკური, პრობლემური ადგილები მიზიდავს, სადაც ვიცი, ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდები.

– სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო დევს, სადაც უცნობ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება, უანგაროდ, მთელი გულით ეხმარები. ალბათ, არ მიწყენ, თუ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ არა როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი, არამედ, უანგაროდ სიკეთის გამკეთებელ ადამიანად გაგიცნო და შეგიყვარა.

– ფაქტია, ასეა. სხვათა შორის, ოჯახის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი. არ დამავიწყდება, 90-იან წლებში, საშინელი პერიოდი რომ იყო და ყველას უჭირდა, დედა და მამა სულ მუშაობდნენ და დედა რომ სახლში ბრუნდებოდა, თუ დაინახავდა, ვიღაც მოწყენილი ქუჩაში პროდუქტს ყიდდა, უნდოდა თუ არა, ყიდულობდა. სახლში შეიძლება, დამჭკნარი მწვანილი მოეტანა, მაგრამ ამბობდა, ის ადამიანი ხომ გავახარეო. ასეთ გარემოში გავიზარდე და სხვანაირად ვერც მე მოვიქცევი, როცა ვინმეს დახმარება უნდა და მე ეს შემიძლია. სიკეთის კეთების ნიჭი გენეტიკურად კი არ დამყვა, სიკეთის კეთების ნიჭი ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, შეიძლება ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე ვერ იცლის და რაღაც დოზით მიძინებულია სიკეთის კეთების სურვილი, თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანში იღვიძებს. ეს ჩემი აზრია.

– თუ გახსოვს, სულ პირველად ვის დაეხმარე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში დადე და რა გამოხმაურება მოჰყვა?

– პირველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე და რა გამოხმაურებაც მოყვა არასოდეს დამავიწყდება. ერთი ბაბუა აღმოვაჩინე ქუჩაში, ფოტოების გადაღება ვთხოვე და შემდეგ სახლში გაგაცილებ-მეთქი – შევთავაზე. მინდოდა, ჩემს ქალაქზე, ქუთაისზე საინტერესო ამბები მოეყოლა, მის ახალგაზრდობაში რომელი ქუჩები იყო გამორჩეული, ახალგაზრდებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ის ბაბუ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება და სიტყვები, რომლითაც დამარიგა: არც ცოლი მყავს და არც შვილები, ბაბუ, ცოლი მოიყვანე და გამრავლდი, მე ცხოვრებამ და სიმარტოვემ დამტანჯა, ყველა ტაფა დავწვი, მავიწყდება ცეცხლზე რომ ვდგამ, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი და ცოლი მოიყვანეო. ვეცადე, მხიარული სიუჟეტი ყოფილიყო, მაგრამ სევდიანი გამოვიდა. დავდე სოციალურ ქსელში და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მწერდნენ: ქვაბები ვუყიდოთო. დამიკავშირდნენ და მივუტანე ბაბუს ხალხისგან გადმოცემული ქვაბები და გადმორიცხული ფულით ნაყიდი პროდუქტი. აქედან გამიჩნდა სურვილი, გაჭირვებული ადამიანები მომეძებნა, გადამეღო ვიდეოები, დამედო სოციალურ ქსელში და საზოგადოების დახმარებით, მათი ყოფა მცირედით მაინც შემემსუბუქებინა. ნამდვილად არ მეგონა, ნიკო ბაბუს ვიდეოს თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მთელი კვირის განმავლობაში, ათას ასი ლარი აგროვდა. ეს ასი ათას ლარს უდრიდა, ისეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაჩნდა. ნიკო ბაბუს შემდეგ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, მაგრამ ნიკო ბაბუ არასდროს დამავიწყდება, სულ გამორჩეულად მახსოვს. ისე მესაუბრებოდა, არც კი ჰქონდა გააზრებული და გაფიქრებული, ამას იმიტომ ვიტყვი, დამეხმარონო. უბრალოდ, დამარიგა: მოიყვანე, შვილო, ცოლი, ჩემსავით „კასრულები“ რომ არ დაგეწვასო. 29 წლის ვარ და ნიკო ბაბუს შეგონება სულ მახსოვს, თუმცა, ვერ ავასრულე, პირადისთვის ჯერ არ მცალია (იცინის). აუცილებლად მოვიყვან ცოლს, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ისეთი გოგო, ოჯახის შექმნაზე დავფიქრებულიყავი. მოკლედ, ნიკო ბაბუ იყო პირველი და ახლა, როცა ვინმეს დახმარება სჭირდება და ვიდეოს ვდებ, უამრავი ადამიანი მეხმაურება. ახლახან, აღმოვაჩინე ოჯახი, რომლსაც ძალიან უჭირდა და პროდუქტებით დავეხმარეთ. იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ოჯახის თავკაცს, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი და ცალი ფეხი მოკვეთილი, გადასაადგილებლად ეტლი ესაჭიროებოდა. ვიდეო დავდე თუ არა, შვიდი ადამიანი შემეხმიანა და გამოთქვა სურვილი, ეჩუქრებინა ეტლი, სამზარეულოს აქსესუარები, ეყიდა მაცივარი და ასე შემდეგ. აქ მხოლოდ თანხაზე არაა საუბარი. ადამიანებს სურვილი აქვთ, დაეხმარონ სხვას და უკვე დასწრებაზეა სიკეთის კეთება. ვისაც რითი შეუძლია, იმით ეხმარება სრულიად უცნობ ოჯახებს და ადამიანებს. ასე რომ, ამ ადამიანს ეტლი უკვე აქვს, მივუტანეთ, მაცივარიც, დავდგით სახლში და ოჯახი ძალიან ბედნიერია.

– მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით მარიამს, რომლის ცხოვრებაც მართლა რამდენიმე საათში შეიცვალა და ის, რომ, ეს გოგონა სარკეში ჩახედვის დროს ბედნიერია, შენი უდიდესი დამსახურებაა. იმდენი ადამიანი გლოცავდა სოციალურ ქსელში, ალბათ, ეს მათგან წამოსული მადლი და სითბო მთელი ცხოვრება გაგყვება და გეყოფა.

– ბევრი საქმე გამიკეთებია, მათ შორის მნიშვნელოვანიც, მაგრამ მარიამი სულ სხვა გამონაკლისი იყო. პირველივე წუთიდან, როცა ის გავიცანი, მივხვდი, ამ გოგონასთვის ცხოვრება აუცილებლად უნდა შემეცვალა. მართლაც სასწაული მოხდა, მთელი საქართველო ლოცულობდა მარიამის კარგად ყოფნაზე და ეს ლოცვა ნამდვილად წაადგა. ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდა მარიამის ოპერაცია. ბედნიერი ვარ, რომ ეს გოგო აღმოვაჩინე და ღმერთის მადლიერი ვარ, რომ შევძელი დახმარება. და, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული მომავალი ელის. როცა ვიცი, ადამიანს უჭირს, მთელი ღამე მეფიქრება, ვცდილობ, გზები გამოვნახო დასახმარებლად. თავიდან უფრო ემოციურად ვიყავი, ახლა, ემოციურობასთან ერთად, მობილიზებულიც ვარ. ეს ჩემს ვალდებულებად იქცა, ერთს რომ ვეხმარები, იქვე მეორე გაჭირვებული ადამიანი ჩნდება და რომ გავიფიქრო, ეს რა მაგარი რამე გავაკეთე-მეთქი, ამის დროც კი არ მრჩება, თვითკმაყოფილებისთვის ვერც კი ვიცლი.

უამრავი ადამიანი მწერს პირადში, მირეკავენ კიდეც. ბევრს ესაჭიროება დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ბევრი ბოროტად იყენებს ამ ყველაფერს და სჭირდება თუ არა დახმარება, მაინც მწერს და ვეღარ ვარჩევ, რომელია ტყუილი და რომელი – მართალი. ფიზიკურად კი დროც არ მაქვს, ყველა ინფორმაცია გადავამოწმო. სამწუხაროდ, ბევრი შეტყობინების წაკითხვასაც ვერ ვახერხებ. ერთმა მომწერა: თურქული სერიალის მსახიობები იქნებ ჩამოიყვანოთო, ბევრი მწერს მოლოცვა გვინდა ქართველი ფეხბურთელებისგან და იქნებ დაგვეხმაროთო.. უამრავი მოწერილია კიდევ, რომლის წაკითხვასაც ვერ ვახერხებ და რა თქმა უნდა, იქნება ისეთი ადამიანების მონაწერი, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას დახმარებას მე ვერ შევძლებ. თან, ჩემი პროფესიითაც ვმუშაობ, ესაა ჩემი შემოსავლის წყარო. კონკრეტული სტაფი და შემადგენლობაც არ ვართ, ხან მეგობარი მეხმარება, ხან მამიდაშვილი, ხან ბიძაშვილი, ხან სიძე და ხან სანაცნობო, რომლებიც მუდამ მზად არიან გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად და ჩემი გვერდით დგომისთვის. ამის გამო მათ დიდ მადლობას ვუხდი და, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომლებიც მორალურად სულ გვერდით მიდგანან და მაძლევენ იმედს. ყველაზე დიდი იმედი ჩემთვის დედა, მამა და ჩემი დაიკოა, რომელიც გათხოვილია.

ვიცი, ბევრი ადამიანის იმედი ვარ, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვცდილობ, რასაც გავწვდები, ეს პასუხისმგებლობა შევასრულო. თუმცა ამ სიკეთის კეთებამ არაპუნქტუალური გამხადა (იცინის).

– არაპუნქტუალური რატომ, რა კავშირშია?

– ქუჩაში ყველა მაჩერებს, მესაუბრება, კომპლიმენტს მეუბნება, ამბებს მეკითხება, ფოტოს იღებს ჩემთან და თუ საქმეზე ვარ გასასვლელი, ნახევარი საათით ადრე გავდივარ, მაგრამ მაინც ვიგვიანებ (იცინის). ნახევარი საათი ვუნდები ქუჩის გადაკვეთას, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანის სითბოს ვგრძნობ. ასე რომ, ვაგვიანებ, მაგრამ ნამდვილად საპატიო მიზეზი მაქვს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა