საზოგადოება

როგორ გახდა ბენია ჩხიკვიშვილი გურიის მეფე და რატომ დახვრიტეს ის ქურდულად

№34

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 01.09

ბენია ჩხიკვიშვილი
დაკოპირებულია

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი – ცნობილი რევოლუციონერი გურიიდან, რომელსაც მოიხსენიებდნენ, როგორც „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტსა და მეფეს. ის იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეული მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი. ბენიამინის ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა მეტად მრავალფეროვანია. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს მთავრობის კომისარი სოხუმის ოლქში, დამფუძნებელი კრების წევრი და თბილისის ქალაქის თავი, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი...

ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი დაიბადა 1881 წელს გურიის სოფელ საყვავისტყეში, აზნაურის ოჯახში. მას სამი და და ერთი ძმა ჰყავდა. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, საიდანაც 1900 წელს დამამთავრებელი კლასიდან დაითხოვეს არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ წრეში მონაწილეობისთვის. ამის შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში, მაგრამ 1902 წელს იქიდანაც გამოუშვეს, ისევ და ისევ პოლიტიკური შინაარსის ფურცლების გავრცელებისათვის. ამის შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ჭიათურაში მიემგზავრება და შავი ქვის მაღაროებში დღიურ მუშად იწყებს მუშაობას. თუმცა, მის ცხოვრებაში ეს ეტაპი დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე ჩავიდა ბათუმში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში. აქ მან მუშათა წრეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც არაჩვეულებრივმა მჭევრმეტყველმა.

1903 წელს, ბათუმის კომიტეტის დავალებით, მოაწყო მთავრობის საწინააღმდეგო ფართო დემონსტრაცია, მომდევნო 1904 წელს კი – იაპონიასთან ომის დაწყების საპროტესტო აქცია. ამის შემდეგ მისი ბათუმში გაჩერება შეუძლებელი გახდა და ბენია თბილისში გადმოვიდა, სადაც არალეგალურ მოღვაწეობას შეუდგა. მალე ის თბილისის ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი გახდა. თუმცა მისი აქტიურობის არეალი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლებოდა. არის კახეთში, ბათუმში. გურიაში მიმდინარე რევოლუციური პროცესების ლიდერია, ნასაკირალთან კაზაკებზე ცნობილ თავდასხმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი გახლდათ მისი მმართველი და ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნიდნენ გურიაში. მისი ინიციატივით 1905 წელს დაიშალა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან 958 მიიღო. ბენია დადიოდა დაცვით, უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, გურიის მეფესაც კი. თუმცა, მალე რთული პერიოდი დაიწყო – 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ბენია იძულებული გახდა გურიიდან გახიზნულიყო, მაგრამ მიაგნეს და დააპატიმრეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს ოთხწლიანი კატორღა მიუსაჯეს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირიდან დაბრუნდა. ამიერკავკასიის მთავრობამ იგი შავიზღვისპირეთის რკინიგზის მუშათა რწმუნებულად გაგზავნა, ხოლო სოხუმის დემოკრატიულმა თვითმმართველობამ ქალაქის თავად აირჩია. ის, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი, ებრძოდა ბოლშევიკებს ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში.

ამის შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა, კერძოდ 1919-1920 წლებში. იმ წელს თბილისის ქალაქის საბჭოს არჩევნები გაიმართა. სახადის, ტიფის და ისპანკას ფონზე თებერვლის თოვლჭყაპში ჩატარებულ თბილისის არჩევნებში ქართული დემოკრატიის ბედი წყდებოდა. სწორედ, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, იმ ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი, ერთ დროს გაციმბირებული და კატორღამისჯილი, 1905 წელს აჯანყებული გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, დაახლოებით, 100 წლის წინ, 1919 წლის 17 თებერვალს თბილისის მოურავად, ანუ დღევანდელ ენაზე – მერად, აირჩიეს. ის იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული თბილისის მერი.

1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი; 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა არმიის შემოჭრისას, დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილის დატოვების შემდეგ, 1921 წლის მარტში – შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად, ანუ მოადგილედ გვევლინება.

1921 წლის 18 მარტს ბენია ჩხიკვიშვილი, მენშევიკური მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უცხოეთში გაიხიზნა. საფრანგეთში ის იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე. 1922 წლის 24 ივნისს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, ლევილის მამულის მფლობელებად ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი არიან წარმოდგენილი.

1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილი დაბრუნდა საქართველოში ამბოხებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ზაფხულში დააპატიმრეს და ციხეში გამოამწყვდიეს. დაპატიმრებულები აჯანყების დაწყებისთანავე კავკასიაში დააბრუნეს და გზაში, 1924 წლის სექტემბერში, მოსკოვსა და როსტოვს შორის, რომელიღაც სადგურზე ქურდულად დახვრიტეს.

ბენია ჩხიკვიშვილის ოჯახის წევრები ემიგრაციაში არ წასულან, თბილისში დარჩნენ. მისი მეუღლე 1936 წელს გარდაიცვალა. შუათანა შვილი მოკლეს. გოგონა მცირეწლოვანი გარდაიცვალა. უფროსი ვაჟი კი, ნათესავების დახმარებით, ფეხზე დამდგარა – სამედიცინო ინსტიტუტი დაუმთავრებია. ბენიას შვილიშვილი – თემურ ჩხიკვიშვილი, მოქანდაკეა.

როგორ განიცდიდა ოჯახთან იძულებით დაშორებას, კარგად ჩანს მეუღლესა და შვილებისადმი გაგზავნილ ღია ბარათებში: „ჩემო ძვირფასო ბიჭუნა გრიშა, საყვარელო, გიკრავ გულში და გკოცნი უთვალავს. გახსოვდეს, შვილო, რომ მამაშენის გული უთქვენოდ მუდამ მკვდარია, გელით თქვენ და თქვენი ნახვის იმედით სცოცხლობს. როცა გაიზრდები, მაშინ გაიგებ, რომ მე არაფერი ბრალი მიმიძღვის თქვენს ასეთ გამწარებაში... შვილო, იყავი ჭკუით და დედის დამჯერე. სლავკას მუდამ ეფერებოდეთ და დედას დაუჯერეთ. შენი ბენია”.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ირაკლი მახარაძე – ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი; ვიკიპედია; შარაძე გურამ – უცხოეთის ცის ქვეშ; მიქიაშვილი, ნინო – დაიბადა და გარდაიცვალა ციხეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...