რა ბედი ეწიათ ბულატ ოკუჯავას მშობლებს და როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ვლადიმერ ვისოცკისთან
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
გახსოვთ მელოდია„Ваше Блогородие ფილმიდან – „უდაბნოს თეთრი მზე?“.. ჰოდა, დღეს მინდა, გიამბობთ ამ არაჩვეულებრივი სიმღერის საბჭოთა ავტორ-შემსრულებელზე, მწერალზე, მთარგმნელზე, ბულატ ოკუჯავაზე.
ბულატ ოკუჯავა 1924 წლის 9 მაისს დაიბადა. მშობლებს სურდათ, ოსკარ უაილდის სიყვარულით, დორიანი დაერქმიათ და დიდხანს ფიქრობდნენ ამაზე. შემდეგ, ისევ კომუნისტურმა სახელმა გადაწონა. ბულატიც, ისევე, როგორც სტალინი, ხომ ლითონს ნიშნავს და აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. ბულატ ოკუჯავას მამა და ბიძები ცნობილი კომუნისტები იყვნენ. უფროსი ბიძა – ვლადიმერ ოკუჯავა, იმავე პლომბირებული ვაგონით დაბრუნდა შვეიცარიიდან, რომლითაც ლენინი მოჰყავდათ. დანარჩენმა ძმებმა – ნიკოლოზმა და მიხეილმა, ბულატის მამასთან, შალვასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს გასაბჭოების საქმეში. დედა სომეხი ჰყავდა. პოეტის დედა, აშხენ სტეფანეს ასული ნალბანდიანი, საქართველოში დაბადებული დიდი სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის ახლო ნათესავი ყოფილა. მომავალი ბარდი რუსულ სკოლაში სწავლობდა. მამამისს პრობლემები ჰქონია ლავრენტი ბერიასთან, ამიტომ, ის, სერგო ორჯონიკიძის დახმარებით, ურალში გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე, მაგრამ ამანაც არ უშველა. 1937 წლის 4 აგვისტოს შალვა ოკუჯავა დახვრიტეს. დედა კი 1955 წლამდე გადასახლებაში იყო. ბულატი ჯერ მოსკოვში დაბრუნდა – ბებიასთან, შემდეგ კი, თბილისში, სოლოლაკში, ნათესავებთან დაიწყო ცხოვრება. ზეინკლად მუშაობდა და თან სწავლობდა. მეცხრე კლასში იყო, ფრონტზე რომ წავიდა მოხალისედ. მძიმედ დაიჭრა. ომის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ თბილისში წაუკითხა პირველად თავისი ლექსები პასტერნაკს. მწერალს სასტუმრო „თბილისის“ ნომერში მიუკაკუნა, გაეცნო და ლექსების კითხვა დაიწყო. მერე კალუგაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტად მუშაობდა.
დაიწყო ხრუშჩოვის „ოტტეპელის“ ეპოქა – საზოგადოების „ფიზიკოსებად“ და „ლირიკოსებად“ დაყოფა. ოკუჯავამ „ლირიკოსის“, „მეოცნების“ როლი აირჩია – მისი ლექსების პირველი კრებული, სახელწოდებით „ლირიკა“, კალუგაში გამოვიდა.1959 წელს კი მოსკოვში დაიბეჭდა კრებული „კუნძულები“. კრიტიკოსებმა მის ნაწარმოებებში ლირიკისა და სატირის ერთიანობა აღმოაჩინეს. ეს რაღაც სრულიად ახალი იყო 60-იანი წლების საბჭოთა ლიტერატურაში. ცენზურამ, რა თქმა უნდა, შეამჩნია, რომ ოკუჯავას ლექსებში, სიმღერებში არა მარტო შვილები ელეპარაკებიან მშობლებს „თქვენობით“, ასე მიმართავს ერთმანეთს ცოლ-ქმარიც. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო ოკუჯავას რეაქცია პროლეტარულ კულტურაზე, თუმცა ხელისუფლებამ ოკუჯავას დევნა მოგვიანებით დაიწყო – 1968 წელს, როცა პრაღაში საბჭოთა ტანკების შეყვანის შემდეგ, პოეტი დემონსტრაციულად გაემიჯნა კომპარტიას. იმხანად მან ჩეხებს არა, მაგრამ პოლონელებს მიუძღვნა ერთი სიმღერა, რომლის ქვეტექსტი ყველასთვის გასაგები იყო, თუმცა ცენზურასთან პრობლემები უფრო ადრე, 1963 წელს, გაუჩნდა ლექსის – „ლოცვის“, გამოქვეყნების შემდეგ. გამომცემლებმა ოკუჯავას ამ შესანიშნავ სიმღერას სათაური შეუცვალეს და „ფრანსუა ვიონის ლოცვა“ უწოდეს.
საბჭოთა ჩინოვნიკებს სძულდათ ოკუჯავა თავისი ინტელიგენტური იერითა და რბილი ხმით. ოკუჯავას მსგავსი ლიბერალ-სოციალისტები კომუნისტურ ხელისუფლებას, ხომ, რადიკალებზე მეტად აღიზიანებდა. კომუნისტი ცენზორები ხედავდნენ, რომ ამ ადამიანს არ შეეძლო ტყუილი, სძულდა სიყალბე, ხედავდნენ, რომ იგი თავისუფალი ადამიანის ლექსებს წერდა. ხალხიც ხედავდა ამას და პოეტის საღამოებზე, რომელიც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ტარდებოდა, ეკითხებოდნენ ხოლმე ოკუჯავას: „გვასწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ?“. მიუხედავად ამისა, მარტო იყო. მარტოობა, როგორც ჩანს, ყველა დიდი პოეტის ხვედრია. ბულატ ოკუჯავა პარიზში 1997 წლის ივნისში გარდაიცვალა. ექიმებმა „გრიპის ინფექციის“ დიაგნოზი დასვეს. „არა, იგი მარტოობისგან გარდაიცვალა“, – აღნიშნა მაშინ ოკუჯავას მეუღლემ ოლია არციმოვიჩმა. სხვათა შორის, საქორწინო მოგზაურობა, ოლიასთან ერთად, ოკუჯავამ თავის საყვარელ თბილისში მოიწყო. ბულატ ოკუჯავამ, რომელიც სიცოცხლის მიწურულს მართლმადიდებელ ტაძარში მოინათლა, ათეისტურ ეპოქაში ღმერთის სახელი გააცოცხლა და, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ასე ვთქვათ, „იმათხოვრა“ სხვისთვის, ილოცა სხვისთვის... იმის მსგავსად, მოხუცი ქალები რომ ლოცულობენ ეკლესიაში შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და თავისთვის – მხოლოდ ბოლოს.
ალბათ, გაინტერესებთ თუ როგორ წერდა ბულატ ოკუჯავა სიმღერებს. ის არ ჯდებოდა პიანინოსთან და არ „ქმნიდა მუსიკას“ კლასიკური გაგებით – უბრალოდ, იღებდა გიტარას და ლექსს „ამღერებდა“, როგორც საუბარს. სინამდვილეში ეს იყო რაღაც ახალი ჟანრის დაბადება მუსიკაში, სადაც ტექსტი – პირველია, მელოდია – მინიმალისტური, ემოცია – მთავარი. ის არ ყოფილა პროფესიონალი მუსიკოსი, კლასიკური მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, ანუ სიმღერებს ნოტებით არ წერდა. ის ქმნიდა მელოდიას მხოლოდ ყურით, სმენით, ძალიან მარტივი აკორდებით გიტარაზე. რაც შეეხება ცნობილ მელოდიას ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“ – გჭøå ბëîჯîðîჰèå, ამ რეჟისორმა ვლადიმერ მოტილმა ოკუჯავა მიიწვია, რადგან ფილმისთვის უნდოდა, არა პათეტიკური საბჭოთა სიმღერა, არამედ უფრო ადამიანური, თბილი. ოკუჯავა თავიდან სკეპტიკურად იყო, მას არ სიამოვნებდა დაკვეთით მელოდიის შექმნა და არც არასდროს უფიქრია ამაზე, მაგრამ სცენარის გაცნობის შემდეგ დაინახა, რომ ისტორია იყო უბრალო ადამიანებზე ომში. სწორედ სცენარის წაკითხვისას დაიბადა ეს მელოდიაც. არსებობს გადმოცემები, რომ მან ეს სიმღერა საკმაოდ სწრაფად შექმნა, არა როგორც „ჰიტი“...
სულიერი მამა
ვლადიმერ ვისოცკი მას სულიერ მამად მიიჩნევდა და ყოველთვის იმეორებდა, რომ სწორედ ოკუჯავას შემოქმედებამ უბიძგა მას სიმღერისკენ… ასაკსა და ტემპერამენტში განსხვავების გამო ისინი ახლო მეგობრები არ ყოფილან, თუ, რა თქმა უნდა, ახლო მეგობრობას შეხვედრების სიხშირით შევაფასებთ. მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთის შემოქმედება და უაღრესად სცემდნენ პატივს ერთმანეთს. ისინი სულიერი მეგობრები ნამდვილად იყვნენ. ბულატმა და ვისოცკიმ ერთმანეთი 1961 წელს გაიცნეს და ერთად სურათიც გადაიღეს, რომლსაც ოკუჯავა ბოლომდე სათუთად ინახავდა. ისინი ერათდერთხელ გამოვიდნენ ერთ კონცერტში – 1977 წელს პარიზში და მაყურებელმა ორივე აღფრთოვანებით მიიღო… არა და, ემოციურმა ვისოცკიმ დარბაზი, როგორც ყოველთვის, ააფეთქა. თავმდაბალმა ბულატმა კი ამ ფონზე თავისი წარმატება ასე შეაფასა — „ეს ჩემი კი არა, გიტარის დამსახურება იყოო“… მათი ბოლო შეხვედრა შემთხვევით მოხდა, 1980 წლის ივლისში. ორივე მანქანას მართავდა და ერთმანეთი შუა მოსკოვში დაინახეს. ხელი დაუქნიეს ერთმანეთს და თავის საქმეებზე წავიდნენ… ბულატი მეორე დღეს გაემგზავრა დასასვენებლად და ადგილზე ჩასულმა გაიგო ვისოცკის გარდაცვალების ამბავი… მან საოცარი სიმღერა მიუძღვნა ვლადიმერ ვისოცკის…
ბულატ ოკუჯავას საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მისი რომანი „გაუქმებული თეატრი“ მწერალმა ჯუმბერ თითმერიამ თარგმნა. „გაუქმებული თეატრი“ – ესაა ბულატ ოკუჯავას ბავშვობა, მამის დაპატიმრება, ოლღა ოკუჯავასა და გალაკტიონ ტაბიძის ბრწყინვალე პორტრეტი. ეს ნაწარმოები ამტკიცებს, რამდენი რამ აკავშირებს ბულატ ოკუჯავას ქართულ კულტურასთან, უმტკიცებს იმას, ვინც ყველანაირად ცდილობს გამიჯნოს ბულატ ოკუჯავა ჩვენი ლიტერატურისგან. 1994 წელს ბულატ ოკუჯავას „გაუქმებული თეატრისთვის“ საერთაშორისო ბუკერის პრემია მიანიჭეს. ასევე აღსანიშნავია მისი დიდტანიანი რომანი „დილეტანტების მოგზაურობა“, ქართველი თავადის, ამირან ამილახვრისაგან პირველ პირში მოთხრობილი, რაც გამჭვირვალე ქარაგმით მიანიშნებდა მთავარი გმირისა და ავტორის იდენტიფიკაციაზე. სამწუხაროდ, საქართველოში პოეტს, რომელმაც არაერთი ქართველი მწერლის ლექსი თარგმნა რუსულად, რომელსაც არასდროს უთქვამს უარი თავის გვარზე, მშობლებზე, თბილისში გატარებულ წლებზე, თუმცა განუწყვეტლივ იმეორებდა, ჩემი სამშობლო არბატიაო, ისევ უცხოდ მიიჩნევენ და მისი საქართველოსთან დამოკიდებულების განსაზღვრას, მხოლოდ იმითი ცდილობენ, რომ მან ხეირიანად არ იცოდა ქართული, რადგან სომეხი დედის გაზრდილი იყო, რომელიც, როგორც კი მისი თანდასწრებით დაიწყებდა ვინმე ქართულ ლაპარაკს, მყისვე აწყვეტინებდა ხოლმე: „მოდი, ვილაპარაკოთ ლენინის ენაზე!“ ამის პასუხად ბევრმა უნდა წაიკითხოს „დილეტანტის მოგზაურობა”, სადაც ბულატ ოკუჯავა წარმოჩინდა როგორც ნამდვილი ქართველი, ნამდვილი ხელოვანი, ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე. ეროვნებას ოკუჯავას ისე უხსენებდნენ როგორც, ვთქვათ, ბორის აკუნინს. ანუ, ეს თითქოს მისი მინუსი იყო. ის ამბობდა: „ქართველობას მაშინ მიხსენებენ, როდესაც რაიმე ცუდის თქმა უნდათ”. ერთი რუსი კრიტიკოსი წერდა, რომ ოკუჯავას შემოქმედებაში მისთვის საქართველო სულ წარმოჩინდება, როგორც სასიამოვნო ნავსაყუდელი, გასაქცევი ადგილიო. გაორება ეროვნული, პიროვნული, პოლიტიკური – ეს იყო ბულატი. ერთხელ, როდესაც ბულატ ოკუჯავა იტალიურ გაზეთს აძლევდა ინტერვიუს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი პოეტი დღეისათვის, მან უპასუხა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლირიკოსი გალაკტიონია... თავის თავს ის „მოსკოვური ჩამოსხმის ქართველს ეძახდა“…ამბობდა: ჩემი მოსკოველი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ ხოლმე – თქვენ რუსულ სიმღერებს ქართული აქცენტით მღერით, მაგრამ ხშირად ჩვენზე უკეთესადაც კიო… „ქართული სიმღერაში“, რომელიც ბულატ ოკუჯავამ მეგობარს, მიხეილ ქვლივიძეს მიუძღვნა, თავისი ვერშემდგარი ქართველობისთვის ის ერთდროულად ზენაარისგან სასჯელსაც გამოელის და თვისტომთაგან პატიებასაც ითხოვს. ამ თხოვნას, მან „ქართული სიმღერა“ უწოდა და სიყვარული აუხსნა ქვეყანას, რომელსაც თავის ახალგაზრდობას უკავშირებდა.
ხალხის რჩეული
18 წლის ასაკში წავიდა ფრონტზე. მეორე მსოფლიო ომი მისთვის არ ყოფილა გმირული ეპოსი. მისთვის ომი იყო სიცივე, შიში, სიკვდილი, რომელიც მის ყოველდღიურობად იქცა. თავის ერთ-ერთ ჩანაწერში, დაახლოებით, ასეთ აზრს ამბობს: „ომში გმირები არ არსებობენ, არსებობენ გადარჩენილები“. ეს არის განსხვავება საბჭოთა პროპაგანდასა და ოკუჯავას ცხოვრების რეალობას შორის. სიმღერაც მისთვის გადარჩენის ფორმა იყო. ოკუჯავამ დაიწყო სიმღერების წერა გიტარაზე, მარტივად, ზედმეტი ორკესტრირების გარეშე. სწორედ აქ მოხდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა. მან შექმნა ინტიმური სიმღერების კულტურა. სიმღერა გახადა როგორც პირადი დიალოგი. მისი ცნობილი სიმღერა, გჭøå ბëîჯîðîჰèå, ეს არის ფილოსოფია ბედზე, შემთხვევითობაზე და ადამიანის უმწეობაზე. საბჭპთა ხელისუფლება მას ოფიციალურად არ კრძალავდა, მაგრამ არ უშვებდნენ ტელევიზიაში, არ ბეჭდავდნენ ფართოდ, არ აძლევდნენ დიდ სცენებს და მაინც ხალხმა თავად იპოვა მისკენ მიმავალი გზა. მისი სიმღერები ფარულად ვრცელდებოდა კასეტებზე, ეს იყო კულტურული ფენომენი. ხელისუფლება აკონტროლებდა სცენას, მაგრამ ვერ აკონტროლებდა „სივრცეს“, სადაც ოკუჯავას უსმენდნენ. ცხოვრების ბოლო წლებში ოკუჯავა პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ეს არ იყო ემიგრაციის კლასიკური ისტორია. ოკუჯავა იყო ადამიანი, რომელმაც ბოლოს მაინც იგრძნო თავისუფლება, მაგრამ ცოტა დაგვიანებული. მის ტექსტებში აშკარაა იმ პერიოდის სევდა, როგორც ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა ჩაკეტილ სივრცეში და ბოლოს კარი გაეღო...
...ოკუჯავა ხალხმა აირჩია და არა ხელისუფლებამ. ის არ იყო ვარსკვლავი, თუმცა რეალობა მაინც სხვას აჩვენებდა – მისი კასეტები ხელიდან ხელში გადადიოდა, ხალხი ზეპირად სწავლობდა მის ტექსტებს. მისი კონცერტები ყოველთვის არაოფიციალურ გარემოში ტარდებოდა. ეს კაცი იყო უნიკალური, ფენომენი ადამიანი, რომელიც სახელმწიფომ არ შექმნა, ვერც გადააკეთა, ის შექმნა ხალხმა. ერთხელ ამის გამო უთხრეს: თქვენი პოპულარობა გასაგებია, მაგრამ თქვენ ხომ ოფიციალურად არა არსებობთო. თუ ხალხში არსებობ, სხვა არსებობა აუცილებელი აღარ არისო, – უპასუხა მან. ერთხელ, უკვე ასაკში რომ იყო, ჰკითხეს: გინდათ, რამე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაშიო. დიდხანს დუმდა და ბოლოს თქვა: ალბათ, არა და იმიტომ, რომ მაშინ, სხვა ადამიანი ვიქნებოდიო... ბულატ ოკუჯავა არ იყო უბრალოდ შემოქმედი. ის იყო ბავშვი, რომელმაც სიჩუმე ისწავლა, ის იყო ჯარისკაცი, რომელმაც ილუზიები დაკარგა, ოცნებები დაკარგა, ადამიანი, რომელმაც შიშის მიუხედავად, მაინც ხმამაღლა ლაპარაკობდა იმაზე, რაზეც მიაჩნდა, რომ უნდა ელაპარაკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




