საზოგადოება

რამდენი გამოგონების ავტორია ვიქტორ ერისთავი და რას საქმიანობდა ის ამერიკაში

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00

ვიქტორ ერისთავი
დაკოპირებულია

ვიქტორ ერისთავი დაიბადა 1939 წელს თბილისში, გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსის, აკადემიკოს დიმიტრი ერისთავის ოჯახში. მამის პროფესიამ ბავშვობიდანვე განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა.

თბილისის #25 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ვიქტორმა სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში.

1963-1966 წლებში სწავლობდა ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურაში.

1966 წლიდან ვიქტორ ერისთავის მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრას უკავშირდება. ინიშნება კათედრის ასისტენტად. შემდეგ წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1968-1972 წლებში ვიქტორ ერისთავი ანალიზური ქიმიის კათედრის დოცენტია, კითხულობს ლექციებს და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ატარებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებში.

დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: კარბონატული ფორმის ანიონიტების გამოყენება იშვიათი ელემენტების ანალიზურ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1975 წელს – პროფესორის წოდება.

1975-1980 წლებში ვიქტორ ერისთავი ანალიზური ქიმიის კათედრის პროფესორია, პარალელურად, ხელმძღვანელობს პრობლემური ლაბორატორიის სექტორს მეტად აქტუალური თემატიკით – გარემოს დაბინძურების კონტროლის ანალიზური მეთოდების შემუშავება.

1980 წლის სექტემბრიდან სათავეში ჩაუდგა ტექნიკური უნივერსიტეტის ახლად ჩამოყალიბებულ გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრას. 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელია. მისი კვლევების ძირითადი მიმართულება იყო დალექვითი და კომპლექსწარმოქმნითი ქრომატოგრაფიის თეორია და პრაქტიკული გამოყენება.

პროფესორი ერისთავი 3 გამოგონების ავტორია. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია. მისი თანაავტორობით გამოიცა რამდენიმე სახელმძღვანელო: „ნიადაგის დაცვა“, „ატმოსფეროს დაცვა“, „უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საფუძვლები“ და სხვა.

მეცნიერი ხშირად იმაღლებდა კვალიფიკაციას საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში: 1971 და 1977 წლებში, განათლების სამინისტროს ხაზით, მივლინებული იყო რუმინეთსა და გერმანიაში; 1978–1979 წლებში ანალოგიური პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა; 1991 წელს კი ლონდონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორი თვის განმავლობაში ეცნობოდა გარემოს დაცვის კათედრის მუშაობას.

1995 წელს ეკოლოგიის გლობალურ საკითხებზე სამუშაოდ მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

1995 წელს ვიქტორ ერისთავი აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების, ინდუსტრიის, განათლებისა და ხელოვნების ინტერნაციონალური აკადემიის ნამდვილ წევრად, 1997 წელს კი – საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის ნამდვილ წევრად.

2001 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეცნიერის მოღვაწეობა უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა არასოდეს გაუწყვეტია კავშირი მისი ძალისხმევით შექმნილ გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრასთან და გარდაცვალებამდე ასრულებდა კათედრის პროფესორ-კონსულტანტის როლს.

ვიქტორ ერისთავი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში, 2005 წელს. დაკრძალულია თბილისში.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III; gtu.ge/; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი