საზოგადოება

როდის გახდა ხელოვნება მთავარი ამბავი ეკა კილაძის ცხოვრებაში და როგორ იფეთქა მასში ახალმა სიცოცხლემ 48 წლის ასაკში

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:10

ეკა კილაძე
დაკოპირებულია

პერსონალიზებული ფიგურები, როგორც ხელოვნება, რომელიც ადამიანებში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, ეკა კილაძის ცხოვრების ახალი ეტაპია, რომელმაც შემოქმედს, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლის დაწყებისა და უამრავი ადამიანის გაბედნიერების შესაძლებლობა მისცა.

ეკა კილაძე: თვითნასწავლი ხელოვანი გახლავართ. ჩემი შემოქმედებითი გზა, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, სრულიად შემთხვევით. თავდაპირველად ეს ჩემთვის ჰობი იყო. ჯერ მარტივ ნამუშევრებს ვქმნიდი, შემდეგ პერსონალიზებულ ნამუშევრებზე გადავერთე.

ერთ დღეს ტელევიზორთან ვიჯექი, ხელში იქვე შემთხვევით აღმოჩენილი მავთული ავიღე და ხელებმა ავტომატურად დაიწყო მავთულის ფორმირება. ასე, თავისთავად, ადამიანის სილუეტი შევქმენი. მივხვდი, რომ შემეძლო, ამ სილუეტისთვის „ხორცი“ შემესხა და საინტერესო ფიგურა შემექმნა.

ძალიან მოვინდომე და ასე შეიქმნა ჩემი პირველი ნამუშევარი – ფერადკანიანი, წითელკაბიანი და ქოლგიანი გოგონას თოჯინა. გულწრფელად გითხრათ, მეც ძალიან მომეწონა და ჩემს გარშემო მყოფებსაც. ეს ნამუშევარი ერთ-ერთ დიდ ჯგუფში ავტვირთე და იმდენად დადებითი და პოზიტიური შეფასებები მივიღე, რომ ემოციებით ავივსე.

მაშინ არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ეს საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია, ეს, უბრალოდ, ჩემი სულის გამოძახილი იყო. აი, როცა საჯაროდ უკვე ჩემი მეორე ნამუშევარი გამოვაქვეყნე, სწორედ მაშინ მივიღე ჩემი პირველი შეკვეთა. გერმანიიდან მწერდა ქართველი ემიგრანტი გოგონა. როცა მას დასრულებული შეკვეთა ვაჩვენე, ისე აღფრთოვანდა, მაშინვე მითხრა, კიდევ ერთი ნამუშევარი მინდა, შეგიკვეთო და ერთად გამომიგზავნეო და საკუთარი ოჯახისთვის მთხოვა ნამუშევრის შექმნა. ეს ჩემთვის დიდი ბიძგი იყო, რადგან მან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მომანდო.

– ალბათ, პირველ შეკვეთაზე მუშაობისას განსაკუთრებულად ნერვიულობდით.

– იმდენად ვნერვიულობდი, თავიდან უარის თქმასაც კი ვფიქრობდი. მე არაერთ სამსახურში მიმუშავია, არაერთი კურსი გამივლია – მთელი ცხოვრება ძიების პროცესში ვიყავი. მინდოდა, საკუთარი თავი აღმომეჩინა. სიმართლე რომ გითხრათ, ხატვა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ხელოვნება აღმოჩნდა ის, რამაც ჩემი თავი მაპოვნინა. ალბათ, ამას ვგრძნობდი და ამიტომაც იყო, რომ მაშინ, ნერვიულობის მიუხედავად, გავრისკე. ისეთი ნამუშევარი შევქმენი, რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება და რომელსაც ასევე, ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, როგორც ამ საქმიდან მიღებულ პირველი შემოსავლის წყაროს. დამკვეთიც განსაკუთრებულ სტიმულს მაძლევდა და ამანაც ძალიან დადებითად იმოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნამუშევარი გამიფუჭდა, რადგან არ ვიცოდი მასალების ერთმანეთთან თავსებადობის, ტექსტურების დამუშავების შესახებ თუ ასე შემდეგ, მაგრამ საკუთარმა შეცდომებმა და ინტერნეტსივრცეში არსებულმა ინფორმაციამ ბევრი რამ მასწავლა. მე არ მაქვს აკადემიური განათლება, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე იმდენი რამ ვისწავლე, შემიძლია, შთამომავლობებს გადავცე.

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ 48 წლის ასაკში ჩემში ახალმა სიცოცხლემ იფეთქა და ყველაფერი აქედან დაიწყო.

– დასაწყისს ძალიან სიმბოლური ისტორიაც უკავშირდება...

– დიახ, დასაწყისში ერთი ძალიან კარგი ისტორია გადამხდა თავს. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბაკურიანში სასტუმრო გავხსენით. დეკორაციები იყო საჭირო და აღმოვაჩინეთ, რომ მათი დამზადება ასტრალურ თანხებს უკავშირდებოდა, ჩვენ კი ბევრი ნამუშევარი გვჭირდებოდა, მაშინ გადავწყვიტე, ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო და ასეც მოვიქეცი.

ერთხელაც, როცა ბაკურიანში ჩვენს სასტუმროში ვიყავი, ჩემი პირველი დამკვეთი (რომელიც უკვე ვახსენე) დამიკავშირდა გერმანიიდან და მთხოვა, მისი მეგობრისთვის დამემზადებინა ცოლ-ქმრის კომპოზიცია, რომელიც ასევე, გერმანიაში ცხოვრობდა, მაგრამ იმ მომენტში დასასვენებლად და დაბადების დღის აღსანიშნავად, მეუღლესთან ერთად, საქართველოში იყო ჩამოსული. კომპოზიცია წყვილის ფოტოების მიხედვით ავაწყვე, შემკვეთს ძალიან მოეწონა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა ნამუშევარი ადრესატისთვის ბაკურიანიდან თბილისში. ზუსტად ამ დროს, დამკვეთმა მითხრა, რომ მისი მეგობარი ბაკურიანში მოდიოდა დასასვენებლად, რაც ძალიან გამიხარდა. გავამზადე საჩუქარი, გამოვედი სასტუმროს მიმღებში და შვილი მეუბნება, სტუმრები მივიღე, ერთი ისეთი კარგი ოჯახია, მგონი, ქალი ქართველია და ქმარი – გერმანელი, ჩემი გერმანულიც გავავარჯიშეო...

არც მეტი არც ნაკლები, აღმოჩნდა, რომ ადამიანი, ვისთვისაც საჩუქარი შემიკვეთეს, ჩემს სასტუმროში მოვიდა დასასვენებლად. შოკი მქონდა მეც და ჩემს დამკვეთსაც, როცა ეს ისტორია მოვუყევი. ცალკე ისტორია იყო საჩუქრის გადაცემის ცერემონია, საოცარი ემოციებით სავსე და დაუვიწყარი.

– შეიძლება, ყველა ნამუშევარს არ მოჰყვეს ასეთი განსაკუთრებული ამბავი, მაგრამ ალბათ, ყველას აქვს თავისი ისტორია.

– ჩემი ნამუშევრები ზუსტად ამით არის განსაკუთრებული, რომ კონკრეტული ადამიანების ისტორიაზე, ხასიათზე, მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე არის შექმნილი.

მე ადამიანების სახეებს არ ვქმნი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა ნამუშევარში საკუთარი თავი ამოიცნოს არა სახის ნაკვთებით, არამედ დგომის მანერით, ჟესტიკულაციით, ემოციით, რომელსაც ის გადმოსცემს.

სანამ პერსონაჟის შექმნას დავიწყებ, მის ძალიან ბევრ ფოტოს ვათვალიერებ, ვეძებ ხელმოსაჭიდს, რომლის მიხედვითაც ვაგებ კომპოზიციებს. ყველა დამკვეთი გაოცებულია, რადგან გამომდის, ადამიანის ხასიათი მისი სახის გამოსახვის გარეშეც ძალიან კარგად „დავიჭირო“. სახეების შექმნაც ბევრს უთხოვია, თუმცა, მე ამაზე ყოველთვის უარს ვამბობ, რადგან ასეთია ჩემი ხელწერა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის სახე იცვლება, წარმავალია, ხასიათი და შინაგანი სამყარო კი – მუდმივი. იმავდროულად, ყველას ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია გვიყვარს და მე ჩემი ქმნილებებით ადამიანებს საშუალებას ვაძლევ, უსახო პერსონაჟში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოიდგინონ.

– ხასიათის „დაჭერა“ ფოტოებში და მისი ნამუშევრებში გადმოცემა რთული არ არის?

– ამისთვის შეიძლება, ერთი ფოტო იყოს საკმარისი ან ორმოცდაათიც არ მეყოს. ხშირ შემთხვევაში, სოციალური ქსელები მეხმარება. გამორიცხულია, ადამიანის ხასიათი ვერ დავიჭირო. საკუთარი თავის ქება არ მინდა, ეს უხერხულია, თუმცა, როგორც დამკვეთები ამბობენ, ზუსტად გადმოვცემ საჭირო ხასიათებს.

არ მახსენდება, ნამუშევრის ნახვისას ადრესატს საოცარი ემოციები არ ჰქონოდა. ხშირად მიგზავნიან ვიდეოებს და როცა ადამიანები ჩემს ნამუშევრებში საკუთარ თავს ცნობენ, ისეთი ემოციები აქვთ ხოლმე, რომ ვერც გეტყვით, ამ ვიდეოებს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვუყურებ აცრემლებული თვალებით. ადამიანების ასეთი ემოციები ჩემთვის ზუსტად ის სტიმულია, რაც ამ საქმეს მაკეთებინებს.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ აქამდე საკუთარ თავს არ ვუსმენდი, ძიებაში ბევრი წელი დავკარგე. დროულად რომ გადამედგა საჭირო ნაბიჯები, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი. თუმცა, არც ახლაა გვიან. დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, როცა ადამიანებს ვაბედნიერებ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი