როგორ დაიბრუნა რუსა წიკლაურმა საოცნებო პროფესია და რა ჩარჩოებს არ უწესებს ის საკუთარ თავს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 12 წუთის წინ
ხატვა დედისთვის მოპარულ ზეწრებზე დაიწყო აკვარელში არეული სადილის ზეთით... დღეს კი რუსა წიკლაური მხატვართა კავშირის წევრია და მისი ნამუშევრები უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. როგორ იქცა ბავშვობის გატაცება მთავარ საქმედ და ცხოვრების წესად – მხატვარი თავის ემოციურ ისტორიას გვიზიარებს.
რუსა წიკლაური: რაც თავი მახსოვს, ვხატავ. ასე მგონია, ეს ნიჭი დაბადებიდან დამყვა. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველას გვიჭირდა. ჩემს ოჯახსაც არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ წრეებზე ვეტარებინე ან შესაბამისი მასალები შეეძინა ჩემთვის. მხოლოდ აკვარელის საღებავები და ფანქრები იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ მათი მეშვეობით ვხატავდი. თუმცა ცნობისმოყვარეობა მუდმივად ექსპერიმენტებისკენ მიბიძგებდა: ტელევიზიით მქონდა ნანახი, რომ ზეთის საღებავებით ხატავდნენ და მინდოდა, მეც მეცადა. აკვარელის საღებავებში სადილის ზეთს ვასხამდი და ტილოს ნაცვლად დედაჩემისთვის მოპარულ ზეწრებზე ვხატავდი (იცინის).
ვფიქრობ, ეს ნიჭი გენეტიკურია, რადგან ბებიაჩემი – მამაჩემის დედა, მოხევე ქალი იყო და ძალიან კარგად გამოსდიოდა ქარგვა და კერვა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდა, ამას მაინც ოსტატურად ახერხებდა.
– ამ ინტერესის მიუხედავად, პროფესიად მაინც კერვა აირჩიეთ. რატომ თქვით მაშინ ხატვაზე უარი?
— იმ პერიოდში ხელოვნება განსაკუთრებულად არ ფასდებოდა და არც ჩემი ოჯახისთვის იყო ეს ისეთი სფერო, რასაც გამორჩეულ ყურადღებას დაუთმობდნენ – თითქოს სერიოზულადაც არ აღიქვამდნენ. ბავშვობიდან კერვაც ძალიან მიყვარდა. მახსოვს, ჯერ კიდევ სრულიად პატარა თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი. თითები ნემსით მქონდა დაჩხვლეტილი, მაგრამ თავს მაინც არ ვანებებდი (იცინის).
როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, არჩევანი ხატვასა და კერვას შორის უნდა გამეკეთებინა. ხატვა უფრო მიზიდავდა, მაგრამ ოჯახმა გადამაფიქრებინა – მითხრეს, რომ ეს საქმე ფინანსურად შემოსავლიანი არ იყო და კერვა უფრო გამომადგებოდა. მათი რჩევა გავითვალისწინე და ტანსაცმლის მოდელირება-კონსტრუირება ავირჩიე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი, ძალიან გადატვირთული ვიყავი და ხატვისთვის დრო აღარ მრჩებოდა. სწავლის პროცესში ხატვა მცირედით გვჭირდებოდა და მინიმალურ დონეზე გვასწავლიდნენ, თუმცა მე მაინც ვცდილობდი, დამატებითი ინფორმაცია დამოუკიდებლად მომეძიებინა და ბოლომდე არ ჩამოვშორებოდი მხატვრობას.
– ამ პაუზის შემდეგ როდის დაუბრუნდით საყვარელ საქმეს უკვე მასშტაბურად?
– ხატვა ჩემი ოცნება იყო და გარემოებების მიუხედავად, არასდროს მიმიტოვებია — თუნდაც ცოტას, მაინც ვხატავდი. შეყვარებულობის პერიოდში ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რადგან იცოდა ჩემი უზომო სიყვარული ამ საქმისადმი, მოლბერტი, სახატავი მასალები და ყველა საჭირო ინვენტარი მაჩუქა. სწორედ იმ პერიოდიდან დავიწყე უფრო აქტიურად მუშაობა და სწავლა.
მერე პანდემია დაიწყო, მეტი თავისუფალი დრო გამოჩნდა და ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური გახდა. თან, უკვე პირველი შვილი მყავდა, დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ ჩემს საოცნებო ხატვას მივუბრუნდი. ფაქტობრივად, თვითნასწავლი ვარ, რადგან უნივერსიტეტში ძალიან მცირე ბაზა მივიღე. დღეს კი აღარც მასალების შოვნაა რთული და აღარც ინფორმაციის მოძიება, რაც ძალიან მახარებს.
ახლა უკვე ორი პატარა მყავს და, როცა მათ დავაძინებ, სწორედ მაშინ ვიცლი ხატვისთვის. მეუღლეც ძალიან მიწყობს ხელს. ახლაც საკმაოდ რთულ პირობებში მიწევს მუშაობა – ვიწროდ ვართ, სახელოსნო არ მაქვს და სახლში ვხატავ. მოლბერტს პატარების გამო ვერ ვდგამ და კედელზე მიწევს ხატვა, რომ ბავშვები არ მისწვდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის მაინც ძალიან სასიამოვნოა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ.
– როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი და რისი ხატვა გიყვართ ყველაზე მეტად?
– ვხატავ იმას, რაც ლამაზად მიმაჩნია. მინდა, ჩემს ტილოებზე სილამაზე და ფერადოვნება გადმოვცე. გარშემო ისედაც რთული სიტუაციაა, ყველგან ნეგატივია და მინდა, ჩემი ნამუშევრები იყოს ფერადი, ადამიანები გაახალისოს, დადებითი განწყობა და სიმშვიდე აჩუქოს მათ.
ჩემთვის ყველა ნამუშევარი მნიშვნელოვანია. ვხატავ კერის ანგელოზებს, ქალბატონებს, პეიზაჟებს, აბსტრაქციებსა და ფერწერულ ტილოებს. ბევრჯერ უკითხავთ, კერის ანგელოზებს რომ ხატავ, ქალბატონებს ნიუს სტილში რატომღა გამოსახავო – რატომღაც ეუხერხულებათ ეს ორი თემატიკა ერთად. მე როცა ხატვას ვიწყებ, მნიშვნელობა არ აქვს, შიშველ სხეულს ვხატავ თუ აბსტრაქციას. ვიღაცისთვის კერის ანგელოზი და შიშველი ქალის ესთეტიკური სხეული ერთი მხატვრისგან რთულად აღსაქმელია. აზრები იყოფა ხოლმე, თუმცა საკუთარ თავს ჩარჩოებში არ ვაქცევ – ტილოზე გადამქვს ის, რაც ლამაზად და ესთეტიკურად მიმაჩნია.
დღე ისე არ გავა, რომ ნახატი არ დავხატო. შეიძლება, დღის განმავლობაში 5 ნახატიც კი შევქმნა, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობ. როცა ხატვას დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. თუ დაწყებულ ნახატს რაღაც მიზეზით თავი დავანებე, მერე შეიძლება, ვეღარც გავაგრძელო და დაუსრულებელი ტილო წლები მედოს. ამიტომ, როცა პროცესს ვიწყებ, იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც უნდა დავასრულო – მაქსიმალურად მასზე ვარ კონცენტრირებული.
– რას ნიშნავს თქვენთვის მხატვრობა და როგორ მოვიდა პირველი აღიარება?
– ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, მას ღმერთის საჩუქრად მივიჩნევ და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ამის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს თერაპიაც არის, რომელიც ძალიან მეხმარება, თუმცა მხატვრისთვის ეს მხოლოდ სიამოვნების წყარო არ არის – ეს ჩვენი საქმე და შემოსავალიცაა.
თავდაპირველად არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდებოდა ან გამოფენაზე მიმიწვევდნენ. პირველი მოწვევა რომ მივიღე, ეს ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. მას შემდეგ წლების განმავლობაში მრავალ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ახლა კი უკვე მხატვართა კავშირის წევრიც ვარ.
საწყის ეტაპზე, როცა ნახატების გაყიდვა დავიწყე, საკმაოდ მინიმალურ ფასად ვყიდდი და პრეტენზიაც არ მქონდა – პირიქით, უზომოდ მიხაროდა, რომ ჩემი ნამუშევრები სხვის ინტერიერს გაალამაზებდა. შემდეგ გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელმაც შეკვეთები მომცა და საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. ეს ადამიანი ჩემთვის უდიდესი სტიმული გახდა, რის შემდეგაც უფრო თავდაჯერებული გავხდი.
– ნახატებთან განშორება ხომ არ გიჭირთ?
– სხვათა შორის, თავიდანვე არ მიჭირდა. მიხარია, როცა ვიცი, რომ მათ ვიღაცის სივრცე უნდა დაამშვენონ, სიმშვიდე და სილამაზე შემატონ. ძალიან ბევრი ნამუშევარი გამიჩუქებია კიდეც, თუმცა დღეს ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



