როგორ დააშორა ერთმანეთს დიდმა გაუგებრობამ ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა და როგორ განახლდა მათი სიყვარული 40 წლის შემდეგ
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 18.12, 2023 წელი
ნინო კვარაცხელიასა და ემზარ ჯღარკავას ისტორია ზღაპარს ან ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ალბათ, ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ეს ამბავი რეალურია. თუმცა, როგორც ამბობენ, ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და არასდროს იცი, რას უნდა ელოდე.
ნინო კვარაცხელია: მე სოხუმში დავიბადე, ემზარი – მარტვილში, თუმცა, მეცხრე-მეათე კლასიდან ისიც სოხუმში ჩამოვიდა საცხოვრებლად და სწავლის გასაგრძელებლად. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა: მზიანი დღე იყო, თანაკლასელებთან ერთად კაფედან გამოვედი და სახლისკენ გავუყევით გზას. მოულოდნელად მეგობარი ბიჭი შემხვდა, ემზარიც მასთან ერთად იყო... გავიცანით, გავუღიმეთ ერთმანეთს და გზა განვაგრძეთ. მაშინ მე 15 წლის ვიყავი, ემზარი – 16-ის.
ემზარ ჯღარკავა: ნინო გამორჩეულად ლამაზი, წითური გოგონა იყო. ქუჩაში რომ მოდიოდა, ანათებდა. ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა. მეგობარს მისი ტელეფონის ნომერი ვთხოვე და იმავე საღამოს დავურეკე. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ ვუთხარი: „მე ის ბიჭი ვარ, შენ რომ ამდენი ხანი ელოდი, მოვედი“. მოვახერხე მისი დაინტერესება და შეხვედრაზეც დავითანხმე. მალე შევამჩნიე, რომ ყველა სოხუმელი ბიჭი და მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც, ამ გოგოზე იყო შეყვარებული.
ნინო: ამიტომ მერე გადავწყვიტეთ, არავისთან გვესაუბრა ჩვენს სიყვარულზე. პირველ პაემანზე რომ შევხვდით, ყველანაირი ზედმეტი ფლირტის, მაღალფარდოვანი სიტყვებისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე მომკიდა ხელი და იმ წამიდან ვიცოდით, რომ ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით. აღფრთოვანებული ვიყავი ჩვენი სიყვარულით. ძალიან საინტერესო პაემნები გვქონდა. ხშირად ვერ ვხვდებოდით, რადგან ემზარი დასვენების დღეებში და არდადეგებზე მარტვილში მიდიოდა ხოლმე, თუმცა, ძალიან ბევრი ლამაზი ისტორია დაგვიგროვდა... ათას რამეს ვიგონებდით, ვგიჟობდით, მაგრამ ყველაფერს ჩვენთვის, წყნარად ვაკეთებდით. თითქოს ყველა მოვარიდეთ ჩვენს სიყვარულს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ: დედამ და რამდენიმე მეგობარმა. ეს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენდა ჩვენს სიყვარულს. ორი წელი გრძელდებოდა ასე. მერე მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვეწყვე. ემზარმა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოეხადა.
– როგორ შეიცვალა ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება?
ემზარი: რუსულ ჯარში სამსახური ძალიან არ მომეწონა. ვერ ვეგუებოდი შიდაგანაწესს. რუსული დღემდე არაფერი მიყვარს და იქაც სულ კონფლიქტი მქონდა ხელმძღვანელობასთან, რის გამოც ხშირად ვისჯებოდი. ერთ დღესაც, სასჯელის სახით, მთელი სამი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გამიშვეს. იქიდან ნინოსთვის წერილის გამოგზავნას ვეღარ ვახერხებდი, აკრძალული მქონდა. არადა, მანამდე, თითქმის ყოველდღე ვწერდი. ნინოს თავის წერილები უკან უბრუნდებოდა, რადგან მე უკვე ახალ მისამართზე ვიყავი. რა გასაკვირია, რომ ვერც იქაურობას შევეგუე, ჯარში დაბრუნებაც აღარ ვისურვე, არადა სავალდებულო სამსახური მქონდა მოსახდელი და ამიტომ, ჩრდილოეთ ურალში გამიშვეს გადასახლებაში. წელიწადი და რამდენიმე თვე იქ გავატარე და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი საქართველოში დაბრუნება.
ჯერ კიდევ ჯარში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ნინო გათხოვდა. ძალიან რთული იყო ამის მიღება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – გამორიცხული იყო; ნინო სიყვარულით გათხოვილიყო. მაშინ ხშირი იყო მოტაცებები და ვფიქრობდი, რომ ნინოც ამის მსხვერპლი გახდა.
ნინო: როცა ემზართან კონტაქტი გაწყდა, ძალიან გამიჭირდა. მით უმეტეს, თინეიჯერობის ასაკში ძალიან რთულია ასეთი რამის გადატანა. ვერაფრით გავიგე მისი დუმილის მიზეზი და ვიფიქრე, ალბათ, რუსის ქალს დაუკავშირა ცხოვრება და ასეთი ფორმით დაასრულა ჩემთან ურთიერთობა-მეთქი.
ძალიან დიდი ტკივილი დატოვა ჩემს გულში. სხვა რა გზა მქონდა, ცხოვრება განვაგრძე. უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერთხელ, მეგობრის ქორწილში ერთ ბიჭს მოვეწონე. მე მას არ ვიცნობდი. გაიგო ჩემი კონტაქტი და რაღაც მიზეზით შეხვედრა მთხოვა. მანქანაში ჩავსხედით, მეგონა, სახლში მოვდიოდით, მაგრამ გაგრაში აღმოვჩნდი, სადაც გამომიცხადა, რომ ჩემი ცოლი ხარო. მაშინ მე 19 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ცხოვრებაში მეორედ ვხედავდი, მაშინ გოგოს მოტაცება მიღებული პრაქტიკა იყო და მეც დავრჩი. ძალადობას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ვფიქრობდი, თუ ჩემს ცხოვრებაში ემზარი არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს რამეს-მეთქი?! მეგონა, მას შევიყვარებდი, მაგრამ ასე არ მოხდა.
როგორია, როცა ადამიანი მთელი არსებით გიყვარს და ყველა წვრილმანზე მასთან ავლებ პარალელს?! ასე გავიდა წლები. შვილი მყავდა და ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. შემდეგ ომი დაიწყო, დევნილები გავხდით და ცხოვრება ძალიან აირია. გარკვეული პერიოდი მოსკოვში გავატარეთ, მაგრამ ვერ შევეგუეთ იქაურობას და ისევ საქართველოში დავბრუნდით. მერე, სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მე თავი შვილის აღზრდასა და კარიერას მივუძღვენი.
წლების შემდეგ გავიგე, რომ ემზარს ცოლი და სამი შვილი ჰყავდა. ეს თემა ჩემთვის ტაბუდადებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული გრძნობა გვაკავშირებდა და ჩვენი დაშორება ასეთი გაუგებრობის გამო მოხდა, ოჯახები გვყავდა და გამორიცხული იყო, თუნდაც ქუჩაში რომ შევხვედროდით, ერთმანეთს მივსალმებოდით.
საწყის ეტაპზე, როცა ემზარი დაბრუნდა და ჩემი ისტორია გაიგო, სურვილის მიუხედავად, თავი შეიკავა და არ დამკონტაქტებია. მერე, როცა მე დავრჩი მარტო, მეც იგივე გავაკეთე, რადგან მას ოჯახი ჰყავდა.
მერე მე ემიგრაციაში წამოვედი. დავტოვე სამსახური, რადგან ბევრი ვალდებულება მქონდა, რომელსაც ვეღარ ვუმკლავდებოდი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. მანამდეც საკმაოდ საინტერესო კარიერა მქონდა. ამ მხრივ პრობლემა არ მქონია, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით, ჩემი ცხოვრება წინსვლას საჭიროებდა, ამას პანდემიური კრიზისიც დაემთხვა და ამიტომ გადავწყვიტე, ემიგრაციაში წამოვსულიყავი. თუმცა, დღემდე ვერ შევეგუე სხვა ქვეყანაში ცხოვრებას.
– ემზარ, თქვენთან რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში?
ემზარი: საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთი სული მქონდა, ნინო მენახა, მივდიოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე გზიდან ვბრუნდებოდი. ვიცოდი, რომ მეუღლე და შვილი ჰყავდა, ამიტომ გათხოვილი ქალის სახელს ვუფრთხილდებოდი. არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან ძნელად გადასატანი იყო, მაგრამ ცხოვრება გავაგრძელე. ჩემზე ბევრად უმცროსი გოგო გავიცანი და ოჯახი შევქმენით. ვერ ვიტყვი, რომ სიყვარულით, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, უკვე დრო იყო ოჯახს მოვკიდებოდი და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. სიყვარულით რომ ვეღარ შევქმნიდი ოჯახს, ეს ზუსტად ვიცოდი. ნინოს შემდეგ ქალის სიყვარული არ განმიცდია. შვილები შეგვეძინა, მაგრამ სხვადასხვა ხასიათიდან გამომდინარე ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ შევეგუეთ და გავიყარეთ. ის ემიგრაციაში წავიდა, მე შვილებთან ერთად სახლში დავრჩი. ბოლო წლებში არაერთხელ ვცადე ნინოს მოძებნა სოციალურ ქსელში, მაგრამ ამ სახელისა და გვარის ადამიანი იმდენია, რომ მისი პოვნა ვერასდროს მოვახერხე. ვიფიქრე, რომ ქმრის გვარზე იყო გადასული და შევეშვი. ერთ დღესაც შემთხვევით ვიპოვე „ფეისბუკზე“. რომ შევხედე, მაშინვე ვიფიქრე, ჩემი გოგოა-მეთქი, გადავედი მის გვერდზე, რომ დავრწმუნებულიყავი და სკოლისდროინდელი ფოტოც ვნახე. მაშინვე დამატება გავუგზავნე, მაგრამ არ დამიმატა (იცინის). შემდეგ მივწერე, როგორც ადრე – „ნინო, მე მოვედი“ და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ამ რეალობაში. არ ვიცი, როგორ გითხრათ, რა გრძნობები მაქვს ამდენი წლის შემდეგ. 40 წელი გავიდა, მაგრამ, ფაქტობრივად, იმავე დღეს, ისევ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და ერთად გავაგრძელეთ ცხოვრება.
ნინო: ძალიან ბევრი მეგობრობის მოთხოვნა დამიგროვდა სოციალურ ქსელში. ერთ დღეს დავჯექი და მათი დახარისხება და უცნობების წაშლა დავიწყე. ემზარის ფოტოს რომ შევხედე, უცებ არ მეცნო, სახელისა და გვარისთვის არც შემიხედავს. უცნაური გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მისი ფოტო რაღაც ისტორიას მიყვებოდა, მაგრამ სიჩქარეში არ დავაკვირდი ისე წავშალე. მეორე დღეს მომივიდა მისგან ეს შეტყობინება და მაშინ მივხვდი, რატომ მიმიჯაჭვა ამ ფოტომ ასე. მივხვდი იმასაც, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. იმასაც, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდებოდა. საოცარი სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა დამეუფლა, იმედით ავივსე. ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წარსულში ქექვის გარეშე გავაგრძელეთ ურთიერთობა. ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. ჩვენ ირგვლივ დრო გაჩერდა. თითქოს, ემზარი ახლა დაბრუნდა ჯარიდან, 40 წლის შემდეგ. მე ამერიკაში ვიყავი, ის საქართველოში, მაგრამ ერთი ოჯახი გავხდით. ეს განცდები ფანტასტიკის სფეროა. ფილმებში რომ ვუყურებდი ასეთ რამეს, სულ სიცილით ვამბობდი, მსგავსი რამ რეალურ ცხოვრებაში გამორიცხულია-მეთქი და თურმე, წინ ეს მელოდა (იცინის).
– თუმცა, ამჯერად თქვენ შორის ფიზიკური დისტანცია იყო.
ემზარი: ეს პერიოდი ვირტუალურად გვქონდა ურთიერთობა. ნინო ვერ შეეგუა ემიგრაციას და საქართველოში დაბრუნება უნდოდა. ჩემს სახლში, მარტვილში ვაპირებდით ცხოვრების გაგრძელებას. საახალწლოდ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მერე რეალურად შევხედე სიტუაციას, რომელიც საქართველოში სახარბიელო ნამდვილად არ არის. ვიფიქრე, რომ ჩამოვა და აქ დავიწყებთ ერთად ცხოვრებას, ამ ხელისუფლების პირობებში, მე ვერ შევუქმნი ისეთ პირობებს, რომ ღირსეულად იცხოვროს და მერე ისევ ემიგრაციაზე არ მოგვიწიოს ფიქრი-მეთქი. ამიტომ ნინოს გავანდე ჩემი ფიქრი. შანსი აქამდეც მქონია, მაგრამ ემიგრაციაში წასვლას არასდროს დავთანხმებივარ, თუმცა ამ შემთხვევაში და ამ მიზეზის გამო მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ნინოს ვუთხარი, სანამ ჩვენს ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ორი წელი იქნება თუ სამი, მე წამოვალ შენთან და მერე ერთად დავბრუნდეთ-მეთქი და ისიც დამთანხმდა.
– ბავშვობის წლების შემდეგ, ფიზიკურად ახლა პირველად შეხვდით...
– კი, 40 წლის შემდეგ ახლა პირველად შევხვდით ერთმანეთს. მითხრა, აეროპორტში დაგხვდებიო. იქ უამრავი ხალხი ირეოდა. ვცდილობდი, ფიქრებისგან გამოვრკვეულიყავი, როცა უცებ მომესმა ნინოს ხმა –„ემზარ“, გავიხედე და ჩემი ნინო მორბოდა. ჩამეხუტა. ენით ვერ გადმოგცემთ ამ სიხარულს, ეს სასწაული შეგრძნებაა. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა ხდება, ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ.
ნინო: გადავწყვიტეთ, ცოტა ხანი ამერიკაში ვიყოთ, რომ მშვიდი სიბერე შევიქმნათ. დღეს არაჩვეულებრივი, არასტანდარტული განცდა მაქვს. ამერიკაში რომ ჩამოვიდა და აეროპორტში დავხვდი, მესამედ მითხრა: „ნინო, მე მოვედი“. მე ჩავეხუტე, ხელი ჩამავლო, როგორც 40 წლის წინ სოხუმში და ერთად გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას. ეს ბედნიერებაზე მეტია, ეს სიმშვიდეა, თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრაციასაც ცოტა ლმობიერად დავუწყე ყურება, ახლა აღარაფრის მეშინია. თუმცა, სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი არ გამნელებია. რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დავბრუნდებით და შემდეგ ჩვენს ძალიან კარგ გეგმებს ჩვენს სოფელში განვახორციელებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან