როგორ ამოწყვიტეს ნოდარ მგალობლიშვილის გვარი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 15.12, 2021 წელი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48(1092)
იყო თუ არა მართალი მეფე ერეკლე
ახალგაზრდობაში ასეთი რამ შემემთხვა: მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში ხშირად ვიკრიბებოდით მსახიობები და გულღიად ვსაუბრობდით ქვეყნის ისტორიაზე, წარსულსა და აწმყოზე, არსებული რეჟიმის ავკარგიანობაზე, საქართველოს ბედზე. ერთხელაც „ბედი ქართლისა” გავარჩიეთ, იყო თუ არა მართალი მეფე ერეკლე. ფოიეში ბევრი ხალხი ტრიალებდა. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი. როგორც ჩანს, ვიღაცამ „კაგებეში“ დაგვასმინა და რამდენიმე მსახიობი ცალ-ცალკე დაგვიბარეს. მაშინ უკვე ცოლ-შვილი მყავდა, ჩემი ბიჭუნა 2 წლის იყო.
დილით მეუღლეს ვუთხარი:
– უშიშროების სამსახურში დაგვიბარეს, ალბათ რაღაც უნდა გვკითხონ.
– რამე სერიოზულია?
– არ ვიცი, შეიძლება არის კიდეც. ყოველ შემთხვევაში, იცოდე.
დაზღვეული არაფრისგან ვიყავი. საათ-ნახევარი მოსაცდელში მალოდინეს, შემდეგ კაბინეტში შემიყვანეს. ერთი წითური მამაკაცი თავაუღებლად წერდა რაღაცას. სალამზე არც მიპასუხა. 15 წუთის შემდეგ ამომხედა – ცალთვალა იყო. სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი მკითხა.
– ნოდარ მგალობლიშვილი, ვმუშაობ მარჯანიშვილის თეატრში. კიდევ რა შეკითხვა გაქვთ?
კეთილი ინება და წამოდგა, დაჯექიო, შემომთავაზა. მერე ჩემი სკამის ირგვლივ დაიწყო სიარული. გამომკითხა, რამდენი შვილი მყავს, მეუღლე თუ მუშაობს, მე თუ ვთამაშობ.
– რას ჰქვია, ვთამაშობ? – შევუბრუნე კითხვა.
– სცენაზე ხომ თამაშობთ.
– სცენაზე ვდგავარ, კი არ ვთამაშობ, – შევუსწორე.
– სცენაზე რომ გამოდიან მსახიობები, იმას თამაში არ ჰქვია?
– არა, ჩვენ ვცხოვრობთ სცენაზე.
ამ პასუხის შემდეგ მოიღუშა, მე ამას თამაშს ვეძახიო, თქვა. მსახიობობას სცენაზე ვაფასებ და არა – ცხოვრებაში-მეთქი, რომ ვუთხარი, გაღიზიანდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– რა თემაზე საუბრობთ ფოიეში?
ამ სიტყვებით ყველაფერი გაცხადდა. ასე ვუპასუხე:
– ერეკლე მეფე იმიტომ იყო მაგ მდგომარეობაში, რომ ადამიანებმა ვერ გაუგეს. და თუ ბარათაშვილზე მეკითხებით, „ბედი ქართლისა” რატომ დაწერა, ამდენი არ ვიცი, უმჯობესია, ფილოლოგები მოიწვიოთ.
– იცით, იცით, თქვენ ყველაფერი იცით! – დაბეჯითებით მითხრა, – ძალიან ბევრი აზრია ამ პრობლემაზე და თქვენი აზრი მაინტერესებს, შეცდა ერეკლე?
– თქვენ როგორ გგონიათ?
– რაც მგონია, ეს მე ვიცი, თქვენ გეკითხებით.
– რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვიტყვი. ვინც შეცდა და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა, ყველაფერი იმის ბრალია, – მივუგე და დავძინე, აწი რაც გინდათ, ის ქენით, მეტს არაფერს ვიტყვი-მეთქი.
ამის შემდეგ „კაგებეს“ ჩინოსანი მორიგ თემაზე გადავიდა. ჩემი სოციალური ყოფის სურათი დამიხატა, რომელიც წინასწარ ჰქონდა შესწავლილი, კუთვნილი ხელფასის ოდენობაც გამომკითხა და მითხრა:
კიდევ მეტი გექნებათ, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში უკვე ყველაფერი კარგადაა. ამ რეჟიმს ბევრი მტერი ჰყავს, დაცვა სჭირდება. თუ ვინმე რამეს იტყვის, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, მობრძანდეთ და მოგვახსენოთ.
ანუ ამ „სიტყვიერ პაექრობაში” თანამშრომლობაც შემომთავაზა. წამოვდექი.
– კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, თუ შეიძლება წავალ.
– მოითმინეთ ერთი წუთით, მე შემოგთავაზეთ, პასუხს ველი! – მითხრა გამკაცრებული ტონით.
– მაგას არ გავაკეთებ! – მივუგე კატეგორიულად.
ზარი დარეკა და ბრძანა, გაიყვანეთო. გამოვიარეთ კორიდორები, რომელთა გასწვრივ ოთახები იყო განთავსებული. ვიფიქრე, ახლა მტაცებენ ხელს–მეთქი... გასასვლელში ის ორგანოს მუშაკი შემხვდა, ვინც პირველად
მიმიღო. რომ დამინახა, თავი გააქნია – თითქოს თანაგრძნობა გამოხატა ამით. ძმაკაცებს შევხვდი და ეს ამბავი მოვუყევი, კარგადაც დავლიეთ...
– ჯანდაბას, რაკი არ დაგიჭირეს! – მითხრა მეუღლემ, შინ რომ მივედი.
ოტელოს მუმიო
„ოტელო” მოსკოვში გავიტანეთ გასტროლებზე. პირველი მოქმედების შემდეგ კულტურის მინისტრმა თემურ ბადურაშვილმა ჩემს საგრიმიოროში შემოიყვანა ცნობილი რეჟისორი მარკ ზახაროვი, რომელმაც სცენარი გადმომცა, ეს წაიკითხეთ და ხვალ შეგხვდებითო. მეორე დღეს კინოსტუდიაში მივედი სინჯებზე. გრაფ კალიოსტროს როლზე ამიყვანეს ფილმში „სიყვარულის ფორმულა”.
მარკ ზახაროვმა მითხრა:
– მსახიობ ქალებს გაჩვენებ და ამოირჩიე პარტნიორად, რომელიც გინდა.
არჩევანი ლენა ამინოვაზე შევაჩერე.
თბილისში დავბრუნდი და ერთ თვეში მოსკოვიდან გადაღებაზე დამიძახეს. ფილმის გადაღების დროს ასეთი რამ შემემთხვა: სასტუმროს ნომერში, ჩემთან, შეიკრიბნენ მსახიობები. დავიწყეთ მოლხენა, პიანინოზე ვუკრავდით და ვმღეროდით. ფანჯრები ღია მქონდა. უეცრად გარედან ტაშისკვრა მოისმა. გადავიხედე და ვხედავ – მშვენიერი გოგონა დგას.
– მოგეწონათ სიმღერა? – გადავძახე. გვარიანად ვიყავი შექეიფიანებული.
– ძალიან, – მიპასუხა.
– კიდევ რა გავაკეთო თქვენთვის?
გოგონა შეყოვნდა.
– თუ გნებავთ, გადმოვხტები.
– კი, ბატონო!
გადავხტი და... ჩავიკეცე. მერე წამოვდექი, გოგოს დავემშვიდობე და ზემოთ ამოვედი. ჩემი თანამეინახეები გვიან დაიშალნენ. დილის ხუთ საათზე ფეხის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, ქუსლი მქონდა მოტეხილი. მომაკითხა რეჟისორმა, ატყდა ერთი ამბავი.
– გამათავისუფლე და სხვა გადაიღე, – ვთხოვე რეჟისორს.
– ხომ არ გაგიჟდი?! არავითარ შემთხვევაში მაგას არ ვიზამ! – შეიცხადა, – რამდენი ხანიც დაგჭირდება, დავიცდი. მერე ვნახოთ.
გამსინჯა ექიმმა, პროფესორმა ქალმა. ექიმის ვარაუდით, ფეხი სამი თვე თაბაშირში უნდა მქონოდა. ჩამისვეს თაბაშირში ერთხელ, მეორედ... ასე თუ ისე, დგომა შევძელი და ნახევარი ფილმი ასე გადავიღეთ. სირბილის სცენაში დუბლიორი მომაშველეს.
ტკივილით ვიტანჯებოდი, მარტო ვცხოვრობდი და მიჭირდა. უცებ კარზე დააბრახუნეს. შემოვიდა ვიღაც უზბეკი, ახალგაზრდა კაცი, ხელში შეკვრა ეჭირა.
– ეს უნდა შეჭამო, – მითხრა.
– რა უნდა შევჭამო? – გავიოცე.
შეკვრა გახსნა, კუპრივით შავი, ქვასავით მკვრივი მასა იყო.
– ყველაზე ძლიერი წამალია, მუმიო. დილით, უზმოზე და ღამით, ძილის წინ უნდა შეჭამო, – ამიხსნა უზბეკმა, – მე ცხენოსანი ვარ, გადაღების დროს ძვლები თოთხმეტ ადგილას გადამემტვრა და ამის შემწეობით ორ თვეში მოვმჯობინდი, თაბაშირი არც მიხმარია.
– მუმიო საიდან მოიტანე? – დავიწყე მოძიება.
– უზბეკეთში, ჩემს სოფელში, ორი კლდეა გადაჯაჭვული, მათი ნაპრალიდან წვეთ–წვეთად ჩამოდის.
დავიწყე მუმიოს მიღება. მძიმე საჭმელი იყო, პირში მწარე გემოს მიტოვებდა. მაინც ვეძალებოდი, ზედმეტსაც კი ვკბეჩდი, რომ დროულად მოვრჩენილიყავი. 37–ე დღეს გამაშუქეს. უკვე შეხორცებული იყო. ექიმს დაუჯერებლად ეჩვენა. პრაქტიკანტები შემოიყვანა და უთხრა, აი, ხედავთ, რა ორგანიზმი აქვთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებსო. მე კი ვუთხარი, რომ მუმიომ მომარჩინა. გაშრა ქალი... და სტუდენტები გაისტუმრა.
თაბაშირი მომხსნეს. გადაღებაზე ჩექმა რომ ჩავიცვი და გავიარე, მთელმა გადამღებმა ჯგუფმა ტაში დაუკრა.
ციალა
ერთ ზაფხულს მარჯანიშვილის თეატრიდან დასავლეთ საქართველოს რაიონებში საკონცერტო წარმოდგენებს ვმართავდით, კაკო კვანტალიანთან და საშა გომელაურთან ერთად გახლდით. იმერეთის სოფელ მარანში წარმოდგენის დროს სცენიდან შევნიშნე ორი გოგონა, ერთ მათგანს წითელი კაბა ეცვა. წარმოდგენის შემდეგ მისმა მეგობარმა გოგონამ გამომკითხა, სად და როდის მივდიოდით. აბაშაში გვაქვს კონცერტები–მეთქი. შემოქმედებითი ჯგუფი ჩავედით აბაშაში და მოულოდნელად ამ გოგონებმა იქაც მოგვაკითხეს. აღარ დავაყოვნე და გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ თბილისელი იყო, ციალა ცომაია, აბაშაში ისვენებდა დეიდასთან (მისამართიც მითხრა).
ცხაკაიაში ფინგანი დაგვადგა თავს, ამოწმებდნენ, გვქონდა თუ არა უფლება, კონცერტები ჩაგვეტარებინა. კაკო კვანტალიანს ვინ რას ეტყოდა, მაგრამ ბატონმა კაკომ მაინც გადაწყვიტა, დავშლილიყავით. ჩემი პატარა ჩემოდნით წამოვედი აბაშაში და იმ სახლს მივადექი, სადაც ციალა ცხოვრობდა. ეზოდან ძაღლი გამოვარდა, ვიფიქრე, მიკბენს–მეთქი, მაგრამ არ შევეპუე, მაინც შევედი.
ფანჯარაში შევიხედე – ქალი და კაცი ნარდს თამაშობდნენ. დავაკაკუნე. ეტყობა, ციალამ თავიდან ვერ მიცნო. კარი რომ გამიღო, უცებ ცუდად გახდა... შინ შემიყვანა და გამიმასპინძლდნენ, ბიძამისთან ერთად ცოტა დავლიე. იმ ღამით სასტუმროში დავრჩი. ციალას დავუთქვი, რომ ბათუმში შევხვდებოდი. იმ შეხვედრიდან დაიწყო ყველაფერი...
თბილისში რომ ჩამოვედი, საგონებელში ჩავვარდი – არ ვიცოდი, ჩემი შეყვარებული სად ცხოვრობდა.
მაშინ, როგორც წესი, მთელი ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე სეირნობდნენ. 4–5 დღე ზედიზედ მეც გადაბმულად დავეხეტებოდი იმის ფიქრით, რომ იქნებ ციალას აქ მაინც შემთხვევით შევხვედროდი. მართლაც, ერთ დღეს მეგობრების წრეში შევნიშნე და მივედი...
ბოლოს შეუღლება გადავწყვიტეთ. ის ჩემი მეორე ნახევარი გახდა, ამ სიტყვის სრული გაგებით. პროფესიით ეკონომისტი იყო. ერთი შვილი შეგვეძინა, ალექსანდრე. თანაცხოვრების 46 წელი განვვლეთ... მეუღლის დაკარგვა მოსკოვში სერიალ „ბარონის” გადაღებას დაემთხვა...
დროს ვერ შეაჩერებ, ვერც შეებრძოლები
საერთოდ ნებისმიერი რეჟიმის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ. ბევრს კომპრომისზე წასვლა სჩვევია საკუთარი თავის საკეთილდღეოდ.
ღირსებას თუ დაკარგავ, ორდენი ვერაფერს გიშველის!
არასოდეს დაჩაგრო სხვა, საკუთარი თავი უნდა დაჩაგრო მხოლოდ, წინააღმდეგობა შენს თავში ეძებო, აღმოაჩინო ის უარყოფითი, რაც სხვას უშლის ხელს შენი არსებობით. ვინც ქვეყანას ცუდს უკეთებს, ყველა უღირსი და მიუღებელია ჩემთვის!
მეკითხებიან, რატომ აღარ ვჩანვარ სცენაზე.
ახლა აღარ ვარ საჭირო. რატომ უნდა მოვითხოვო ის, რაც აღარ მეკუთვნის? დროს ვერ შეაჩერებ, ვერც შეებრძოლები. ცოდოა ადამიანი, ვისაც ეს არ ესმის...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




