როგორ ახმარდა პავლე თუმანიშვილი ქონებას ქართულ საქმეს და რით დააჯილდოვა ის რომის პაპმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 29.10, 2024 წელი
პავლე იოსების ძე თუმანიშვილი 1872 წელს დაიბადა. დედა – იულია კონსტანტინეს ასული ზუბალაშვილი ნავთობის საბადოების მფლობელ ზუბალაშვილების ოჯახის წევრი იყო. მისმა მამამ და ძმებმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს საქართველოს საკეთილდღეოდ. მათ მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „სახალხო სახლი“ – ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრი, თავად-აზნაურთა გიმნაზია – უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, თბილისის მუსიკალური სკოლა – დღევანდელი კონსერვატორია და სხვა. იულია ზუბალაშვილის ქონებას, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო, პავლე თუმანიშვილი თავად განკარგავდა. მას ბიზნესი ჰქონდა საქართველოში, სპარსეთსა და ფინეთში, ასევე, მისი საერთაშორისო ინტერესების სფეროში შედიოდა საფრანგეთი, გერმანია, იტალია და სხვა ქვეყნები.
თავადი პავლე აქტიურად მონაწილეობდა ზუბალაშვილების მიერ წამოწყებულ სამრეწველო თუ სავაჭრო ღონისძიებებში, კეთილსინდისიერად ასრულებდა საზოგადოებრივ საქმეებს და არც ქველმოქმედებაზე ამბობდა უარს. მან დააფინანსა ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში 1910 წლის ზაფხულში; „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას“ შესწირა საკუთარი მიწის ნაკვეთი ვერაზე მუზეუმ–წიგნსაცავის ასაშენებლად; მონაწილეობას იღებდა საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობის დაგეგმვაში. მრავალი წლის განმავლობაში იყო ტფილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი და ხშირად გუბერნიის მარშლის თანამდებობასაც ასრულებდა.
მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში ზუბალოვებმა ნავთობის მინდვრები მილიარდ რუბლად მიჰყიდეს კომპანია SHELL OIL-ს და თავი შვეიცარიასა და საფრანგეთს შეაფარეს. თავიდან აქაური საქმეები პავლეს გადააბარეს, მაგრამ შემდეგ ნათესავი სოციალიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს და სუბსიდიების გაცემა შეწყვიტეს. მიუხედავად ამისა, პავლე თუმანიშვილი აგრძელებდა საქველმოქმედო საქმიანობას. მისი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი მასზე წერს: „...თავმდაბალი, კეთილი გულის პატრონი და კაცთმოყვარე, ის გამსჭვალული იყო ერთადერთის იდეით, ერთადერთის მისწრაფებით, რაც შეიძლება მეტი სამსახური გაეწია თავის სამშობლოსათვის... დაასრულა თუ არა უნივერსიტეტი, სულ ახალგაზრდა ჩაება ჩვენს საზოგადო საქმეებში და დიდის ენერგიით და დაუღალავად მუშაობდა... ყოველ ჩვენს დაწესებულებაში მონაწილეობას იღებდა და თავის ხარჯით უძღვებოდა საქმეებს. დედას ცოტა რამ შეძლება ჰქონდა მამისაგან ნაანდერძევი და პავლეს არ უშლიდა საზოგადო საქმეებზე შეძლებისამებრ ხარჯი გაეწია. საბავშვო ჟურნალი არ მოსპო და თავის პირადი საშუალებით ისტუმრებდა ხარჯებს.”
პავლე მეცნიერებისა და ხელოვნების მოყვარული იყო. აინტერესებდა ყველაფერი ახალი და პროგრესული.
პავლე თუმანიშვილი გახლავთ ქართული სამეცნიერო-პოპულარული კინოს ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი. მან ჯერ კიდევ 1918 წელს განსაზღვრა კინემატოგრაფიის პოტენციური შესაძლებლობები და შეადგინა დოკუმენტი „მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფიის“ პროგრამა, სადაც შეეხო სასკოლო სწავლებაში თვალსაჩინოების პრობლემას, კინოს საშუალებით პოპულარიზაციის მეთოდებს და სხვა. პავლე თუმანიშვილის პოლიტიკური მიმართულება ეროვნულ-დემოკრატიული იყო. მისი მონაწილეობით და ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამომუშავდა ამ პარტიის პირველი საჯარო ოფიციალური პროგრამა, რომელიც მან თავისი ხარჯით დაბეჭდა.
სარწმუნოებით კათოლიკე იყო. მფარველობდა და შემწეობას უწევდა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას. საკმაოდ ახლოს იცნობდა რომის პაპს პიუს მეთორმეტეს და ხშირად სტუმრობდა ვატიკანსაც. დაჯილდოებული იყო წმიდა სტეფანეს ორდენით, რომელიც პაპმა მას უკვე ემიგრაციაში უბოძა.
მომავალი მეუღლე, პოლონელი დიდგვაროვანი იადვიგა შიშკო, პავლე თუმანიშვილმა პეტერბურგში გაიცნო და იქვე დაქორწინდა. მალე ოჯახი თბილისში დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთში ხელისუფლება აიღეს ხელთ, პავლე თუმანიშვილი დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად და ბიზნესის საწარმოებლად იყო პარიზში. ნაცნობი გერმანელი ელჩის დახმარებით იადვიგამ მოახერხა ვიზისა და გამგზავრების ნებართვის აღება. 1921 წლის ბოლოს ოჯახი უკვე იტალიაში იმყოფებოდა. მალე პარიზიდან პავლეც ჩავიდა და ყველანი ვარშავაში გაემგზავრნენ. თავიდან საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ, რადგან პავლე თუმანიშვილს გარკვეული თანხა ჰქონდა შვეიცარიის ბანკში. მაგრამ როდესაც ფულის მარაგი ამოიწურა და საქართველოში სწრაფი დაბრუნების იმედიც აღარ ჰქონდათ, საჭირო გახდა რაიმე სამუშაოს მოძებნა. ეს კი ძალზე ძნელი საქმე აღმოჩნდა უცხოელისათვის, რომელმაც ამასთან, კარგად არ იცოდა პოლონური ენა.
პავლე პარიზში გაემგზავრა, სადაც ცდილობდა, საკმარისი რაოდენობით თანხა გამოემუშავებინა ოჯახის სარჩენად და ძველი ვალების გასასტუმრებლად. ამასობაში კაზიმეჟმა (მეუღლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან), რომელიც ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, იშოვა სამუშაო და მთელი ოჯახი ვილნიუსში გადავიდა საცხოვრებლად. 1935 წელს კაზიმეჟი კიდევ უფრო დააწინაურეს. ოჯახმა თითქოს ამოისუნთქა და სწორედ ამ დროს პოლონეთის ქალაქ სუვალკში 1935 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა თავადი პავლე თუმანიშვილი.
მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ „...თავადი პავლე იყო დიდი ოპტიმისტი. ვერავითარი მარცხი, ვერავითარი დაბრკოლება და უნუგეშო მდგომარეობა მას ვერ უცვლიდა რწმენას საქართველოს აღდგენისა, თავისუფლებისა და ბედნიერებისა. ეს ენთუზიაზმი მას შერჩა ემიგრაციაშიც და ჩაყვა საფლავშიც. უაღრესად გაჭირვებულმა მატერიალურმა მდგომარეობამ ვერ გადრიკა მისი სტოიკური ბუნება, მას ვერავისზე საყვედურს ვერ ათქმიებდი, არავითარ ფიზიკურ მუშაობას არ თაკილობდა... და ბოლოს და ბოლოს სხეულმა ვეღარ აიტანა და უდროოდ გარდაიცვალა...“.
გამოყენებული მასალების წყარო: ისტორია - რა იცით პავლე თუმანიშვილის შესახებ? ექვთიმე - ჭიჭინაძე ზაქარია. ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე; გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში; ჟვანია, გ. პავლე თუმანიშვილის „მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფი“; თაყაიშვილი, ექვთიმე. ნეკროლოგი: პავლე იოსების ძე თუმანიშვილი // დამოუკიდებელი საქართველო; .nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11:00 30.12, 2024 წელი
10:30 23.12, 2024 წელი
10:15 23.12, 2024 წელი