როგორ გახდა მედეა მეზვრიშვილი პირველი ქალი, ვინც პოლიციის გენერლის წოდება მიიღო და რატომ არ საუბრობდა ის პირად ცხოვრებაზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 17:16
მედეა მეზვრიშვილი – ადამიანი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის საქართველოს, კერძოდ, მშობლიური კახეთის წინაშე. ის იყო საგარეჯოსა და თელავის გამგებელი, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მის სახელს უკავშირდება თელავის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა, თელავში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა, დავით გარეჯის აღდგენა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. მოკლედ რომ ვთქვათ, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური და წინააღმდეგობებით სავსე ფიგურა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ქალი რომელმაც ძალოვან სისტემაში იმ დროს მიაღწია გავლენას, როცა ეს სფერო თითქმის მთლიანად მამაკაცების დომინაციაში იყო. მედეა მეზვრიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ყველა ფორმაციაში, ყველა დროს ქვეყნისთვის საჭირო საქმეები ეკეთებინა.
„ერთხელ იგი პარტიის აქტივის კრებაზე გამოვიდა და უკრაინის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეზე გაღიზიანებულმა თქვა, ბოგდან ხმელნიცკი ვინ არის, ყველამ თავისი მკვდარი იტიროს. ჩვენ კი კახეთში ერეკლე მეფის ძეგლი დავდგათო... და, ალბათ, აქ, ის მართალიც იყო.
მედეა მეზვრიშვილი ფართოდ გახდა ცნობილი 1990-იან წლებში – ერთ-ერთ ყველაზე ქაოსურ პერიოდში საქართველოს ისტორიაში, მაშინ, როცა კრიმინალი, შეიარაღებული დაჯგუფებები და პოლიტიკური არასტაბილურობა ჩვენი ყოველდღიურობა იყო. იგი აღმოჩნდა სისტემის შიგნით, როგორც მკაცრი და უკომპრომისო ფიგურა. მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც რკინის ლედის. ეს იყო მისი მეტსახელი, რომელიც მხოლოდ სქესის გამო არ დაურქმევიათ. მისი მუშაობის სტილი მკაცრი კონტროლი იყო, როგორც უშიშროების პრიორიტეტი – სწრაფი და უხეში გადაწყვეტილებებით. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც პოლიციის გენერლის წოდებას მიაღწია. მისი კარიერის პიკი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. ამ დროს მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე გვალენიანი ფიგურა იყო. საინტერესოა, რომ მას ხშირად მოიხსენეიბენ, როგორც „კაცი სისტემაში ქალის სხეულში“, რაც იმდროინდელი დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია. მას ჰქონდა პირდაპირი გავლენა ძალოვან ოპერაციებზე. მას ენდობოდნენ რთულ და კრიზისულ სიტუაციებში. ზოგი მას ხედავდა, როგორც სახელმწიფოს ნამდვილ დამცველს, ზოგი კი – როგორც სისტემის სიმკაცრის სიმბოლოს.
მედეა მეზვრიშვილის სახელი არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული, ყველაზე გახმაურებული ეპიზოდები მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებს, ძალის გადამეტებულ გამოყენებას, ოპონენტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას... ის წარმოადგენდა სისტემას, სადაც „მიზანი ამართლებს საშუალებას“, თუმცა მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ იმ დროს მას სხვა საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდია მისი დაპატიმრება 2000-იან წლებში. მას ბრალად ედებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაული, მათ შორის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. საქმე პოლიტიკური კონტექსტით იყო დატვირთული. თავად მეზვრიშვილი ბრალდებებს არ აღიარებდა. მისი მომხრეები ამბობდნენ, რომ ეს იყო პირდაპირი ანგარიშსწორება მისი პიროვნებისადმი. ეს პერიოდი აჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება, ძალაუფლება გადაიქცეს სისუსტედ. და მაინც, რატომ არის საინტერესო ყოველ დროში მისი პიროვნება, ქალი მამაკაცური სისტემაში. მას მოუწია არა უბრალოდ მუშაობა, არამედ მუდმივად საკუთარი ძალის დამტკიცება. მისი მეთოდები შეიძლება, აიხსნას, როგორც მცდელობა ქაოსის მართვისა, მაგრამ იმ ფასად, რაც ხშირად მისი კრიტიკის საგანი ხდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მედეა მეზრვიშვილს იურიდიული განათლება ჰქონდა და სისტემაში პროფესიონალიზმით შევიდა და არა შემთხვევით. კოლეგები ხშირად აღნიშნავდნენ მის მაღალ დისციპლინას და შრომისმოყვარეობას. ჰქონდა მკაცრი, მაგრამ ერთგვარად „ცივი“ კომუნიკაციის სტილი, ამიტომ მისი ისტორია სინამდვილეში არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბიოგრაფია, არამედ მთელი ეპოქის ანარეკლი – პერიოდის, როცა სახელმწიფო გადარჩენას ცდილობდა. მედეა მეზვრიშვილის სახელს თუ მოაშორებ სკანდალებს და თანამდებობებს, გამოჩნდება უფრო საინტერესო ადამიანი, რომელსაც სისტემამ ფორმა მისცა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოიყენა. მისი ტიპაჟი უფრო ახლოს დგას რაციონალურ კონტროლთან, ვიდრე ემოციურობასთან.
მედეა მეზვრიშვილთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული ისტორია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეხება. ამბობენ, ერთ-ერთ დაძაბულ მომენტში, როცა საზღვრის საკითხი მწვავედ დადგა, ადგილზე მივიდა და ფაქტობრივად, პირადად ჩაერთო დაცვაში. ის იქ არ იდგა უბრალო მეთვალყურედ. უნახავთ იარაღით ხელშიც, რომელიც საათობით იდგა იქ, როგორც ჩვეულებრივი სამართალდამცველი, რომლებიც ამ დროს ერთ სივრცეში იყვნენ განლაგებულნი. ერთი პიროვნება იხსენებდა: მედიკო არ იდგა სადმე უკან, არამედ ყოველ წუთს ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა იქ, სადაც ყველაზე მეტი კამათი იყო. ის ადგილზე მართავდა სიტუაციას, არა დისტანციურად. ერთხელ, შიდა სამუშაო შეხვედრაზე, თათბირზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა სცადა თავისი შეცდომა დაემალა. მეზვრიშვილმა პირდაპირ უთხრა: შეცდომა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ტყუილიაო. ერთხელ კი, ერთ-ერთი დაკავების ოპერაციაზე, როცა ეჭვმიტანილი აგრესიული იყო, მეზვრიშვილმა მკაცრი ტონი შეცვალა და მშვიდად უთხრა: მაინც დაგიჭერთ, მაგრამ როგორ – შენზეა დამოკიდებულიო. რამდენიმე წამში ის ადამიანი გაჩერდა და წინააღმდეგობების გარეშე ჩაბარდა. აი, ჟურნალისტებთან კი სულ დაძაბული მომენტები ჰქონდა. არ უყვარდა ინტერვიუები და ყოველთვის ცდილობდა, მათ არ დაენახათ (არქივში ამის ვიდეოეპიზოდიც არსებობს):
მედეა მეზვრიშვილი არ იყო კაბინეტში მჯდომი პიროვნება, ყოველთვის იქ იდგა, სადაც რთული მომენტი იყო. მას ჰქონდა წინ წასვლის ხასიათი და არ ერიდებოდა რისკს. სამსახურში ძალიან მკაცრი იყო, დისციპლინის მოყვარული, ხმამაღალ ტონსაც არ ერიდებოდა, ხოლო პირად ურთიერთობებში კი თბილი, ყურადღებიანი ყოფილა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. ერთხელ, შეცდომის გამო თანამშრომელი მიწასთან გაასწორა, თუმცა, მერე შეებრალა, პირადად დაუძახა და მშვიდი ტონით აუხსნა: ამ შეცდომის გამო კი არ გსჯი, მინდა, ძლიერი გახდეო.
პირად ცხოვრებაზე თითქმის არასოდეს საუბრობდა. თავისუფალ დროს ხშირად ახლობლებთან ატარებდა, თუმცა, სამსახურის თემებს სახლში არ ეხებოდა, რაც მის სფეროში იშვიათია. მისი კარიერა არ ყოფილა მშვიდი, უმწიკვლო. იყო პერიოდები, როცა თვითონ კი არ აკრიტიკებდა ვინმეს, მას აკრიტიკებდნენ, თუმცა ერთიც საინტერესო დეტალია – ის არასოდეს ცდილობდა, ვინმესთვის საჯაროდ გაეცა პასუხი, უფრო დუმილის სტრატეგიას იყენებდა, რაც ბევრს აღიზიანებდა. ეს მის კონტროლირებულ ხასიათზე მეტყველებდა.
არის კიდევ პატარა ისტორია: ერთ-ერთი გახმაურებული სპეცოპერაციის დროს თბილისში, როცა ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, რამდენიმე მაღალჩინოსანი ცდილობდა გასაკონტროლებლად დანაშაულის ადგილზე შესვლას. მეზვრიშვილიც იქ იყო, მან კარი ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და თქვა: აქ მუშაობენ და თქვენ ხელს არ შეუშლითო. გაგიჟდნენ. როგორ, ჩვენც ვმუშაობთო. მოკლედ, რამდენიმე წუთით გარეთ დატოვა ის ხალხიც კი, ვისაც ფორმალურად უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდა. ეს ეპიზოდი ხშირად მოჰყავდათ მათ, ვისაც ახსოვდა მისი მუშაობის სტილი, როგორც მისი დამოუკიდებლობის და „ზედმეტი ჩარევის მიუღებლობის“ მაგალითი.
კიდევ არის ისტორია – ერთ-ერთი ნარკოდანაშაულის საქმეზე, როცა ასევე, ბინაში შესვლა იყო საჭირო და ეჭვი არსებობდა შეიარაღებაზე, თანამშრომლები ყოყმანობდნენ... მეზვრიშვილმა განაცხადა – თუ ვინმე უნდა შევიდეს, პირველი მე ვიქნებიო. რეალურადაც არ დათმო თავისი პოზიცია და ოპერატიულ ჯგუფთან ერთად შევიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




