საზოგადოება

რა წარმატებას მიაღწია არაერთ ქვეყანაში ვახტანგ ჟორდანიამ და როგორ დაიმსახურა მისმა ნამუშევარმა „გრემი“

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 45 წუთის წინ

ვახტანგ ჟორდანია
დაკოპირებულია

მუსიკოსი ვახტანგ ჟორდანია დაიბადა 1942 წელს თბილისში, ისტორიკოს გივი ჟორდანიას ოჯახში. დედა ბარბარე გლადკოვა ხელოვნებათმცოდნე იყო.

მუსიკის სწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. წარმატებით დაამთავრა ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრას ჩერნიავსკაიას კლასში ეუფლებოდა. თავიდანვე დირიჟორობაზე ოცნებობდა, თუმცა, მხოლოდ 1965 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანოს ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტის მესამე კურსზე. სტუდენტობის წლებში ლენინგრადის საოპერო სტუდიაში ორმოცჯერ წარმატებით უდირიჟორა სხვადასხვა სპექტაკლს.

შემდეგ კი იყო ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; ლენინგრადის რადიო-ტელევიზიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი; ქალაქ სარატოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; სარატოვის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი; ქალაქ ხარკოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.

1983 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში: 1985-1992 წლებში იყო ქალაქ ჩატანუგას (ტენესის შტატი) საოპერო და სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1989 წლიდან – ქალაქ ტენესის უნივერსიტეტის მაგისტრი; 1991-1993 წლებში – ქალაქ სპოკანის ორკესტრის დირიჟორი. ტენესის უნივერსიტეტში მიჰყავდა სადირიჟორო ხელოვნების მასტერკლასები.

ბოლო წლებში ვახტანგ ჟორდანიამ „თავისუფალი მსოფლიო მოქალაქის“ სტატუსი აირჩია. ის ხან რუსეთის სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ხანაც სეულის საოპერო თეატრისა და სამხრეთ კორეის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი. 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსულ ფედერალურ სიმფონიურ ორკესტრს. 2002 წლიდან სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლდათ.

ვახტანგ ჟორდანიას რეპერტუარში იყო ბრამსი, სიმფონია N4, მისივე სავიოლინო კონცერტი; დვორჟაკი, სიმფონია N9 „ახალი სამყაროდან“, ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის სიმფონიები და მრავალი სხვა ნაწარმოები.

ჰქონდა გასტროლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეაში, უნგრეთში და სხვა.

მისი რეგალიები მრავაფეროვანია, იყო ჰერბერტ ფონ-კარაიანის სახელობის „ახალგაზრდა დირიჟორთა“ საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო არტისტი.

2001 წელს ხარკოვში დააარსა დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი „ვახტანგ ჟორდანია – მესამე ათასწლეული“.

ამერიკული პერიოდი ვახტანგ ჟორდანიას შემოქმედებაში იმითაც გამოირჩევა, რომ საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, აქტიურად მუშაობდა ჩანაწერებზე. მან მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ფირმებში ჩაწერა 60-ზე მეტი კომპაქტ-დისკი. აქედან ექვსმა პრესტიჟული „გრემის“ ჯილდო დაიმსახურა.

ვახტანგ ჟორდანია გარდაიცვალა 2005 წელს ვირჯინიაში. მისი ანდერძის თანახმად, ურნა ფერფლით თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიწას მიაბარეს – მამის, გივი ჟორდანიასა და დედის, ვერა გლადკოვა-ჟორდანიას გვერდით.

ვახტანგ ჟორდანიას ოთხი შვილი დარჩა. მისი უფროსი ვაჟი, გიორგი ჟორდანია, ასევე, დირიჟორი გახლდათ.

გამოყენებული მასალების წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; სარუხანოვა ირინა. ქართველი ამერიკელი დირიჟორი: (ვახტანგ ჟორდანიას პორტრეტისათვის) // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები; ვიკიპედია; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი