საზოგადოება

რისი ეშინოდა მარინე თბილელს და რატომ გაუმწარდა მას სიბერე

№38

ავტორი: ეკატერინე პატარაია 48 წუთის წინ

მარინე თბილელი
დაკოპირებულია

მარინე თბილელი, მართლაც თბილი და ელვარე არტისტი, ახლაც აგრძელებს სცენურ სციცოცხლეს თავის ქალიშვილში – ბაია დვალიშვილის სცენურ ცხოვრებაში. ასე ეწადა და ახდა კიდეც მისი ოცნება.

მარინა დაიბადა თელავში, 1920 წელს. მისი დედის პირველი მეუღლე თბილისელი პოლონელი დამბროვსკი იყო. დამბროვსკის აფთიაქი ჰქონდა წითელწყაროში და ოჯახი იქ ცხოვრობდა. მაშინ შეეძინათ მათ მარინეს უფროსი და-ძმა. შემდეგ დამბროვსკი გარდაიცვალა. მარინეს დედა მეორედ გათხოვდა თურქეთიდან გადმოსულ სომეხ ექიმზე – კარაპეტიანზე, სწორედ მისგან შეეძინა მარინე, მაგრამ მარინე, უფროსი და-ძმის მსგავსად, დამბროვსკაიას გვარს ატარებდა. ახტაჯანა მარინე, ჯოხის ცხენს რომ დააჭენებდა თელავიდან ნადიკვარამდე, ერეკლეს სასახლის ქონგურებს რომ ცვეთდა გარშემო სირბილით, სკოლაში ბეჯითად სწავლობდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს კითხულობდა... ათი წლის იყო, მარინეს ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მალე მამაც გარდაეცვალა. უკან დარჩა უდარდელი ბავშვობა, კახეთი და სცენაც. ხანდახან თუ გაახსენდებოდა ბავშვობის გატაცება, როცა ვინმეს გამოჯავრება-მიბაძვისთვის შეაქებდნენ – მსახიობის ნიჭი გაქვსო. მარინეს 16 წელი უსრულდებოდა. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, პედაგოგობისთვის ემზადებოდა, გახდებოდა კიდეც, მაგრამ…

ჯერ იყო და, სასწავლებლის წინ „ლენფილმის“ რეჟისორები გადაეყარნენ და სტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ ფილმი ჩაიშალა. მერე თბილისში სამწლიანი კინოსამსახიობო სასწავლებელი გაიხსნა. მარინეს თვითონ არ მიუკითხია. მარინეს მიაკითხეს – სამსონ სულაკაურმა, ვისი თაოსნობითაც სასწავლებელი გაიხსნა, მარინეს შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავისთან დაიბარა. „15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, – იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე, სასწავლებელში ჩარიცხულიყო. კინოსამსახიობოზე კი დაიწყო სწავლა, მაგრამ ოჯახს უმალავდა. მარინეს ყოველ საღამოს სადღაც გაუჩინარებით მისი ძმა დაინტერესდა, ჩუმად აედევნა და მარინეს საიდუმლოც გაიხსნა. მეორე დღეს სასწავლებელში მისული, ატირებული მარინეს დედა ძლივს დაამშვიდეს, დაიყოლიეს. სასწავლებელი რომ დაამთავრა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტიც გაიხსნა და მარინემ, მალიკო მრევლიშვილისა და დოდო ალექსიძის რეკომენდაციით, თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა – მესამე კურსზე ჩაირიცხა. სწორედ თეატრალური ინსტიტუტის ახლგახსნილ სცენაზე ითამაშა თავისი პირველი როლი – ტაჯიკი გოგონა მირ-ახმედოვა აკაკი ვასაძის დადგმულ „პავლე გრეკოვში“. 1940 წელს მარინემ ინსტიტუტი დაამთავრა და რუსთაველის თეატრში ჩაირიცხა. რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. დღეს უკვე საქვეყნოდ აღიარებული სცენური გვარი „თბილელი“ მას სწორედ აკაკი ვასაძემ დაანათლა და ამ გვარით აკურთხა ქართულ სეცნაზე. მარინემ სწორედ ამ ფსევდონიმით დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ამ ფსევდონიმითვე შევიდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. „მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის“, – წერდა აკაკი ვასაძე. (მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მათი ოჯახი მალე დაინგრა – მარინე კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან და დედასთან დაბრუნდა, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა).

მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეულად განიცდიდა ამას და იმდენად მტკივნეულად, რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას. მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო. თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…

მანამდე კი იყო მთელი ცხოვრება.

„ფაქტობრივად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატრობას მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი. მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხმდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე“.

მსახიობმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში შვიდი როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავალში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო, რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი. დგამდა შანშიაშვილის „ხევისბერ გოჩას“… მარინე თბილელს ძიძიას როლი მიანდო. „მაცვიფრებდა მარინეს გარეგნობა. რაღაც განუმეორებელი ელფერი დაჰკრავდა სახეზე, ხავერდოვანი ატმის ფერი. გამოხედვაში სიცოცხლის დამამკვიდრებელი მუხტები ამოიცნობოდა. როდესაც ვუყურებდი მას, სულში გაზაფხული ჩამისახლდებოდა ხოლმე“, – გაიხსენებს მოგვიანებით უკვე აღიარებული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი. ისინი სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ. სწორედ მარინე თბილელს მიუძღვნა თავისი საუკეთესო ლექსი ვახტანგ ბოჭორიშვილმა.

მარინე თბილელი კი, 1946 წელს თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის თეატრში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის გამონახვა არტისტულ ოლიმპოზე. თუმცა არც ეს გზა იყო უმტკივნეულო.

***

„ომისშემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის, მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“, – იხსენებდა მსახიობი. როლებთან დაკავშირებითაც ხშირად სტკენია გული. „მარიამ სტიუარტში“ მარიამის როლზე დანიშნული ვიყავით ორი მსახიობი – ვერიკო ანჯაფარიძე და მე. ვინაიდან ვერიკოს არ უყვარს დიდხანს მუშაობა ტექსტზე და მიზანსცენების გამართვის პროცესი, მთელი რეპეტიციები ვასო ყუშიტაშვილმა მაგიდასთან ჩემთან ჩაატარა და პირველი მოქმედების მიზანსცენებიც გამართა. მოვიდა ვერიკო, მოეწონა და განაგრძო მუშაობა. მე როლი აღარ მითამაშია, მაგრამ ეს რეპეტიციები დიდი გაკვეთილი იყო.“

1957 წელს მარინე თბილელმა იქორწინა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე. აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, დააწინაურეს და თეატრს ჩამოაშორეს – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს. წლების განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

აკაკი დვალიშვილი: „მოსაგონარი მართლაც რომ ბევრია. არც კი ვიცი, რა გიამბოთ… სულ თავიდან დავიწყებ. მარინა მაშინ რუსთაველის თეატრში იყო. მე, როგორც რიგითი მაყურებელი (მაშინ დოთ-ის სტუდენტი ვიყავი), მოვხვდი სპექტაკლზე „კრწანისის გმირები”. რომ შემოვარდა სცენაზე აღმოსავლურ კოსტიუმში გამოწყობილი ეს ულამაზესი ქალი, მოსვენება დავკარგე. ერთი სიტყვით, მოვიხიბლე. მერე თვალთახედვიდან დამეკარგა, თურმე სოხუმში გადასულა სამუშაოდ… და აი გავიდა წლები, მე უკვე რეჟისორი ვარ და მარჯანიშვილის თეატრში ვესწრები „რომეო და ჯულიეტას” ღვთიური სილამაზის მედეა ჯაფარიძის ჯულიეტას გვერდით დგას ულამაზესი ქალი, ქალბატონი კაპულეტის როლში და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის ჩემი თეკლა ბატონიშვილია „კრწანისის გმირებიდან”, რომელმაც მე ჩემს სტუდენტობაში ასე მომხიბლა. მივხვდი იმასაც, რომ ამ ქალზე შეყვარებული ვიყავი. მალე ვიქორწინეთ, მერე შეგვეძინა ბაია… სიტკბოებასა და ურთიერთპატივისცემაში 40 წელზე მეტი გავატარეთ… მარინე საოცრად ამაყი იყო. ღირსების ფასი იცოდა… მე ყოველთვის დაკავებული ვიყავი, ვხუმრობ ხოლმე, სულ მუდამ სოციალიზმის ხარჩოებზე ვიდექი და ქვეყანას ვაშენებდი-მეთქი, სად მეცალა სახლში შემოსახედად, ოჯახს მთლიანად მარინე უძღვებოდა, მე კი ხუმრობით სêðჭøåíèå íჭøåჯî ჰîìჭ-ს მეძახდა. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დატვირთული რეჟიმით ცხოვრობდა, მუდამ კარგ გუნებაზე იყო. ჩვენს სახლში ყოველი დღე მარინეს კისკისითა და სიმღერით თენდებოდა. მისი თეატრთან განშორება მძიმე იყო. ავადმყოფობის შემდეგ, როცა შესთავაზეს, თქვენი რეპერტუარი უნდა განვაახლოთო, თვითონ შეუთვალა უარი, მე მორალური უფლება აღარ მაქვს, განახევრებული ენერგიით რუსთაველის თეატრის სცენაზე გავიდეო… ამას მოჰყვა მისი ვაჟის, აკაკი ვასაძის გარდაცვალება. მარინე უკვე მძიმედ ავად იყო, შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ბოლომდე ვერ აცნობიერებსო მის თავზე დატეხილ უბედურებას… თუმცა ნელ-ნელა დაილია და მალე სულ ჩაქრა. ძალიან მიჭირს მის გარეშე”.

მოგვიანებით, მარინე თბილელი ანკეტაში ერთობ უშუალოდ ჩაწერს: „30 წელიწადია, მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს“.

„საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო? ანკეტაში კითხვაზე – „თქვენი ხასიათი“, მარინე თბილელი პასუხობდა: „კაპარჩხანა“. არც იმას მალავდა, რომ ეშინოდა სიბერისა და სცენის მიტოვების, არც იმას, რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო. ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა: „მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება…“ აღაფრთოვანებდა კარგი სპექტაკლი, ლიანა ისაკაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, რიხტერი… აკვირვებდა ტელევიზორი, ტელეფონი, გაფრენა კოსმოსში. ოცნებობდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე და აიხდინა კიდეც ოცნება –1974 წელს, უკვე მაშინ როცა თავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა. უკვე სარეცელს მიჯაჭვული ვასო გოძიაშვილი დაჟინებით ითხოვდა მარინე თბილელის დაბრუნებას მარჯანიშვილის თეატრში. იმ ეტაპზე მარინე შორს იდგა სტურუას თეატრის სტილისტიკისგან, მაგრამ ვაბანკმა გაამართლა. იგი სტურუას არტისტად იქცა.

მას ხშირად უწევდა თეატრების ცვლა, მაგრამ ყველგან ახერხებდა ადგილის დამკვიდრებას. ის იყო მუდამ რისკიანი და არასოდეს აშინებდა ახლის ძიება. იყო გულწრფელი ცხოვრებაში და მეტად თბილი და თან ელვარე არტისტი სცენასა თუ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც, ისევე როგორც არაჩვეულებრივი გარეგნობის სხვა მსახიობ ქალებს, დიდად არ სწყალობდა ქართული კინო, რამდენიმე როლით მაინც მოახერხა, აღბეჭდილიყო ჩვენს მეხსიერებაში.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი