საზოგადოება

რის გამო იყო გასაიდუმლოებული ვიქტორ სულაქველიძის მოღვაწეობა საქართველოში და რა იარაღი შექმნა მან კოსმოსური ომებისთვის

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 26.01, 2022 წელი

ვიქტორ სულაქველიძე
დაკოპირებულია

ვიქტორ სამსონის ძე სულაქველიძე 1919 წლის 15 დეკემბერს ვანის რაიონის სოფელ მთისძირში, რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.

1942 წელს მან დაასრულა კიროვის სახელობის თბილისის ინდუსტრიული, მერე კი – პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. რის შემდეგაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს.

გაწვევის მიუხედავად, ვიქტორს ჯარში არ უმსახურია, რადგან იოსებ სტალინის ბრძანების თანახმად, ყველა წარჩინებული კურსდამთავრებული სამხედრო აკადემიებში მიავლინეს. ეს ნაბიჯი წარმოადგენდა აუცილებელობას ოფიცერთა რიგების შესავსებად. ასე აღმოჩნდა ახალგაზრდა სპეციალისტი ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემიაში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა. თუმცა ამით მისი სამხედრო კარიერა არ დასრულებულა, ის სამხედრო სამსახურში დარჩა და მთელი შემდგომი ცხოვრება აკადემიის კედლებში გაატარა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1946 წლებში, ვიქტორ სულაქველიძე, ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემიასთან ერთად, ევაკუაციაში იმყოფებოდა, უზბეკეთში. აკადემია განლაგებული იყო სამარყანდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის შენობაში და იქიდან მოსკოვში მხოლოდ ომში გამარჯვების შემდეგ დაბრუნდნენ.

ვიქტორ სულაქველიძის საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მისი მოღვაწეობის შესახებ სამშობლოში არაფერი იცოდნენ. „შენ მიყიდული ხარ სახელმწიფოს“, – უთქვამს მას ერთხელ. ვიქტორი მთელი ცხოვრება საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი ოცნების ახდენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ვიქტორ სულაქველიძე რაკეტების შექმნაზე მუშაობდა. ის ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვულ) ქობინებს, იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. ზუსტი ინფორმაცია ისევ საიდუმლოა, მაგრამ სავარაუდოდ, პროფესორ სულაქველიძეს შემუშავებული ჰქონდა ჩვეულებრივი ჭურვების აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის გენერირების მეთოდები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, რაც მომავლის იარაღად მიიჩნევაა, რადგან ის მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი.

გარდა ამისა, ქართველი მეცნიერი ცნობილია, როგორც ლაზერული პისტოლეტის ავტორი. ამ იარაღის მთავარი დანიშნულება კოსმოსურ სივრცეში მოწინააღმდეგის თანამგზავრის ოპტიკური ხელსაწყოების მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ.

საბჭოთა გენერლები არ გამორიცხავდნენ, რომ ამერიკელ ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე მფრენი საბჭოთა უპილოტო და პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების ხელში ჩაგდება განეზრახათ. სწორედ თანამგზავრების კოსმოსურ ორბიტაზე დასაცავად საბჭოთა კავშირის გენშტაბმა ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტის შექმნა დაუკვეთა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის მეცნიერებს, კონკრეტულად, იმ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, რომელსაც ვიქტორ სულაქველიძე ხელმძღვანელობდა.

გენერალ სულაქველიძის სამეცნიერო ჯგუფმა, 1984 წელს შეძლო, შეექმნა პისტოლეტი, რომლის ვაზნაში არც ტყვია იყო და არც დენთი. მასში ჩამონტაჟებული გახლდათ პიროტექნიკური ნარევი, რომელსაც ზემოდან ვოლფრამის შემცველი პასტა ჰქონდა გადასმული. გასროლისას პისტოლეტის სასხლეტის წინ ჩამონტაჟებული ჩვეულებრივი „კრონას“ ბატარეიდან ელექტროიმპულსი მიეწოდებოდა ვაზნას, მისი შიგთავსი ფეთქდებოდა და დიდი ენერგია წარმოიქმნებოდა, რომელიც პისტოლეტის ლულაში მოთავსებული სპეციალური ლინზების სისტემის გავლით მიზნისკენ ლაზერის სხივს გასტყორცნიდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოება იყო, მაგრამ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ „კოსმოსური ომების“ საფრთხეც წარსულს ჩაბარდა და სულაქველიძის ლაზერულმა პისტოლეტმა ბინა სამხედრო აკადემიის ისტორიის მუზეუმში დაიდო.

ვიქტორ სულაქველიძე იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი, მოსკოვის საარტილერიო აკადემიის სარაკეტო კათედრის გამგე, რსფსრ-ის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. მას სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობისთვის მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

გენერალმა სულაქველიძემ შექმნა დიდი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც აღზარდა მრავალი წარმატებული სამხედრო სპეციალისტი, მათ შორის, 12 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მას ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური ნაშრომი.

ვიქტორ სულაქველიძე 1984 წლის 31 ოქტომბერს, მოსკოვში გარდაიცვალა. ჩამოასვენეს საქართველოში და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

გენერალს დარჩა მეუღლე – სოფიო გრიგოლის ასული და შვილები – გურამი და ბორისი. უფროსი ვაჟი გახლავთ ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. უმცროსი ვაჟი კი – სამხედრო ექიმი, პოლკოვნიკის წოდებით.

გამოყენებული მასალების წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია; ვიკიპედია; „კვირის პალიტრა“; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი