საზოგადოება

რის გამო არ მიდის ერთადერთი ქალიშვილის საფლავის მოსანახულებლად გიული ჩოხელი და საიდან იცის მან საკუთარი გარდაცვალების დრო

№23

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 16.06

გიული ჩოხელი
დაკოპირებულია

იშვიათია ადამიანი, რომელიც ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულ სულსა და შემართებას ინარჩუნებს. ასეთია, ქართული ჯაზის სახე, დამოუკიდებელი ადამიანის სიმბოლო, გიული ჩოხელი, რომელიც 90 წლის ასაკში სცენაზე მყარად დგას და როგორც თავად ამბობს, მომავალში ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი. ფაქტია, მისი მეამბოხური სულისკვეთება და მთიულური, ძლიერი სახასიათო შტრიხები აძლევს იმის საშუალებას, არაფერი ინანოს, მხოლოდ პოზიტივზე იფიქროს და ბევრი ილოცოს, რომ უფალთან, რაც შეიძლება, ახლოს იყოს.

გიული ჩოხელი: ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავავლებ თვალს, ვფიქრობ, ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი გულით, არსებით, ლექსებით, სიმღერებითა და ზოგადად, შემოქმედებით, ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. მე ვარ ნაღდი თბილისელი და სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქალაქი. მტკივა მისი ტკივილი და მიხარია მისი სიხარული. ერთი სიტყვით, ახლა რომ ვიხსენებ იმ განვლილ წლებს, ბედნიერი ვიყავი, რადგან მქონდა ჩემი საქმე, ვმღეროდი. მტერი მიშლიდა ხელს, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი, წინ და წინ მივიწევდი. რადგან მე ვიყავი ქართველი, მიყვარდა ჩემი სამშობლო, ჩემი შემოქმედება და მთელი ჩემი ცხოვრება ამას მივუძღვენი. კიდევ ვამბობ, არ ვაქცევდი ყურადღებას მტრებს, წინ და წინ მივიწევდი, რადგან ადამიანებს ვუყვარდი, მიიღეს ჩემი მუსიკა, სიმღერები და მე ვიყავი თამამი და ახლაც თამამი ვარ. ახლახან ფესტივალზე გამოვედი და დაინგრა იქაურობა, ისე მიმიღეს ახალგაზრდებმა, ყვიროდნენ: გიული, გიული, გენაცვალე... დღემდე პოპულარული ვარ ჩემი სიმღერებით და როგორ შემიძლია, ვთქვა ბედნიერი არ ვარ-მეთქი.

– ქართული ჯაზის სახე ხართ, თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ადამიანის სიმბოლო. რა გაძლევდათ ენერგიას, სტიმულს, რომ ასე მოსულიყავით დღევანდელ დღემდე?

– მე ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და ეს მაძლევს შინაგან ძალას. მე ვარ მართალი, არავითარი ეშმაკობა ჩემს სულში, გულში და ცხოვრებაში არ ყოფილა და არც იქნება არასდროს, ამიტომ ვარ ძლიერი. ძალიან ბევრ ცუდს გავუძელი და დღემდე ვუძლებ და ამის ძალას ღვთისმშობელი მაძლევს. სამ საათში ერთხელ ვლოცულობ, ესაა ჩემი საუბარი ღვთისმშობელთან. მისი ხმა მესმის ყოველთვის და მაძლევს ძალას. ძალიან მორწმუნე ოჯახის შვილი ვარ. ბებია მყავდა მორწმუნე, ბებიას ძმა, კუკიის სასაფლაოზე რომაა წმიდა ნინოს ელესია, იმის მოძღვარი გახლდათ და იქ მისი ქანდაკებაც დგას, პირდაპირ ეკლესიის წინ. ასე რომ, მთელი ოჯახი მორწმუნეები ვიყავით.

– ვისაც თქვენი წიგნი – „ეს იყო სიზმარი“ – წაუკითხავს, ისეთი ტრაგედიები გადაიტანეთ, თქვენი განვლილი გზა მართლაც სიზმარს ჰგავდა. წესით, თქვენთვის ცხოვრება გაუსაძლისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ალბათ, რწმენა გაძლიერებდათ.

– ნამდვილად ასეა, ჩემი ცხოვრება ნამდვილად სიზმარს ჰგავდა. წარმოიდგინეთ, მკლავდნენ კიდეც, ნაჯახი ჩამარტყეს თავში, რომლის გახსენებაც არ მინდა, ერთადერთი ქალიშვილი გარდამეცვალა, მაგრამ ცხოვრებამ მაინც ვერ დამაგდო. მის საფლავზე კი არ მივდივარ, რადგან იმ ქვეყანაშია დასაფლავებული, სადაც არასოდეს დავდგამ ფეხს. ეს, ცალკე დროის ტრაგედიაა.

– ერთადერთი ქალიშვილი გარდაგეცვალათ და ამაზე დიდი ტრაგედია ადამიანისთვის, დედისთვის არ არსებობს. როგორ გადარჩით, როგორ გაუძელით ტკივილს, რომელსაც გულით ატარებდით და დღემდე ატარებთ?

– ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, იცით, როგორ გადავრჩი? რამდენიმე თვე ვიყავი ჩაკეტილი. არც კარს ვაღებდი, არც ტელეფონს ვეკარებოდი და არც ადამიანებს ვეკონტაქტებოდი. ღამეებს ლოცვებში ვატარებდი და გარდაცვლილი ოჯახის წევრების – დედაჩემის, ჩემი ქმრის ფოტოებს ვესაუბრებოდი, ჩემი შვილის კომპოზიციებს ვისმენდი, მას ველაპარაკებოდი... ჩემი შვილი დღემდე ცოცხალია, დინარა არასოდეს მტოვებს, სულ მოდის სიზმრებში და მეხუტება.

– როგორც ვიცი, ერთადერთი ქალიშვილისგან, ერთადერთი შვილიშვილი დაგრჩათ. მასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

– როგორ არა. ჩემი შვილიშვილი 38 წლისაა, სამი შვილი ჰყავს და სულ პატარა ერთი წლისაა – ქრისტიან მელაძე. ჩამოდიან ხოლმე ზაფხულში.

– ქალბატონო გიული, ამბობენ, თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია, ერთი ნახვით შეყვარებით დაიწყო. დღეს ხომ არ ნანობთ, რომ ღალატი არ აპატიეთ?

– ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ისტორია ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარებით დაიწყო, მაგრამ ღალატი რომ არ ვაპატიე, არ ვნანობ. ყველას აქვს თავისი შემართება, ცხოვრების ხედვა, სურვილი, თავმოყვარეობა... ორივე ჯაზმენები ვიყავით, ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი პიანისტი იყო. ერთად, ორივემ, უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ ევროპასა თუ ამერიკაში. ამ სიყვარულს არასოდეს ვინანებ, მაგრამ ის დამთავრდა და მორჩა. ახლა მე უფალი მიყვარს და ის მიხსნის გზას, როცა რამეზე ვფიქრობ და განვიცდი. მის წყალობას ყოველთვის ვგრძნობ, ხმაც ჩამესმის.

– უცხოეთში, ძალიან უყვარდათ თქვენი შემოქმედება და გაფასებდნენ. არასოდეს გქონიათ სურვილი, დარჩენილიყავით და იქ გაგეგრძელებინათ სასიმღერო კარიერა?

– ამერიკიდანაც იყო შემოთავაზება და ევროპიდანაც, მაგრამ არა, არასოდეს გამჩენია სურვილი, უცხოეთში დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძლებინა კარიერა. 1993 წელს ამერიკაში ვიყავი, როცა შევარდნაძის ფოტო ვნახე სისხლიან მაისურში, ტერაქტი რომ მოუწყვეს. მეგობრებს ვუთხარი, სასწრაფოდ აიღეთ ბილეთი, მე მივდივარ საქართველოში! არადა, ერთი წელი ვიყავი ამერიკაში, ფილმი გადავიღე, ფირფიტა ჩავწერე, კონცერტები მქონდა, მაგრამ მივხვდი, ჩემს ქვეყანაში რთული პერიოდი იდგა და მე აქ უნდა ვყოფილიყავი. არასოდეს მინანია სამშობლოში დაბრუნება, არცერთი წამი. ჩემი ქვეყანა ჩემი ხატია.

– არის ისეთი რამ, რასაც ცხოვრებაში ნანობთ და ახლა რომ უკან დაგაბრუნოთ, შეცვლით?

– ვნანობ, უახლოესი მეგობრები რომ მღალატობდნენ, მაგრამ არაფერი გაუვიდათ. ისინი მღალატობდნენ და მე არ ვპასუხობდი. ამან და ზოგადად, ჩემმა ხასიათმა გადამარჩინა. დღეს ჩემ გვერდით არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც ხელი გამომიწოდეს და აგერ უკვე შვიდი წიგნი დავბეჭდე. ასე რომ, ამ წუთას ყველაზე დიდი სიძლიერე ჩემი მეგობარია. ახლა რომ უკან, 70-იან წლებში დამაბრუნოთ, იმავე გზას გავივლიდი, არაფერს შევცვლიდი. მე ყოველთვის უფლის გზით მივდიოდი, მან გამიხსნა გზა და მივდიოდი ჩემი სიმღერებით, გამარჯვებებით, ტაშით...

– წარმოშობით მთიული ხართ. ამ კუთხის ადამიანებს ცოტა ჯიუტი და ხისტი ხასიათი აქვთ. ეს თვისებები თქვენშიც ჭარბობს?

– ვერ გეტყვით, მთიულებს როგორი ხასიათი აქვთ, მაგრამ ჯიუტი ვარ, თან ძლიერი, ძალიან ძლიერი.

– 90 წლის ასაკში, საკმაოდ კარგად გამოიყურებით. ამბობენ, გული არ ბერდებაო...

– თუ პირადობას არ ჩავხედე, თავი ისევ ახალგაზრდა მგონია. (იცინის). როცა გრიმს ვიკეთებ, ვიცვამ და გავდივარ სცენაზე, ყველა მეუბნება, პატარა გოგოსავით ხარო. რომ გითხრათ, თავს განსაკუთრებულად ვუვლი-მეთქი, მოგატყუებთ. მორწმუნე ვარ და ქირურგიულ პროცედურებს არ ვიტარებ, ცხელი წყლით ვიბან სახეს და გენეტიკა მშველის, 90 წლის ასაკში ასე რომ გამოვიყურები. სხვათა შორის, წლების მატება არ მაშინებს, უკვე ვიცი, როდის უნდა წავიდე. ჯერ მაქვს დრო და ჯერ ადრეა. გასაკეთებელი მაქვს რაღაც-რაღაცები, დავამთავრებ და მერე დავიძინებ... როგორც ჩემი ბებია. ბებია ნინო 100 წლამდე იყო, დაიბანა, ჩაიცვა თეთრები, დაიხურა ჩიხტიკოპი, დაწვა, დაიძინა და დილით მერძევე რომ ეძახდა და ხმა არ გასცა, შევიდა და საწოლზე გაშეშებული დახვდა, შუბლზე გამოსახული ჯვრით. კუკიის სასაფლაოზე, წმიდა ნინოს ეკლესიაში ესვენა სამი დღე და მერე, კუკიის სასაფლაოზე დაასაფლავეს. დედა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა და სასწაულად გამოიყურებოდა. მთელი ოჯახი და სანათესაო არტისტები მყავდა და ქირურგები. ყველა გადასარევად მღეროდა, სასწაული ხმები ჰქონდათ. ასეთი სასწაული გენეტიკის მატარებელი ვარ.

– იმასაც არ ნანობთ, დედისერთამ რომ ბევრი შვილი არ გააჩინეთ?

– სად მქონდა ბევრი შვილის დრო, მთლიანად კარიერაზე ვიყავი გადართული. შემთხვევით დავფეხმძიმდი. ასე რომ, არაფერს ვნანობ, ეს გზა ჩემი გასავლელი იყო, ღირსეულად გავიარე და კიდევ ვაპირებ მის ღირსეულად გავლას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა