საზოგადოება

რატომ უთხრა გია ლეჟავამ უარი მთავარ როლზე გოგი ქავთარაძეს

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 03.08, 2022 წელი

გია ლეჟავა
დაკოპირებულია

გია ლეჟავა ყოველთვის გულწრფელად ამბობდა: „მე თუ მკითხავთ, მსახიობს, ნიჭთან ერთად, უთუოდ იღბალიც სჭირდება ან კარგი პატრონიო“. უსაზღვრო ნიჭისგან განსხვავებით, პატრონი მას არ აღმოაჩნდა და სრულიად უსამართლოდ დაიჩაგრა.

ლარისა ხაჭაპურიძე: „მე და გია თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ. საოცრად მომხიბლავი იყო, გოგოები ეპრანჭებოდნენ. მახსოვს, ერთი გოგონა, კონსერვატორიიდან, ოსტატობის ლექციებს მისი სიყვარულის გამო, გიას ჯგუფში გადიოდა. ბუნებით პატიოსანი, სულით ხორცამდე ინტელიგენტი იყო. თეატრალურ ოჯახში გაიზარდა და თეატრით ცხოვრობდა. ინსტიტუტშივე გამოირჩეოდა თავისი ლაპარაკის მანერით, განსხვავებული აზროვნებით, მისთვის ჩვეული და ჩვენთვის უჩვეულო სახის გახსნით. მახსოვს, რეჟისორმა ლევან მირცხულავამ, უკვე ინსტიტუტშივე დადგა სპეციალურად მისთვის „ფიგაროს ქორწინება“, რადგან მასში ხედავდა ძალას და ამ როლისათვის საჭირო პოტენციალს. მართლაც უჩვეულო და საოცარი ფიგარო იყო გია – პლასტიკური, საინტერესო მიხვრა-მოხვრით, მეტყველი დიდი თვალებით, განსხვავებული, რაღაც მისეული იუმორით, მეტყველებითა და მანერით ძალიან უხდებოდა და კიდეც მოირგო ეს როლი. ფიგაროს კოსტიუმს ისე ატარებდა, გეგონებოდათ, სწორედ ამ კოსტიუმში დაიბადაო. მან მრავალი საინტერესო სახე შექმნა როგორც ჩვენს, რუსთავის თეატრში, ასევე ქართულ და რუსულ კინემატოგრაფიაში. ეს უპატიოსნესი კაცი კინოში სულ ქურდებსა და ნაძირალებს თამაშობდა, სხვათა შორის, ეს ფაქტი მას ძალიან აღიზიანებდა. თვითონ ხშირად უთქვამს: „ისეთი გარეგნობა მაქვს, მხოლოდ უარყოფით პერსონაჟებს რომ უხდება, არადა, სინამდვილეში, „გულით კეთილი გახლავართ, ფულით – საკმაოდ ღარიბი, ეკრანზე ქურდებს ვთამაშობ, ცხოვრებაში ვარ ჰარიფი“. მე ხშირად მითქვამს და ასე მგონია, რომ მთავარი როლის თამაში გაცილებით ადვილი შესასრულებელია, ვიდრე ეპიზოდური, ორსიტყვიანი როლის, ვინაიდან მთავარ როლში არის დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და ფინალი. ეპიზოდურ როლში, როდესაც სულ ერთი ან ორი წუთით დგახარ სცენაზე, უნდა მოასწრო იმ შენი როლის, ეპიზოდის მაყურებლამდე ისე მიტანა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი კომპონენტიდან არც ერთი არ გამოგრჩეს. ეს ძალიან ძნელია. აი, სწორედ ეს შეეძლო გია ლეჟავას. ის იყო ეპიზოდური როლების უბადლო შემსრულებელი. როდესაც გია სცენაზე გამოდიოდა, ყოველთვის უმაღლეს ჯილდოს – მაყურებლის გულწრფელ ტაშს იღებდა და საკმაოდ უხვად.

გიამ მრავალი და საინტერესო როლი შექმნა სცენაზე. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვისაც ნანახი აქვს მის მიერ შესრულებული: კლავდიუსი – „ჰამლეტში“, ნიკო თურქი – „ცოდვის შვილებში“, ანტონიო – „ფიგაროს ქორწინებაში“, ჯადო შადური – „სპირალში“, ტიტე ნატუტარი – „ყვარყვარე თუთაბერში“, არასოდეს არ დაავიწყდება, იმდენად საინტერესო და თვითმყოფადია მის მიერ განსახიერებული სახეები. როდესაც „ყვარყვარე თუთაბერში“ ტიტე ნატუტარს თამაშობდა, მისი გამოჩენისას სცენაზე მდგომი მსახიობებიც ვერ იკავებდნენ სიცილს. სიტყვა კარგად უჭრიდა, წერდა ლექსებსა და ფუნაგორიებს, რუსთავის თეატრის იუბილეზე, ყველა მსახიობს მოგვიძღვნა ლექსი, რომელშიც თითოეული ჩვენგანის ავ-კარგი იყო გადმოცემული. ყოველ პრემიერაზე კანფეტებს მოიტანდა და თითო-თითო ცალს გვირიგებდა. უჭირდა ქვეყანას და უჭირდა გიასაც. მისი „მოკრძალებული“ ხელფასი მეტის უფლებას არ აძლევდა. უფრო მეტიც: გოგი ქავთარაძე დგამდა „დავით აღმაშენებელს“ და ერთ-ერთი მთავარი როლი გიას მისცა. გიამ როლზე უარი თქვა: ბატონო გოგი, არ მინდა მთავარი როლი, რაიმე პატარა ეპიზოდი მომეციო. ბატონი გოგი გაოგნდა: მსახიობები პირიქით მთხოვენ და შენთან რა ხდებაო? გიამ ჩვეული სიდინჯით უპასუხა: ბატონო გოგი, მაგ როლის თამაშს დიდი ძალა უნდა, მე მაგ ძალას მარტო შავი პურის ჭამით ვერ მოვახერხებო. ქვეყანაში დაბალი ხელფასები იყო, მით უმეტეს – მსახიობის ხელფასი და ისიც ჩვენს თეატრში. სამწუხაროდ, ასე იყო.

გიას უკანასკნელი პარტნიორი მე ვიყავი. ხომ გახსოვთ, „ფიგაროს ქორწინებაში“ ის მებაღე „ანტონიო“ იყო, მე კი – მისი ცოლი „ანტონელა“. პიესაში არარსებული როლი, რომელიც ბატონმა ჭოლამ სპეციალურად ჩემთვის მოიგონა. გია ბევრს ფიქრობდა თავის როლზე. ერთ რეპეტიციაზე ბავშვის სათამაშო სასტვენი მოიტანა და ისეთ შესაფერის მომენტში დაუსტვინა, ყოველივე თითქოს ისე უბრალოდ, თანაც ისე უშუალოდ და სასაცილოდ გააკეთა, ჭოლას ძალიან მოეწონა და სპექტაკლში დატოვა. შემდგომში ამ ეპიზოდური როლის მაღალ დონეზე და საუკეთესოდ შესრულებისათვის თეატრალური საზოგადოების პრემიაც მიიღო, რომელიც თეატრის დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ეს იყო მისი ბოლო როლი.

რა სიმბოლურია – „ფიგაროს ქორწინებით“ დაიწყო და დაამთავრა თავისი თეატრალური და შემოქმედებითი მოღვაწეობა. იყო ღვთისმოსავი, ლოცულობდა, მარხულობდა, ზიარებას იღებდა და ეკლესიურად ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს ლექსი დაწერა და დაგვიტოვა:

„როდესაც დაჰკრავს ჩემი საათი,

შენი განგებით, უფალო ჩემო,

მე აღმომხდება უკანასკნელად

ღვთითკურთხეული მამაო ჩვენო!

მოვა დრო და უფლის ნებით,

წამიღებენ ბოლო გზაზე

და ტაძარში ნაკურთხ ღვინოს

წააქცევენ ჩემს საფლავზე!

ქრება სიცოცხლე ჯამბაზის,

ერთი უბირი ოხრისა,

იდიოტურად მთავრდება

ცხოვრება იდიოტისა…

ცხოვრებაში ლოთის გეგმა

ხუთიანზე შევასრულე

და სცენაზე კარიერა

ლოთის როლით დავას რულე.”

ქურდებს უყვართ „კლიჩკები“

ალბათ, გახსოვთ საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი გახმაურებული კინოსურათი „კანონიერი ქურდები“. ამ ფილმში ქართველი მსახიობი გია ლეჟავა ქურდი რამზესის როლს ასრულებდა. ბევრმა არ იცის და ბატონ გიას თავდაპირველად, თურმე, სომეხი აშოტას როლი უნდა ეთამაშა. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ამ ისტორიას თავად გია ლეჟავა მოგვიყვება: „რუსულ მხატვრულ სურათში „კანონიერი ქურდები“ გაფტთან მაქვს სცენები, რომელიც ბოლოს ჩემს გმირს კლავს. არსებობს ასეთი ქურდი – ლაკობა, რომლის პროტოტიპსაც გაფტი თამაშობდა. ნაწარმოების ავტორი აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი იყო და სცენარში გამოყვანილი ჰყავდა ვინმე აშოტა – სომეხი, რომლის როლიც მე უნდა მეთამაშა. მოდი, ეროვნებას ნუ დავაკონკრეტებთ-მეთქი, – ვუთხარი. სომხებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა, სომხის უარყოფითი როლი განვასახიერო-მეთქი. მაშინ ქართველი იყოსო. გავგიჟდი, სომხის როლის განსახიერება არ მინდა და ქართველს როგორ მთავაზობთ-მეთქი? მერე მე თვითონ მოვიგონე ეგვიპტელი ფარაონის სახელი – რამზესი... ქურდებს უყვართ „კლიჩკები“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი