საზოგადოება

რატომ უხდიან ლაშა ტალახაძის დედას პატიმრები მადლობას და როგორ აკონტროლებდა მას გამომძიებელი დედა

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 20.09, 2021 წელი

ლაშა ტალახაძე
დაკოპირებულია

ჟანა თოდაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქართველის, ლაშა ტალახაძის დედაა. თავადაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმე აბარია – ქალბატონი ჟანა გამომძიებელია და მიუხედავად იმისა, რომ მის სამსახურს ყოველთვის ბევრი დრო მიჰქონდა, ფაქტია, რომ დედობას არაჩვეულებრივად გაართვა თავი და დღეს მისი შვილით არა მხოლოდ თვითონ, არამედ მთელი საქართველო ამაყობს.

ჟანა თოდაძე: ლაშა ძალიან თბილ ოჯახურ გარემოში გაიზარდა. საკმაოდ ცელქი იყო, თუმცა უზრდელი არასდროს ყოფილა. ყოველთვის ცდილობდა, გარშემო ყველა დაეცვა. ცოტა რომ წამოიზარდა, განსაკუთრებით შრომისმოყვარე და მიზანდასახული გახდა, თან, საოცრად სამართლიანი იყო. ტყუილის თქმა ძალიან უჭირდა და ბავშვობიდანვე ძალიან ღვთისმოშიში იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პატრიარქის დალოცვის გარეშე წავიდა საასპარეზოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ და ისევ პატრიარქის ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ.

– ბავშვობიდანვე გამორჩეულად დიდი იყო?

– ლაშა საკმაოდ გამხდარი იყო აღნაგობით, მაგრამ თავისი ასაკის ბავშვებთან შედარებით – მაღალი. ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო. მასზეც და მის უფროს ძმაზე, გიორგიზე, რომელიც ლაშაზე ერთი წლით უფროსია, ყოველთვის ვამბობდი, ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვთ-მეთქი. გამორჩეულად ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვები იყვნენ. მამაც ცნობილი ძალოსანი იყო – კობა ტალახაძე და სამი-ოთხი წლის ასაკიდან ავარჯიშებდა ბიჭებს.

– სამი შვილი გყავთ, როგორი დაძმობა აქვთ?

– ლაშას და გიორგის გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ თამარის მიმართ. გოგონა ბიჭებზე 13 და 14 წლით უმცროსია. ჩვილი რომ იყო, არ მანებებდნენ მის ხელში დაჭერას. უნდოდათ, სულ თვითონ ჰყოლოდათ. ახლა თამარი 15 წლის ხდება და მათ სიყვარულს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. თამარს უფროსი ძმების დიდი ხათრი აქვს. ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე.

– რომელი იყო უფრო ცელქი და ხიფათიანი?

– ლაშას უფრო მეხმარებოდა. ვცდილობდით, ბავშვებისთვის შრომა შეგვეყვარებინა. სოფლის სამუშაო, ვაზის მოვლა, ხილის მოვლა – არაფერს თაკილობდნენ. თუმცა, თუ გიორგის შეხსენება სჭირდებოდა, ლაშას – ნაკლებად.

– ალბათ, გამომძიებელ დედას ვერაფერს გამოაპარებდნენ...

– სკოლის გარდა, სპორტზე და ცეკვაზე დადიოდნენ და ცოტა თავისუფალი დრო რჩებოდათ. სულ შიში მქონდა, ბიჭები არიან-მეთქი, მოგეხსენებათ, იმ წლებში როგორი თავსატეხი გვქონდა. თუმცა, არც ახლა არის ნაკლები. სულ ვცდილობდი, სხვადასხვა აქტივობებით დამეტვირთა, მეკონტროლებინა. მაგრამ ზოგჯერ ამას ისე ვაკეთებდი, რომ ისინი ვერ მიმხვდარიყვნენ. არ ვუთვალთვალებდი, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სულ ყურადღების ცენტრში მყავდნენ.

– თვითონ ლაშა როგორი მშობელია?

– ძალიან მზრუნველი. შეიძლება, დედამ ვერ გაუკეთოს შვილს იმდენი, რამდენსაც ლაშა უკეთებს. ძალიან თბილია შვილებთან, მაგრამ არც დატუქსვას ერიდება და რადგან პატარაა, ცუდზე კარგიაო, არ ეტყვის. უხსნის, რისი გაკეთება არ შეიძლება და რატომ. მეუღლის, შვილების, მშობლების მიმართ ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. მაგრამ სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებს. მოგეხსენებათ, რამდენად დატვირთული რეჟიმი აქვს და ხშირად ვერ ახერხებს, ოჯახურ გარემოში ისიამოვნოს. მაგრამ როგორც კი დრო გამოუჩნდება, ცდილობს, ის ოჯახს მოახმაროს. ბავშვს აჭმევს, ასეირნებს, ტანსაცმელს აცმევს, საფენებს უცვლის. ისე, რომ თხოვნა არ სჭირდება. პირიქით, თვითონ იტყვის ხოლმე, მოიცადეთ, მე გამოვუცვლი და ვაჭმევ, თქვენ სხვა რამე გააკეთეთო.

– ყველა აღნიშნავს, რომ თვითონაც დიდი ბავშვივით არის...

– ვფიქრობ, რომ ლაშას მიმართ გულშემატკივრების დიდი სიყვარულიც აქედან მომდინარეობს. მას არ შეუძლია ორგულობა და ადამიანის მოტყუება. ხალხის მიმართ უდიდესი სიყვარული აქვს. არ შეუძლია იმის დაჯერება, რომ ვინმეს ცუდის გაკეთება შეუძლია. ვინმეზე რამე რომ მითქვამს – არა, დე, არ იქნება მართალი, მაგას არ გააკეთებდაო, არ სჯერა. რადგან თვითონ ვერ მიაყენებს ზიანს სხვას, რადგან თვითონ ვერ გაუკეთებს ბოროტებას სხვას, ჰგონია, რომ ყველა ასეა. ხანდახან ვეტყვი ხოლმე: დედა, დიდი ბავშვი ხარ-მეთქი. ძალიან წრფელი და სუფთა სული აქვს. მიღწევებთან ერთად, მგონია, რომ მისი სიალალის გამოც ძალიან უყვარს ხალხს და ეს უზომოდ მახარებს.

– ხუმრობენ ხოლმე, თითქოს არც ღელავს, მშვიდად ელოდება თავის დროს, გადის, რეკორდს დაამყარებს, გაიმარჯვებს და მშვიდადვე ბრუნდება უკანო.

– მისი მშვიდი სახის მიღმა, დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დატვირთვას, ტკივილს ვხედავ და ძალიან განვიცდი. ლაშას არ შეუძლია, ემოციები ყვირილითა და ხტომით გამოხატოს. იმდენად მშვიდი სახით ტოვებს ხოლმე ფიცარნაგს, ყველას უკვირს. რა თქმა უნდა, მასში დიდი ემოციაა, მაგრამ ასეთი ხასიათი აქვს, ძალიან მოკრძალებული და მორიდებულია. სანამ ასპარეზობა დაიწყება, იტყვის ხოლმე, უფლის სიყვარული ყველაფერს შემაძლებინებსო. მჯერა, რომ ლაშას წარმატება, ჩვენი წარმატება უფლის ნებაა. ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან და ერთხელ თქვა, ქართველი რომ ვარ და საქართველოს სახელით გამოვდივარ, ალბათ, იმიტომ დაუშვა ღმერთმა ამხელა წყალობა და მადლი ჩემზე. შეიძლება, სხვაგან რომ წავიდე, ისეთი ტრავმა მივიღო, საერთოდ დავემშვიდობო სპორტულ ცხოვრებასო. საკუთარი ქვეყნის სიყვარული ძალიან ღრმად არის გამჯდარი ლაშას გულში. გეფიცებით, ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მეც ასეთი სიყვარულით გავიზარდე საკუთარი სამშობლოსადმი და შვილებიც ასე გავზარდე.

– უყურებთ ხოლმე მის ასპარეზობას?

– არა, არა! გამორიცხულია, არ შემიძლია. ერთადერთი, რაც იმ მომენტში შემიძლია, გავაკეთო, ლოცვაა. დედის ლოცვას კი ისეთი ძალა აქვს, რომ მთების გადადგმა შეუძლია. ღმერთმა ქნას უფლის წყალობა სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად გვეტარებინოს.

– როგორი რძალი გყავთ?

– ანი არაჩვეულებრივი მეუღლე, რძალი და დედაა. ლაშას მადლობას ვუხდი ხოლმე იმისთვის, რომ ცხოვრების თანამგზავრად ასეთი ადამიანი აირჩია. ანის ჩვენს ოჯახში სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერი შემოუტანია. ორ ანგელოზს გვიზრდიან. ანის თვითონ და-ძმა არ ჰყავს და ლაშას ძმასა და დასთან ისეთი ურთიერთობა აქვს, ღვიძლი და-ძმა გეგონებათ. მე ტყუილის თქმა არ შემიძლია. ადამიანზე რომ მკითხავენ, ან უნდა გავჩუმდე, ან სიმართლე ვთქვა. ასე რომ, ანისთან ძალიან გამიმართლა.

– თქვენს პროფესიაზეც მინდა, ვისაუბროთ. როგორ გახდით გამომძიებელი? ქალები შედარებით იშვიათად ირჩევენ ამ საქმეს.

– ბავშვობიდანვე მიყვარდა ეს საქმე და სულ გამომძიებლობაზე ვოცნებობდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ყველაფერს ვაკეთებდი და ლაშა და გიორგი რომ შემეძინა, მე უკვე სტუდენტი ვიყავი. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. რადგან ქალი ვარ, ბევრს ეგონა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა ამ სფეროში მუშაობა. ჩემი პირველი ნაბიჯები საკმაოდ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებას დაემთხვა. განსაკუთრებით ნარკოდანაშაული და ქურდობა იყო დიდი დოზით. მაგრამ ისეთი კარგი კოლექტივი დამხვდა, იმდენად მედგნენ გვერდით, რომ ძალიან გამიმარტივეს და უფრო მეტად შემაყვარეს ჩემი საქმე. მათი დამსახურებით, ძალიან რთული საქმეებისაც კი არ შემშინებია. პირიქით, რაც უფრო რთულ საქმეს შევეჭიდებოდი, მით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი. როცა დამნაშავესა და დანაშაულთან გაქვს საქმე, რისკისთვისაც მზად უნდა იყო. შეიძლება, შენს სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. დამნაშავეს უცდია გაქცევა, საკუთარი თავის ან ჩემი დაზიანება, მაგრამ მადლობა ღმერთს, უბედურება არასდროს მომხდარა. ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყო. ეს მართლა ძალიან საინტერესო საქმეა. დღესაც მეუბნებიან შვილები, დე, დაისვენეო. ჩვენ სულ გვენატრებოდი და თაკოსთან მაინც გაატარე მეტი დროო. სიმართლე გითხრათ, უკვე საპენსიო ასაკი მაქვს, შეიძლება, დიდხანს ვეღარ გავაგრძელო მუშაობა და ამიტომ ვცდილობ, დარჩენილი წლები მაქსიმალურად გამოვიყენო (იცინის).

– როგორი რეაქცია აქვთ პატიმრებს, როცა იგებენ, რომ ლაშას დედა ხართ?

– სრულიად უცნობ პატიმარს უთქვამს – მადლობა ლაშასთვისო, გაორმაგებული პატივისცემა მიგრძნია მათგან. ლაშას წარმატებები ჩემს პროფესიულ საქმიანობაშიც კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პატარა რაიონია და ბევრი ისედაც გვიცნობს. მაგრამ თუ ადრე გიორგი და ლაშა კობასა და ჟანას ბიჭები იყვნენ, ახლა ლაშას მშობლები ვართ (იცინის).

– ახერხებს ხოლმე ლაშა საჩხერეში ჩამოსვლას?

– ძალიან უყვარს აქაურობა. ახლაც, ოლიმპიადიდან რომ დაბრუნდა, მალე აქ „გამოიქცა“. არ სჭირდება შეხსენება, რომ უნდა ჩამოვიდეს, რამდენიმე დღე რომ გამოუჩნდება თავისუფალი, მეტყვის ხოლმე, დე, ცოტა ხნით ჩამოვალ, მინდა დავისვენოო. ძალიან უყვარს საჩხერე და საჩხერლები. ბედნიერებაა, როცა ჩვენი დიდი ოჯახი ერთად იკრიბება. შარშან, როცა პანდემიის პირველი ტალღა დაიწყო, ვამბობდი, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი. შვილები, რძალი და შვილიშვილები აქ მყავდნენ და ოჯახში უდიდესი სიხარული ტრიალებდა. რამდენიმე თვე ერთად გავატარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი