საზოგადოება

რატომ ჰქონდა ნონა გაფრინდაშვილს სამი ქორწილი და როგორ გაუგზავნა მან ლიონელ მესის საპასუხოდ მოოქრული ჭადრაკი

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 04.08, 2021 წელი

ნონა გაფრინდაშვილი
დაკოპირებულია

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, 80 წლის იუბილეზე, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. ლიონელ მესიმ ქართველ სპორტსმენს საკუთარი მაისური გამოუგზავნა მილოცვითა და ხელმოწერით, საპასუხოდ კი გაფრინდაშვილმა „კოპა ამერიკის“ მოგების შემდეგ მესის მოოქრული ჭადრაკი გაუგზავნა.

ნონა გაფრინდაშვილი: ჩემთვის ადრეულ ასაკში დაიწყო წარმატებები, დაიწყო და დაიწყო, აღარ გავჩერებულვარ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. ნებისმიერ სფეროში, მარტო სპორტში არა, თუ ადამიანმა მთლიანად არ დაუთმო საკუთარი თავი კონკრეტულ საქმეს, შესაძლოა, საკმაოდ კარგ დონემდე მიაღწიოს, მაგრამ ძალიან წარმატებული ვერ იქნება და მწვერვალების დაპყრობას ვერ შეძლებს. ავიღოთ კონკრეტულად სპორტი – ნებისმიერ სახეობაში არის წარმატებისთვის აუცილებელი კომპონენტები და თუ შენ ერთიდან მაინც ამოვარდი, მწვერვალს უნდა დაემშვიდობო. პირველ რიგში, ნიჭი უნდა გქონდეს, შემდეგ შრომისმოყვარეობა – ეს ორი განუყოფელია. ფიზიკური ჯანმრთელობა უნდა გიწყობდეს ხელს და ფსიქოლოგიურად ძალიან მდგრადი უნდა იყო – კარგი ნერვული სისტემაა საჭირო. სპორტული ხასიათიც აუცილებელია. ამ ყველაფრის ერთობლიობა გაძლევს საშუალებას, მოწინააღმდეგეს მოუგო. თუ ერთ-ერთი კომპონენტი მაინც ამოვარდება, მორჩა, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდები.

ბევრი მინახავს, ქალშიც და კაცშიც, რაღაც რომ აკლია და ადვილი არ არის ამ დანაკლისის შევსება. ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატამდე რომ მიგეღწია, ბევრი ეტაპი უნდა გაგევლო, რაც დიდ შრომას მოითხოვდა, მაგრამ თუ მწვერვალის დაპყრობა გინდა, თავი მთლიანად უნდა გადადო. გამორიცხულია, პარალელურად მეორე საქმის კეთება. თუ მაინც აკეთებ, მაღალ ხარისხში არ გამოგივა. მე მხოლოდ ჭადრაკით ვიყავი დაკავებული, ჩემს ცხოვრებაში სპორტის სხვა სახეობებიც იყო და თითოეული მათგანი ჩემთვის სიამოვნების წყარო იყო, მაგრამ იმავდროულად, სპორტული ხასიათის გამომუშავებაში მეხმარებოდა. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და შინ ყველაფერი გვქონდა – ბურთიც, ბილიარდიც და ასე შემდეგ. ჩემი სპორტული ხასიათი, სწორედ, მაშინ გამომიმუშავდა. ეს ჩემთვის დიდი ძალა იყო. ბიჭები რომ იბადებიან, მათში უკვე დევს ბრძოლის ჟინი. გოგოს ბევრი შრომა სჭირდება ამ თვისების გამოსამუშავებლად.

– როგორი იყო მეუღლის როლი თქვენს წარმატებაში?

– როცა ჩვენ დავქორწინდით, მე უკვე მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი. მან იცოდა, ვინ იქნებოდა მისი ცოლი. ყოველთვის გვერდით მედგა, ამ მხრივ, პრობლემა არ მქონია. ყველაფერში ხელს მიწყობდა. თან, დედაჩემი იყო ჩამოსული თბილისში, ოჯახში ყველაფერს ის აკეთებდა.

– სამი ქორწილი რატომ გქონდათ?

– პირველი ქორწილი ჩემმა ოჯახმა გადაიხადა. მეორე ქმრის ოჯახმა გააკეთა და მესამე ქორწილი ჩემმა ძმამ გადაიხადა ზუგდიდში. ასე გამოგვივიდა სამი ქორწილი.

– საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დარჩით მეუღლის გარეშე, ალბათ, რთული იქნებოდა ცხოვრების ჩვეულ ტემპში გაგრძელება.

– ყველაფერი ხდება, ჩვეულებრივი გზით გაგრძელდა ცხოვრება. ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა და მათი იმედი მქონდა. დედას თირკმელების პრობლემა ჰქონდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ტურნირზე უნდა წავსულიყავი და ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა წასვლას. დედა თავს მობილიზაციას გაუკეთებდა, წამოდგებოდა და მეტყოდა, შეგიძლია, წახვიდეო. მეც ვიცოდი, რომ შემეძლო წავსულიყავი, რადგან რომელიმე რძალი მოვიდოდა და აუცილებლად მიხედავდნენ – ასეთი სიტუაცია გვქონდა. სირთულეები როგორ არ მხვდებოდა, მაგრამ ამას რომ ხელი შეეშალა, მაშინ ამდენი ხანი ვერ ვიქნებოდი წარმატებული.

– თქვენი სახელი და გვარი „ნეტფლიქსის“ პოპულარულ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერდა, თუმცა არასწორად. კომენტატორი ამბობს „ის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა, ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს“ , მაშინ, როცა მამაკაცთა ტურნირებზე არაერთხელ გიასპარეზიათ, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ეს?

– ძალიან ცუდად მოიქცნენ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. როცა ერთადერთი ნატურალური ადამიანი შეჰყავთ სერიალში და მასზე არასწორ ინფორმაციას აჟღერებენ, მართლაც შეურაცხყოფაა. ეს კიდევ რბილი სიტყვაა. რაში სჭირდებოდათ ჩემი შეყვანა, თუ ფაქტები რეალური არ იქნებოდა?! ძალიან ჩაიჭრნენ ჩემთან. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. მითითებულია, გარი გასპაროვი უწევს კონსულტაციასო, მაგრამ მგონია, რომ გასპაროვს ეს მომენტი არ ექნებოდა ნანახი, რადგან ის მე ძალიან კარგად მიცნობს და მაფასებს. ამიტომ ასეთ რამეს არ დაუშვებდა. რა მიზანი ჰქონდათ, ამაზე მათ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ.

– თქვენი და ფეხბურთის ვარსკვლავის – მესის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური თემაა. როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– არანაირი ურთიერთობა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მე ვარ ფეხბურთის მოყვარული და მესი არის ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელი. მას პატივს ვცემდი და რომ იცოდნენ ჩემი მისდამი დამოკიდებულება, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ – „ფიდემ“ გამიკეთა ეს საჩუქარი. 80 წელი რომ შემისრულდა, გასულან ბარსელონას ხელმძღვანელობაზე და უთქვამთ, რომ ბარსელონას და კონკრეტულად მესის გულშემატკივარი ვარ. მესიმაც რომ გაიგო, ჩემი ასაკი, თავისი მაისური გამომიგზავნა მოსალოცი წარწერით. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მეკითხებოდნენ, შენ საპასუხოდ რას გააკეთებო და ვამბობდი, თუ „კოპა ამერიკაზე“ გუნდთან ერთად მიაღწევს წარმატებას, რაც ძალიან მინდა, ბოლოს და ბოლოს ჩემი კოლექციიდან ჭადრაკს ამოვარჩევ და საჩუქრად გავუგზავნი-მეთქი. ჭადრაკის დღეს „ზარაფხანამ“ სიურპრიზი გამიკეთა. დამირეკეს, მესისთვის ჭადრაკს ვამზადებთ და რა წარწერა გავაკეთოთო. მე ვუთხარი, „კოპას“ დასრულებმადე დღეებია დარჩენილი, დაელოდეთ და მერე გაუკეთეთ წარწერა-მეთქი. კარგი წინათგრძნობა მქონდა. დამთავრდა „კოპა“ და დამზადდა ჭადრაკი მისალოცი წარწერით. მესისთვის ეს მარტო ჩემი საჩუქარი არ იქნება, სიმბოლურია, რომ ეს ჭადრაკი საქართველოშია დამზადებული, ქართული კომპანიის მიერ, მოოქრული, ძალიან ლამაზი ფიგურებით – მოგებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი ხელმოწერაც არის, ყველაფერი ძალიან კარგი გამოვიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი