საზოგადოება

რატომ გამოიყო ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადასაღებად ყველაზე დიდი თანხა - 7 მილიონი და ვისი კაბა ეცვა თეკლე დედოფალს

№44

ავტორი: ეკატერინე პატარაია 34 წუთის წინ

გიორგი სააკაძე
დაკოპირებულია

დღეს მინდა, კიდევ ერთ ისტორიულ ფილმ „გიორგი სააკაძეზე“ გესაუბროთ, რომელიც მიხეილ ჭიუარელმა სტალინის არჩეული სცენარით გადაიღო. ეს ფილმი სტალინის პირადი დაკვეთა იყო, რომელზეც თურმე, დიდხანს ოცნებობდა და ბიუჯეტიც იმ დროს გადაღებულ ყველა ფილმზე დიდი – 7 მილიონი მანეთი გამოიყო.

„გიორგი სააკაძე“ ცნობილი რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას რომანის, „დიდი მოურავის“ მიხედვით გადაიღეს. ანტონოვსკაია თავადაა ფილმის სცენარის ავტორიც, თავის ვაჟთან, ბორის ჩორნისთან ერთად. როგორც ცნობილია, პარალელურად, ორი სცენარი იქმნებოდა, ერთს გიორგი ლეონიძე წერდა, მეორეს – ანა ანტონოვსკაია და ბორის ჩორნი. საბოლოოდ საკითხი ამ უკანასკნელების სასარგებლოდ სტალინმა გადაწყვიტა, მის აზრს კი, ცხადია, ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ეს იყო 1940 წლის 11 ოქტომბერს. სწორედ ამ დღით თარიღდება სტალინის წერილი, რომელშიც ხაზგასმულია, ვის სცენარს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა. ფართო საზოგადოებისთვის, ალბათ, უცნობია ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად ამ ფილმის გადაღებას სიკო დოლიძე აპირებდა და ამის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც მოახსენა. მათ ჰკითხეს, ვის სთავაზობდა გიორგი სააკაძის როლსო და აკაკი ხორავასო, – მიიღეს პასუხად. მოეწონათ რეჟისორის გადაწყვეტილება, მაგრამ უთხრეს, ერთი-ორი წლით გადაედო ამაზე ფიქრი.

ამ თემაზე ფილმის გადაღების საკითხი სანდრო შანშიაშვილის სპექტაკლის – „გიორგი სააკაძის“ უდიდესმა წარმატებამაც დააჩქარა. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ ინფორმაციას ვიღებთ გასული საუკუნის 40-იანი წლების პრესიდან, რომელშიც ფილმის გადაღების დეტალებზე სხვა არანაკლებ საინტერესო მასალაცაა. მაგალითად, გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს ინტერვიუს ფილმის რეჟისორთან, მიხეილ ჭიაურელთან, რომელიც, ამავე დროს, კინოსტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო.

„ბოლო თვეს გადამღები ჯგუფი დუშეთის რაიონში მუშაობდა. დუშეთის რაიკომის მდივანმა, ამხანაგმა მაისურაძემ დიდი დახმარება გაგვიწია. გადაღება მიმდინარეობდა ანანურსა და არანისში. მასობრივ სცენებში 600-ზე მეტი კოლმეურნე მონაწილეობდა და არა მარტო ამ სოფლებიდან, არამედ სხვა სოფლების კოლმეურნეობებიდანაც. აღსანიშნავია, რომ მიღებული ხელფასი მათ თავდაცვის ფონდში შეიტანეს. გადასაღები დაგვრჩა დიდი, ბატალური სცენები, რომელთა გადაღებაც ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს მოაწყოს მუხრანის მიდამოებში… სტუდია უკვე შეუდგა შაჰ-აბასის სასახლის აგებას. ამ სცენების გადაღების შემდეგ ფილმის გადაღების პროცესი დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს“.

რაღა თქმა უნდა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმში გამოყენებულია ქართველების, ირანელების, თურქების, რუსების, ავღანელებისა და სხვა ხალხთა 2 500 კოსტიუმი, 10 000 რეკვიზიტი, მათ შორის, ანტიკვარულიც, 1 150 ისარი, 2 150 ფარი, 105 დროშა და ასე შემდეგ… ამასთან სცენის ზოგიერთი დეკორაცია და კოსტიუმები ისეთი ბრწყინვალე ფერადოვნებით გამოირჩევა, რომ გული გწყდება, ფილმი რომ შავ-თეთრია და არა – ფერადი. ფილმის მთავარი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი გახლდათ; ხმის ოპერატორი – ვლადიმერ დოლიძე; მუსიკა – ანდრია ბალანჩივაძის; მხატვრობა – თამარ აბაკელიასი, მიხეილ გოცირიძისა და რევაზ მირზაშვილის. მთავარ როლებში: აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, შალვა ღამბაშიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, კირილე მაჭარაძე, გიორგი შავგულიძე, ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე, აკაკი ვასაძე. გიორგი სააკაძის უფროსი შვილის – ავთანდილის როლს შემდგომში ცნობილი რეჟისორი, გუგული მგელაძე ასრულებს, უკვე ჭაბუკი ავთანდილის როლს კი – ზურაბ ლეჟავა. იგი „გიორგი სააკაძეში“ შემთხვევით აღმოჩნდა.

გუგული მგელაძე: „მახსოვს, დედამ ერთ ოჯახში სტუმრად წამიყვანა. იმ ოჯახში სხვა სტუმრებიც ჰყავდათ მიწვეულნი. შევნიშნე, ვიღაც კაცი როგორი დაჟინებით მიყურებდა. რაღა მაინცდამაინც მე მითვალთვალებს-მეთქი, ვიფიქრე. თურმე, ბატონი მიხეილ ჭიაურელის მეორე ასისტენტი ყოფილა.

კინოსტუდიაში ოთხ ბიჭს სინჯებისთვის პარიკები რომ დაგვახურეს, ჭიაურელმა – აი, ესო, მაშინვე პირდაპირ ჩემზე მიუთითა... სხვათა შორის, ფილმის გადაღებისას უეჭველ სიკვდილს გადავრჩი. მახსოვს, საომარ ეპიზოდებს იღებდნენ. ირგვლივ უამრავი ულამაზესი ცხენი იყო, ორასამდე ამხედრებული მეომრით. მე დავამთავრე გადაღება და უჩუმრად შევჯექი ერთ-ერთ თავისუფალ ცხენზე, თანაც პირველად. ცხენი სწრაფად მოსწყდა ადგილს და შუაგულ „ომში“ არ გამაქანა?! ახლაც არ ვიცი, როგორ გავბედე ამის გაკეთება… კიდევ კარგი, იმ რეჟისორმა შემამჩნია, რომელმაც როლზე მიმიყვანა, ცხენი როგორღაც შეაჩერა და ჩამომსვა, თორემ, ალბათ, იქვე დასრულდებოდა ჩემი კინოკარიერაც და სიცოცხლეც. საოცარი მსახიობების გვერდით მიწევდა თამაში და ეს ჩემთვის მართლაც ბედის დიდი საჩუქარი იყო. კიდევ იცით, რა მახსოვს? მეფე ლუარსაბის დიდ მოურავთან სტუმრად მისვლის სცენის გადასაღებად ემზადებოდნენ. პავილიონში აგებულ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის დარბაზისა უნდა ყოფილიყო, მაგიდები რამდენიმე რიგად იყო გაშლილი. მაგიდებს „თავადაზნაურობა“ და „მეფის ამალის წევრები“ უსხდნენ გარს. შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები და ინდაურები უხვად ელაგა სუფრაზე და ეს იმ დროს, როცა ბარათებით მიღებული პურის დღიური ნორმა 300-400 გრამი იყო, მსახიობის თვიური ხელფასით კი ბაზარში ერთ კილოგრამ ხორცსაც ვერ იყიდდი. მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან რეპეტიცია დაასრულა და, ის იყო, გადაღება უნდა დაწყებულიყო, რომ… საჭმლის ნასახიც ვერ იპოვეს მაგიდებზე – „მეფის ამალის“ მშიერ წევრებს და „თავადაზნაურობას“ სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ. არც ჭიაურელს და არც სურათის დირექტორს ერთი უბრალო საყვედურიც კი არ დასცდენიათ მსახიობებს მიმართ. დირექტორმა პრობლემა მარტივად გადაწყვიტა – გადაღება გადადო. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სასწაულით, ისეთივე პურმარილი დაახვავა მაგიდებზე. გადაღების დაწყების წინ ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გადახედა სუფრასთან მსხდომ „დიდებულებს“ და პავილიონიდან გავიდა. გადაღებამ შესანიშნავად ჩაიარა. არათუ გადაღების დროს, გადაღების შემდეგაც კი კაციშვილი არ გაჰკარებია საჭმელს. თურმე ამ ზღაპრული პურმარილისთვის… ნავთი გადაესხათ! – სხვა გზა არ იყო. გადაღება რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულყო.“

ფილმში თეკლეს როლს მსახიობი ლიანა ასათიანი ასრულებს, რომელიც მერვე კლასში იყო, ამ როლზე რომ დაამტკიცეს. აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა. „სინჯებისას დედოფლის სამოსი რომ ჩამაცვეს, თავზე გვირგვინი დამადგეს და გრიმი გამიკეთეს, საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი – სარკეში გაოცებული ვიყურებოდი. სურათები გადამიღეს, ფოტოსინჯები მოეწონათ და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ფილმში გადასაღებად დამიბარეს. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. მოულოდნელად ისეთი ლეგენდარული მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი, რომელთა ფოტოებსაც სპეციალურად ვყიდულობდი და ალბომში ვაკრავდი, რომ არავის მოეპარა. გაოცებული ვუყურებდი ჩემთვის საყვარელ გენიალურ მსახიობებს, რომლებიც 15 წლის გოგონას, როგორც საკუთარ შვილს, ისე მეფერებდნენ და მანებივრებდნენ“, – იხსენებდა ქალბატონი ლიანა. სხვათა შორის, თეკლე დედოფლის კაბა, რომელიც ფილმში გამოიყენეს, მეთვრამეტე საუკუნისაა და ქართლის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში ასეთი რამ ხდებოდა: როდესაც ქართველ თავადაზნაურობას ქონება ჩამოართვეს, ტანსაცმელი ყოფით ნივთებად ჩაითვალა და კინოსტუდიას გადაეცა, რომელიც მათ ფილმებში იყენებდა. შემდეგ ეს კაბა მიხეილ ჭიაურელმა სერგეი ეიზენშტეინს ათხოვა და „ივანე მრისხანეში“ გამოჩნდა, ბოლოს კი სერგო ფარაჯანოვმა გამოიყენა „სურამის ციხეში“.

მაშ ასე: 1946 წლის 26 იანვარს „გიორგი სააკაძეს“ „პირველი ხარისხის სტალინური პრემია“ მიენიჭა. ლაურეატები გახდნენ: რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი და მთავარი როლების შემსრულებლები: აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე.

პირველი სერია 1942 წლის მიწურულს გამოვიდა, მეორე კი – მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს.

გვიყვება კინომცოდნე გოგი გვახარია: „პრემიერამდე ერთი დღით ადრე გაზეთმა „პრავდამ“ სურათს ქება-დიდებით აღსავსე რეცენზია მიუძღვნა. „ფილმი ამდიდრებს საბჭოთა ხალხის უშიშარი გმირების გალერეასო“, – ამტკიცებდა კომუნისტური პარტიის მთავარი ორგანოს რეცენზენტი. რა ჰქონდა საერთო მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველ მხედართმთავარს „საბჭოთა ხალხის უშიშარ გმირებთან“? რატომ წერდა „პრავდა“ „ფილმი მაყურებელში სამშობლოს მხურვალე სიყვარულს განამტკიცებსო“?.. რომელ „სამშობლოს“ გულისხმობდა ლენინური „პრავდა“?

სურათის გადაღება ომის პირველ წლებს დაემთხვა. ამიტომ ქართველი მხედართმთავრის ცხოვრების ამსახველი მონუმენტურ-ეპიკური დრამა ხალხმა ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე ეპოქის კონტექსტში გაიაზრა. თვით ფილმის გადაღების პროცესიც კი ფრონტის წინა ხაზის იმიტაციას ჰგავდა. იმ დროს, როცა არ იყო დაწყებული ძირეული გარდატეხა ომის მსვლელობაში და მთელ ფრონტზე ვითარება უაღრესად დაიძაბა, როცა გერმანიის ჯარი ქერჩსა და სევასტოპოლში გამარჯვებას ზეიმობდა, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ომი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონებში გააჩაღეს. ჭიაურელმა ამ ომში, ფაქტობრივად, ყველა ის მსახიობი ჩართო, რომელიც ქართველ ხალხს უყვარდა და აფასებდა... ფილმი აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავდა იმ განწყობილებას, რომლითაც იმხანად ქვეყანა ცხოვრობდა. საოცარია, მაგრამ სწორედ ეს სახე აღიბეჭდა 6 წლის ბავშვის ცნობიერებაშიც. მერაბ კოკოჩაშვილის თქმით, „პირველი, რაც მე მახსოვს, მითხრეს, ხმალი უნდა გიჩვენოთ, ჩექმებიო. მე მოვიხიბლე – ხუთი წლის ვიყავი, ბუნებრივია, წავედი. მართლა შემიკერეს, ჩამაცვეს, ფეხსაცმელზე ქუსლები გამიკეთეს, რომ ვითომ დიდი უნდა ვყოფილიყავი. ეს ვერ გამოვიდა, მაგრამ ამასობაში ხომ მოკვეთილ თავს უგზავნიდნენ გიორგი სააკაძეს – მე დამსვეს და აქანდაკებდნენ იმ თავს, რომელიც უნდა ჩაედოთ იმ ყუთში. მაშინ გავიგე, რომ თავი უნდა მოეჭრათ. ჩემი პირველი შეგრძნებები იყო კოშმარი...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი