საზოგადოება

ნანა ცინცაძე: ჩემს თავს ყველაზე დიდ ნაკლად ერთ რამეს ვუთვლი - მუშტის დარტყმა რომ არ შემიძლია

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 11.09

ნანა ცინცაძე
დაკოპირებულია

ნანა ცინცაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ნანა ცინცაძე?

ნანა ცინცაძე: ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის სწორად აღქმა შეუძლია – ასე ვფიქრობ. ვისაც არ უყვარს ღალატი და უარყოფითი ემოციების გამომწვევი ადამიანი, რომლებიც ყოველ წუთს ცდილობენ რაღაც გატკინონ და თვითონაც ცდილობს, რომ არ მოახდინოს სხვაზე უარყოფითი ზეგავლენა.

როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ეს იმ ოცნებებში რჩება, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემთან ერთად არიან. იმაზე, რაც ოცნებებშია, წინასწარ ხმამაღლა საუბარი არ მიყვარს. შეიძლება, ზოგჯერ ისეთ საკითხებზეც ოცნებობდე, რომელიც არასდროს ახდება. თუმცა, საერთოდ, მე უფრო რეალისტი ვარ.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– სიძულვილი ძალიან რადიკალური ცნებაა, მაგრამ ადამიანებს ხშირად გვიწევს ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენი ოცნებების სფეროს არ ეკუთვნის. ვცდილობ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ინტერესების სფეროში ჯდებოდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში გამომდის, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ჩვენს სურვილებს არ ექვემდებარება. ხანდახან იმის კეთებაც გვიწევს, რაც არ გვინდა. მაგალითად, როდესაც მე მომიწია, ჩემი ძმის თუ დედაჩემის მოვლა, როცა ავადმყოფობის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ეს ჩემთვის თავისთავად ძალიან უსიამოვნო პროცესი იყო. წარმოიდგინეთ, როგორია როცა შენს საყვარელ ადამიანებს მძიმე მდგომარეობაში ხედავ?! ეს არცერთი გონიერი ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო პროცესი, თუმცა, ცხოვრება ასეთია.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან ემოციური ვარ. ემოციის გარეშე, ალბათ, ვერც დაწერ და საერთოდ, ვერაფერს გააკეთებ. შესაბამისად გულჩვილიც ვარ, მაგრამ ზედმეტად – არა. ვერ გეტყვით, რომ სულ ცრემლებად ვიღვრები, ასეთი ტიპაჟი არ ვარ. უფრო მეტად, როცა რამეს განვიცდი, შეიძლება საკუთარ თავში ჩავიკეტო და იმ მოვლენის ანალიზი გავაკეთო, რამაც სენტიმენტები გამოიწვია. ძირითადად, შინაგანად განვიცდი, ნაკლებად – რომ დავჯდე და ვიტირო. ამის აფიშირება არ მიყვარს.

– არ მეგონა ასე, ალბათ, თქვენი პოეტური ბუნებიდან გამომდინარე...

– თუ პოეტურ ბუნებაზე ვისაუბრებ, არც ბოჰემური ვარ. ახლა კი არა ახალგაზრდობაში არ მყვარებია ღამისთევა და გართობა. სწავლის პროცესში დღესაც შემიძლია, გავათენო, მაგრამ სხვა მიზეზით – არა. სასმელიც კი არასდროს დამილევია, თუნდაც, პოეტური ბუნების გამო, სიგარეტს არ ვეწევი და არც არასდროს ვეწეოდი, მსგავსი საკითხები ჩემგან შორსაა.

– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ვგიჟდები. შესაბამისად, ჩემს თავს დიდ სიამოვნებას მივანიჭებდი. ასევე, ჩემს თავს შევუქმნიდი ყველანაირ კომფორტს. ჩემი კომფორტია ჩემი საყვარელი ადამიანების სილაღე და ბედნიერებაც, ამიტომ ამაზეც ვიზრუნებდი. თუ მოგზაურობაში წავიდოდი, მათთან ერთად წავიდოდი. ფულის დახარჯვა ადვილია, როდესაც ფული არ არის შენი ცხოვრების მიზანი და ორიენტირებული არ ხარ იმის თვლაზე, თუ რამდენი დახარჯე და რამდენი დაგრჩა. ჩემში ყველაფერი ზომიერადაა.

გიოცნებიათ, ყოფილიყავით მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი?

– რა თქმა უნდა, აუცილებლად. სკოლაში თუ ინსტიტუტში, ყველგან კლასიკური ხუთოსანი ვიყავი და რეალიზებას მეცნიერებაში ვხედავდი. ვიცი, რომ გია დვალი არ ვარ, თუმცა, ოცნებაში ძალიან მინდოდა ამ დონის მეცნიერი ვყოფილიყავი. მერე, როცა რადიკალურად შეიცვალა ჩემი მიმართულება და ლიტერატურისა და პოეზიისკენ წავიდა, როგორც ნებისმიერს, მეც მინდოდა და მინდა, ჩემი შემოქმედება ცნობილი იყოს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. თუ ვოცნებობდი, ვოცნებობდი იმ მიმართულებით, რაც უფრო ახლოს იყო ჩემს რეალობასთან.

– რა მიგაჩნიათ თქვენს არასწორ საქციელად?

– თუ რამე არასწორ საქციელად მიმაჩნია, რატომ უნდა იცოდეს ის საზოგადოებამ? ჯობს, მხოლოდ ჩემთან დარჩეს. სულაც არ არის საჭირო, სხვებისთვისაც ცნობილი იყოს. ასე რომ, ჩემთვის დავიტოვებ.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ტყუილის ატანა არ მაქვს. თუმცა, როგორც ექიმი, ვიტყვი, რომ არ შეიძლება, პაციენტს ყოველთვის სიმართლე უთხრა, ის ზოგჯერ რაღაცებისგან უნდა დაიცვა. აქედან გამომდინარე, გიწევს არასწორად თქმა, რა თქმა უნდა, პაციენტის სასარგებლოდ. რადიკალური ტყუილი, რომელიც ვინმეს ზიანს მიაყენებს, მართლა აუტანელია ჩემთვის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, სადმე დაგპატიჟონ, რამე ღონისძიებაზე და არ შეგეძლოს წასვლა, არ იყოს შესაბამისი მდგომარეობა და ამ დროს იძულებული ხარ, რაღაც მოიმიზეზო. თუ ეს ტყუილია, კი ბატონო.

– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?

– ჩემს სახლთან ახლოს იყო ვაკის პარკი და იქ მე და ჩემს დეიდაშვილს რამდენიმე ბიჭი ერთად დაგვიბარებია პაემანზე, მერე იქვე ჩაგვივლია იმის დასანახად, რომ კარგად გვეხალისა, როგორ იდგნენ და გველოდნენ. პატარა პერფორმანსებს ვაწყობდით (იცინის).

ერთხელ კლასელმა მითხრა კინოში წავიდეთო და დავთანხმდი, თუმცა სრულიად სხვა ბიჭი მოვიდა, თურმე მას უნდოდა ჩემთან შეხვედრა და ჩემს კლასელს, ბავშვობის მეგობარს, დააპატიჟებინა ჩემი თავი.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ჩემს თავს ყველაზე დიდ ნაკლად ერთ რამეს ვუთვლი, რომ არ შემიძლია მუშტის დარტყმა. ხანდახან საჭიროა, რომ ადამიანს შესაბამისი პასუხი გასცე. ცხოვრებაში ვერ ვახერხებ საკადრისი პასუხის გაცემას, თორემ ფიქრებში შემიძლია, კაცი მოვკლა კიდეც, თუ ძალიან გაბრაზებული ვარ. რეალურად სისასტიკე არ არის ჩემს ბუნებაში. ხანდახან აუცილებელია ადამიანს უთხრა, რასაც ფიქრობ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია და ეს ხშირად მაზარალებს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება წინ არის. ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკვე ჰქონდა დიდი გამარჯვება, ვეღარაფერს მიაღწევს. ის, რაც მე მინდა მქონდეს, მწამს, რომ აუცილებლად მექნება. მარცხს რაც შეეხება, ასეთიც ყოველთვის ხდება, მაგრამ ჩემს დიდ ტკივილებზე და მარცხებზე არასდროს არაფერს ვამბობ ხმამაღლა. ეს მხოლოდ ორმა–სამმა ადამიანმა იცის. ამ საკითხის საჯაროობა არ წარმოადგენს მისაღებ ფორმას.

– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– დაახლოებით ხუთასი წელი უნდა ვიცხოვრო. ერთხელ მეგობრებმა მკითხეს, მერე ჩვენ რომ აღარ ვიქნებითო? თუ მარტო ეგ არის პრობლემა, ახლებს გავიცნობ-მეთქი, ვუპასუხე (იცინის). სიცოცხლის დასასრული საერთოდ არ წარმომიდგენია და არც მაინტერესებს, ამიტომაც გადავწიე 500 წლით.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– რომ დავიბადე, ვარ ცოცხალი, ძალიან მიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, სამყარო და მიხარია მზის ყოველი ამოსვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა