საზოგადოება

მესტია – ტურისტული რეგიონი ქვეყნის მასშტაბით

№51

ავტორი: ინა სიმონია 13:00 28.12, 2021 წელი

კაპიტონ ჟორჟოლიანი
დაკოპირებულია

ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი ზედიზედ მესამედ აირჩიეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერად, ეს კი დიდი ნდობის ნიშანია მოსახლეობის მხრიდან, განსაკუთრებით ისეთ მშვენიერ და მკაცრ კუთხეში, როგორიც სვანეთია, სადაც ადამიანი და ბუნება ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და არც შეცდომებს გაპატიებენ და არც სიკეთეს დაგივიწყებენ. სიკეთე კი თავისი ხანგრძლივი მერობის განმავლობაში ბატონ კაპიტონს არაერთი აქვს გაკეთებული მშობლიური კუთხისთვის და კიდევ უფრო მეტს აპირებს.

კაპიტონ ჟორჟოლიანი: რაც ჩემი მერობის დროს მესტიაში გაკეთდა, არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩვენი გუნდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებაა, რომლებიც ყოველთვის გვერდით გვიდგანან.

– დაგვისახელეთ თქვენი გუნდის წევრები.

– ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე და ყველა ის ადამიანი, ვინც მუნიციპალურ სტრუქტურებში არიან დასაქმებული.

– რა პრიორიტეტული მიმართულებები გაქვთ დასახული?

– პრიორიტეტებად წელსაც რჩება წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, გზები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, ტურიზმი, სპორტი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვისაა საჭირო.

– უფრო კონკრეტულად?

– აი, მაგალითად, წყალი და კანალიზაცია კაპიტალურად მხოლოდ დაბა მესტიაშია გაკეთებული, სოფლებში კი – კუსტარულად. მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით, სოფლებშიც კაპიტალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ვგეგმავთ.

– ტურიზმის კუთხით...

– რაც შარშან საქართველოში ტურისტი ჩამოვიდა, თითქმის ყველამ მოინახულა სვანეთი. ეს კი მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა. მართალია, კოვიდამდელ მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ადაპტირება მალევე შევძელით, ვისწავლეთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ახლახან გაიხსნა სამი ახალი სასტუმრო. რაც მთავარია, გაიზარდა მომსახურების ხარისხი. ეს კი, კარგი გადამხდელების რაოდენობას და შესაბამისად, შემოსავალს გაზრდის. აქვე დავამატებ, რომ საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებამ სასიკეთო გავლენა იქონია ჩვენს მუშაობაზე. საშუალება გაგვიჩნდა, რომ ეფექტურად ვმართოთ ჩვენი შემოსავლები და ისინი ყოველდღიურ საჭიროებებს მოვახმაროთ.

– როგორაა თქვენთან საქმე სპორტის მხრივ?

– დავიწყებ იმით, რომ 20 დეკემბერს ჩვენთან გაიხსნება ზურულდის ახალი საბაგირო და პირველ რიგში, ეს მოთხილამურეებს გაახარებს, რომლებმაც კარგად იციან სვანეთის მაღალი ხარისხის თოვლის ფასი. ამ პროექტის ინიციატივა გამოიჩინა ვიქტორ ჯაფარიძემ. დიდი დახმარება გაგვიწია პრემიერმა, აგრეთვე, ქალბატონმა ნათია თურნავამ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. გეგმაში გვაქვს ფეხბურთის განვითარება სვანეთში და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. აგრეთვე, გვინდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ფრირაიდში. ჩვენ გრანტი გვაქვს მოგებული. პროექტში ჩაერთვება, ასევე ევროპის ფონდი და USAID. ვფიქრობთ, ერთობლივი ძალებით თავს გავართმევთ პროექტის წარმატებით განხორციელებას. ეს ღონისძიება კი დიდი რეკლამა იქნება არა მარტო სვანეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

– რამეს ხომ არ დაამატებთ?

– მადლობა მინდა, გადავუხადო ქალბატონ თეა წულუკიანს დახმარებისთვის. მასთან ერთად კი უშგულის მოსახლეობას, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ ყველაზე კრიტიკული მდგომარეობის მქონე კოშკების გადახურვაში. ქალბატონი თეას დახმარებით უშგულში სამი სვანური კოშკი გადაიხურა და ზამთარში მათი განადგურების საფრთხე აღარ იქნება.

– შეგიძლიათ, მიმართოთ ხალხს.

– მთლიანად საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ჰქონდეთ მომავლის იმედი. ჩვენ განვითარების ახალ ფაზაში გადავედით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი მომავალი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი