საზოგადოება

მარტა ფუტკარაძე: „დედობა ჩემთვის განსაკუთრებული ჯილდოა“

№1

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.01

მარტა ფუტკარაძე
დაკოპირებულია

  შვილი დიდი მონდომებისა და მკურნალობის შემდეგ შეეძინა. პირველი ნაბიჯები მასთან ერთად გაიარა. თითქოს მასთან ერთად ფეხის თითებით მსუბუქად ეხებოდა იატაკის ზედაპირს და ცხოვრების ქარტეხილებს დაცემისა და წამოდგომის შემდეგ ეუბნებოდა: მე ძლიერი ვარ! მე გავიმარჯვებ! 
  მარტა ფუტკარაძე დღეს მთავარ საქმიანობად შვილის აღზრდას მიიჩნევს. სოციალურად აქტიური დედა მთლიანად ჩართულია 5 წლის დემეტრეს აღზრდაში: ფიზიკურ აქტივობებში, ბავშვის საგანმანათლებლო აღზრდასა და განვითარებაში.  მარტა ფუტკარაძე „ფონდი ახალგაზრდა დედები მომავლისათვის“ რჩეული წევრი და კომპანიონია. ის ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ციცო ფუტკარაძის ქალიშვილია და საქმიანობაში აქტიურად უდგას მხარში. დედა მისთვის სამაგალითოა  სიკეთის უანგარო კეთებით. 

– მარტა, რას ნიშნავს შენთვის დედობა?
– დედობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ სურვილს ნიშნავდა. მინდოდა, რომ შვილი მყოლოდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო საშიშროება, რომ დედა ვერ გავხდებოდი. ძალიან ბევრი ვიბრძოლე და ვიშრომე, რომ დედა გავმხდარიყავი. თბილისში ამან შედეგი ვერ გამოიღო და თურქეთში მკურნალობის შემდეგ, უფალმა ეს დიდი ჯილდო მომანიჭა. დედობა ჩემთვის ღვთის საჩუქარია. ჩემი აზრით, ის გარკვეული სულიერი მისიაა. ბავშვს არა მხოლოდ ხორციელად ეხმარები, ზრდი, ყოველდღიურ რუტინაში ხარ ჩართული, არამედ მის სულსაც შენ ამდიდრებ და აყალიბებ.
– მარტა, დემეტრეს გაჩენიდან შენი ცხოვრება მთლიანად მასზეა ორიენტირებული. როგორია მარტა დედის ამპლუაში?
– ვფიქრობ, რომ დემეტრე ჩემი მთავარი საქმეა. ჩემი სიცოცხლის მიზანი და სიკეთეა. ჩვენ ერთად დავდივართ წრეებზე, ერთად ვართ ჩართული ყველა საქმიანობასა და თვითგანვითარებაში. დემეტრე დიდ ყურადღებას, სხვანაირ მიდგომასა და გვერდში დგომას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ყველა დედა, მიუხედავად, მისი საქმიანობისა და დაკავებულობისა, დროის დიდ ნაწილს მაინც შვილს უნდა უთმობდეს, მასთან უნდა იყოს შესისხლხორცებული. შემეძლო, ამეყვანა დამხმარე ქალი, მაგრამ უარი ვთქვი, მსურდა, რომ მე თავად ვყოფილიყავი ჩახედული დემეტრეს ცხოვრებაში. ღმერთის წყალობით, მქონდა ის საშუალება, რომ მთლიანად დემეტრეს გვერდით ვყოფილიყავი: დემეტრეს გაღვიძება, მისი კვება, დემეტრეს გაკვეთილები – ყველა დეტალს ჩემს შვილთან ერთად გავდივარ. ზოგადად, ბავშვის სულიერ აღზრდაში, მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ფაქტორს. გარკვეულწილად, სწორედ, დედა აყალიბებს მის ხასიათს, აძლევს მაგალითს, როგორ უნდა მოიქცეს ქალბატონთან, საზოგადოებაში, ასწავლის კულტურის წესებს... მიუხედავად ჩვენი ერთობლივი საქმიანობისა, დემეტრე თვითმყოფადი ბავშვია, თავისი საინტერესო სამყარო აქვს და ძალიან დამოუკიდებელია. სხვათა შორის, ძალიან უყვარს ჟურნალისტები, ტელეწამყვანები და თითქმის ზედმიწევნით იცის ყველა. როცა ეკრანზე გამოჩნდებიან, სხაპასხუპით გეუბნება, ვინ ვინაა. განსაკუთრებით უყვარს პოეზია და ეს მახარებს. მინდა, რომ ჩემი შვილი საქართველოს სიყვარულითა და მისი ისტორიით გაიზარდოს. ვცდილობ, რომ კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს. ოჯახისა და ტრადიციების სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს.
– რა მიგაჩნია ქალის მთავარ დანიშნულებად და რას ურჩევდი ახალგაზრდა დედებს?
– ახალგაზრდა დედებს ვურჩევდი, რაც შეიძლება, მეტი დრო გაატარონ შვილებთან. დრო მიდის, ყველა კვირასა და დღეს აქვს მნიშვნელობა, შეიძლება, შვილთან ურთიერთობაში გაგეპაროს მისი ბავშვობის ის მომენტები, როგორ გაიარა, როგორ დაილაპარაკა, როგორი პატარა იყო... ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად ეცადონ, იყვნენ შვილების გვერდით ყველა მომენტში. მართალია, ძალიან რთულია დღევანდელი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადონ. ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია, განუმეორებელი წუთებია დედის ცხოვრებაში. დედა ხომ შეუცვლელია შვილისთვის. დღესაც მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში რაც კი კარგი რამ გამაჩნია, ეს დედაჩემისგან მაქვს მიღებული. ჩემთვის ის სამაგალითოა. დღემდე მაოცებს მისი კეთილი გული, უანგარო დახმარებისა და ქველმოქმედების განსაკუთრებული უნარი. ამიტომაც ვცდილობ, რომ ჩემი შვილისთვისაც ისეთივე სამაგალითო ვიყო. დემეტრეც ყველაფერს მაგნიტივით იზიდავს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემს შვილს კარგი რაღაცები მივაწოდო, რომ ეს ყველაფერი მის მეხსიერებაშიც დარჩეს. პირველ რიგში, სიმართლე და პატიოსნება მინდა ჩავუნერგო, რომ მომავალში ის მართალი და პატიოსანი ადამიანი გაიზარდოს. ჩვენი ქვეყნის მომავალიც სწორედ ამ პატარების კეთილისმყოფობასა და განვითარებაზეა დამოკიდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი