ქეთი ოძელაშვილი: ყველაზე სასიამოვნოა, როცა თვითონ მხატვარი ყიდულობს ჩემს ნახატს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 11.09

ვისაც მხატვარ ქეთი ოძელაშვილის ნამუშევრები ერთხელ მაინც უნახავს, მათგან მიღებულ საოცარ შთაბეჭდილებას, ალბათ, ვერასდროს დაივიწყებს. ქალბატონმა ქეთიმ ახლახან ერთ-ერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სულ მალე კი მეორე პერსონალურ გამოფენასაც შემოგვთავაზებს.
ქეთი ოძელაშვილი: „სინათლისკენ მოძრავი სამყარო“ ჯგუფური გამოფენა გახლდათ, რომელშიც 75-მდე მხატვარმა მივიღეთ მონაწილეობა. ყველა თითო-თითო ნამუშევრით ვიყავით წარმოდგენილი. ჩემი ნახატი 24-25 აგვისტოს იყო გამოფენილი და როგორც ყოველთვის კარგი გამოხმაურება მივიღე. რაც ყველაზე მთავარია, მნახველები იყვნენ კმაყოფილები. გამოფენაზე ბალერინების ძალიან ლამაზი კომპოზიცია მქონდა გატანილი და მიხარია, რომ დამთვალიერებელს განსაკუთრებულად მოეწონა. ჩვენ სხვისი თვალისა და გულის გასახარად ვშრომობთ და როცა მიზანს ვაღწევთ, ეს დიდი ბედნიერებაა.
– თქვენი სხვა აქტივობების შესახებაც მოგვიყევით.
– ახლა უკვე პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ. პერსონალური გამოფენა წლების წინ ერთხელ უკვე მქონდა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვფინო ჩემი ახალი ნამუშევრები. ასევე, შესრულებული მაქვს სამი წიგნის ილუსტრაცია: ერთი ლექსების კრებული გახლავთ, ორი კი – ზღაპარი. სხვათა შორის, წინა ზღაპრის ილუსტრაციამ სახელმწიფო გრანტი აიღო და ძალიან გამიხარდა.
ილუსტრაციებზე მუშაობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ბავშვობაში წიგნები, პირველ რიგში, ხომ ილუსტრაციებით გვიყვარდებოდა – ჯერ მათ ვათვალიერებდით და მერე ვიწყებდით კითხვას, ამიტომ ავტორთან ერთად, ამ საქმის შესრულებაში დიდი შრომა ჩავდე.
– საერთაშორისო კონკურსებში ხშირად მონაწილეობთ? როგორც ვნახე, სერტიფიკატები სხვადასხვა ქვეყნიდან გაქვთ მიღებული.
– დიახ, უამრავი სერტიფიკატი მაქვს. ცოტა ხნის წინ, ინდოეთის ფესტივალზე გავიტანე ჩემი ნახატები და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. იქაურ ჟურნალ-გაზეთებშიც დაიბეჭდა. საბერძნეთშიც მქონდა წარმატებები და კიდევ ბევრ ქვეყანაში. რაც მთავარია, ჩემს ნამუშევრებს ბევრი კერძო კოლექციონერი ყიდულობს. იცით, რა არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო? როცა ჩემს ნახატს თვითონ მხატვარი ყიდულობს. ასე მოხდა, მაგალითად, მოსკოვში. არაჩვეულებრივმა მხატვარმა და არქიტექტორმა ჯერ ერთი ნახატი დამიკვეთა, მერე მეორეც შეიძინა. ეს ჩემთვის დიდი ჯილდო იყო. ამერიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთში – ჩემი ნახატები უკვე ბევრი ქვეყნის კერძო კოლექციებშია.
– როდის აღმოაჩინეთ ხატვის ნიჭი?
– მამა მყავდა მხატვარი და ბავშვობის ასაკიდანვე მეც გამორჩეული ნიჭი გამოვამჟღავნე როგორც ხატვის, ისე მუსიკის მიმართ. ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი და არჩევანის გაკეთების წინაშე რომ დავდექი, გულმა მუსიკისკენ გამიწია. ამ განხრით ბევრს ვმუშაობდი. საგუნდო-სადირიჟორო მაქვს დამთავებული. ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ცნობილი ჯაზ-ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ ვოკალის განხრით.
რაც შეეხება ხატვას, მე ის მაშინ დავიწყე, როცა მამა გარდაიცვალა. ამიტომ, სამწუხაროდ, მისი შეფასებები ვერ მოვისმინე. თუმცა, დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ. შემდეგ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, კარგი იქნება, თუ პერსონალურ გამოფენას გავაკეთებთო და გავაკეთეთ კიდეც 2019 წელს. ძალიან ბევრი ნამუშევარი გაიყიდა, საოცარი აღიარება და აღფრთოვანება გამოიწვია ჩემმა ნახატებმა. ბევრმა არც იცოდა, რომ ასეთ დონეზე ვხატავდი. ამ გამოფენის შემდეგ კიდევ ბევრი შეკვეთა მივიღე და აქტიური გაყიდვები დავიწყე. საბედნიეროდ, მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. რაც დრო გადის, საკუთარ თავსაც სულ უფრო და უფრო მეტს ვთხოვ, მუდმივად ძიებაში ვარ და ვცდილობ, წინ წავიდე. ძალიან მბეზრდება ერთფეროვნება. ჩემთვის ერთსა და იმავე თემაზე მუშაობა მოსაწყენია. მაგალითად, ბალერინების ძალიან აქტიურად ხატვის შემდეგ ახლა პეიზაჟებზე გადავერთე.
– ძალიან ლამაზი და ჯადოსნური სამყაროა თქვენს ნახატებში...
– ბევრი მიწერს ხოლმე კომენტარებში, შენ გგავს შენი ნახატებიო. ზოგჯერ ბალერინებს ჩემდა უნებურად ჩემს სახეს ვუხატავ. ხატვას რომ ვასრულებ, მერე ვაცნობიერებ, რომ ერთი ბალერინა მაინც მგავს ხოლმე. არადა, ეს მე წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული, ქვეცნობიერად ხდება.
მეამაყება, რომ თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ამ მიმართულებით არანაირი განათლება არ მიმიღია. ნელ-ნელა ყველაფერი თვითონ ვისწავლე.
– ისეთი ნამუშევრები გაქვთ, რთულად წარმოსადგენია, რომ თვითნასწავლი ხართ.
– ალბათ ასეა, არც კი მეკითხებიან ხოლმე, მაქვს თუ არა აკადემია დამთავრებული. მე ტექნიკურად ძალიან მაღალ დონეზე მაქვს ჩემი ხელოვნება აყვანილი. სიმართლე გითხრათ, ტილოსთან რომ ვჯდები, ვერ ვხვდები, ამას როგორ ვაკეთებ, მაგრამ შედეგს ვაღწევ. ეს ცოტა მისტიკური პროცესია, ყველაფერი ღვთის ნებაა. ხატვის პროცესში ვითიშები, ხელი, თვალი და გონება სინქრონულად მუშაობს, თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად.
– ხშირად ხატავთ?
– დილით ძალიან ადრე ვდგები და მაშინვე ხატვას ვიწყებ. თუ ნახატი მაქვს დასასრულებელი, არ იცით, როგორი სიხარულით წამოვფრინდები ხოლმე საწოლიდან, რომ ხატვა განვაგრძო.
– პერსონალური გამოფენის გაკეთებას როდის გეგმავთ?
– შემოდგომით. მინდა, ხუთი დიდი, ახალი, მასშტაბური ნამუშევარი შევქმნა და გამოვფინო. მინდა, პირველად პერსონალურ გამოფენაზე ნახონ ჩემი ახალი ნამუშევრები. თემატიკა მრავალფეროვანი იქნება, რადგან ჩემი ნახატებიც მრავალფეროვანია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...