საზოგადოება

გიორგი კალანდია: წიგნი მომიპარავს, რის გამოც დამიჭირეს კიდეც

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.04, 2023 წელი

გიორგი კალანდია
დაკოპირებულია

გიორგი კალანდიას "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიორგი კალანდია?

გიორგი კალანდია: ერთი ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არანაირი პრეტენზია და ამბიცია არ აქვს განსაკუთრებულობასთან დაკავშირებით. უყვარს თავისი საქმე და მაქსიმალურად ცდილობს მის გულწრფელად და ხარისხიანად გაკეთებას. სულ ეს არის გიორგი კალანდია.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. მე ვარ კაცი, რომელსაც ძალიან მოსწონს მოკრძალებული ცხოვრების წესი. ყველაფერში ზომიერება მიყვარს. მინდა, მქონდეს მინიმალური, რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება. არსებობს კომფორტი და არსებობს ფუფუნება. მე ფუფუნება არ მიზიდავს, არ მიყვარს – ამას გულწრფელად ვამბობ, თუმცა, მინიმალური კომფორტი – კი ბატონო. უცხოეთშიც რომ მივდივარ, სადაც მეპატიჟებიან მეგობრები, რომელთაც მშვენიერი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, მე მაინც მირჩევნია ფეხით ვისეირნო, ვიარო ბაზრობებზე, სადაც ჩვეულებრივ ხალხს გავიცნობ. ბიუჯეტური ტურიზმი უფრო მომწონს – უკეთ შეგიძლია მეგობრების გაცნობაც და საკუთარი თავის გამოცდაც.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– კი, მიკეთებია. ერთი სამსახურის უფროსი ვიყავი, რომელიც ძალიან არ მომწონდა. ჩემთვის ეს იყო ტანჯვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანამდებობა და ხელფასი მქონდა, ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც მე არ მიყვარდა, ეს საშინელება იყო.

– რას გააკეთებთ, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?

– პირველ რიგში, რომელიმე ევროპული ქვეყნის ზღვის სანაპიროზე, ვიყიდდი ძალიან პატარა, ლამაზ, კომფორტულ სახლს, ისეთს, როგორიც მე მაქვს, რომ ზაფხულში ან შემოდგომაზე იქ დავისვენო. აუცილებლად შევწირავდი ფულს ხელოვნების სასახლეს, კარგი და მნიშვნელოვანი ექსპონატების შესაძენად. ასევე, მშობლებსა და მეგობრებს გავუნაწილებდი.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– გაგეცინებათ, მაგრამ სულ მგონია, რომ ეგ წინ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამბიციური ადამიანი არ ვარ, მე ისტორიკოსი ვარ და სულ ვფიქრობ, რომ ერთხელაც ისეთ აღმოჩენას გავაკეთებ ან ისეთ რამეს ვიპოვი, რაც ასეთ ცნობადობას მოიტანს, უშუალოდ ჩემთვის კი არა, იმ ამბისას, რომელსაც მე აღმოვაჩენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ვკითხულობ დიდი აღმოჩენების შესახებ და ამის სურვილი ნამდვილად მაქვს. ძალიან მინდა, ასეთი რამ მოხდეს საქართველოში და ეს როგორღაც მსოფლიო ისტორიასთან იყოს დაკავშირებული.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?

– ასეთი ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად ერთ მომენტს გამოვყოფ – ურთიერთობა დამეძაბა ადამიანებთან, რომლებთანაც კონფლიქტი მქონდა, ზოგიერთთან კი საერთოდ შევწყვიტე კავშირი – ამას აღარ გავიმეორებდი. ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია. მისი გაწყვეტა არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. მე ასე მგონია.

– ფიქრობთ, რომ ძალიან არასწორად მოგექცნენ?

– რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ყოველთვის და ყველაფრად ღირს ადამიანებს შორის ურთიერთობის, სიყვარულის შენარჩუნება. ამას სრული გულწრფელობით ვამბობ. ჩვენს ცხოვრებაში არც თუ ისე ცოტა ადამიანს მოვიძულებთ ხოლმე, ეს დიდი შეცდომა მგონია. დღეს რასაც სოციალურ ქსელში ვუყურებთ, ის, რასაც ადამიანები ერთმანეთს უკეთებენ პოლიტიკური თუ სხვა აზრთა სხვადასხვაობის გამო, სასაცილოა, რადგან ეს ცხოვრება მართლა წუთისოფელია და ამად არ ღირს. გარდა ამისა, ვნანობ იმას, რომ ბევრი რამ უნდა გამეკეთებინა, მაშინ, როდესაც ამის დრო იყო, მაგრამ დამეზარა და არ გამიკეთებია.

– რა რა და ზარმაცი ნამდვილად არ მგონიხართ.

– ზარმაცი ნამდვილად არ ვარ. დილის 7 საათზე ვიღვიძებ და მაშინვე საქმის კეთებას ვიწყებ, თუმცა მქონია რაღაც მომენტები, როცა სიზარმაცეს დავუძლევივარ და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ მერე ვეღარ ამინაზღაურებია.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– მე მუდმივად მოუცლელი ვარ. ერთხელ ახლობელმა დამირეკა. ჩემი ნახვა უნდოდა. მუზეუმის ეზოში ვიდექი. მირეკავს და მეუბნება, თუ მუზეუმში ხარ, გნახავდიო და ვუთხარი, არა, მუზეუმში არ ვარ, ძალიან მოუცლელი ვარ-მეთქი. გავიხედე და ჭიშკართან მოპირდაპირე მხარეს იდგა. ნამდვილად ძალიან უხერხული მდგომარეობა იყო.

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ტყუილს არასდროს ამბობენ. ასეთი რამ არ არსებობს. ადამიანებს ჩვენდაუნებურად გვიწევს ტყუილის თქმა, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ვინც ამბობს, რომ არ იტყუება, ის უკვე იტყუება. გააჩნია, როგორია ტყუილი. ის, რაც ადამიანს ავნებს და მის ცხოვრებას ზიანს მიაყენებს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

– თუ მოგიპარავთ რამე, ოღონდ წიგნის გარდა, იმიტომ, რომ როგორც წესი, ამ კითხვაზე ეს აქვთ ხოლმე პასუხად.

– ცდებით თუ გგონიათ, რომ წიგნის მოპარვა ქურდობა არ არის. კი, წიგნი მომიპარავს, თან სერიოზული, რის გამოც დამიჭირეს კიდეც. ეს მოხდა ლენინის სახელობის რუსეთის ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში. საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მაგარი წიგნი იყო. მოვიპარე და გამოსასვლელში დამიჭირეს. დავისაჯე იმით, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ბიბლიოთეკაში წიგნის მკითხველად დაშვება ამეკრძალა. ის, რომ წიგნის ქურდობა ქურდობა არ არის, მითია. ბიბლიოთეკა არის სამუზეუმო სივრცე და ზოგიერთი წიგნი ისეთი ძვირად ღირებულია, რომ შეიძლება, ოქროს ნივთს არ ჰქონდეს მისი ფასი. ვინც ამბობს, რომ წიგნი მოუპარავს, ის დანაშაულს სჩადის. მე ვერ წარმომიდგენია, ვიღაც ჩვენი მუზეუმის ბიბლიოთეკაში რომ შემოვიდეს და წიგნი მოიპაროს, გგონიათ სამართალდამცველთან არ იქნება დასარეკი?! ჩვენს მუზეუმში ყველა წიგნი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვინმე თუ მოიპარავს, დარწმუნებული ვარ, რომ ციხე არ ასცდება, რადგან ეს ნიშნავს სამუზეუმო ნივთის მოპარვას. ინგლისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, სადაც უნიკალურ წიგნებთან მქონდა შეხება, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ათეულ ათასობით დოლარად იყო შეფასებული და მისი მოპარვა ქურდობა არ არის?!

– პაემანზე თუ გადაგხდენიათ სახალისო ისტორია?

– ერთხელ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოს გასაცნობად მივედი პაემანზე. ეს პაემანი სრულიად შემთხვევით დაინიშნა. მე ძალიან იშვიათად შეიძლება, გამოვიყვანო სახლიდან ძაღლი და მაინცდამაინც იმ დღეს მყავდა წამოყვანილი. სხვა გზა არ მქონდა, პაემანზე ძაღლით მივედი. ის გოგო გაოგნდა, გამოვიდა, რომ ძაღლს ვასეირნებდით, მაგრამ რა მექნა (იცინის).

– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?

– ძალიან მკაცრი დირექტორი ვარ, ეს ჩემმა თანამშრომლებმა კარგად იციან. სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას გულგრილად არასდროს ვუყურებ. რაც არ უნდა ახლობელი იყოს ადამიანი, ყოველთვის ვიყენებ იმ დისციპლინურ ნორმებს, რომელიც შრომის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იქნება ხელფასის დაქვითვა, საყვედურის გამოცხადება და თუ ეს პერმანენტულ ხასიათს იღებს, ადამიანები სამსახურიდანაც გამიშვია.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და ყველაზე დიდი გამარჯვება?

– ჩემი ყველაზე დიდი მარცხი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ოჯახი არ მაქვს. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოვიცალე, არ მყავს შვილები და ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმატებაა. ყველაზე დიდი წარმატება არის ხელოვნების სასახლე, მე ასე მგონია. ის რამდენიმე წლის წინ ჩავიბარე ისეთ ორგანიზაციად, რომელიც უბრალოდ, ინგრეოდა და თითქოს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად ის საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ სივრცედ ვაქციეთ. სადაც იტყვიან ხელოვნების სასახლეს, იქ ყოველთვის ახსენდებათ გიორგი კალანდია – ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რაც ძალიან გაგიხარდათ და ცუდი, რაც გეწყინათ?

– ჩემს „ფეისბუქს“ რომ გადახედოთ, დაინახავთ, რომ ერთიც და მეორეც ყოველდღე მესმის. ამან კიდევ ერთხელ განმიმტკიცა ერთი გენიალური ფრაზის სისწორე – გინებაც და ქებაც მიიღე ერთნაირი გულგრილობით და ასეც ვიქცევი. ყოველთვის ვცდილობ, ნაკლებად ვაკეთო ისეთ რამ, რაც მორალურ პრინციპებთან კონფლიქტში მოდის და როცა საკუთარ სინდისთან მართალი ხარ, ქებასაც და გინებასაც გულგრილად ხვდები. გულწრფელად ვამბობ, არცერთი მათგანი არ მაღელვებს.

– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას ბევრი წლის შემდეგ?

– ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ამას ვინმე ნატრობს. არც სიხარულით საუბრობს ამაზე ვინმე და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ყველა ჩვენგანი ვფიქრობთ სიცოცხლის დასასრულზე. სხვანაირად ადამიანის არსებობას აზრი არ აქვს. მე მინდა, მშვიდად დავასრულო სიცოცხლე. მინდა, ბოლომდე შემეძლოს საკუთარი თავის მოვლა. არ მინდა, სხვისთვის ტვირთი გავხდე. მათ შორის არც საკუთარი შვილებისა თუ დისშვილებისთვის. ყოველ საღამოს, როდესაც ძილის წინ ვლოცულობ, ღმერთს ამას ვთხოვ. მინდა, ისე განვვლიო ცხოვრება, რომ ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყო დამოკიდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი