საზოგადოება

გია დავითიანი: წასვლის არ მეშინია, მე უკვე სამოთხეში ვარ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 17.06

გია დავითიანი
დაკოპირებულია

გია დავითიანის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გია დავითიანი?

გია დავითიანი: გია დავითიანი არის ადამიანი, ვინც, პირველ რიგში, დიდ პატივს სცემს საკუთარი მშობლების ხსოვნას. უყვარს შვილები, შვილიშვილები, მეუღლე, სანათესავო, სამეგობრო და ყოველთვის ცდილობს, გარშემო შემოიკრიბოს ძვირფასი ადამიანები. ვინ ვარ და როგორი ვარ, ამაზე, ალბათ, უფრო სხვამ უნდა ისაუბროს, მაგრამ მე ხალხისგან უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– დღეს თუ რამე გამაჩნია, ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს. სტუდენტობის დროს ვოცნებობდი, რომ მქონოდა კარგი საცხოვრებელი, კარგი აგარაკი, კარგი მანქანა – დღეს ეს ყველაფერი მაქვს. ამ ასაკში თუ რამეზე ვიოცნებებ, ეს იქნება, წელიწადში ორჯერ კარგ ქვეყანაში მოგზაურობა და მეუღლესთან ერთად კარგად დასვენება. თუ ვიოცნებებ, ვიოცნებებ, რომ ჩემი შვილები და საახლობლო კარგად მიმყოფოს ღმერთმა და მათი ცუდი არ მენახოს.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– მე ზოოვეტერინარული ინსტიტუტი დავამთავრე და ხუთი წელი ვიმუშავე მუშად მეფრინველეობის ფაბრიკაში, კვერცხის საწყობში. „კამაზის“ ტიპის მანქანებს ვტვირთავდი. იყო დღეები, როცა 2-3 მანქანას ვტვირთავდი. ვის უხარია დღეში ამხელა შრომა, ეს ჩემგან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა, მაგრამ ვაკეთებდი. ნელ-ნელა დავწინაურდი და წინ წავედი. ჩემი შრომით და მონდომებით მივაღწიე იმას, რაც დღეს მაქვს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი შევძელი და 65 წლის ასაკში შემიძლია, ისე ვიცხოვრო, რომ ხშირად დავისვენო. თუმცა, ბროწეულაში იმხელა ბაღი მაქვს, რომ დასვენების დრო არ მრჩება. მცენარეების მოვლა ისე მიყვარს, თან ისეთი საოცარი ბაღი მაქვს, უარს როგორ ვიტყვი მასზე ზრუნვაზე, მაგრამ ეს სიამოვნებაა. რაც მთავარია, იმაზე არ მიწევს დარდი, თუ როგორ შევინახო ჩემი ოჯახი. სტუდენტობისას როგორ ვიფიქრებდი, რომ 65 წლის ასაკში საკუთარ ბაღში მოყვანილი ხილის კომპოტს დავლევდი, მაგრამ დაუღალავად ვშრომობდი და ამის დამსახურებაა, რომ დღეს მაქვს ის, რაც მიყვარს.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ეტყობა, ასაკი თავისას შვება. ამ ასაკში უკვე ბევრი ახლობელი გაკლია, ბევრი მიდის ამ ქვეყნიდან უდროოდ და გულჩვილობასაც ეს განაპირობებს.

– გაიხსენეთ ყველაზე დიდი ტკივილი, რამაც ცრემლებამდე მიგიყვანათ...

– დედის გარდაცვალება. სხვათა შორის, დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. მაგარი კაცი იყო. რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ ის, რაც დღეს მაქვს გაკეთებული, მამაჩემის ხასიათისა და წესების დამსახურებაა. ახლა ვხვდები, რამხელა სკოლა გავიარე მამის გვერდით. ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი არაფერი გამეკეთებინა, რომ მამაჩემის სახელი შემერცხვინა. მას ბევრი იცნობდა, დიდ პატივს სცემდნენ და მისი ნასწავლი ცხოვრებაში ყველაფერი გამომადგა.

– თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად რა მიგაჩნიათ?

– შეცდომები როგორ არ მოგივა, მაგრამ განსაკუთრებით სანანებელს ვერ ვიხსენებ. როცა საკვანძო საკითხებს ეხებოდა საქმე, რომ არ შევმცდარიყავი, ასჯერ გამიჭრია და ნაბიჯი მერე გადამიდგამს. მადლობა ღმერთს, არაფერს ვნანობ.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– მატყუარა კაცს ვერ ვიტან. საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ტყუილი. ხომ გაგიგიათ ანდაზა: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის და ჩემს ასაკში ეგრევე მიხვდები თუ ადამიანი გატყუებს. მე ამ დროს ემოციებს ვერ ვმალავ. პირდაპირი ვარ და როცა ვგრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის, მაშინვე ვამბობ. ამიტომ, არავის ვურჩევ, რომ მომატყუოს.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და თუ არის ეს თქვენი ხასიათის თვისება?

– არა, არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, ეს არ არის ჩემი ხასიათის თვისება, მაგრამ სასტიკი ვარ მოღალატეების მიმართ. როცა ადამიანს უპატიებელი რამ ეშლება, როგორია? მაგრამ არა, მე სასტიკი მაინც ვერ ვარ. ადამიანი როგორც არ უნდა მოიქცეს, მე მაინც ვაკონტროლებ ჩემს თავს და ემოციებს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– კაცი დამარცხებული ხარ მაშინ, როცა არც ძმაკაცი გყავს, არც მეგობარი, არც ახლობელი. არის ასეთი კატეგორიის ხალხი, ვინც ამას ეგუება. მე ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი ცხოვრება მქონოდა, რომ ჩემ გარშემო ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ყოფილიყვნენ, მოვფერებოდი მათ, პატივი მეცა. თუ ვინმე სიკეთეს გამიკეთებს, მე ვცდილობ, ათჯერ მეტი გავუკეთო. მადლიერების გრძნობა ჩემში ძალიან დიდია და საერთოდ, მადლიერების გრძნობის მქონე ადამიანები ძალიან მიყვარს. სულ იმას ვცდილობ, რომ თუკი ვინმეს ჩემთვის რამე კარგი გაუკეთებია, ასეთი ადამიანები არ დავივიწყო და მუდმივად მათ გვერდით ვიდგე.

– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ?

– გაკრიტიკებას ჯერჯერობით ვერავინ მიბედავს (იცინის). რაც შეეხება ქებას, ჩემმა შვილმა, ნინუცამ გადაწყვიტა, სიმღერისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი და მე ვფიქრობ, წარმატებულად გამოუვიდა. ჩვენ ახალი დუეტი ჩავწერეთ, რომლის პრემიერაც უკვე გვქონდა და ძალიან პოპულარული გახდა. ბოლო პერიოდში ამის გამო მაქებენ, რომ შვილთან ერთად გადავწყვიტე დუეტის ჩაწერა. თუმცა, გარკვეული პერიოდი ველოდი, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ღმერთს ვთხოვ, 90 წლამდე მაცოცხლოს და სიცოცხლე დავასრულო ბროწეულაში, ჩემი ბუხრის წინ სავარძელში ჩამჯდარმა, მუხლებზე ადიელა გადაფარებულმა, ფეხებზე თბილი ჩუსტებით. ანთებულ ბუხარს რომ უყურებ და ბედნიერი ხარ, რადგან შვილები, შვილიშვილები და მეუღლე კარგად გყავს.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ჩემი ბროწეულა. იქ, სადაც წლების წინ ქვა-ღორღი იყო, დღეს ბაღნარი მაქვს გაშენებული. შეიძლება, ითქვას, რომ ჩემი პატარა სამოთხე გავაშენე ამ დედამიწაზე. ამიტომ წასვლის არ მეშინია, მე უკვე სამოთხეში ვარ (იცინის). მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა