საზოგადოება

ავთანდილ ხურციძე: ერთადერთ კაცად მთვლიდნენ ციხეში, ვისაც იარაღი ჰქონდა - იარაღად ჩემი ხელი ითვლებოდა

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 22.05, 2023 წელი

ავთანდილ ხურციძე
დაკოპირებულია

ქართველი მოკრივე - ავთანდილ ხურციძე უკვე თავისუფალია. ის ამერიკაში, კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, 2017 წელს დააკავეს.

ხურციძე ბრძოლის გაგრძელებას ამერიკის სახელით აპირებს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ავთანდილ ხურციძე: ჩემმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს ჩემი ათწლიანი სასჯელი. რაჟდენ შულაიას დახმარებას მდებდნენ ბრალად და ამისთვის ხუთი წელი მომისაჯეს, მეორე ხუთი წელი კი იმისთვის დამიმატეს, რომ მე და რაჟდენამ ვიჩხუბეთ ციხეში. ერთხელ დაეხმარა შულაიას და ციხეში მოხვდა, შემდეგ, შულაიამ იჩხუბა ციხეში, ანუ, არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა და ხურციძე კიდევ დაეხმარა, ესე იგი, ეს კაცი ვერ გრძნობს თავის დანაშაულსო, განაცხადა მოსამართლემ და კიდევ ხუთი წელი დამიმატა. 2021 წელს ეს გავასაჩივრე, დამაბრუნეს სასამართლოში და მოვიგე კიდეც ეს ქეისი. გამომიშვეს ციხიდან და საქართველოში დეპორტი გამომიტანეს. მე უარი ვთქვი საქართველოში დეპორტაციაზე და საემიგრაციოში დავჯექი კიდევ ორ წლით, საიდანაც ახლახან გამათავისუფლეს.

ამ ამბავში, ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ის არალეგალური პოკერჰაუსი, რომელიც ჩემს ბრალდებაში ფიგურირებდა დღესაც მუშაობს მეოთხე ბრაიტონზე. ქართველს აქვს გახსნილი. ის მოწმე იყო ჩემს საქმეზე, უამრავჯერაა ნასამართლევი, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაათავისუფლეს. ანუ, თუ პროკურორს ხელს მოუწერ თანამშრომლობაზე, ყველაფერი შეიძლება.

- საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმა არ გაგიჭირდათ?

- უარი მხოლოდ საქართველოში დეპორტაციაზე კი არ მითქვამს, საქართველოს მოქალაქეობაზე ვთქვი. ძალიან გულდასაწყვეტი იყო საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება. ცნობილი სპორტსმენი ვიყავი და ამერიკამ არ იცის, მე რომელი ქვეყნის მოქალაქე ვარ. როგორც რუსეთის მოქალაქე, ისე გამასამართლეს. საქართველოს მთავრობას საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, ერთი წერილიც კი არ მოუწერია.

არ ვიცი, რა უნდოდათ ჩემგან. კი, მე რაჟდენ შულაიას ძალიან ახლობელი ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვყავით კრიმინალში ჩართული. ახლაც იგივე აზრზე ვარ - მე არ ვარ კრიმინალი.

48 კაცი დაგვიჭირეს და ერთადერთი ვარ, ვინც ხელი არაფერს მოაწერა. შულაია ამბობს, რომ მათთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, ეს ხალხი კი იძახის, კრიმინალს ჩავდიოდით და შულაიას ფულს ვაძლევდითო.

- საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს გულგრილობა რას მივაწეროთ?

- არ მგონია, რომ ძალიან ამაყობდნენ ჩემით საქართველოში. რთულია ჩემი შედეგები წარმატებად არ მიიჩნიო, მაგრამ მოლოცვითაც კი არასდროს მოულოცია საქართველოს მთავრობას. სპორტის მინისტრი გამოდის და ჩემზე ამბობს, არც კი ვიცით, ეს კაცი საქართველოს მოქალაქე არის თუ არაო. არ ამაყობენ, თითქოს იმიტომ, რომ მე არ ვარ ოლიმპიური სახეობის წარმომადგენელი. არა უშავს, მე ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ და უკვე ძალიან დიდი შეხვედრისთვის ვემზადები.

ციხეში ისეთი სამედიცინო ისტორია გამიკეთეს, თითქოს ოთხი მძიმე დაავადება მჭირდეს: სიფილისი, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი და დიაბეტი. სინამდვილეში არცერთი არ მაქვს. ახლა სამედიცინო გამოკვლევებს ჩავიტარებ, დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელი ვარ და საჭირო ლიცენზიას ავიღებ.

ციხეშიც ყოველდღე ვვარჯიშობდი. იმდენს მივაღწიე, რომ პირდაპირ საბრძოლო ფორმაში გამოვედი. მწვრთნელი უკვე სერიოზულად მავარჯიშებს, არ მიფრთხილდება.

თავისუფალი ვარ, მაგრამ ფეხზე ჯიპიესი მაქვს მიმაგრებული. ვხუმრობ ხოლმე, მთავრობა ჩემზე ნერვიულობს, ეშინიათ, სადმე არ დავეკარგო-მეთქი. ბოლომდე თავისუფალი არ ვარ. აკონტროლებენ ჩემს გადაადგილებას.

- ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ბრძოლა ვერ გაგეგრძელებინათ?

- როგორც სასამართლოში თქვეს, შულაიას ისე ვერ დაიჭერდნენ, თუ მე არ დამიჭერდნენ.

შულაია დანის მატარებელი კაცი არ იყო. ფიზიკურად კი ისე ძლიერი არ იყო, რომ ის გაეკეთებინა, რასაც ხურციძე გააკეთებდა - შედეგადაც, მთელი 45 კაცი მას ფულს უხდიდა, ეშინოდათ შულაიასი. რატომ? - იმიტომ, რომ ავთანდილ ხურციძე იყო მისი მეგობარი, მსოფლიოს ჩემპიონი. ეს აშინებდა ყველას, შიშს ჩააგონებდა. სანამ შულაიას შეხვდებოდნენ, ხურციძე მათ პრესში ატარებდა. ხურციძესთან საუბრის გამო ამ ადამიანებმა ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს, რომ გვინდა, სამაგალითოდ დავსაჯოთო, ამბობდნენ პროკურორები. მოსამართლის სიტყვა ასეთი იყო: მე კი მგონია, რომ ის ხუთი წელი, რაც ხურციძე იჯდა, ოთხჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც ეკუთვნოდაო. რეალურად, სულ რამდენიმე თვე მეკუთვნოდა თუ დანაშაულს დამიმტკიცებდნენ, მაგრამ ასე უიღბლოდ აეწყო ეს ამბავი.

- თვითონ რაში მიიჩნევ თავს დამნაშავედ?

- არაფერში. ხუთი წელი რომ ჩხუბის გამო დამიმატეს, ამის შემდეგ, მე აპელაცია დავწერე. ამ ჩხუბის დროს, მე შვიდჯერ შემეხო დანა. ერთი, მეორე, მესამე -გავთიშე, მაგრამ მათ დანა ჰქონდათ, მე ხელით ვიყავი. შვიდჯერ მომხვდა დანა, მაგრამ მოსამართლემ მაინც მე მომისაჯა ხუთი წელი. საქმე ისაა, რომ დანა საერთოდ არ იყო ნახსენები საჩივარში. მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი და აბა, დანის გარეშე მე ვინ მომერეოდა, ამიტომაც დამსაჯეს. მაგრამ გამოვიძიე თავიდან ბოლომდე ყველაფერი და დავაბრუნებინე სასამართლოში, მოვიგე პროცესი და გამათავისუფლეს, თორემ კიდევ ხუთი წელი უნდა ვყოფილიყავი იქ.

რაც შეეხება პირველ ხუთ წელს, ბრალდების ისტორია ასეთია: მე მოვეხმარე რაჟდენ შულაიას „ქურდული პალაჟენიის მოყვანაში“. პროკურორი ამბობდა, განა ხელს ურტყამს ეს კაცი ვინმეს, ისე ლაპარაკობს და ისეთი მოქმედება აქვს, ხალხი სასწაულ შიშში ვარდებაო. შე კაი ადამიანო, მე არავის ვაშინებ და ადამიანს რომ ველაპარაკები, თუ ჩემი ეშინია, ეს რა ჩემი ბრალია. ხალხის დაშინება, დატყვევება-დამწყვდევა, ფულის აკრეფა, აზარტული თამაშების სახლების ჰაკერობა და ასე შემდეგ - ეს იყო ჩემი ბრალდებები. ბოლოს კიდევ 45 წლის მოცემა უნდოდა პროკურორს. შეცდომაა ათი წელი რომ მივეცითო. მოსამართლემ უთხრა, ბოლო-ბოლო დადე, რა ფაქტი გაქვს. პირადი ინტერესი გქონდათ თუ რატომ დაიჭირეთ ეს კაცი ამიხსენით, არაფერი გაქვთ მის წინააღმდეგ, არაფერი დაუშავებია, ფაქტები არ გაქვთო.

- წლების განმავლობაში წარმატება წარმატებაზე მოდიოდა და მერე უცებ ციხეში აღმოჩნდით, ცხოვრება ძალიან შეიცვალა...

- კი, ასეა, ყველაფერი ერთ დღეში დავკარგე, მათ შორის, ღირსებაც. მაგრამ, ეს მათ თვალში, ვინც არ მიცნობდა.

ნახევარმილიონიანი კონტრაქტი მქონდა დადებული. სამ კვირაში ეს ფული ჯიბეში მექნებოდა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა და ციხეში გადავინაცვლე.

- გამოდის, რაჟდენ შუალიასთან მეგობრობა გახდა ყველაფრის მიზეზი?

- ასე გამოდის, მაგრამ რაჟდენ შულაიასთან მეგობრობა გამოიყენეს, სხვანაირად ვერ დამიჭერდნენ. ჩემი დაჭერა ადრეც უნდოდათ, მათ შორის კიევშიც, რატომ არ ვიცი. გული მწყდება საქართველოს პროკურატურაზე არასწორად არიან ჩარეულები. ქართველი მამაოებიც კი წერენ ჩემს საქმეში, რომ მძიმე აღსარებებს ვაბარებდი და რომ უაღრესად საშიში ადამიანი ვარ. ეს ჩვენებებშია, პროკურორმა წაიკითხა პროცესზე. საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ხურციძე ადრეც იყო შემჩნეული კრიმინალურ საქმეებში, მაგრამ ვერ ვუმტკიცებდითო.

- შულაია კანონიერი ქურდია და მასთან მეგობრობას რომ მოჰყოლოდა ეს ამბები, ლოგიკურია, მაგრამ თუ ესეც არ იყო მიზეზი, მაშინ რა?

- ამოუხსნელია ჩემთვის. ალბათ, მწვერვალამდე რომ მივედი, ეს არ მოსწონდათ ვიღაცებს. არ მოვიტყუები, განა მარტო შულაიასთან ვმეგობრობ, ბევრ მისნაირ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ რომ იცოდეთ, მეგობრობაზე „სროკი“ არ არის. მთავარია, შენ არაფერი გააფუჭო.

- სანამ საპატიმროში იყავით, შვილი შეგეძინათ. ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო.

- 40 დღის იყო, კამერაში რომ მომიყვანა დედამისმა. ახლა ბავშვთა თავშესაფარშია. 2021 წლის სასამართლოზე, როდესაც ქეისი მოვიგე, პროკურორმა მითხრა, ახლა თუ ხელს არ მოაწერ ჩემთან თანამშრომლობაზე, შენს მეგობარ ქალს აგენტს შევუგდებთ და ნარკოტიკებზე დავსვამთო. ამას ისმენდნენ ჩემი ადვოკატები და მოსამართლეც. ასეც მოხდა და რადგან დედას, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარს, არ აქვს ბავშვის აღზრდის უფლება, ჩემს მეგობარ ქალს წაართვეს ჩემი შვილი და ამიტომაც აღმოჩნდა ის ბავშვთა თავშესაფარში. ეს ყველაფერი პროკურორმა გააკეთა.

- ძალიან უცნაური ამბებია, მოსამართლის წინაშე ასეთი ტექსტები...

- კი „ბოქსიორი“ ვარ, მაგრამ გიჟი ნამდვილად არა. ეს ყველაფერი ჩაწერილია, დამტკიცებაც შესაძლებელია.

ახლა ვიყავი ბავშვთან და შეიძლება ითქვას, პირველად ვნახე. ათჯერ ჰყავდა დედამისს მოყვანილი თითო საათით, რადგან მეტის უფლება არ მქონდა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა იყო, ამიტომ არ ვახსოვარ. მხოლოდ ტელეფონით მიცნობდა. გვარით და სახელით მომმართავს, მამა ავთანდილ ხურციძე მირეკავსო, ამბობს. ერთად ვივარჯიშებთო, მეუბნება. თავშესაფარში ყველა კარგად ექცევა, მაგრამ მინდა, მალე გამოვიყვანო. ალბათ, უახლოეს თვეებში ასეც იქნება. მე რომ დამიჭირეს, დედამისი მეორედ გათხოვდა და ახლა ოფიციალური ქმარი ჰყავს. თუმცა, შემდეგ ის კაციც დაიჭირეს. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო, ასეთი ამბებია, მაგრამ ბავშვი რა შუაშია. არც ამ გოგოს გაუკეთებია ჩემთვის იმდენად ცუდი. მე კი მგონია, რომ თავიდანვე შემომისახლეს, აქვს რაღაც-რაღაცები ნათქვამი, რაც ამას მაფიქრებინებს, მაგრამ მასზე არ მწყდება გული. ახლა ვმეგობრობთ. ჩემი დიდი იმედი აქვს, უკვე ვმკურნალობ, ჩემთან ვეღარ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, როცა ნარკოტიკების მოხმარების უფლებას არ ვაძლევ, მაგრამ ვეხმარები რაც შემიძლია, ყველა ჩამოვაშორე.

- ცხოვრება ციხეში...

- ისევე ვცხოვრობდი, როგორც გარეთ. ციხეში თუ ხელს ჩაიქნევ და სულს ეშმაკებს მიჰყიდი, იქ ყველაფერს იშოვი, ნარკოტიკსაც, სასმელსაც და „გაფუჭდები“. მე არ დამიკარგავს ცხოვრების ინტერესი. პირიქით, სასამართლოს მოგების იმედი მქონდა. ძალიან მძიმე კრიმინალებთან ვიჯექი, მართლა ტერორისტებთან, საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებებთან. ჩემზე ამბობდნენ, ეს კაცი განგსტერიაო. ეგენი განგსტერს იარაღიან კაცს ეძახიან. ერთადერთ კაცად მიმიჩნევდნენ ციხეში, რომელსაც იარაღი ჰქონდა და ეს იარაღი ჩემი ხელი იყო. არანაირი პრობლემა არ მქონია არავისთან. სისტემატურად ვვარჯიშობდი და ამას რომ ხედავდნენ, ყველას კარგი განწყობა ჰქონდა ჩემ მიმართ. პოლიციელებიც კი ჩემპიონს მეძახდნენ და მეკითხებოდნენ, როდის გახვალ, რინგზე ხომ დაბრუნდები, ამას თუ შეხვდებიო, მეკითხებოდნენ სხვადასხვა „ბოქსიორზე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა