ზურა გორგაძე: ცოლი ისეთი თემაა, კი არ უნდა მოიყვანო, თვითონ უნდა მოვიდეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 11.09

ტელეწამყვან ზურა გორგაძის ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეა: ზურამ ბავშვობის ოცნება აიხდინა – სახლი შეიძინა და ზუსტად ისე მოაწყო, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა.
ზურა გორგაძე: ეს განცდა შეუდარებელია. დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა. ნათქვამია, თუ გინდა, ადამიანს ცუდი გაუკეთო, რემონტი უსურვეო და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე (იცინის). ამ პროცესში კინაღამ ჭკუიდან შემაცდინეს, მაგრამ საბოლოო შედეგს რომ ხედავ, ეს იმხელა ბედნიერებაა, რომ ნამდვილად გიღირს. ეს, ხომ, ისაა, რაზეც ადამიანი შეიძლება, მთელი ცხოვრება ოცნებობდეს და ღირს მსხვერპლად, რისი გაღებაც რემონტის პროცესში ნამდვილად გჭირდება.
მე სარემონტო კომპანიაში ძალიან გამიმართლა, პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ და ყველა ჩემს „ახირებას“ აკმაყოფილებდნენ. ხელოსნებზეც ვერ დავიწუწუნებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენი პრობლემური დეტალია ამ პროცესში, რომ ადამიანი მენტალური ჯანმრთელობის განადგურების ზღვარზე მიდის (იცინის). თუმცა, საბოლოო შედეგით იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ მთელი ზაფხულის შრომა და ის ფაქტი, რომ დასასვენებლად ვერსად წავედი, ასევე, ყველანაირ თავგადასავალზე უარი ვთქვი, არ მინანია. პირიქით, მიღირდა იმად, რომ მეცხოვრა ზუსტად ისეთ სახლში, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. რეალობამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
– ესე იგი, ოცნება აისრულე...
– დღეს თუ ფინანსები გაქვს, მარტივია, ისეთი გარემო შეიქმნა, როგორიც გსურს, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დალხენილი ცხოვრება არავის გვაქვს. ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება საჭირო ფინანსების შესაგროვებლად. თუ ადამიანს გარკვეული მიზანი გაქვს და მას სურვილის დონეზე, კოსმოსში თუ სხვაგან, ანუ იქ, სადაც შენი ესმით, გულწრფელად გაგზავნი, მჯერა, რომ აგიხდება. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთ სახლზე. მართალია, ჩემს მშობლებს ჩემთვის არაფერი მოუკლიათ, ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე. ყველას გვახსოვს 90-იანი წლების სირთულეები და ეს მეც გამოვიარე. არც უშუქობა მაკვირვებს და არც სხვა პრობლემები, მაგრამ ჩემი მშობლების დამსახურებით, ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
მერე უკვე, გარკვეულ ასაკში, ადამიანი იმის შექმნას იწყებ, რაც სადღაც შენს ქვეცნობიერს დააკლდა და მთელი ცხოვრება მასზე ოცნებობდი. მე ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, გარემოებების, ამ შესაძლებლობისთვის და ახდენილი ოცნებისთვის. პატარა ზურას ოცნება ავიხდინე და დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობ, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ჭერი ყველას გვაქვს, მინიმალური ღირსეული საცხოვრისი პირობა ყველას უნდა ჰქონდეს ამ სამყაროში, მაგრამ არსებობს რაღაც მოთხოვნილებები, რაც ადამიანებს დამატებით კომფორტებს გვიქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიის ადამიანები დიდ დროს ვატარებთ სამსახურეობრივ გარემოში, იქ კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც დასვენებისა და ფსიქოლოგიურად განტვირთვის, ძალიან ელემენტარული რომ ავიღოთ, გამოძინების საშუალება გაქვს, სახლია. სახლის კარს რომ გააღებ, გინდა, იქ ისეთი გარემო და პირობები გქონდეს, რომ გიხაროდეს, გსიამოვნებდეს, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო ენერგიული და ხალისიანი იყო, რათა ხარისხიანად გააგრძელო შენი ფუნქციების შესრულება. მე ყოველთვის ვოცნებობდი ასეთი გარემოს შექმნაზე, საიდანაც ბედნიერი და დადებითი ემოციებით დამუხტული გავიდოდი ჩემი საქმის გასაკეთებლად.
– ცნობილ ადამიანებზე ხშირად აქვთ მცდარი წარმოდგენები: „ამათ რა უჭირთ, ფულის მეტი რა აქვთ“, თუმცა, რეალურად, სახლის შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული...
– ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა. ბოლო პერიოდში იმდენად დაახლოვდნენ ცნობადი და ნაკლებად ცნობადი სახეები, იმდენად უშუალო გახდა ურთიერთობები, რომ ვფიქრობ, ასეთი სტერეოტიპები დღეს ნაკლებად აქვთ. მგონი, ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანებს იმისდა მიუხედავად, რამდენი გვიცნობს, ერთნაირად გვიწევს ჯაფა, ოფლის დაღვრა და ნერვებთან ჭიდილი. ვფიქრობ, არავისთვის იქნება გასაკვირი ის, რომ შეიძლება, ზურასაც არ ულხინდეს და ზურასაც პრობლემები ჰქონდეს, ძალიან დიდი ნერვებისა და შრომის ფასად დაჯდომოდა ეს, თუნდაც, პატარა მიღწევა, რასაც ღირსეული საცხოვრისის შექმნა ჰქვია. დავისახე მიზნად, რომ მქონოდა საცხოვრებელი, სადაც ჩემი კერა მექნებოდა. თავიდან წინასწარი მზაობა დამჭირდა, რომ ბანკამდე მივსულიყავი, სამშენებლო კომპანიამ ორწლიანი შიდაგანვადება გამაკეთებინა, შემდეგ დარჩენილი 80 პროცენტით ბანკთან იპოთეკით გავაგრძელე ურთიერთობა, ისევე, როგორც ამას ნებისმიერი აკეთებს. დანარჩენი ჩემზეა, უნდა ვიშრომო და არ მოვდუნდე, ყოველთვიურად საკმაირისი თანხა მქონდეს, რომ მშვიდად ვიყო (იცინის). ასე რომ, თუ ვინმე ფიქრობს, რა უჭირთო, მართლა არაფერი არ გვიჭირს შესაცოდი, ცოცხლები ვართ და ჯანმრთელები, შრომის უნარი გვაქვს და ჩვენი საქმიანობით ვიღებთ შემოსავალს. მაგრამ საქართველოში ისე არავინ ცხოვრობს, როგორც „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები (იცინის). გარკვეული პირობების შესაქმნელად ჩვენც ისე ვწვალობთ, როგორც ყველა.
– ისე საუბრობდი სახლზე, მაინტერესებს, რამდენად არის ოჯახური გარემო შენი კომფორტის ზონა?
– სახლის ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს შინ ფუსფუსი, მყუდრო გარემოს შექმნა, კომფორტის პოვნა, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისა და საქმიანობიდან გამომდინარე, სახლში ნაკლებ დროს ვატარებ. აქამდე, მით უმეტეს, შეიძლება, მქონდა სახლი, სადაც კომფორტს ვპოულობდი, მაგრამ თუ ისე არ არის ყველაფერი, როგორც შენ გინდა, კომფორტი მაინც გერღვევა. ამიტომ სახლში, სადაც ვცხოვრობდი, ბოლომდე ვერ ვიქმნიდი იმ სიმყუდროვეს, რაც მინდოდა. ახლა მართლა ყველაფერი ისე კომფორტულად გავაკეთე, ხანდახან მეშინია ხოლმე, ვაითუ, სახლიდან ვეღარ გამომიყვანონ, შინ ჩავჯდე და ზაფხულიც და ზამთარიც აქ გავატარო-მეთქი. საშიშად ჩემს გემოზე მოვაწყვე ყველაფერი (იცინის).
– როგორი აქცენტები გააკეთე სახლში?
– ბოლო წლებში განსაკუთრებით იგრძნობა ბუნებასთან კონტაქტის სიმცირე. მე ადგილმდებარეობაც ამის მიხედვით შევარჩიე. ჩემი ბინა ნაფეტვრების გადასახვევთან ახლოსაა, წინ ისეთი ხედი აქვს, ვერასდროს აუშენებენ კორპუსს, რადგან ვერეს ხეობაა. ჩემი ხედი ამ ხეობასა და წყნეთის გორებს გადაჰყურებს. მარცხნივ კი დანარჩენი თბილისი მოსჩანს. წინ არასამშენებლო წონაა და შესაბამისად, ამ ხედს ვერავინ ჩამიკეტავს, რაც ჩემთვის პრიორიტეტია. ამით გარკვეულწილად ბუნებასთან სიახლოვის განცდა მაქვს. ამ შეგრძნებისთვის კიდევ ერთი გზა უშუალოდ ინტერიეტში გამოვიყენე და ძალიან ბევრი ხის ფერი და დეტალები შემოვიტანე. სახლში ნატურალური ტონები და ხის სუნი ძალიან მამშვიდებს და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. სიმწვანეც შემოვიტანე, ყვავილების სახით და ნათელი, ბუნებრივი და სიმშვიდის მომგვრელი ინტერიერი გამომივიდა. საბოლოო ჯამში, გათანამედროვებული სკანდინავიური სტილის დიზაინი შევქმენით.
შეიძლება, იმიტომ, რომ 90-იანების ბავშვი ვარ და მაშინ განათებების ნაკლებობა კი არა, საერთოდ ელექტროენერგია არ გვქონდა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახლში კარგი განათება მქონოდა. საერთოდ მიმაჩნია, რომ განათება ინტერიერში უზარმაზარ როლს ასრულებს და სადაც შეიძლებოდა, ყველგან გავაკეთე. მეგობარი მეხუმრებოდა, რა განათება გაქვს, სახლიდან რომ გამოდიხარ, ნახევარი საათი უნდები ჩაქრობასო (იცინის).
– ავეჯისა თუ მასალების შერჩევის პროცესში არჩევანის გაკეთება არ გიჭირდა?
– ზოდიაქოთი მორიელი ვარ, მაგრამ სასწორისა და მორიელის გასაყარზე დავიბადე და სასწორი თავისას შვება. ელემენტარული ნივთის შეძენისასაც კი ძალიან მიჭირს არჩევნის გაკეთება. ეს მართლა მტანჯველია და როცა რაღაც მნიშვნელოვან შენაძენს ეხება საქმე, ხომ ხვდებით, რა დამემართება. ძალიან გავიწვალე თავი, მაგრამ საბედნიეროდ, გვერდით მყავდნენ ადამიანები, რომლებიც გამომაფხიზლებდნენ ხოლმე და მერე ცოტა მეც გამოვიმუშავე საჭირო უნარები, თორემ ჩემს თავს ვეუბნებოდი, ასე დიდიხანს ვერ გავძლებ-მეთქი (იცინის). საერთოდ, დაკვირვებული ვარ, პირველ ჯერზე რაც მოგეწონება, ბოლოს მაინც მას უბრუნდები.
– ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დაიწყეს უკვე იმაზე საუბარი, რომ სახლი გაქვს და ახლა დაქორწინების დროა?
– ამაზე საუბარი დაუწერელი კი არა, უკვე დაწერილი კანონია – ახლა ყველაფერი გაქვს და უკვე კარგი ცოლი გინდა (იცინის). თუმცა, ცოლი ისეთი თემაა, კი არ უნდა მოიყვანო, თვითონ უნდა მოვიდეს (იცინის). თუ მოვა, კეთილი იყოს, მე გრძნობების წინააღმდეგ არ მივდივარ. თუ მსგავსი გარემოება შეიქმნება, რატომაც არა, თუმცა, ამ მომენტში უფრო მეტად კარიერაზე ვარ კონცენტრირებული და ეს ბუნებრივად ხდება. ჩემი ოჯახის კრედოა, ცოლის მოყვანა, თუმცა იციან, რომ ამ თემაზე „ჩაჭერა“ და დიდი განხილვები არ მსიამოვნებს და ჩემს აზრსა და მიზნებს პატივს სცემენ, რასაც ვაფასებ. ასე რომ, როცა გადავწყვეტ, მაშინ იქნება ამისთვის სწორი დრო. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ზედმეტი აქცენტირება ამ საკითხზე ყველას მხრიდან არასწორია, ჩვენზე უკეთ ვერავინ გადაწყვეტს, როდის რა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ჩვენს ცხოვრებაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან