რაში აღმოჩნდა ძალიან იღბლიანი თემურ ცაგურია და როგორ უმკლავდება ის არაკეთილმოსურნეებს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 59 წუთის წინ
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის თემურ ცაგურიას წარმატებაში, რა ხერხებს მიმართავს ის რთულ პერიოდებში და როგორ ცდილობს, მუდმივად შექმნის პროცესში იყოს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თემურ ცაგურია: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ქართველად დავიბადე, იმიტომ, რომ მსოფლიო შემოვიარე და იმიტომ, რომ ამიხდა ოცნება და ჩემი სიმღერები პოპულარული გახდა.
იღბლიანი და ძალიან ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაშიც, რადგან შემხვდა ადამიანი, ვისთანაც ერთადაც უკვე 52 წელია ვარ. ერთმანეთი გვიყვარს, გვყავს ორი შვილი და სიყვარულით მიდის ჩვენი ცხოვრება.
– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხართ?
– შრომისმოყვარეობის გარეშე ვერცერთი კაცი ვერ დაწერს ლექსს, ვერ დაწერს სიმღერას... ვერცერთი სიმღერა ვერ გახდება პოპულარული შენი შესრულებით, თუ მასში შრომას არ ჩადებ. მარტო ტალანტი არ შველის საქმეს. ახალგაზრდების საყურადღებოდ ვიტყვი: თუ გინდათ, რამეს მიაღწიოთ ცხოვრებაში, უნდა იშრომოთ, იშრომოთ და იშრომოთ! ამის გარეშე წინ ვერ წავალთ. ჰომეროსი ავიღოთ, მის ნაწარმოებებს რომ კითხულობ, გრძნობ, რამხელა შრომა არის ჩადებული მათში, მისი აზრები მსოფლიო ფილოსოფიას ერწყმის. თუ მსოფლიო ფილოსოფიას არ იცნობ, როგორი მწერალი ხარ?! შოთა რუსთაველი აიღე – რამხელა აღმოსავლური სიბრძნე აქვს ჩაქსოვილი „ვეფხისტყაოსანში“. სიბრძნისა და ნაკითხობის გარეშე არაფერი გამოგივა. ეს კი დიდი შრომის შედეგად მიიღწევა.
– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ თავს?
– მაშინ, როცა მინდა, რომ ზარმაცი ვიყო (იცინის). ზოგჯერ გადაიღლები. ყოველთვის არ ხარ მუშაობისა და ახალი ნაწარმოებების შექმნის ხასიათზე. დასვენებაც საჭიროა ორგანიზმისთვის, გონებისთვის. ბუნებაში გასვლა, ცურვა ჩემი ჰობია. მაშინ ყველაფერი მავიწყდება. ზღვაში რომ შევდივარ, უმეტესად ლექსებს ვასწორებ და იქაც სიმღერებს ვწერ. ჩემი გონების მოთხოვნილებაა, ყოველთვის ქმნიდეს, სადაც არ უნდა იყოს. ბუნებაში, ზღვაში სრულ თავისუფლებას ვგრძნობ ყოველგვარი პირობითობისგან.
– ეს არ არის სიზარმაცე, პირიქით, განტვირთვისა და შრომის ნაყოფიერი შეთავსებაა.
– მაშინ უნდა დავფიქრდე, როდის ვაძლევ ჩემს თავს სიზარმაცის უფლებას? მგონი, საერთოდ არ ვაძლევ... ტელევიზორს ვუყურებ, უცებ აზრი გამიელვებს, გავთიშავ ტელევიზორს და ლექსს დავწერ, სიმღერის შექმნას დავიწყებ. თითქმის არ არის მომენტი, რომ მთლიანად მოვდუნდე და სიზარმაცეს მივეცე.
– გინანიათ, რომ საკმარისად არ მოინდომეთ და მნიშვნელოვანი შანსი გაუშვით ხელიდან?
– შანსთან და წარმატებასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი აზროვნების ვარ. წარმატება ჩემთვის ნაშოვნი ფულის ოდენობითა და ბანკში ანგარიშებით არ განისაზღვრება, არც პოპულარობით. მე არასდროს ვმუშაობდი პოპულარობის ან ფულის გამო. ჩემს ცხოვრებაში პირველ რიგში იდგა შექმნის სურვილი, სურვილი – მემღერა, დამეწერა. იმიტომ არა, რომ ამისგან მოგება მენახა, იმიტომ, რომ ეს ყოველთვის ჩემი სულიერი მოთხოვნილება იყო და არის. ამერიკაში რომ ვიყავი, სამსახურებს მთავაზობდნენ. ერთი პატარა საკონცერტო დარბაზი იყო, სადაც დიდ თანხას არ მიხდიდნენ, მაგრამ მერჩივნა იქ გამოვსულიყავი, ვიდრე სხვა სამსახურში მეტი მეშოვა. ჩემთვის მთავარი სულიერი კმაყოფილება იყო, რასაც სიმღერა მაძლევდა.
– წარუმატებლობის დროს, როგორ ეხმარებით საკუთარ თავს?
– მე მაქვს ილუზია. წარმოიდგინეთ მხატვარი, რომელიც მთას უყურებს. ეს რეალობაა, მაგრამ მხატვრის მიერ დახატული ეს მთა უკვე ილუზიაა. ცხოვრებაშიც გადმოვიტანოთ ეს – შენ შეგიძლია იცხოვრო ილუზიაშიც და რეალობაშიც. ყოველთვის, როცა მიჭირდა, ილუზიაში გადავდიოდი და ასე ვკვებავდი ჩემს მოთხოვნებს. თბილისში 90-იან წლებში საშინელი მდგომარეობა იყო. ჩემ გამო არა, შვილების გამო მეშინოდა. ამან გადამაწყვეტინა ამერიკაში წავსულიყავი. ძალიან ადვილად მივიღე მწვანე ბარათი და ერთ წელიწადში ოჯახიც წავიყვანე. ეს იყო ყველაზე ძნელი პერიოდი, როცა ძალიან განვიცდიდი. სულ ვფიქრობდი, რატომ ხდება ეს ჩემს სამშობლოში-მეთქი. ეს დრომ მოიტანა. არის მოვლენები, რომელსაც ვერსად წაუხვალ. ამ დროს უნდა იბრძოლო, რომ უკეთესობისკენ გაიკვლიო გზა. აღმომაჩნდა ეს თვისება.
– ცხოვრებისეული და პროფესიული სირთულეების გამიჯვნა როგორ გამოგდით, რომ ერთმა მეორეში არ შეგიშალოთ ხელი?
– ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ პურის ფული არ მქონია. ეს აისახებოდა ჩემს შემოქმედებაზე. იმედი მაინც დიდი ძალაა.
იყო პერიოდი, როცა მთელი თანხა შემომელია, უფულოდ დავრჩი. ეს ჯერ კიდევ თბილისში ხდებოდა. მაშინ, რატომღაც, საავტორო უფლებათა დეპარტამენტში შევიარე და 1 200 მანეთი დამხვდა ჩემს სახელზე. ეს მაშინ დიდი ფული იყო და ოჯახი ერთი თვე კარგად ვცხოვრობდით. არ ვიცი, იქ რატომ შევედი, უფრო სწორად იმედმა მიმიყვანა და როცა იმედი გაგიმართლდება, ეს დიდი ბედნიერებაა.
რაც შეეხება ცხოვრებისეული სირთულეების პროფესიისგან გამიჯვნას, ზოგჯერ რეალობა უინტერესოა მსმენელისა და მაყურებლისთვის, მათთვის, ვისაც შენი ხელოვნება უყვარს. ხელოვნება თავისთავად ილუზიაა. ხელოვანი ხალხი, უმეტეს შემთხვევაში, ილუზიაში ცხოვრობს. წარმოსახვითი ბედნიერებით თუ უბედურებით და ამით გაგვაქვს თავი. ზოგჯერ ძალიან ძნელია, რეალობას მიყვე. ზოგჯერ ეს ისეთი მძიმეა, გტანჯავს. რატომ ვარდებიან ადამიანები დეპრესიულ მდგომარეობაში? იმიტომ, რომ მათ ანადგურებს ცხოვრება, ვერ გამოდიან გარკვეული მდგომარეობიდან. ჩემთვის ილუზია იყო ამგვარი მდგომარეობიდან გამოსავალი. გადავვარდებოდი ილუზიაში, ვწერდი ლექსებს, სიმღერებს და ბედნიერი ვიყავი.
– საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას თუ უფრთხილდებით?
– ვცდილობ. ხშირად დავდივარ თბილისის ზღვაზე. ზამთარი რომ დადგა, მინდოდა, გამეგრძელებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ავად გავხდი და ვეღარ შევძელი. როგორც კი დათბება, დავიწყებ ზღვაში ცურვას... ნოემბრის ჩათვლით ვაგრძელებ ხოლმე. ეს ჩემი ჰობია. ზღვა ბუნების ბრწყინვალებაა, რომელიც ძალიან მიყვარს.
ბავშვობაში წყალბურთელი ვიყავი, ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. წყლის სიყვარული მთელი ცხოვრება მომყვება. თუმცა, დღეს ისეთი სისწრაფე აღარ მაქვს, რაც წინათ – ადრე ისე ვცურავდი, როგორც ზვიგენი, დღეს კი როგორც კუ, ისე ვცურავ (იცინის).
რაც შეეხება მენტალურ ჯანმრთელობას, ამისთვის საჭირო იარაღიც მაქვს. როცა ნამეტნავად შემაწუხებენ, როცა ვგრძნობ, რომ არ არიან მართლები, რომ ჩემი დაჩაგვრა ან დაცინვა უნდათ, წარმოვიდგენ რომ ვარ საბავშვო ბაღში, ირგვლივ კი ცელქი ბავშვები არიან ჩვეულ ამპლუაში. მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ასე ვუმკლავდები მათ, ვისაც უნდათ, რამე დამიშავონ ან დამაკლონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





