შოუბიზნესი

ჯანო იზორია: ყველაზე მეტად საკუთარი თავის ქება არ მომწონს, მაგრამ ფაქტია, ახლახან „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავიღე მაკედონიაში

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

ჯანოიზორია
დაკოპირებულია

მსახიობი ჯანო იზორია კუროს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ვნახოთ, რამდენად აქვს მას ამ ნიშნის თვისებები და რა თვისებებია მასში დომინანტური.

ჯანო იზორია: 17 მაისს ვარ დაბადებული, ჰოროსკოპით კურო გახლავართ. ასტოლოგია საინტერესო მეცნიერებაა, უბრალოდ, მე დილეტანტი ვარ ამ საქმეში. ნაწილობრივ მჯერა და დამიფიქსირებია კიდეც, რომ პროგნოზები გარკვეულწილად მართლდება, ამიტომ ხანდახან თუ თვალს ან ყურს მოვკრავ, ვერთობი.

– კუროების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება სიჯიუტეა.

– შეიძლება ზოგს ჯიუტობა და პრინციპულობა ერთმანეთში ერევა, თუმცა, ვაღიარებ, კი, სიჯიუტეც მახასიათებს. შეიძლება, უფრო ოჯახში, მაგალითად, კამათის დროს გავჯიუტდე, თორემ პროფესიულ საქმიანობაში სიჯიუტე არ გამომივლენია. პროფესიაში ძალიან დამყოლი ვარ და ნეტავ, გარკვეულ საკითხებში ჯიუტი ვიყო, კარგი იქნებოდა.

ისე, კუროებს დედამიწის მარილს გვეძახიან, გემო შემოგვაქვს სამყაროში (იცინის).

– კურო ძალიან გაწონასწორებულ ნიშნად მიიჩნევა, ეთანხმები?

– არის ასეთი მომენტებიც, მაგრამ მე უფრო ემოციური ადამიანი ვარ. მოთმინების უნარიც მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, მოვითმინო, თორემ საკუთარი თავის შიში მაქვს. ვგულისხმობ იმას, რომ თუ კონტროლი დავკარგე, მერე... კუროებზე წერენ ხოლმე, თუ გაბრაზდება, საიუველირო მაღაზიაში შევარდნილ გახელებულ ხარს ემსგავსებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდება... მქონია ასეთი აფეთქებები, მაგრამ საბედნიეროდ, მოთმინება შემიძლია.

– კურო ძალიან კარგ მეგობრად ითვლება. რას ამბობენ შენი მეგობრები ამასთან დაკავშირებით?

– ალბათ, კარგი იქნებოდა, ეს თავად ჩემს მეგობრებს ეთქვათ. საერთოდ, დღეს ისეთი დროა, ადამიანები ერთს ამბობენ, მეორეს წერენ სოციალურ ქსელებში და მესამეს ფიქრობენ, თუმცა ეს – ზოგადად, მეგობრებზე არ ვსაუბრობ. რაც შემეხება მე, როგორც მეგობარს, ვფიქრობ, რომ შემიძლია, მეგობრებს ერთგულად ვემსახურო და ურთიერთობაში ვიყო ისეთი, როგორიც რეალურად ვარ. რაც შემიძლია, უკან არ დავიხევ. არც წუწურაქი ვარ, რაც მაქვს, სიამოვნებით გავუზიარებ მათ, დანარჩენი ჩემგან რთული სათქმელია.

– კურო საკმაოდ ბუტია ნიშანია.

– კი, პატარა ბავშვივით ვიბუტები ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ უმეტესწილად მართალი ვარ, ამისთვის მიზეზები მაქვს. ეს შეიძლება, პროფესიას უკავშირდებოდეს. საქმის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას რომ ვხედავ, ამ დროს მე ბეჯითი და პუნქტუალური ადამიანის მონდომებით ვუდგები პასუხისმგებლობებს და სხვების საპირისპირო დამოკიდებულება ძალიან მანერვიულებს. შეიძლება, ეს არ ვაგრძნობინო ადამიანს სამუშაო სივრცეში, მაგრამ ჩემზე მოქმედებს. ვიბუტები, მაგრამ სცენაზე სხვა ვერ მიხვდება, რომ გაბუტული ვარ.

– მარტივად გწყინს?

– კი, მარტივად მწყინს და მარტივად მიხარია. ძალიან მცირე რამეს შეუძლია, ჩემი გახარებაც და წყენინებაც. ჩემი თაობა ბევრს მოესწრო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მინახავს, მაინც მიკვირს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ერთი ხელის მოსმით დაგიწერონ კომენტარი, რომელიც არ გეკუთვნის და ძალიან გატკინონ გული. ვერ ვიგებ, როგორ ახერხებენ ამას, თუმცა ჩემი მხრიდან პასუხი არ არის. გადარეულს მტერმა სდია, მაგრამ ეს ემოცია ხომ რჩება ჩემთან და მვნებს.

– სამაგიეროდ, თავად კურო ყოველთვის ცდილობს, გული არავის ატკინოს.

– საკუთარ თავში ბევრ მინუსს და უარყოფით თვისებას ვხედავ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად მიხარია, არ შემიძლია, გავაკეთო ის, რაც ახლა ვთქვი – არავის ვატკენ ასე გულს. მით უმეტეს, კომენტარებში „ლომობა“ და „მგლობა“, ერთი ადგილის უქონლობაზე მიუთითებს.

– როცა ცდილობ, სხვას არ ატკინო, შეიძლება შენ უფრო მეტად გეტკინოს...

– კი, ამას ბევრჯერ დავუზარალებივარ, მაგრამ ჩემს გულსა და გონებაში რა ხდება, ამას ვინ გაიგებს?! თუ ნაცნობი წერს ასეთ კომენტარს, შემიძლია, მივწერო პირადში და მიზეზი ვკითხო. მთლად ურეაქციოდ რომ დავტოვო, შეიძლება, გული გამისკდეს და ალბათ, მას ეს უფრო გაუხარდება, მაგრამ მე მირჩევნია, ამოვთქვა, ვკითხო, ისეთი რა ვაწყენინე, რომ ეს გააკეთა. თუ ამიხსნის, კი ბატონო, თუ ვერა, მაინც მოვეფერები და დავემშვიდობები. ასეა თუ ისე, გულიდან ვიღებ, თუმცა, სამწუხაროდ, მეტწილად გულში რჩება და თან დამაქვს. გარედან მხიარულ და პოზიტიურ ადამიანად მიცნობენ, მაგრამ შიგნით ცოტა სხვანაირადაა.

– კუროებს უჭირთ ადამიანის პატიება, მაგრამ თუ მის წინაშე დანაშაულს აღიარებ, ბევრი ფიქრის შემდეგ გაპატიებს...

– არა, მე მარტივად შემიძლია პატიება. წყენას გააჩნია, თუ ადამიანს ჩემთან შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგა, ოდნავი სინანულიც რომ დავინახო მასში, ბოდიშების მოხდა ნამდვილად არ დამჭირდება, მაშინვე ვაპატიებ, ძალიან მარტივად. გულში ჩავიკლავ წყენას და ამით მორჩება. ხოლო თუ ჯიუტად ჰგონია, რომ სწორი იყო და ამაყად დადის. იაროს, ბატონო, მე მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ მექნება, ყველაფერს სამუდამოდ დავასრულებ.

– როგორც კურო, წესით, ძალიან მესაკუთრე უნდა იყო...

– ნივთი თუ ჩემია, ჩემი უნდა იყოს. ის კი არა, ჩემს პატარას, თებესაც კი ვეუბნები ჩემს ნივთებზე, მამა, ამას ნაკლებად მოკიდე ხელი, იმიტომ რომ ეს ჩემი სათამაშოა, მე ჩამოვიტანე ინდოეთიდან და მე უნდა გავერთო ამით-მეთქი (იცინის). მას არ აკლია სათამაშოები და მეც მინდა, ერთი ჩემი იყოს (იცინის). ადამიანებთან მიმართებით არ ვარ მესაკუთრე.

– კარგი ინტუიცია უნდა გქონდეს.

– ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ადამიანს რომ გავიცნობ, მაშინვე ვგრძნობ, რას უნდა ველოდო მისგან. სხვათა შორის, ეს ძალიან მეხმარება. ზოგჯერ ისე ძლიერად გამომიჟღავნებია ჩემი ინტუიციის სისწორე, რომ შემშინებია. ზედიზედ გამომიცნია ბევრი რამ. მერე ერთმა ადამიანმა მითხრა, დაივიწყე შიში, ყველაფერი კარგად არის, სიხარულით მიჰყევი შენს ინტუიციასო. შემოუთავაზებიათ რამდენიმე პროექტი და არჩევნის წინაშე მყოფს, ზუსტად ჩემს ინტუიციაზე დაყრდნობით მიმიღია გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველთვის გაუმართლებია. იყვნენ გარშემო ადამიანები, რომლებიც ჩემგან საპირისპიროს ითხოვდნენ, მაგრამ მე ჩემს შეგრძნებებს მივყევი, რამაც გაამართლა და ახლა იდგნენ და შორიდან მიყურონ. დღეს ისეთი დროა, საკუთარ თავსა და ინტუიციას უნდა ენდო, თორემ ვერც ადამიანებს დაეყრდნობი და ვერც ჩატჯიპიტის (იცინის).

– კუროებს ტყუილის ამოცნობაც ძალიან კარგად შეგიძლიათ.

– კი, კი... ადამიანის სიყალბე ისეთ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, რომ ბორდოსფერი ვხდები, მის მაგივრად ვიშმუშნები. ადამიანი ადამიანს რისთვის ეფერება, ამასაც მარტივად ვხვდები. ლამაზად შეფუთულ ტყუილს მარტივად ვცნობ. იმიტომ, რომ კუროებს თუ მოგვინდა, ჩვენ უფრო მაგრად ვფუთავთ, ისე, რომ ვერ ხვდებიან, მთავარია, არ მოვინდომოთ (იცინის). არა, ეს – ხუმრობით. რეალურად, გულწრფელად ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მაღიზიანებს თამაშები რეალურ ცხოვრებაში. ორი რაღაც არ მიყვარს ძალიან: „სოფლელი“ – ამ ტერმინის გამოყენება ვინმეს გასალანძღად, როცა ბევრი სიტყვა არსებობს იმ შინაარსის გამოსახატავად, რისთვისაც მას იყენებენ და თუ ძალიან გინდა ვინმეს გალანძღვა, სწორი სიტყვა მაინც გამოიყენე და მეორე – მაგრად მეშლება ნერვები, როცა ვინმე ძალიან ცუდად იქცევა და მასზე ამბობენ, შეხედე, რა იმსახიობა, როგორ მოატყუა ხალხიო.

რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ძალიან ცუდად მსახიობობენ, უფრო სწორად, ვერ მსახიობობენ. ძალიანაც რომ მოვინდომო, აუცილებლად გავიყიდები. ეგ კი არა, სცენაზე ვაკეთებ თუ არა ჩემს საქმეს ნორმალურად, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ვიხარჯები ამისთვის. „მსახიობობა“ რეალურ ცხოვრებაში ჩვენგან ძალიან შორსაა და ასეც უნდა იყოს.

– კუროებს ძალიან არ უყვართ ცვლილებები.

– თუ ტექნოლოგიურ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, დავეთანხმები ამ აზრს. მაგალითად, დღემდე ცოტა შორს ვარ სოციალური ქსელებისგან, გარკვეულ ტექნიკასთან. სხვა ეპოქაში უფრო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცვლილებები მაშინებს. თუ მოვინდომე, ყველაფერს ავითვისებ, ამის უნარი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის კომფორტული. მაგალითად, სადმე რომ მივდივარ, მაპის ჩართვას, მირჩევნია, გზაში მანქანა გავაჩერო, ადამიანებს მივესალმო, ვკითხო, დაველაპარაკო. ასეთ შემთხვევაში 5 წამში ამბავი იქმნება და ასეთი ამბები შენს ცნობიერებაში ილექება, მერე კი სასიამოვნოდ გახსენდება. ცოცხალ ურთიერთობებს არაფერი ჯობს.

სხვა მხრივ თუ მივუდგებით სიახლეებს – ახალი გამოცდილებები, ადგილები თუ ურთიერთობები, რატომაც არა, ძალიანაც მიყვარს. მაგალითად, ძალიან მინდა, საკუთარი სახლი მქონდა ფოთში წყლის პირას, ზღვასთან ან პალიასტომთან. ვფიქრობ, ეს ბევრად საინტერესოს გახდის ჩემს ცხოვრებას, უკეთესი იდეები გამიჩნდება. ახლა ორი თვე ზედიზედ გასტროლები მქონდა, ძალიან დავიღალე და ასეთი სახლი რომ მქონდეს, სიწყნარეში, აღმოსავლური მელოდიების ფონზე, არაჩვეულებრივად დავისვენებდი.

– რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რას შეცვლიდი?

– ყველაზე მეტად საკუთარი თავის ქება არ მომწონს, მაგრამ ფაქტია და უბრალოდ ვიტყვი, რომ ახლახან დავბრუნდი გასტროლიდან. მაკედონიაში „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავიღე.

ვერ გეტყვი, რამდენჯერ დავწერე და წავშალე სოციალურ ქსელში სტატუსი ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით „საუკეთესო მსახიობის“ – ამ ტიტულის დაწერაზე ვყოყმანობდი. მერე მეგობარმა მითხრა, კი მაგრამ, შენ მოიპოვე ეს ჯილდო, რომელიც ასე ჟღერს და რატომ არ უნდა გააჟღეროო?! რა თქმა უნდა, მიხარია, ბედნიერი ვარ, მაგრამ თან არ ვარ ტიპი, რომელიც ჯილდოებს ახარისხებს. რასაც მაძლევენ, ის მახარებს და ვუფრთხილდები.

ასევე, მიყვარს ნიჭიერი ადამიანები, ვტირი, როცა მათ ნიჭს ვხედავ. ზოგადად, მიყვარს ადამიანების ბედნიერებასა და სიხარულს რომ ვხედავ. ალბათ, ჩემს კარიერაში რომ კარგი ამბები მიეწყო ერთმანეთს, ამ ყველაფრის შედეგია. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ორმაგად გიბრუნებს. ნათქვამი მაქვს, ვისაც ჩემი წარმატება უხარია, ზუსტად ვიცი, მას ღმერთი ორმაგად გაახარებს-მეთქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი