როგორ აღმოჩნდა 15 წლის ანასტასია ბაკურაძე მსოფლიო მოდის წამყვან ჟურნალებში და რატომ იმყოფებოდა ის გაეროში
ავტორი: ანკა რობაქიძე 19:00
წარმატება, შრომა და ქართული სახელის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე – ეს ანასტასია ბაკურაძის შემოქმედებითი გზაა...
ანასტასია თავის შთამბეჭდავ ცხოვრებაზე თავად გვესაუბრა.
– ანასტასია, მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი გზა გაქვთ გავლილი, გვიამბეთ თქვენზე.
– ვარ 15 წლის, საერთაშორისო მოდელი და ახალგაზრდა დიზაინერი. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში, AP სექტორზე, მე-10 კლასში. განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვმღერი ქეთი ორჯონიკიძის მუსიკალურ სტუდიაში, ვცეკვავ სუხიშვილებში და ვსწავლობ Art Space Academy-ში, სადაც დიზაინსა და ტანსაცმლის მოდელირებას ვეუფლები. ვარ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი, რომელიც დიდ როლს თამაშობს პროფესიულ განვითარებაში.
– მარტის თვე ძალიან დატვირთული გქონდათ. სად იმყოფებოდით და როგორ ჩაიარა ამ პერიოდმა?
– მარტის თვე ჩემთვის მართლაც ძალიან დატვირთული და განსაკუთრებული იყო. ამ პერიოდში ვიმყოფებოდი მილანში, პარიზში, ამერიკაში და თურქეთში. თითოეული დღე სავსე იყო სიახლეებით, ემოციებითა და საინტერესო შეხვედრებით. ორი წლიდან ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა პარიზი ჩემთვის მაინც ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. აქ სხვაგვარად იგრძნობა მოდის სურნელი, ელეგანტურობა და შთაგონება... თურქეთში გაიმართა Mediterranean Fashion Week, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მოდელი და დიზაინერი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე საკუთარი კოლექციის წარდგენა.
– იქნებ, უფრო ვრცლად მოგვიყვეთ პარიზში გამართულ სხვადასხვა მოდის კვირეულზე. როგორ წარადგინეთ საკუთარი თავი და ბრენდი?
– პარიზში გამართული სხვადასხვა მოდის კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ ჩვენებაზე, როგორც საკუთარი ბრენდით Luxury Brand Anastasia, ასევე უცხოელ დიზაინერებთან თანამშრომლობით. ჩემი ბრენდის ჩვენება გაიმართა პრესტიჟულ სივრცეებში – Ritz Paris-ში და La Galerie Bourbon-ში. ღონისძიებას ესწრებოდა საერთაშორისო მედია: Harper’s Bazaar, Elle, L’Officiel, Marie Claire, Glamour და სხვა გამოცემები. პარიზში ჩემი ბრენდი ფართოდ გაშუქდა საერთაშორისო პრესაში, ასევე დაიბეჭდა ჩემი ფოტოები, როგორც მოდელის, რაც ჩემთვის ძალიან საამაყო და ემოციური იყო.
– რა პროექტებში მიიღეთ მონაწილეობა მილანში?
– მილანში მქონდა ფოტოსესიები, გადაღებები სხვადასხვა ჟურნალისთვის და ჩვენებები. მონაწილეობა მივიღე როგორც ჩემი ბრენდით, ასევე ვიმუშავე მოდელად სხვადასხვა დიზაინერებისთვის. ჩემი ბრენდის ჩვენება გაშუქდა მილანის ერთ-ერთ ტელევიზიაში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც მილანში, ისე პარიზში, ჩემი ბრენდი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო კოლექცია. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო.
– ამერიკაში გამგზავრებაც სწორედ ამ დატვირთულ პერიოდში მოგიწიათ. რა მიზნით იყავით წასული?
– თბილისში დაბრუნებისთანავე, სულ რაღაც სამ საათში, ამერიკაში გაფრენა მომიწია, სადაც სკოლის სახელით ვიმყოფებოდი ნიუ-იორკში გამართულ NHSMUN 2026 კონფერენციაზე. კონფერენციის მთავარი ნაწილი კომიტეტებში მუშაობაა, სადაც დელეგატები განიხილავენ გლობალურ საკითხებს, მართავენ დებატებს, აყალიბებენ ალიანსებს და მუშაობენ რეზოლუციების შექმნაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში. ეს მოგზაურობა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება არა მხოლოდ სასწავლო, არამედ პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც.
– პარალელურად ამდენ აქტივობას როგორ ასწრებთ?
– ეს მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა როცა საქმე გიყვარს, ყველაფერს ახერხებ. ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო. ჩემთვის მნიშვნელოვანია განათლება, ხელოვნება, მოდა და მუდმივი განვითარება. როცა აკეთებ იმას, რაც გულით გიყვარს, ენერგიაც მეტია და მოტივაციაც.
– კანის კინოფესტივალზე უკვე მეხუთედ მიდიხართ. როგორი გრძნობაა?
– დიახ, მივფრინავ კანში, Cannes Film Festival-ზე. პარიზის ერთ-ერთი მოდის კვირეულის დამფუძნებელმა Rex Fernando-მ ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მიმიწვია. წელს უკვე მეხუთედ გავალ წითელ ხალიჩაზე, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია. ასევე, მივიღებ მონაწილეობას კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ მოდის ღონისძიებებშიც.
– მაისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გქონდათ, უკვე საქართველოში. რას გვეტყვით?
– 2 მაისს მონაწილეობა მივიღე eorgia Global Fashion Week-ზე, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელებთან ერთად. სადაც, ასევე, წარმოვადგენ ჩემს ბრენდს, სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად. ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში გამართულ ასეთ პროექტებში მონაწილეობა და ქართული მოდის მხარდაჭერა... 21 ივნისს რომში, Palazzo Brancaccio-ში, დედას, იტალიელ პარტნიორთან ერთად, აქვს დაგეგმილი მასშტაბური მოდის კვირეული, სადაც მონაწილეობას მიიღებს 25 დიზაინერი სხვადასხვა ქვეყნიდან, 100-ზე მეტი მოდელი და უამრავი სტუმარი. ძალიან ვამაყობ მისით და მიხარია, რომ ის ქართულ მოდას საერთაშორისო ასპარეზზე ასე ღირსეულად წარადგენს.
– ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობთ. რას გაძლევთ ეს გამოცდილება?
– მოგზაურობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. ყველა ქვეყანა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაძლევს შესაძლებლობას, გავიცნო ახალი კულტურები, ადამიანები და განსხვავებული ხედვები.
– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს სახელის გატანა საზღვარგარეთ?
– ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყეა. როდესაც უცხოეთში გამოვდივარ, ყოველთვის მახსოვს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, პირველ რიგში, საქართველოს წარმოვადგენ.
– როგორია? სამომავლო გეგმები
– წინ ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს – ბევრი საერთაშორისო პროექტი, ჩვენება, გადაღება და საინტერესო მოგზაურობა მელოდება. ჩემი მთავარი მიზანია, ჩავაბარო საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და წარმატებით გავაგრძელო განათლება. ამასთანავე, მსურს კიდევ უფრო განვვითარდე მოდის სფეროში, გავხდე ცნობილი მოდელი და დიზაინერი, ხოლო Luxury Brand Anastasia საერთაშორისო მასშტაბზე კიდევ უფრო წარმატებული და ცნობადი გახდეს. ყველაზე დიდი სურვილი კი ის არის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ღირსეულად წარმოვაჩინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.
– რას ეტყოდით თქვენს თანატოლებს?
– ვეტყოდი, რომ არასოდეს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე. თუ გჯერა საკუთარი თავის, შრომობ და არ ნებდები, შეუძლებელი არაფერია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





