შოუბიზნესი

ზაზა კოლელიშვილი: რომ არა ნათია, დღეს ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი ვიქნებოდი

№19

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00

ზაზა კოლელიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ ზაზა კოლელიშვილის განვლილ ცხოვრების გზაზე, იყო ბევრი ცდუნება, განსაცდელი, რთული პერიოდები, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ძლიერი და მდგარიყო იმ ადამიანებთან ახლოს, ვისაც მისი გვერდში დგომა სჭირდებოდა. მისი მეორე ნახევარი, ნათია გოგოჭური კი, მეუღლის ნამდვილი „მფარველი ანგელოზი“ იყო მათი მრავალწლიანი თანაცხოვრების გზაზე. დღეს მსახიობი, 70 წლის ასაკში, პოპულარობაზე მეტად, ხალხის სიყვარულს აფასებს და მიაჩნია, რომ მისი ქვეყნისა და ხალხის მსგავსი სამყაროში არც ქვეყანა და არც ერი არ არსებობს.

ზაზა კოლელიშვილი: ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ არაცარიელი გზა გამოვიარე, მე კმაყოფილი ვარ. რაც ვერ გავაკეთე, ჩემი ბრალია, რაც გავაკეთე – ისიც ჩემი ბრალი. ადამიანი ცხოვრობს, როგორც ეცხოვრება. ცოტა ეგოისტიც ვიყავი და ახლა, როცა 70 წლის ვხდები, შემიძლია, ვთქვა – ის, რაც გავუკეთე საკუთარ თავს, მტერი არ გაუკეთებდა.

– ამ 70 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი ეპიზოდი, რომელსაც უკან რომ დაგაბრუნოთ, ამოჭრიდით ან შეცვლიდით?

– უკან რომ დამაბრუნოთ, ბევრ რამეს შევცლიდი ჩემს ცხოვრებაში, მაგალითად, რაღაც მომენტებში არ ვიწუხებდი თავს, ვიჩენდი უნებისყოფობას. ერთია, რომ შეგნებულად არ მისურვებია ცუდი არავისთვის. ბებია მეუბნებოდა: სხვას არ გაუკეთო, რაც მერე შენ დაგხვდება წინ და ცხვირში ამოგარტყამსო. ძალიან ხშირად, თუ დავიწყებდი დალევას, საზღვარი არ მქონდა და თვე, თვე-ნახევარი არ ვჩერდებოდი. ამან, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში, რაღაც-რაღაცებში შემიშალა ხელი.

– ამან, თქვენს პროფესიულ საქმიანობაში დაგხიათ უკან?

– რა თქმა უნდა, ჩემმა ცუდმა თვისებებმა პროფესიულ საქმიანობაში უკან დამხია. რაც მე შემეძლო, გამეკეთებინა, ფიზიკურად ვერ გავაკეთე, უკან დამხია ჩემმა ცუდმა თვისებებმა, მაგრამ ოჯახმა გადამარჩინა.

– დალევა გასაგებია, მაგრამ ნარკოტიკის ცდუნება თუ იყო?

– არა, არასოდეს გავკარებივარ ნარკოტიკს, ჩემს ცხოვრებაში ეს ცდუნება არ ყოფილა. ცდუნება კი არა, იმდენად ვერ ვიტანდი შპრიცსა და ნემსს, ჩემს ცხოვრებაში არ გამისინჯავს ნარკოტიკი. სამწუხაროდ, ყველა ჩემი ახლობელი ბიჭი ნარკოტიკს შეეწირა. მოსაწევი ახალგაზრდობაში, კი ბატონო, მომიწევია და ესეც შავ ჩრდილად მიმაჩნია. თუმცა, ბევრს ვეგონე ნარკომანი, „კუკარაჩა“ რომ გამოვიდა, პოლიციამაც კი დამიჭირა და განყოფილებაში ამოვყავი თავი.

– რის გამო დაგიჭირეს?

– ფილმის გახმოვანებაზე მივდიოდი. ნაბახუსევზე ვიყავი, შევედი მაღაზიაში, ვიყიდე ხორბლის არაყი და ჩავიდე ჯიბეში. თან, სწრაფად მივდიოდი, გახმოვანებაზე რომ არ დამეგვიანა, ხალხი მელოდებოდა. უცებ გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ორი პოლიციელი და მითხრეს, მოდი, ჩაჯექი მანქანაშიო. ვუთხარი, რა ხდება-მეთქი და გაეცინათ: მოდი, ბიჭო, ჩაჯექი აქო, ირონიული ტონით მიპასუხეს. ერთი, რაც მოვასწარი, ვუთხარი, ჯიბისკენ არ წაგიცდეთ ხელი, რამე არ ჩამიდოთ-მეთქი. მოკლედ, წამიყვანეს განყოფილებაში, რომ შარდის ნიმუში აეღოთ. რასაკვირველია, სუფთა აღმოვჩნდი და კი მომიხადეს ბოდიშები. პოლიციასთან, ზოგადად ნაკლებად მქონდა ურთიერთობა. ბავშვობაში, ძალიან ცელქი და ანცი ვიყავი, ვიჩხუბებდი, დამიჭერდნენ, წამიყვანდნენ განყოფილებაში და მერე მიშვებდნენ. არ დამავიწყდება, თეატრალურ ინსტიტუტში ვცემე პარტკომი მაგრად და დამიჭირეს. სასამართლო თეატრალურ ინსტიტუტში გამიმართეს და ნათიამ ითავა ჩემი თავდებობა: მე გამოვასწორებო. ასე რომ, არც სასჯელი მაქვს მოხდილი, არც ნასამართლეობა მიწერია, სუფთა ვარ და ამ 70 წლის ასაკში რაღა უნდა დავაშავო (იცინის).

– ბევრჯერ გისაუბრიათ თქვენი მეუღლის გვერდში დგომაზე, მის მოთმინებაზე, საუკეთესო მეორენახევრობაზე. რომ არა ნათია, დღეს ვინ იქნებოდით?

– რომ არა ნათია, დღეს ვიქნებოდი ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი. ნამდვილად ასე იქნებოდა. მე ყოველთვის ვაფასებდი ჩემს მეუღლეს და ხშირად მითქვამს: ნათიას ღირსი არ ვარ-მეთქი. ახლახან ჯვრისწერიდან 42 წელი შეგვისრულდა და არავინ მითხრას, სიყვარული დროთა განმავლობაში ხუნდებაო. კი არ ხუნდება, იღებს სხვადასხვა ფერს და ფორმას, ასაკის მიხედვით. ადრე თუ ვნებაა და ლტოლვა, შემდგომ ემატება შვილები და ოჯახური მოვალეობები. ეს გავსებს, მეტ პასუხისმგებლობას გძენს. ან, პირიქით, არ გავსებს და იმისდა მიხედვით იქცევი შენს ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში, წლების მატებასთან ერთად, ჩემი და ნათიას სიყვარული უფრო და უფრო ივსებოდა, ძლიერდებოდა და ღვივდებოდა. ნაბიჯს არ ვდგამდით უერთმანეთოდ და დღემდე ასეა. ნათიას დავარქვი „ჩემი შეცდომების გასწორება“. მე ვაშავებდი, ის ასწორებდა (იცინის). უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, ძალიან ვუყვარდი და ამიტომ, ბევრ რამეს მპატიობდა. ოცი წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი და 21 წლისას უკვე პირველი შვილი, ნინო გვყავდა, რომელიც ახლა 45 წლისაა და ჰყავს სამი შვილი. უფროსი, 32 წლის შვილიშვილი მყავს. მოკლედ, ხუთი შვილისგან, სულ მყავს ათი შვილიშვილი და მეთერთმეტეს ველოდები. სხვათა შორის, ახლაც მახსოვს პირველი შეხვედრა ნათიასთან. მე თელაველი ვარ, ნათიაც იქ დაიბადა და მერე გადმოვიდა დედაქალაქში. მამამისი, დავით გოგოჭური, იყო პროფესორი, ეთნოლოგი, ფილოლოგი, ძალიან ცნობილი პიროვნება. დედა ჟურნალისტი მყავდა, მეათე კლასში ვსწავლობდი და დედასთან ერთად სტამბაში ვიყავი. დავინახე, გოგო შემოვიდა ბიძასთან ერთად, წელს ქვემომდე გრძელი ნაწნავით, ყავისფერი ზამშის ქვედაკაბით. ამიჟუჟუნდა თვალები. წავიდნენ ნადიკვარზე და მე და ჩემი ძმაკაციც გავყევით. მოკლედ, იქ შევხვდით პირველად. მერე, მე ჩავაბარე თეატრალურში, ნათია უკვე პირველ კურსს ამთავრებდა და ძალიან დავმეგობრდით. ნათიას ვაბარებდი ხოლმე ჩემს დღიურს, სადაც შეყვარებული ქალების სახელები მეწერა (იცინის). ჩემი მესაიდუმლე იყო და მხოლოდ მას ვანდობდი ჩემს საიდუმლოებებს. მერე, რომ გამოვეკიდებოდი მთვრალი და ვყვიროდი მიყვარხარ-მეთქი, აღარ მიჯერებდა (იცინის). ერთ დღესაც, თეატრიდან გამოვედით, ვიჩხუბეთ, ერთი საათი ვიბოდიალე ქუჩაში, მერე ჩავედი მეტროში და ნათია იქ დამხვდა. შევეჩეხეთ ერთმანეთს და აგვიტყდა ისტერიკული სიცილი, წამოვიყვანე სახლში და იმ დღიდან ცოლ-ქმარი ვართ.

– თქვენსა და ნათიას ურთიერთობაში კრიზისი არასდროს ყოფილა?

– კრიზისი როგორ არ იყო, მაგრამ ქვეყანამ კი არ უნდა გაიგოს. ჩვენ თავად გადავლახეთ ის კრიზისები. როცა პოპულარული ხარ, საცდურიც ბევრია, იყო დაბნეულობის მომენტებიც. მაგრამ, მე იმ საზღვარსაც გავცდი. ახლა პოპულარულობა კი აღარ არის, არამედ ხალხის სიყვარულია, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პოპულარული ვიყავი 1977 წლის 15 სექტემბერს, როცა „ნატვრის ხე“ გამოვიდა და პოპულარულმა გავიღვიძე.

– ეკრანზე ადრეული ასაკიდან გამოჩნდით და საკმაოდ დასამახსოვრებელი როლები შეასრულეთ, მათ შორის უარყოფითი როლები, მაგალითად, „ნატვრის ხეში“ – შეთე, „კურკარაჩაში“ – მურტალო. ხშირად მსახიობებს მის მიერ შესრულებულ პერსონაჟებთან აიგივებენ და ისეთებად აღიქვამენ, როგორსაც ეკრანზე ხედავენ. უარყოფითი პერსონაჟის როლების თამაშმა, იქონია გავლენა თქვენს რეალურ ცხოვრებაზე?

– შემხვედრია, ისეთი ადამიანები, ვინც მაიგივებდა ჩემ მიერ შესრულებულ პერსონაჟებთან. ახლაც რომ გავიდეთ, ქუჩაში გააჩეროთ ადამიანი და უთხრათ, ზაზა კოლელიშვილის მიერ შესრულებული რომელი როლი გახსოვსო, დარწმუნებული ვარ, ყველა შეთესა და მურტალოს დაასახელებს. ამ ფილმების გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად ჩემი უარყოფითი როლისა, ქუჩაში კომპლიმენტებით მავსებდნენ უცხო ადამიანები. არასოდეს მნდომებია, ვისაც კინოში ვთამაშობდი, იმას დავმსგავსებოდი რეალურ ცხოვრებაში, ცოტა სხვა რაღაცები მიტაცებდა და ისეთი, რომლებიც ვერ ვითამაშე. წმიდა თევდორეს როლი კი ვითამაშე, მაგრამ არეულობის დროს ტელევიზიაში სხვა რაღაცები გადააწერეს ფილმის ფირს და დაიკარგა, გაქრა.

– ეს თქვენი საოცნებო როლი იყო?

– სხვათა შორის, ეს არ იყო ჩემი საოცნებო როლი. მსახიობისთვის ყველა როლი სანატრელია, რომელსაც სთავაზობენ. როცა მუშაობ, წვალობ, მერე შენი შესრულებული ყველა როლი გიყვარდება. ზოგადად, მსახიობობა საინტერესო პროფესიაა, გეძლევა საშუალება, ბანკირიც იყო, ბოგანოც, მეფეც... ყველას ტყავში შეგიძლია, შეძვრე და მოირგო. ასე რომ, ბევრ ტყავში ვარ შემძვრალი და ყველა მათგანის მორგება ჩემს ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. კიდევ ვამბობ, ქუჩაში რომ დავდივარ, უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ და ამის დაკარგვის მეშინია, მეტი არაფრის. ჩემი ქვეყანა და ხალხი ძალიან მიყვარს, თავისი ცუდიან-კარგიანად. ვთვლი, რომ ყველაზე საუკეთესო ერი ვართ. სად უნდა წავიდე? რომელ ქვეყანაში, ვისთან? მე ჩემი ქვეყანა მირჩევნია დედამიწაზე ყველა არსებულ ქვეყანას. ახლაც სცენარზე ვმუშაობ და მინდა, ფილმი ჩემს ქვეყანაში გადავიღო. ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე ძალიან რთული პერიოდი, მათ შორის ჩემი მეგობრების დაღუპვა, ზოგის – წამლით, ზოგის – აფხაზეთის ომში... ჩემი მშობლების გარდაცვალება, გია მატარაძის, ჩემი ბიძის, დედის ძმის, მარინა კახიანის ძმის ამქვეყნიდან წასვლა. მომიწია ვყოფილვიყავი ბევრის პატრონი და ეს მაძლევდა ძალას იმ რთულ პერიოდებში. ახლა კი ჩემს გვარში ყველაზე უფროსი მე ვარ. ასე ვთქვათ, ჩემი გვარის უხუცესი ადამიანი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაზე მეტად გამიმართლა მშობლებში, მეუღლეში, შვილებში, მეგობრებში. ზოგადად, ზედმეტი კაცი არ ყოფილა ჩემს გარემოში, ისინი იყვნენ, ვინც მე ავირჩიე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი