ციაკო ფიფია: კვირაში შვიდი დღიდან ათი დღე ვმუშაობ, მაგრამ მაინც არ მაქვს ის ფინანსური დაფასება, რასაც ვშრომობ
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტელეეკრანიდან ან სოციალური ქსელიდან იცნობენ ადამიანებს, უყურებენ ვიდეოებს და ამით აფასებენ მათ. უწყინარი ხუმრობის გამო კი ისეთ კომენტარს უწერენ, რომელიც ნამდვილად უკადრებელია. როგორც იუმორისტი ციაკო ფიფია ამბობს, ხალხის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს, მაგრამ კომენტარის სახით დაწერილი წყევლა ან სხვა რაიმე ნეგატიური, რაც პიროვნულობას ეხება, მისთვის სრულიად მიუღებელია.
ციაკო ფიფია: სამი წელია, რაც „ტიკ-ტოკი“ მაქვს და 150 ათას გამომწერს ავცდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მაინცდამაინც აქტიური ვიდეოების დადებით. შეიძლება, ორი კვირა გავიდეს და ვერ დავდო ვიდეო, მაგრამ ხალხის გულწრფელ სიყვარულს ვგრძნობ პირად ესემესებსა თუ კომენტარებში.
– ყველა კომენტარსა და პირად შეტყობინებას კითხულობ?
– ყოველთვის ვავლებ თვალს, რადგან მაინტერესებს ხალხის აზრი. მე ნამდვილად ვითვალისწინებ ყველას აზრს, რადგან ის, რომ ციაკო ფიფიას იცნობენ, სწორედ მათი, ხალხის დამსახურებაა. ამიტომ, მათ აზრს თუ საღ კრიტიკას, აუცილებლად ვითვალისწინებ. სულ ვცდილობ, შეცდომა არ გაიპაროს, რომ ბულინგი ან შეურაცხყოფა არ მივიღო, რადგან საზოგადოებას ვცემ პატივს, მაგრამ ხანდახან, სამწუხაროდ, რეალობას ვცდებით. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მინუსები და პლუსები და ზოგს, კომენტარის წერაში, უფრო თავისი მინუსი სძლევს ხოლმე. არცერთ ადამიანს არ ვცემ პატივს, რომელიც ცუდ კომენტარს წერს, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. ხალხს შეუძლია მარტივად გადაგიაროს, უცებ ისე გაგლანძღოს, გაგთათხოს, შენს ცხოვრებაში ხელები აფათუროს ისეთმა ადამიანმა, ვინც საერთოდ არ იცის, რა ცხოვრება გაქვს, ვინ და რა ხარ. მე, პირადად, ზოგს მილიონერი ვგონივარ, რადგან სამოგზაუროდ დავდივარ. რეალობა ხომ სხვაა? სამოგზაუროდ თუ დავდივარ, კვირაში შვიდი დღიდან ათი დღე ვმუშაობ ცხრა სამსახურში, ზემოდან რაღაცებს ვიმატებ, ხან შეკვეთებს ვიღებ, ხან ბანკეტი მიმყავს, ხან ივენთი და ხან დაბადების დღე. ეს არ იციან და მარტივია, ხელი გაიშვირო და თქვა, ფულის მეტი რა აქვსო. ფული თუ მაქვს, ჩემი შრომით და კიდევ, საქართველოში არ მაქვს ის ფინანსური დაფასება, რასაც მე ვშრომობ. ამას ხმამაღლა ვამბობ და არ მომერიდება. ორი შვილის დედა ვარ და რომ არა ჩემი დედამთილი, მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა. დილით გავდივარ და ხანდახან ისე გადის დღე, ვერცერთ ჩემს შვილს ვერ ვნახულობ ნორმალურად, რადგან სახლში რომ ვბრუნდები, სძინავთ.
– ახლახან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნე, სადაც საუბრობდი წყევლაზე, რომელიც ემიგრანტმა, ასაკში შესულმა ქართველმა ქალმა დაგიწერა. ზოგადად, არ იცი მსგავსი ვიდეოების წერა და ამ შემთხვევაში რა მოხდა?
– დაახლოებით ორი წლის წინ გადავიღეთ სკეტჩი, სადაც ვთამაშობ სვეცკი, სწერვა რძლის როლს და თათია სულუაშვილია ჩემი დედამთილი. იქ ვამბობ: 800 ლარი მაქვს ხელფასი და ვინმეში არ შეგეშალო, ქალო-მეთქი. მოდიან დაქალები და მათ ვეუბნები: გოგოებო, მე ჩემი დედამთილი დაბმული მყავდა და თქვენ არ აბამთ ხოლმე თქვენს დედამთილებს? მოკლედ, ეს ნაწილი იყო ამოჭრილი იმ სკეტჩიდან და სოციალურ ქსელში, ერთ ერთ გვერდზე იდო. კომენტარებს რომ გადავხედე, გამოვშტერდი, მსგავსი ნეგატივი არასოდეს მიმიღია. ეწერა: „ვაი, თქვე საცოდავებო... როგორ გაბანძდით... რას გავხართ“... მაგრამ, ასეთ კომენტრებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიღაცისთვის გავბანძდი, ვიღაცისთვის მახინჯი ვარ, ვიღაცისთვის საშინელება და ვიღაცისთვის დიდი ცხვირის მქონე ადამიანი. როცა პოპულარული ადამიანი ხარ, მსგავს კომენტარებს უნდა ელოდო და უნდა იყოს მისაღები როგორც ქება, ისე უარყოფითი კომენტარები. მაგრამ, უარყოფითსაც ხომ გააჩნია. ყველაფერს მივიღებ, წყევლის გარდა. ხალხნო, გამაგებინეთ, როგორ უნდა იკადრო ადამიანის დაწყევლა, რომელსაც არც კი იცნობ, სკეტჩიდან იუმორისტულ ამონარიდს უყურე და ამის გამო დაწყევლო?!. დავსქრინე, მაგრამ არ დავდე სოციალურ ქსელში, რადგან ხალხისთვის არ მიმეგდო საჯიჯგნად, ისევ ჩემს თავს ვეცი პატივი, თორემ ნამდვილად იყო ღირსი. ზუსტად ვიცი, ხალხი გადაუვლიდა. მოკლედ, იმ ასაკიანმა ქალბატონმა ასეთი კომენტარი დამიწერა: „დედამთილების ხელა ქვა დაგადეთ გულზე, იდიოტებო! დასაბმელები თქვენ ხართ, ტორმუზი რომ არ გაქვთ“. აი, ასე წერდა ზუსტად. გავგიჟდი, იქვე გავეცი პასუხი, ქალბატონო, ამხელა ქალი ხართ და რას იწყევლებით, არ გრცხვენიათ-მეთქი და პასუხი არ გამცა. პირადშიც მივწერე: ამხელა ქალი ხართ, ხატების ფონზე რომ გიდევთ სოციალურ ქსელში ფოტოები, არ გრცხვენიათ, რომ იწყევლებით? თქვენ ხართ ბოროტი. რაც თქვენ დაწერეთ კომენტარში, სიბოროტეა და მეტი არაფერი-მეთქი. მიპასუხა: ვაიმე, შვილო, რატომ მლანძღავო. მეც მივწერე: ქალბატონო, ალბათ, არ იცით, რა არის გალანძღვა და შეგიძლიათ, ცოტა ახალგაზრდა ვინც გყავთ ოჯახში, იმას ჰკითხოთ, რომ დაეწყევლათ ის, რა პასუხს გასცემდა. მე გულწრფელად იმას გწერთ, რასაც ვფიქრობ და ვინც იწყევლება, ყველაზე ვფიქრობ, რომ ბოროტია-მეთქი. მე, შვილო, ნატანჯი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, დედამთილი ვარ, ემიგრაციაში გადმოვიხვეწე შვილების გამოო. ისიც მივწერე: არ იცით, მე და ჩემს დედამთილს როგორი ურთიერთობა გვაქვს, გისურვებთ ანალოგიურს და ეს ჩემგან დალოცვაა, ათი წელია, გათხოვილი ვარ და ვერ ვგრძნობ, რომ დედამთილია, დედა-შვილის ურთიერთობა გვაქვს-მეთქი. მეტი რა მიმეწერა? მართლა არაფერს ვამატებ, მართლა დედა-შვილივით ვართ. ბოდიშიც კი არ მომიხადა იმ ქალმა და მივხვდი, მასთან მიმოწერას აზრი არ ჰქონდა, ავდექი და დავდე ვიდეო სოციალურ ქსელში, თორემ ყველამ იცის, მსგავსი რამ, არ მჩვევია. პოსტი იმიტომ დავდე, რომ ეს ქალი არ არის მხოლოდ ერთი, ვინც იწყევლება. შეიძლება, ჩემს თავზე არა, მაგრამ ბევრ ადამიანზე წამიკითხავს წყევლა. ჩემთვის არ აქვს მნიშნელობა მე, ჩემს თათიას, დათუნას თუ ნებისმიერ ადამიანს დაწყევლიან, ერთნაირად ვგიჟდები. რატომ მოგვწონს ცუდი კომენტარების წერა, ეს ვერ ამოვხსენი. გადავდივარ ხოლმე იმ ადამიანის გვერდზე და ვამბობ: ამ ადამიანმა, ნეტავ, სარკეში ჩაიხედოს. გათქმევინებენ და მერე ისევ შენ გამოდიხარ მტყუანი. საერთოდ, სულ ვამბობ, რომ არ „დავგრუზულვარ“, როცა წერენ: ამ გოგოს რამხელა ცხვირი აქვსო. მეც გადასარევად ვიცი, რამხელა ცხვირი მაქვს. ჩვეულებრივად მიმიღია. დაწერს ვიღაც ჩემს ცხვირზე, რადგან მართლა მაქვს კეხიანი ცხვირი. არ მომწონს წყევლაზე და პირად შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიან და ასეთი მხოლოდ ორი კომენტარი მახსოვს ჩემზე, რომელიც ასაკოვანმა ქალებმა დაწერეს და რომელსაც პასუხი პირადში გავეცი. ერთმა დაწერა: როგორ მეზიზღება ეს გოგოო და მეორემ, რომელზეც ვისაუბრე, დაიწყევლა. თორემ სხვა კომენტარებზე არც გავბრაზებულვარ. ვერასდროს გამეცინება და იუმორით ვერ ვუპასუხებ წყევლას და პირად შეურაცხყოფას. არცერთმა ცნობადმა ადამიანმა არ თქვას, არ მაინტერესებს, ჩემზე რა კომენატრებს დებენო. აბა, რატომ დებ ვიდეოს? იმიტომ, რომ ხალხის სიყვარული მოიპოვო და გაგიცნონ, როგორიც ხარ. არ ვარ ქაჯი და ის ტიპი, მხოლოდ კარგს რომ იღებენ და ცუდს – არა. რჩევებიც მიკითხავს სოციალურ ქსელში და გამითვალისწინებია, მაგრამ სიბოროტეს ვერ მივიღებ. კიდევ კარგი, ჩემი ოჯახის წევრებს არ შეხებია ცუდად ვინმე კომენტარში, თორემ ნამდვილად შევჭამდი. განა მე არ გამიფიქრია, ვიღაცების ვიდეოზე, ეს რა დასადები ვიდეოა-მეთქი, მაგრამ აზრად არ მომსვლია, ცუდი კომენტარის დაწერა. თუ არ მომწონს, არ ვუყურებ, ეს იმის არჩევანია და მას მოსწონს. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომა მაშინ ვიცით, როცა ვიღაცას უჭირს და ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ხარ. აი, როცა გაჭირვებაშიც დაუდგები გვერდში ადამიანს და მის ლხინსაც გაიზიარებ. ჩვენ კი ერთმანეთის გატანა არ ვიცით და უბედურებაც ესაა. კიდევ ვამბობ, ჩემს ცხვირთან დაკავშირებით მქონდა კომპლექსი და გაკეთებაც მინდოდა. ტელევიზიაში რომ გამოვჩნდი, ხალხის კომენტარებს ვკითხულობდი: ამ გოგოს ძალიან უხდება ეს დიდი ცხვირი, პირველად ვნახეთ, ვინმეს ასე უხდებოდესო... გადამაფიქრებინეს პლასტიკური ოპერაციის ჩატარება და დღეს ჩემი კეხიანი ცხვირი ძალიანაც მომწონს. მათი კომენტარების მერე დავფიქრდი: მე რომ ახლა ცხვირი გავიკეთო, მერე ტუჩის გაკეთება მომინდება, მერე ლოყის აწევა და მე, მე აღარ ვიქნები-მეთქი და გადავიფიქრე – როგორიც შემიყვარა ხალხმა, ასეთი დავრჩები და ვიქნები-მეთქი. ასე რომ, ჩემი გარეგნობის ინდივიდუალიზმი საზოგადოების დამსახურებაა (იცინის).
– იუმორის გამო ჩავარდნილხარ უხერხულ სიტუაციაში?
– არა, რადგან, რომ გითხრათ, დიდად მიყვარს სასაცილო ისტორიების მოყოლა-მეთქი, მოგატყუებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ვტრიალებ, ამ მხრივ კომპლექსიანი ვარ. ძალიან ახლო მეგობრებში და ოჯახის წევრებში შემიძლია, ვიღადაო, მაგრამ სახალხოდ, უცებ გაშინაურება და იუმორის ფრქვევა არ შემიძლია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





