შოუბიზნესი

ნანა ნებიერიძე: პატრიარქმა თავზე ხელი დამადო და ყურში ჩუმად მითხრა: იცოდე, მე შენ გგულშემატკივრობო

№19

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:39

ნანა ნებიერიძე
დაკოპირებულია

მიუხედვად იმისა, რომ ნანა ნებიერიძის ცხოვრებაში უამრავი ტკივილი და განსაცდელი იყო, მაინც ბედნიერია, რადგან გრძნობს შინაგან სიძლიერეს, ცდილობს, ადამიანში მხოლოდ პოზიტიური და დადებითი დაინახოს და ინტუიციითაც ხშირად გრძნობს, როგორ გადადგას სწორი ნაბიჯები. მიაჩნია, რომ ინტუიცია ღმერთის საჩუქარია, ადამიანმა მის კარნახს აუცილებლად უნდა უგდოს ყური, რომ ბარიერები და პრობლემები ადვილად დასძლიოს და ცხოვრების რთულ მომენტებს მარტივად დააღწიოს თავი.

ნანა ნებიერიძე: ინტუიცია ყველას აქვს და ეს ღმერთის საჩუქარია, უბრალოდ, არიან ადამიანები, ვინც მას ყურადღებას აქცევს და არის კატეგორია, ვინც აიგნორებს და არ სჯერა მისი. პირადად მე ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს, როგორც გინდათ, მას ისე დაარქვით – გინდ ქალური ინტუიცია და გინდაც დედის ინტუიცია, რაც ყველა დედას გამძაფრებულად აქვს შვილის მიმართ. შინაგანად ვგრძნობ, როცა საქმე ჩემს შვილს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ნინა და ალექსანდრე ჩემგან შორს, ამერიკაში ცხოვრობენ, არაერთხელ ყოფილა მომენტი, მიგრძნია, მათ თავს რაღაც ხდება, დამირეკავს და უთქვამთ, რომ რაღაც ძალიან კარგი ამბავია. მადლობელი ვარ ღმერთისა და სამყაროსი, რომ დედური ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს.

– საკუთარ თავზე თუ გაქვს დაცდილი წინასწარი ინტუიციური შეგრძნებები, როცა რაიმე საფრთხე ან წარმატება გელის?

– რა თქმა უნდა. დიდ სპორტში რომ ვიყავი, ხშირად ვგრძნობდი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. როცა ტვინი გკარნახობს, ასე უნდა გააკეთო, ხოლო გული გაგრძნობინებს, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნება, ამ დროს გულისთქმას უნდა დაუგდო ყური. როცა ვუსმენდი ტვინს, შეცდომას ვუშვებდი, ხოლო, როცა ვუსმენდი გულისთქმას, ყოველთვის მოგებული ვრჩებოდი. როცა გულით გრძნობ რაღაცას, მას უნდა მიჰყვე, ესაა სწორი ნაბიჯი და სწორი გზა. სხვათა შორის, როცა დედა ძალიან ცუდად იყო, ვიცოდი, საითკენ მიდიოდა და წინ რა მელოდა, მაგრამ გონებაში არ ვუშვებდი. 14 აპრილს გარდაიცვალა და ამას არა მარტო ორგანიზმით ვგრძნობდი, არამედ არასასიამოვნო სიზმარიც ვნახე. დილით რომ გავიძღვიძე, ფაქტობრივად, მზად ვიყავი, გამეგო ცუდი ამბავი. დაჯერება არ მინდოდა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი და მზად ვიყავი. ტვინი მკარნახობდა – არა, ასე არ მოხდება მაგრამ გულით ვგრძნობდი, რომ მორჩა მოვიდა დრო და ის ჩემგან სამუდამოდ მიდის. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია, თუმცა, ნამდვილად ასე იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ, სამი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, მის გარეშე ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. პანაშვიდზე, ერთი ქალი მოვიდა, მომისამძიმრა და მითხრა: ეს ტკივილი გაგრძელდება მთელი შენი ცხოვრებაო. ზუსტად ასეა, დრო ვერ კურნავს იმ ტკივილს. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დღე არ გავა, არ გავიხსენო, არ ვიგრძნო მისი უხილავი სიახლოვე. 14 აპრილი დედას გარდაცვალების დღეა და ამ დღეს, უკვე მესამე წელია, სერიალივით გადის ჩემს თვალწინ ჩემი განვლილი ცხოვრება, როცა ის ცოცხალი და ჩემს გვერდით იყო. მაგრამ, ეს ჩემი პირადი ტკივილია და ისე, როგორც მე ვგრძნობ, სხვა ვერ გაიგებს, თუმცა მითანაგრძნობენ.

– დედის საფლავზე მისვლა გიჭირს, თუ პირიქით, მშვიდდები?

– ძალიან მიჭირს დედის საფლავზე ასვლა. დღემდე დედას ტელეფონი და „ფეისბუქი“ ჩართული მაქვს, თუმცა მის ფოტოებს ვერ ვათვალიერებ, მიჭირს. სულ მგონია, სახლში მელოდება, მივდივარ და კართან მახსენდება, რომ ჩემ გვერდით აღარ არის. სამი წელი გავიდა და იგივე ტკივილია, უფრო მეტი მონატრება მოდის. ყველაზე მეტად მიჭირს, როცა ჩემს თავს რაღაც კარგი ხდება, მინდა, დედას მოვუყვე პირველს, გავრბივარ სახლში და კართან ვხვდები, რომ არ მელოდება, აღარ არის ამქვეყნად.

– შენს ცხოვრებაში მიუხედავად ბევრი წარმატებული დღისა, იყო ბევრი ტკივილი და განცდა. როდის მიხვდი, რომ ძლიერი ქალი ხარ?

– ზოგადად, ვფიქრობ, ქალი იყო, არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ძლიერი. ვფიქრობ, ძლიერი ვარ და არა ფიზიკურად, არამედ ენერგეტიკულად, მორალურად და ფსიქოლოგიურად. ეს სიძლიერე კი ყველაფერში დამეხმარა და დღემდე მეხმარება. ხუთი წელი რომ შვილი არ მინახავს და არ ვტირი, მხოლოდ ვეუბნები: შვილო, უნდა ჩამოხვიდე, მენატრები-მეთქი, ესეც ჩემი სიძლიერეა. თორემ, სიგიჟემდე მენატრება. აქედან ვეხმარები ემოციურად, ენერგეტიკულად, ყველანაირად. ყოველდღე ვსაუბრობთ, მე ვაძლევ მას ჩემს ძალას და ის ამას გრძნობს.

– ნანა, იყო მომენტი, როცა ინტუიციას შეეწინააღმდეგე და ინანე?

– ბევრჯერ, სადმე წასასვლელს მიგრძნია, რომ იქ არ უნდა მივიდე და თავი შემიკავებია, დამიჯერებია ჩემი ინტუიციისთვის და მომიგია. მაგალითად, სამი თვის წინ ერთ ადგილას მივდიოდი და ვგრძნობდი, იქ არ უნდა წავსულიყავი. ვიცოდი, აუცილებელი იყო იქ მისვლა, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა: ნანა, არ გინდა, ნუ მიდიხარ. არ დავუჯერე, წავედი და შუა გზაზე საბურავი გამისკდა. ეს იყო ნიშანი და დავრწმუნდი, ასე იმიტომ მოხდა, რომ იქ არ უნდა მივსულიყავი.

– წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხშირად ხედავ, რაც რეალურად გიხდება?

– ხშირად სიზმრებს რომ ვხედავ, გაღვიძებულს, დილით ისე მახსოვს, თითქოს რეალურად მოხდა. თუმცა, როცა რაღაც მაწუხებს, მაშინ ვხედავ სიზმრებს, ხოლო როცა მშვიდად და წყნარად ვარ, მთელი ღამე გემრიელად მძინავს. რამდენიმე დღის წინ, დედა ვნახე სიზმარში, კართან იდგა, ის პერანგი ეცვა, რაც უყვარდა, გაპრანჭული იყო, ვიღაცას ესაუბრებოდა, რომ გავიძღვიძე, სიმშვიდე ვიგრძენი. იმ დღეს ისე დალაგდა მთელი დღე და საქმეები, რომ არ ველოდი.

– როცა ადამიანს შეხედავ, ზუსტად ხვდები, როგორი ადამიანია? ამაშიც გეხმარება ქალური ინტუიცია?

– ადამიანების გამოცნობაში, ცოტას მოვიკოჭლებ. ამ დროს ჩემი ინტუიცია სადღაც ქრება. თავად ალალი, გულწრფელი, პირდაპირი და გახსნილი ვარ და ყველა ასეთი მგონია. არადა, ხშირად ცდები ადამიანში და მეც ბევრჯერ შევცმდარვარ. ბებია მყავდა – გრაფინია რაზუმოვსკაია და ბავშვობიდან სულ მასწავლიდა: დეტაჩკა, ეცადე, ადამიანებში იპოვო სითბო და პოზიტივი, რადგან ნეგატივი თავისით მოდისო. სხვათა შორის, ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის, გარდაცვალების მერე, სულ ვფიქრობ მის სიტყვებზე. ახლა უფრო მეტად ვიცი და ვგრძნობ, როგორი სიმართლე დევს მის სიტყვებში.

– პატრიარქთან თუ გქონია პირადი შეხვედრა?

– როგორ არა. როცა გუნდი მიდის ოლიმპიურ თამაშებზე, ხდება ორი შეხვედრა: ერთი – მთავრობასთან, მეორე კი – პატრიარქთან. ერთი შეხვედრა გვქონდა შევარდნაძესთან კანცელარიაში და მეორე – საპატრიარქოში, ილია მეორესთან. მახსოვს, ახალგაზრდა ვიყავი, სათითაოდ მივდიოდით პატრიარქთან, ვიჩოქებდით მის წინ და ვემთხვეოდით ხელზე. რომ ვემთხვიე ხელზე, დამადო ხელი თავზე და მკითხა: შენ რა გქვია? გავახილე ჩემი ლურჯი თვალები და ვუპასუხე: ნანა მქვია. რომელ სპორტში მოღვაწეობ? ვუთხარი: წყალში მხტომელი ვარ-მეთქი და ყურში ჩუმად მითხრა: იცოდე, მე შენ გგულშემატკივრობ! ეს მომენტი არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ.

– არის ისეთი რამ, რასაც ცხოვრებაში ნანობ, მაგრამ ვეღარ შეცვლი?

– რასაკვირველია, არის. ძალიან ვნანობ, რომ არ მყავს მეორე შვილი. თუმცა ესეც ღმერთის ნებაა და მადლობა მას, რომ მყავს ნინა და მისი შვილი – ალექსანდრე და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი შვილიშვილი მეყოლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი